კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ტიტანიკის” ჩაძირვის უცნობი მიზეზები და ფაქტები

 

2012 წლის 15 აპრილს ზუსტად 100 წელი შესრულდება, რაც აისბერგს დაეჯახა,  კატასტროფა განიცადა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამგზავრო ხომალდი, ლეგენდარული „ტიტანიკი”. თავის პირველ და ბოლო რეისში ევროპიდან ამერიკის მიმართულებით „ტიტანიკმა” 1912 წლის 12 აპრილს აიღო გეზი, იმ დროს ბორტზე დაახლოებით 2 200 ადამიანი იმყოფებოდა. 15 აპრილს, 23:40 წუთზე „ტიტანიკი” აისბერგს დაეჯახა და 16 აპრილს, ღამის 2 საათსა და 20 წუთზე ჩაიძირა. სხვადასხვა მონაცემით, ტრაგედიის შედეგად 1 517 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ 705 გადარჩა. იმავე წელს „ტიტანიკის” ჩაძირვა საუკუნის ტრაგედიად გამოცხადდა. მას შემდეგ „ტიტანიკის” დაღუპვა განსჯისა და სამეცნიერო კვლევის ობიექტი გახდა.

 ტრაგედიის მიზეზები

საუკუნის განმავლობაში გამოითქვა ლაინერის ჩაძირვის რამდენიმე ვერსია: ადამიანური ფაქტორის გავლენა, „ტიტანიკის” სუსტი მზადყოფნა ავარიულ სიტუაციებში, დაზიანება გერმანელების მიერ გაშვებული ტორპედოთი და, ასევე, „ფარაონების წყევლა” (გემის ტრიუმით ძველი ეგვიპტური მუმია გადაჰქონდათ), სულ ბოლო ვერსიით კი, გემის ჩაძირვის მთავარ დამნაშავედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დასახელდა. ინგლისელმა ჟურნალისტმა, კრიმინალურმა რეპორტიორმა რობერტ სტრენჯმა, თავის წიგნში, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ნაციონალურ არქივში მოძიებული ცნობების თანახმად, „ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზად უინსტონ ჩერჩილის გულგრილობა დაასახელა. ავტორის თქმით, ჩერჩილი, ხომალდის პროექტირებისა და აგების დროს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო უშუალოდ გემის ჩაძირვის პერიოდში – საადმირალოს პირველი ლორდი იყო და სწორედ მას ეხებოდა გემის საექსპლუატაციო უსაფრთხოების შემოწმება. „საქმეზე ფიქრის ნაცვლად, ჩერჩილი მთელ დროს თავის პოლიტიკურ ამბიციებსა და მომავალ მეუღლეზე, კლემენტინაზე ფიქრში ატარებდა და, მიმაჩნია, რომ მან უნდა აგოს პასუხი ატლანტის ოკეანის გაყინულ წყალში ათას ხუთასი ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების დაღუპვაზე” – ამბობს რობერტ სტრენჯი, რომელიც, ტრაგედიის კიდევ ერთ „გმირად” „ტიტანიკის” ოპერატორი კომპანია „უაით სთარ ლაინის” მფლობელს, ამერიკელ ფინანსისტსა და ბანკირს, ჯონ პირპონტ მორგანსაც ასახელებს. 

უცნობი ფაქტები

„ტიტანიკის” პირველ რეისში მონაწილეობის მიღებას რამდენიმე მდიდარი ადამიანი გეგმავდა, თუმცა, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. მათ შორის იყვნენ: „ტიტანიკის” მფლობელი, ზემოთ ნახსენები ჯონ პირპონტ მორგანი, რომელმაც ბოლო მომენტში თავი შეუძლოდ იგრძნო და გემიდან ჩამოვიდა; ვერფის „ჰარლანდ ენდ ვოლფის” პრეზიდენტი (კომპანიის, რომელმაც ააგო „ტიტანიკი”), ლორდ პირი; გემზე ასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მგზავრობა გადაიფიქრა, ასევე, სამრეწველო და ფინანსურმა მაგნატმა, მილიონერმა ალფრედ ვანდერბილდტმა მეუღლესთან ერთად.

1912 წლის 10 აპრილს, საუთჰემპტონის პორტიდან გასვლისთანავე, „ტიტანიკი” სასწაულებრივად გადაურჩა შეჯახებას თბომავალ „ნიუ-იორკთან”.

„ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზებზე მომუშავე ბრიტანულმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერზე მართლა იყო ბინოკლების დეფიციტი, კერძოდ საუბარია ეგრეთ წოდებულ „ყვავის ბუდეზე”, საზღვაო ჟარგონით სამეთვალყურეო ანძაზე, საიდანაც მეზღვაურს თვალყური უნდა ედევნა კურსისთვის – ბინოკლი იქ არავის არ ჰქონდა.

„ტიტანიკიდან” ორი საერთაშორისო განგაშის სიგნალი გაიგზავნა: CQD და SOS. ეს იყო SOS-ის გაშვების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა. 

„ტიტანიკზე” მხოლოდ პირველი სამი ორთქლის მილი იყო მუშა მდგომარეობაში, მეოთხე მხოლოდ გამწოვი ვენტილაციის ფუნქციას ასრულებდა. არსებობს მოსაზრება, რომ მეოთხე მილი გემისთვის უფრო მეფური იერის მისაცემად დამონტაჟდა.

„ტიტანიკზე” არ იყო საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები – მათი რაოდენობა გათვლილი იყო 1 178 ადამიანზე, მაშინ, როცა გემზე 2 200 მგზავრი იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ნავების რაოდენობა 1 178 ადამიანზე იყო გათვლილი, გადარჩა მხოლოდ 705 იღბლიანი. ნავებზე ადგილების გადანაწილება არაპროპორციულად ხდებოდა, ზოგიერთი ნავი გადავსებული ტოვებდა „ტიტანიკს”, ხოლო ზოგ მათგანში სულაც რამდენიმე ადამიანი იჯდა.

1985 წლამდე არსებობდა მოსაზრება, რომ „ტიტანიკი” ჩაძირვის მომენტში ორ ნაწილად არ გამსკდარა, თუმცა, რობერტ ბალარდის ექსპედიციის შემდეგ, რომელმაც „ტიტანიკი” აღმოაჩინა ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ცნობილი გახდა, რომ ხომალდი მართლაც გაიპო შუაზე. ეს მომენტი გენიალურად აქვს ნაჩვენები ჯეიმს კამერონს თავის ფილმში „ტიტანიკი”.

„ტიტანიკის” ბორტზე არ ჰქონდათ წითელი ფერის სასიგნალო მაშხალები და სწორედ ამ ფაქტის გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი: ახლოს მყოფმა გემებმა საგანგაშოდ არ ჩათვალეს თეთრი ფერის რაკეტები, რომლებსაც „ტიტანიკიდან” უშვებდნენ ჩაძირვის დროს.

„ტიტანიკი” არ „მოინათლა” ძველი საზღვაო წესით, ანუ, მის კორპუსზე არ გატეხეს შამპანურის ბოთლი. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ „უაით სთარ ლაინს” საკუთარი ტრადიცია ჰქონდა – ხომალდებს არ „აკურთხებდა”.

„ტიტანიკი” ეგრეთ წოდებულ „შავ აისბერგს” დაეჯახა, რომელიც ახალი ამოტრიალებული იყო წყალში. მისი შემჩნევა ღამით თითქმის შეუძლებელია, რადგან ის მუქი ფერისაა და ზოგადად, ასეთი აისბერგები იშვიათი მოვლენაა ოკეანეში, თუმცა, „ტიტანიკს” აქაც „გაუმართლა”.

„ტიტანიკის” მდიდარი მგზავრები

ყველაზე ცნობილი ხომალდის კატასტროფას არაერთი გავლენიანი და ცნობილი ადამიანი ემსხვერპლა. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულების ჩამონათვალს:

 ჯონ ჯეიკობ ასტორ მეოთხე – ამერიკელი მილიონერი და გამომგონებელი, ესპანეთ-ამერიკის ომის მონაწილე და ასტორების საგვარეულოს წარმომადგენელი. მის სახელს უკავშირდება ნიუ-იორკში სასტუმრო „ასტორიას” აშენება, რომელიც მოგვიანებით სასტუმრო კომპლექსი, „უოლდორფ-ასტორიას” შემადგენლობაში შევიდა. დაიღუპა „ტიტანიკის” ჩაძირვის დროს 48 წლის ასაკში; 

 ბენჯამინ გუგენჰაიმი – ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ტრაგედიის დროს ბავშვებსა და ქალებს ნავებში ჩასხდომაში ეხმარებოდა. ნავში ჩაჯდომის შემოთავაზებაზე გუგენჰაიმმა უპასუხა: „ჩვენ გვაცვია ჩვენი საუკეთესო ტანსაცმელი და, მზად ვართ, მოვკვდეთ, როგორც ჯენტლმენები”. დაღუპვის მომენტში იგი 46 წლის იყო და მისი გვამი დაკარგულად ითვლება; 

ისიდორ შტრაუსი – გერმანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი, სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის – „მეისის” თანამფლობელი. მეუღლესთან ერთად, 67 წლის ასაკში შეეწირა „ტიტანიკის” ჩაძირვას. მისი სხეული მოგვიანებით იპოვეს, ხოლო მეუღლის გვამი დღემდე დაკარგულად ითვლება; 

არჩიბალდ ბატი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, თეოდორ რუზველტისა და ჰოვარდ ტაფტის სამხედრო მრჩეველი. „ტიტანიკით” ბატი ამერიკაში რომიდან ბრუნდებოდა, სადაც პრეზიდენტ ტაფტის სპეციალური დავალებით მოლაპარაკებებს მართავდა რომის პაპთან. კატასტროფის მომენტში ის 51 წლის იყო. მისი სხეული დაკარგულად ითვლება; 

ჩარლზ მელვილ ჰეისი – ამერიკელი ბიზნესმენი, მას ეკუთვნოდა რამდენიმე რკინიგზა ამერიკაში. „ტიტანიკის” საშუალებით იგი ევროპიდან ოტავაში მიემგზავრებოდა, სადაც სასტუმრო „შატო ლორიეს” გახსნას უნდა დასწრებოდა. იგი ოჯახთან, პირად მდივანთან და მოქანდაკე პოლ რომენ შევრესთან ერთად იმყოფებოდა ლუქს-კაიუტაში. კატასტროფის შედეგად თავად ჰეისი, მისი სიძე და პირადი მდივანი დაიღუპნენ, დანარჩენებმა კი ნავებით მოახერხეს გაღწევა; 

თომას ენდრიუსი – „ტიტანიკის” მთავარი კონსტრუქტორი, რომელიც თავის ქმნილებასთან ერთად დაიღუპა. ენდრიუსს არც უცდია გადარჩენა, მან სამაშველო ჟილეტის ჩაცმაზეც კი უარი განაცხადა. 

P.S. ტრაგედიის მე-100 წლისთავს ჰოლივუდელმა რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა თავისი ოსკაროსანი ფილმის, ლეგენდარული „ტიტანიკის” 3D ვერსიის  პრემიერა დაამთხვია. ფილმი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაქსიმალურად ახლოდან გვაჩვენებს იმ ტრაგედიის ამსახველ კადრებს, რაც გიგანტური ლაინერის ჩაძირვას მოჰყვა.

 

 

скачать dle 11.3