კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში მოქმედ რუსულ მაფიას დღემდე ქართველი კრიმინალი მეთაურობს, მეტსახელად „ხარი“

 

საქართველოში ისეთი ოჯახი არ არსებობს, სადაც დურუ ხურცილავას სახელი არ გაეგოთ და ამ ადამიანის შესახებ შეთხზული თუ ნამდვილი ისტორიები არ მოესმინოთ. მაგრამ, ძალიან ცოტას თუ სმენია კარლო ქაჯაიას შესახებ, რომელიც წარმოშობით სამეგრელოდან იყო. ერთხანს ის დურუ ხურცილავასთანაც „პაძელნიკობდა“ და მასთან მეგობრობდა, თუმცა შემდეგ რუსეთშიც გადაიხვეწა. კარლო ქაჯაია იქ კანონიერი ქურდი გახდა და ისე გაითქვა სახელი, რომ თავისი ცნობილი მეგობარიც კი დაჩრდილა. კარლო ქაჯაიას ვიწრო წრეში „სუპერდურუსაც“ კი ეძახდნენ მისი არაადამიანური ძალის გამო. ხოლო კრიმინალური სამყარო და ფართო საზოგადოებრიობა მას „ხარის“ მეტსახელით იცნობდა. მასზე, ისევე, როგორც მის სახელოვან უფროს მეგობარზე, მრავალი ლეგენდა დადის და დღემდე დაუდგენელია, რა ბედი ეწია ხარს მას შემდეგ, რაც მასზე საყოველთაო ნადირობა გამოცხადდა.

 

გაქცევა

კარლო ქაჯაია წარმოშობით მარტვილის რაიონიდან იყო და მას შემდეგ, რაც ფიზკულტურის მასწავლებლის ცემისთვის სკოლიდან გარიცხეს, ქუჩურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მაშინ ის 15 წლის იყო და სახლიდან გაქცეული მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. კარლო ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა და წვრილმანი ქურდობით შოულობდა ლუკმაპურს. სულ მალე ის განგებამ დურუ ხურცილავას შეახვედრა და მაშინ დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი. არასრულწლოვნობის მიუხედავად, ქაჯაია დურუს ბანდის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ყველა დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. როცა დურუ ხელისუფლებას ჩაბარდა, ქაჯაია 17 წლის იყო. ხარი დამოუკიდებლად განაგრძობდა მოღვაწეობას და აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს სისხლს უშრობდა – ფულს აწერდა, ატერორებდა და ყოველმხრივ ავიწროებდა. რადგან სწორედ მათთან დაპირისპირებამ შეიწირა დურუ ხურცილავას სიცოცხლე და კარლომ ეს მშვენივრად იცოდა. დიდი ტრაგედია იყო კარლო ქაჯაიასთვის დურუს დახვრეტა. მაშინ კარლო 18 წლის იყო და როდესაც მას დურუს სიკვდილი შეატყობინეს, უზარმაზარი თუჯის აბაზანისთვის დაურტყამს მუშტი და დაუმტვრევია. როგორც ეტყობა, დურუს ამქვეყნიდან წასვლამ კარლო ქაჯაიას ფსიქოლოგიური დაღი დაასვა და მან სიფრთხილე დაკარგა. ამიტომ, 1974 წელს 19 წლის კარლო ქაჯაია, იგივე ხარი, გაგრაში დააპატიმრეს. ის ვინმე არტურ ოვანესიანმა დააბეზღა, რომელმაც შემთხვევით იცნო და როგორც „სომეხი ხალხის მტერი“, ისე „ჩააგირავა“...

ქაჯაია სოხუმის იზოლატორის დაჯავშნილ საკანში მოათავსეს და გაძლიერებული ბადრაგი დაუყენეს. შემდეგ ხელ-ფეხზე ბორკილები და ჯაჭვები დაადეს და ისე დაჰყავდათ სასამართლოებზე. ბოლოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თბილისში გადაიყვანეს და ყოველგვარი კანონისა და ინსტრუქციის დარღვევით, სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. ციხის ადმინისტრაციას, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაგრელმა სომხებმა გადაუხადეს ფული, რადგან შურისძიების ეშინოდათ. თუმცა, 1975 წლის მარტში, 20 წლის კარლო ქაჯაია, საეტაპო მატარებლიდან გაიქცა, როცა ის თბილისიდან მაგადანის მიმართულებით მიჰყავდათ. ხარი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ლესელიძესთან გაიქცა. მან ფოლადის გისოსები გატეხა, ბოქლომი დაამტვრია, ბადრაგს ლავიწის ძვლები ჩაუმტვრია, მატარებლიდან ისკუპა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ამ დროს, დაახლოებით 2 საათი და 50 წუთი იყო. გამთენიისას კი გაგრაში, არტურ ოვანესიანის სამსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიფერფლა. თავად „ჩამშვები“ ოვანესიანი კი მილიციამ ცოცხალ-მკვდარი იპოვა მთებში შიშველი, კიპარისის ხეზე ფეხებით ჩამოკიდებული. ქაჯაიას დამბეზღებელს ენა ჰქონდა ამოგლეჯილი და საკვერცხე ჯირკვლები – მოგლეჯილი... ის სიკვდილს გადაარჩინეს და მას შემდეგ კიდევ 18 წელი იცოცხლა.

ხარზე, როგორც განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედზე, საკავშირო ძებნა გამოცხადდა...

 

„ბრილიანტისგან“ ხელდასხმული

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ანუ 1975-1977  წლებში, კარლო ქაჯაია რუსეთის დიდ ქალაქებში ცხოვრობდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ქურდების კარგად ორგანიზებული დაჯგუფება შექმნა, რომელშიც, მის გარდა, კიდევ ცხრა ადამიანი იყო გაერთიანებული. ისინი იმდენად კვალიფიციურად მოქმედებდნენ, რომ მილიციას შანსს არ უტოვებდნენ. თითოეულ დანაშაულზე მათ, საშუალოდ, 30-35 ათასი მანეთის ქონება მიჰქონდათ. ნაქურდალის ლომის წილს ხარი და მისი მეგობრები რუსეთის სხვადასხვა საპყრობილეში აგზავნიდნენ. ამიტომ, მათ ისე შორს გაუვარდათ სახელი, რომ ხარს დაუსწრებლად რუსეთის ყველა ავტორიტეტი იცნობდა.

1977 წლის 19 მაისს ქაჯაია და მისი ბანდის სამი წევრი, მომავალში სამივე კანონიერი ქურდი: სტეპან კონკინი – მეტსახელად „ბეკი“, ივანე ზვაროვი – მეტსახელად „ბობა“, და ლეონიდ მარტინოვი, მეტსახელად – „ქიშო“, ლენინგრადში, ნევის პროსპექტზე მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში იყვნენ შესულები. ბინა ებრაელ ანტიკვარს, იოსებ აბრამოვს ეკუთვნოდა. ქურდებმა პირწმინდად გაასუფთავეს ბინა და ძვირფასი ნივთები ორ ტყავის ჩანთაში ჩაყარეს. შემდეგ გარეთ გამოვიდნენ და სათადარიგო გასასვლელით, უკანა ეზოსკენ დაეშვნენ, სადაც მათ „ვოლგა გაზ-25“ ეგულებოდათ. თუმცა, ოთხივე ქურდი მილიციის სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა დააპატიმრა, რომელიც მათ ქვემოთ ელოდა. როგორც ძიებისას გაირკვა, ებრაელი ანტიკვარის საქმე თავიდანვე „დამწვარი“ იყო და საქმის მიმცემი – პავლე კოჩეტკოვი მილიციის აგენტი აღმოჩნდა. ძებნილი ხარი და მისი მეგობრები გაასამართლეს. დანარჩენ სამ ქურდს 11-11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხარს კი მაქსიმალური – 15 წელი. მოუდრეკელი ქართველი კრიმინალი რომ მოერჯულებინათ, ციმბირის ქალაქ სოლიკამსკის მკაცრი რეჟიმის ციხეში, „ბელი ლებედში“ გაამწესეს. იქ იმ პერიოდში ყველა ბობოლა საბჭოთა ქურდი იყო თავმოყრილი. საბჭოთა ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ 22 წლის „ხარი“ სწორედ იქ დამიწდებოდა. თუმცა, მოხდა პირიქით და სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, „ბელი ლებედში“ გამართულ სხოდკაზე 25 წლის კარლო ქაჯაია, იგივე ხარი, კანონიერ ქურდად აკურთხეს.

ხარის ხელდასხმა თავად „ბრილიანტმა“, ცნობილმა რუსმა ქურდმა ითავა, რომელსაც „ძია ვასიას“ ეძახდნენ. იმ დღიდან კარლო ქაჯაია საბჭოთა ქურდული ელიტის წევრი გახდა...

 

მსხვილი საქმე

თხუთმეტწლიანი პატიმრობის მიუხედავად, ხარმა მხოლოდ შვიდი წელი გაატარა საპყრობილეში და კოლეგების მცდელობის შედეგად, 1984 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ძველი ფორმაციის ქურდებს, იგივე ნეპმანებს, ეს ხლაფორთი თითქმის მილიონი მანეთი დაუჯდათ. ამ კამპანიას თავად ბრილიანტი ხელმძღვანელობდა. საქმე ის იყო, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ქურდულ სამყაროში, დაპირისპირება გამძაფრდა. ბევრს ნეპმანობის უღლის მოხსნა უნდოდა, კარგი ცხოვრებისკენ მიისწრაფოდა და საქმე ქურდული ტრადიციების გადასინჯვისკენ მიდიოდა. ბრილიანტი და მისი მეგობრები კი ამის წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა ციხის გარეთ სიტუაციის გაკონტროლება უჭირდათ. ამიტომ, მათ საამისოდ ძლიერი ხელი სჭირდებოდათ, რომელიც მკაცრ ქურდულ წესრიგს დაამყარებდა. ასეთ ხელად ძია ვასიას ხარი ესახებოდა და ფიქრობდა, რომ სწორედ ის შეძლებდა კავკასიელი ქურდების, ანტინეპმანელების მორჯულებას.

ხარის გათავისუფლებამ და ბრილიანტის თაოსნობით ჩატარებულმა ქურდულმა ეგზეკუციებმა საბჭოთა საპყრობილეებში ძალთა თანაფარდობა კვლავ ნეპმანელების მხარეს გადასწია და ახალგაზრდა კარლო ქაჯაია უმნიშვნელოვანეს ფიგურად გადაიქცა. თუმცა, ის კვლავაც ღალატობდა ქურდულ ტრადიციებს, საქმეზე წასვლას არ თაკილობდა და 1986 წელს ხარი კიევში ერთ-ერთი მსხვილი მილიონერის ბინიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს. გაირკვა, რომ საქმის მიმცემი – იოსებ კალშტეინი ჯერ უკვალოდ გაქრა, მერე კი დნეპრში იპოვეს. ამ საქმეს ეტყობოდა, რომ ხარის დასაპატიმრებლად იყო მოწყობილი. ნეპმანელი ქურდები ამტკიცებდნენ, რომ ამის უკან ანტინეპმანელი ქურდები იდგნენ, რომლებსაც კავკასიური დაჯგუფება თაოსნობდა. ხარს კვლავ 15 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ამჯერად ის მოსკოვში დატოვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გამოამწყვდიეს. მას ყოველგვარი კონტაქტის საშუალება მოუსპეს და აბსოლუტურ იზოლაციაში ჰყავდათ. სწორედ ხარის დაპატიმრების შემდეგ გაძლიერდა ანტინეპმანური ტრადიციები ქურდულ სამყაროში და წესებიც შეიცვალა. ამიერიდან ქურდებს მეტი თავისუფლება ეძლეოდათ და მათ ჰქონდათ უფლება შეექმნათ ოჯახი და კერძო საკუთრებაც გაეჩინათ...

 

გამქრალი „ობშჩიაკი“

უმკაცრესად იზოლირებულმა ხარმა ციხეში 5 წელი გაატარა და 1991 წელს ის საქართველოს გადასცეს. მაშინ, კარლო ქაჯაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ერთხანს ის თბილისში ცხოვრობდა. მაგრამ, სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, ხარი მოსკოვში დაბრუნდა და როგორც მისი გაგების ქურდს ეკადრებოდა, ისეთ ცხოვრებას მიჰყო ხელი.

კარლო ქაჯაია თავის ნეპმანელ მეგობრებს დაუკავშირდა და კავკასიელების მოთოკვა სცადა. ამის გამო მან ქურდული შეკრებებიც მოიწვია, რომლებზეც კავკასიელები არ გამოცხადდნენ. ახალ შეკრებებზე კანონები კვლავ შეიცვალა და ისინი ძველებურად გამკაცრდა. თუმცა, რუსეთი ქურდულ ომში იყო ჩაბმული. ნეპმანელებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. თავად ხარზე სამი თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ქაჯაია სამივეჯერ გადარჩა. ის, 1995 წელს კვლავ დააპატიმრეს. ხარს აბსურდული ბრალდება, იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს და როგორც ეჭვმიტანილი, ბუტირკის ციხეში ჩასვეს. როგორც ცნობილია, ბუტირკაში ხარის ლიკვიდაცია მზადდებოდა, რაც მას ვინმე ტიტე შელიამ აცნობა, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ხარის მოსაკლავად დაიქირავეს. 1995 წლის 9 ივლისს ხარი ბუტირკიდან გაიქცა, ხოლო ტიტე შელია, შეკვეთის შეუსრულებლობისა და საიდუმლოს გათქმისთვის მოკლეს...

როგორც გაშიფრული საიდუმლო მასალებიდან გაირკვა, ხარის ლიკვიდაცია „ეფესბესთან“ იყო შეთანხმებული და შუამავლად მურთაზ წილოსანი, მეტსახელად „რეშკა“ გამოიყენეს. იმ პერიოდში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა თავად ბრილიანტი, იგივე ძია ვასია და მრავალი ნეპმანელი ქურდი, რითაც კავკასიელებმა საბოლოოდ აიღეს ძალაუფლება ხელში. თუმცა, ხარის გაქცევიდან სულ რაღაც სამ დღეში, რეშკა მოკლეს, შემდეგ მოკლული იპოვეს „ალადინიც“, რომელსაც ქურდული ობშჩიაკი ებარა. ეს ობშჩიაკი კი შვედეთის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა და ანგარიშის ნომერი მხოლოდ ალადინმა იცოდა. თანხა, რომელიც ას მილიონ დოლარს შეადგენდა, ერთიანად მოიხსნა ანგარიშიდან და უკვალოდ გაქრა... არსებობს ვარაუდი, რომ ფული ხარმა წაიღო და გაიქცა. თუმცა, ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია და ხარს დღემდე „ეფესბე“ ეძებს...

P. S. 2004 წელს ნიუ-იორკში ბრაიტონ-ბიჩზე გარჩევა მოხდა, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის 4 კანონიერი ქურდი იყო. როგორც შემდეგ გავრცელდა ხმა, ეს სისხლისღვრა ქურდულ ობშჩიაკთან იყო დაკავშირებული და ხარის მიერ წამოღებული ფული რუსულმა მაფიამ მიიღო, რომელსაც დღემდე ხარი მეთაურობს...

 

 

скачать dle 11.3