კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა თანმიმდევრობით უნდა წავისვა სახეზე სხვადასხვა დანიშნულების კრემები მაკიაჟის გაკეთებამდე?
პასუხი: სახე ჯერ უნდა გაიწმინდოთ თქვენი კანის შესაფერისი კოსმეტიკური რძით (ან ტონიკით). თუ რძით გაიწმენდთ, ჩამოიბანეთ უსაპნოდ, თბილი წყლით, ხოლო, თუ ტონიკით, ჩამობანა არ დაგჭირდებათ. ამის მერე ისვამთ დამატენიანებელ კრემს, 10 წუთის შემდეგ – მკვებავს. 20 წუთის შემდეგ მკვებავი აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და წაისვით დღის დამცავი კრემი. კიდევ 10 წუთის გასვლის მერე – ტონალური კრემი და მაკიაჟი.
კითხვა: რა ასაკიდან არის აუცილებელი დამატენიანებელი კრემის წასმა?
პასუხი: დამატენიანებელი კრემის წასმა მიზანშეწონილია 20 წლის ასაკიდან, მაგრამ, 30 წლის შესრულების შემდეგ მისი გამოყენება აუცილებელია.
კითხვა: ბევრგან წამიკითხავს, რომ სახის საპნით ხშირად დაბანა კანს ვნებს. მაქვს ნორმალური, უპრობლემო კანი. მაინტერესებს, რა სიხშირით დავიბანო სახე საპნით და, საერთოდ, როგორ მოვუარო სახის კანს?
პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ სახის დაბანა ნებისმიერი საპნით არ შეიძლება. ამ მიზნით მხოლოდ კოსმეტიკური და, თანაც, თქვენი კანის შესაფერისი საპონი უნდა გამოიყენოთ.
თუ ნორმალური და უპრობლემო კანი გაქვთ, კოსმეტიკური საპნით სახე დაიბანეთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, ოღონდ, მანამდე უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. საპონი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით ღამის მკვებავი, 20 წუთის შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცით აიშრეთ კრემის ნარჩენი.
კითხვა: რატომ გვირჩევენ კოსმეტოლოგები, რომ კრემების უმრავლესობა სახეზე მხოლოდ 20 წუთი უნდა გავიჩეროთ და მერე ხელსახოცით ავიშროთ?
პასუხი: 20 წუთის შემდეგ კანი აღარ შეიწოვს კრემს და კანის ზედაპირზე დარჩენილი ნარჩენი მხოლოდ თმას გაგიცხიმიანებთ და ბალიშს დაგისვრით.