რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში მონტერო სპორტი”, 3.0-იანი სპორტული ძრავათი, 2001 წლის. ჩემს მეგობარს კი ჰყავს „ბეემვე იქს5”, 3.0-იანი ძრავათი 2002 წლის. მაინტერესებს, გაასწრებს თუ არა ჩემი „ჯიპი“ ტრასაზე 800-მეტრიან დისტანციაზე „იქს5-ს”? თუ ვერ გაასწრებს, რატომ?
პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენს ავტომობილს „იქს5” გაასწრებს. მიზეზი მარტივია, „ბეემვე” თავიდანვე, წარმოებიდანვე, ატარებს სპორტულ ხასიათს, რომელსაც „ჯიპის“ ფუნქციებიც აქვს შეთავსებული და საჭიროებისას იყენებს. „მონტერო სპორტი” კი „ჯიპია”, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვეულებრივის და არა სპორტული, ავტომობილის ფუნქციებსაც ითავსებს. „სპორტი” – ეს მხოლოდ სახელწოდებაა და არ ამართლებს ავტომობილის ხასიათს. ეს არა მხოლოდ აჩქარებით, მანევრირებითაც გამოიხატება. ისე, ცნობისთვის, 800-მეტრიან დისტანციაზე გასწრების რაღაც შანსი მაინც არსებობს, თუ „იქს5-ს” ძალიან ცუდი მძღოლი მართავს. ხოლო, თუ 800 მეტრს გაცდით, როგორი ცუდი მძღოლიც არ უნდა იჯდეს „იქს5-ის” საჭესთან, მისი გასწრება „მონტერო სპორტისთვის” წარმოუდგენელია.
კითხვა: ვარ მანდილოსანი. გთხოვთ, მირჩიოთ 30 000 დოლარის ფარგლებში „მერსედესის” რომელი მოდელი ვიყიდო. მართვის ავტომატური თუ მექანიკური კოლოფით? ვარ 25 წლის და მირჩევნია, ავტომობილი იყოს კომფორტული, გამძლე და სწრაფი. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: ამ ფასში ბევრი საინტერესო ავტომობილის შეძენა შეიძლება, თუ „მერსედესზე” უარს იტყოდით. მაგრამ, რადგან პრიორიტეტს „მერსედესს” ანიჭებთ, მაშინ გირჩევთ არა „ჯიპი”, როგორიც ვთქვათ ახალი „ემელია”, არამედ მსუბუქი, სპორტული სტილის „ცეელესი” ან „ესელი” არჩიოთ. ის ძალიან კომფორტული, სწრაფი და იმავდროულად, ფეშენებელურია.
კითხვა: ათი დღით მივლინებით მივდივარ ბელგიაში. თან მინდა, ახალი ავტომობილი შევიძინო და იქიდან მანქანით წამოვიდე. რეალური თუა ეს და სად შეიძლება ბელგიაში ავტომობილის შეძენა, მისი გაფორმება, რომ გზაში პრობლემები არ შემექმნას?
პასუხი: ბელგიაში ავტომობილის ყიდვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ გაფორმება – ცოტა რთული. სატრანზიტო ნომრის აღებას მხოლოდ ბრიუსელში მოახერხებთ. ავტომობილების მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა ქალაქის, ქუჩისა და უბნის ავტოჰაუსებში, რომლებიც ქაოტურად არიან განაწილებული, ან მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით. გირჩევთ, ინტერნეტით შერჩეული ავტომობილი პატრონს ჩამოაყვანინოთ ბრიუსელში, რადგან ხშირ შემთხვევაში ბელგიელი ხსნის ნომერს, გაძლევთ მანქანის პასპორტს და მიდის. მას გადაფორმება არ ეხება და არც აინტერესებს. ამ ავტომობილის ბრიუსელამდე ჩაყვანა უკვე თქვენი პრობლემაა. ბელგიიდან საქართველომდე კი, ტრანზიტული ნომრებით შეზღუდვის გარეშე ჩამოხვალთ.
– კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე 520”, 1999 წლის. ძრავაში მისხია ნახევრად სინთეტიკური ზეთი, „ბიპის” „1040”. წასული ვიყავი რაიონში, სადაც აღმოვაჩინე, რომ ზეთი მინიმუმზე ნაკლები იყო. შემეშინდა, ძრავა არ გამეფუჭებინა და რაც ადგილზე მოვახერხე, ვიშოვე, მართალია, მინერალური, მაგრამ ისევ „ბიპის” ზეთი, ნახევრად სინთეტიკური იქ არ იყო. ჩამოვედი თუ არა ქალაქამდე, ძრავაში მთლიანად შევცვალე ზეთი. შერეული ზეთით, ჯამში, 500-600 კილომეტრი გავიარე. ძრავა კარგად მუშაობს, მაგრამ მაინც მეშინია, რამე ხომ არ მოუვიდოდა?
პასუხი: ნახევრად სინთეტიკური ზეთი თავისთავად გულისხმობს, რომ ის ნახევრად მინერალურია. შესაბამისად, ორმოცდაათი-ორმოცდაათზე იქნება სინთეტიკისა და მინერალის ნარევი თუ სამოცდაათი-ოცდაათზე, არსებითად სურათს არ ცვლის. შეგეძლოთ, ზეთი საერთოდ არ გამოგეცვალათ. ასე რომ, თქვენს ძრავას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება.
კითხვა: მყავს „ოპელ კალიბრა”, 1995 წლის. ამ ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ იქცევა – დაბალ ბრუნებზე სიჩქარეების კოლოფიდან ხმაური ისმის, მაშინაც კი, როცა ადგილზე ვდგავარ და კოლოფს დატვირთვა არ აქვს. დაძვრისას, რაღაც ბრუნებამდე ხმაური გრძელდება, მაღალ ბრუნებზე კი ხმაური წყდება, მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ისევ იწყება. ყველაფერთან ერთად, ხანდახან დაძვრის დროს, თითქოს მოდების ქუროში რაღაც გაეჩხირაო და თუ კარგად დაიძრა, გაურკვეველი ინტენსივობით, უფლებას არ მაძლევს, სიჩქარეებში გადავრთო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ეს სიჩქარეების კოლოფზე მეტად მოდების ქუროს დაზიანებას ჰგავს. ეგრეთ წოდებულ „ცეპლენიის პლიტას” შეიძლება, მოტეხილი ჰქონდეს რამდენიმე ფრთიდან ერთ-ერთი, რომელიც სავარაუდოდ, მოდების ქუროსთან არის ჩავარდნილი და სწორედ ეს ნაწილია, დაბალ ბრუნებზე რომ ხმაურობს. მაღალ ბრუნებზე კი ერთ რომელიმე მხარეს ეკრობა და აღარ ხმაურობს. სწორედ ამით აიხსნება „ცეპლენიის” არასტაბილური მუშაობაც. მოტეხილი ნაწილი ხან ისეთ ადგილას აღმოჩნდება, რომ გადაბმულობის განცალკევებას აფერხებს. რაც შეიძლება მალე უნდა მოხსნათ მოდების ქურო და აღმოფხვრათ ეს გაუმართაობა, რადგან ის დააზიანებს ეგრეთ წოდებულ „მახავიკს” და მოდების სხვა დეტალებს. ის კი არა, ამან შეიძლება, სიჩქარეების კოლოფის დაზიანებაც კი გამოიწვიოს, რადგან გაუთიშავი „ცეპლენიით” სიჩქარეში გადართვა სიჩქარეების კოლოფის დეტალებს იოლად აზიანებს.
კითხვა: მინდა ავტომობილის გამოცვლა. მაქვს ორი ვარიანტი – უნდა ვიყიდო „ჰიუნდაი” ან „კია”. ფასით და კლასით არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. რომელ ბრენდს მირჩევთ? ვიზუალურად „კიას” მოდელები უფრო მომწონს.
პასუხი: ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში, „ჰიუნდაიმ” არა მარტო „კია”, არამედ ბევრი ცნობილი ბრენდიც კი დათრგუნა. ასე რომ, ამ კითხვის პასუხად, ბევრს არ ვიფიქრებ, რადგან პრაქტიკულობით, ნაკლები სერვისის მოთხოვნითა და სხვა მრავალი კომპონენტის უპირატესობით, ერთმნიშვნელოვნად გირჩევთ „ჰიუნდაის”.
კითხვა: ერთი და იმავე მარკის, მოდელისა და ძრავას კუბატურის მქონე რომელი ავტომობილი უფრო ეკონომიური იქნება – დიზელის ძრავათი აღჭურვილი, თუ ბენზინის გაზზე გადაკეთებული ძრავათი?
პასუხი: ბენზინის გაზზე გადაყვანილი ავტომობილი არა მარტო იგივე, არამედ უფრო მეტი კუბატურის შემთხვევაშიც კი, გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე დიზელისძრავიანი.
კითხვა: ავტომობილიდან ზამთრის საბურავები ჯერ კიდევ არ მომიხსნია. სიმართლე გითხრათ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და ვერავითარ განსხვავებას ვერ ვამჩნევ – ავტომობილი კარგად უხვევს, კარგად ამუხრუჭებს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საჭიროა შეცვლა? სულ ახალი და ხარისხიანი საბურავებია.
პასუხი: ჯერ კიდევ არ არის ისეთი სიცხეები, რომ ზამთრის საბურავის სისუსტე იგრძნოთ, მიუხედავად იმისა, რომ შუადღისას საკმაოდ თბილა. თან, თუ ამას ემატება, რომ გადაადგილება ქალაქში გიწევთ, ანუ შორ მანძილზე არ დადიხართ. როგორც კი, ტემპერატურა მოიმატებს, საბურავების მოჭიდება აშკარად დაიკლებს. ამიტომ, არც თუ ისე მკვეთრ მოსახვევში საბურავების ჭრიალსაც გაიგებთ. სამუხრუჭე მანძილი და შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხეც, მკვეთრად გაიზრდება, მანევრი გაუარესდება და თვითონ საბურავიც ძალიან მალე გაცვდება. ამიტომ, თუ დღეს და ხვალ არა, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, აუცილებლად შეცვალეთ საბურავი სეზონის მიხედვით.