ვინ გაატანა ზალიკო კუპრაშვილი მტკვარს და რატომ გაუმართლა მას ნინოებში
მსახიობი ზალიკო კუპრაშვილი, იგივე „ზორბა,” მაყურებელმა სხვადასხვა ფილმიდან გაიცნო. როგორც თავად ამბობს, ის ეკა მჟავანაძემ აღმოაჩინა, გიორგი ლიფონავამ კი თიხასავით დაამუშავა. ასე რომ, ჩვენი რესპონდენტი „ფორმულა კრეატივის” შვილობილია. მონაწილეობა აქვს მიღბული გიორგი ლიფონავას თითქმის ყველა სერიალსა თუ ფილმში. მონაწილეობს: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს,” „კლინიკა,” „მესამე თაობა,” „ჩვენი ოფისი,” ახლა კი თამაშობს სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”.
– სერიალში შენი გმირის, ანუ უჩას გამოჩენამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინე.
– ხალხი მეკითხება ხოლმე, არ გიჭირსო? არ მიჭირს იქიდან გამომდინარე, რომ უჩას პერსონაჟი ჩემი სკოლის ასაკს მაგონებს – სკოლაშიც სულ ცალმხრივად მიყვარდა. ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი – მეთერთმეტე კლასამდე ჩემს თანაკლასელ გოგონებს კალამსაც კი ვერ ვთხოვდი, საკონტროლო რომ დამეწერა, რის გამოც სულ საყვედურებს ვიღებდი. თეატრალურში ჩაბარების შემდეგ კი ეს კომპლექსები ნელ-ნელა მომეხსნა და შინაგანად გავიხსენი. ისე, ხასიათით ძალიან რომანტიკოსი ვარ.
– უფრო კონკრეტულად რით ჰგავხარ უჩას?
– ერთ სერიაში უჩა ორი თვით სესხულობს ფულს. რეალურ ცხოვრებაში მეც სულ ფულის ძიებაში ვარ და სულ ვსესხულობ ხოლმე. რომ მკითხავენ, როგორ ხარო, ვპასუხობ: რა ვიცი, ფული მჭირდება და სასესხებლად მივდივარ-მეთქი. მე და უჩა თითქმის ერთ ხაზზე მივდივართ. თუმცა, არც გარაჟში ვცხოვრობ და არც ლოთი ვარ. რაც შეეხება ქუჩაში დგომას, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, მეც ვბირჟაობდი ბავშვობაში, მაგრამ, მერე, თეატრალურში რომ ჩავაბარე, მივხვდი, უფრო სერიოზულ საქმეზე მქონდა ხელი მოკიდებული.
– კატოსნაირი გოგონები თუ მოგწონს?
– კატოსნაირი გოგო, შეიძლება, მომეწონოს, როგორც მეგობარი, მაგრამ, როგორც შეყვარებული – არა. ასეთი გოგოსთვის ღამეებს ნამდვილად არ გავათენებ.
– მიგიტანია გოგოსთვის ყვავილები სიურპრიზის სახით?
– კი, როგორ არა. ამჟამად ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობს, მისთვის მიმირთმევია ყვავილები – კონფლიქტი მოგვივიდა და ღამის 12 საათზე ეზოში გადავეცი. საერთოდ, მიყვარს მოულოდნელი სიურპრიზების გაკეთება.
– შენთვის თუ გაუკეთებია გოგოს სიურპრიზი?
– კი, ჩემთვისაც გაუკეთებიათ ძალიან კარგი სიურპრიზი. ჩემმა პირველმა მეუღლემ დამირეკა ერთ საღამოს ფოთიდან თბილისში, დამემშვიდობა და მომატყუა, ვიძინებო. დილის 4-5 საათზე კარზე კაკუნი შემომესმა. გავაღე და ჩემი მეუღლე დამხვდა. რომ მელაპარაკა, არ მითხრა, გზაში ყოფილა.
– ეს სიურპრიზი იყო თუ შენი შემოწმება?
– ჩემთვის სიურპრიზი იყო და, მისთვის, ალბათ შემოწმება, არ ვიცი.
– მეორედ იქორწინე?
– არა, ჯერ სამზადისში ვიმყოფები. ყურებამდე შეყვარებული ვარ.
– ვინ არის შენი რჩეული?
– მშვენიერი გოგონაა. საყვარელ მანდილოსნებში ბედი მაქვს. პირველ მეუღლესაც ნინო ერქვა და ვინც ახლა ჩემ გვერდით არის, მასაც ნინო ჰქვია. ნინოებში მიმართლებს. სერიალში არა, მაგრამ, ცხოვრებაში გამიმართლა და შევხვდი ადამიანს, რომელიც, მივხვდი, რომ ჩემია. პირველ მეუღლესთანაც მეგონა, რომ ჩემი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კი არ მიყვარდა, სხვა რაღაც იყო ის.
– პატარა ასაკში დაქორწინდი?
– არა, 25 წლის ვიყავი. ერთად წელიწად-ნახევარზე ცოტა მეტხანს ვიყავით. ჩემზე უფროსი იყო და, ალბათ, ასაკიდან გამომდინარე, ვეღარ ავაწყვეთ ურთიერთობა. აი, მე და ნინო ტოლები ვართ და ერთნაირი ხედვა გვაქვს ბევრი რამის მიმართ. მოკლედ, მოხიბლულები ვართ ერთმანეთით.
– როგორი მეუღლე იყავი და იქნები?
– ძალიან მოსიყვარულე, ერთგული, ყურადღებიანი და ფეთიანი ვარ. პატარა რაღაცასაც კი განვიცდი. მოკლედ, ოჯახზე გადამკვდარი მეუღლე ვიყავი და ვიქნები.
– მომთხოვნი ხარ საყვარელი ადამიანის მიმართ?
– ზომიერად. ყოველ შემთხვევაში, აზიატი მამაკაცი ნამდვილად არ ვარ.
– ეჭვიანი ხარ?
– თუ საბაბი მაქვს, ვეჭვიანობ და, თუ არა, სულელი ხომ არ ვარ?! ისე, პრინციპში, პირველი მეუღლე რომ მყავდა, მაშინ მეგონა, რომ ეჭვიანი ვიყავი, მაგრამ, იქ, თურმე, საბაბიც მქონია. მერე იმასაც მივხვდი, რომ ადამიანმა საერთოდ არ უნდა იეჭვიანო და ნერვები არ მოიშალო მაგის გამო. გინდა-არგინდა, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება.
– სერიალიდან გამომდინარე, ბევრს ძალიან დამყოლი და ბუნჩულა ბიჭი ჰგონიხარ. რეალურად როგორი ხარ?
– ცხოვრებაშიც ბუნჩულა, დამყოლი, მეგობრული და ერთგული ვარ.
– შენი გაბრაზება ადვილია?
– არა. მე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ვბრაზდები. ძალიან აფექტური ვარ. გაბრაზება, შეიძლება, 15-წუთიანი იყოს, მაგრამ, ემოციების ფოიერვერკს ვაწყობ – 15 წუთში ერთი წლისას ვინაზღაურებ და ვასწრებ ყველაფერს.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– სიყვარულზე.
– როგორი ხდები, როცა შეყვარებული ხარ?
– ძალიან სხვანაირი ადამიანი ვხდები. როცა შეყვარებული ვარ, სხვანაირად ვიხედები სარკეში, სხვანაირად ვიპარსავ წვერს, სხვანაირად ვიცვამ – მოკლედ, ამ დროს ყველაფერი სხვანაირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. სულ მინდა, ისეთი რაღაც გავაკეთო, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ვასიამოვნო. ერთი სიტყვით, ძალიან რომანტიკოსი ვარ. ჩემთვის, გიჟპოეტურად, ლექსებსაც ვწერ. ეს ლექსი იმ ადამიანს მივუძღვენი, რომელიც ამწუთას არის ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ნინექსას.
„ არ მინდოდა სიკვდილი, მაინც მექაჩებოდა,
იქ, შორეულ ზეცაში, კუპრი მეპრანჭებოდა.
არ მინდოდა იქ ასვლა, ჯოჯოხეთის ალმურში,
მაგრამ, ვერ გაგაგონე ამოდენა ხმაურში.
ტუჩზე სიტკბო ვიგრძენი, – მე მეგონა ღვინო,
გონზე როცა მოვედი, შენ ყოფილხარ, ნინო.
სიკვდილს დამარცხებისგან წაუვიდა გული,
მივხვდი, ამის მიზეზი იყო სიყვარული.”
– როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ტელეფონში წავუკითხე და, ხმით თუ ვიმსჯელებ, კარგი რეაქცია უნდა ჰქონოდა.
– ცხოვრებაში თუ ხარ კურიოზული ადამიანი?
– ვეძებ კურიოზებს. ვგიჟდები იუმორზე. ხანდახან, როცა იუმორის ნაკლებობას განვიცდი, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში მივდივარ, სადაც ამის დეფიციტი არანაირად არ არის. დავიტვირთები კარგი იუმორით, მერე თბილისში მოვდივარ და აქ ვავრცელებ. მიყვარს ქუთაისი და ქუთაისური იუმორი.
– გადაღების პროცესში თუ მომხდარა რაიმე გაუთვალისწინებელი?
– გადაღების დროს ზუსტად თორმეტჯერ ავარტყი თავი რაღაც რკინას. მითხრეს, ერთ კადრში უნდა გადავიღოთო. მოკლედ, საწოლიდან ვდგები და რაღაცას ვარტყამ თავს. მოხდა ისე, რომ ოპერატორმა კამერა ვერ დამიმიზნა და ამაცილა. 12 დუბლი გადავიღეთ და 12-ჯერ ავარტყვი თავი. ბოლოს მართლა მეტკინა. მერე დამცინეს – მართლა კი არ გვჭირდებოდა, „იუთუბიზე” უნდა დავდოთ ეს კადრებიო.
– მაყურებლის რეაქცია როგორია შენს დანახვაზე?
– ეღიმებათ. ბევრჯერ გამიგია – შე საწყალოო. ქუჩაში თვალს რომ მაყოლებენ, რაღაცნაირად, ვკომპლექსდები. ერთხელ გადაღებაზე მივდიოდი სამარშრუტო ტაქსით. ჩემ უკან სკოლის ბავშვები ისხდნენ. არ ვიცი, მე რომ იქ ვიჯექი, იმიტომ თუ, დაემთხვა, მაგრამ, სერიალზე საუბრობდნენ. უცებ ლაპარაკი უჩაზე ჩამოვარდა და ისე გააპარტახეს, მტკვარს გაატანეს. დამაინტერესა, ვინ იყვნენ და შემოვტრიალდი. რომ დამინახეს, სიცილი მომაყარეს სახეში. დავკომპლექსდი და „მარშრუტკიდან” ჩამოვედი. დელისიდან „რუსთავი 2-ამდე” ფეხით წავედი. თან მეცინებოდა, თან საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი – უკან რატომ გავიხედე და რატომ მივაქციე ყურადღება-მეთქი.
– მსახიობობის გარდა, კიდევ თუ ხარ რამით დაკავებული?
– დიახ, უკვე ორი თვეა „თეგეტა მოტორსში” სტაჟიორი ვარ, ვიწვრთნები და, მერე ვნახოთ, რა იქნება.
– „ზორბა“ ვინ შეგარქვა?
– „თეატრალურ სარდაფში” შემარქვა დათო გაჩეჩილაძემ. მერე ყველამ აითვისა და დღეს, მგონი, ყველა „ზორბას” მეძახის. კინოსამყაროში ზალიკო კუპრაშვილი რომ ახსენო, გეტყვიან არ ვიცით, ვინ არისო, „ზორბაზე“ კი სულ სხვა რეაქცია აქვთ.
– როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება უჩას პერსონაჟი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“?
– კაცმა არ იცის, სცენარისტებს რა მოუვათ თავში. მინდა, ჩემმა მაყურებელმა „ილოცოს“, რომ კატო მე დამრჩეს. თუ მე დამრჩება, შემდეგ სეზონშიც ვიქნები.