ცვლილებების დრო
თუ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი არ ხარ... თუ გინდა, რაღაც შეცვალო, გაზაფხული შესანიშნავი დროა ამისთვის. დაიწყეთ ახლავე და გააკეთეთ რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. მაგალითად, გემრიელი საუზმე მოიმზადეთ, ფინჯანი ყავის ნაცვლად. ჭამაც სიამოვნებაა, თუ აქამდე არ იცოდით?! საღამოსაც ნუ გაატარებთ ტელევიზორის წინ, წადით კაფეში, ბარში, ან რომელიმე მეგობარს შეუარეთ, წაიჭორავებთ და გახალისდებით. აამუშავეთ „გადატვირთვის პროგრამა“. ყველა ცვლილება ჯერ თქვენს თავში უნდა მოხდეს და დაიწყოს. განახლება რომ იგრძნოთ, გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან. შეიქმენით სიტუაციები, სადაც თავს კარგად იგრძნობთ.
ძალიან სასარგებლოა ფიზიკური შრომა. მაგალითად, დაალაგეთ თქვენი კარადა და გადაარჩიეთ აქსესუარები. ნახეთ, საგაზაფხულოდ რომელი ნივთის ყიდვაა თქვენთვის აუცილებელი. უაზრო შოპინგსაც აიცილებთ თავიდან და იმასაც ნახავთ, ზამთრის განმავლობაში წონაში ხომ არ მოიმატეთ.
ზამთრის შემდეგ საუკეთესო საშუალებაა კოსმეტიკური პროცედურები. შეგიძლიათ, ვარცხნილობა ან თმის ფერი შეიცვალოთ.
გაიჩინეთ ჰობი. აუცილებლად იპოვით საქმეს, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მნიშვნელობა არა აქვს, რას გააკეთებთ. მთავარია, კარგად გაერთოთ და იხალისოთ.
ჩქარა... ჩქარა... მოასწარი...
ცხოვრების რიტმი ქალებისთვისაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. სულ რაღაც გაქვს მოსასწრები და მუდმივად დაძაბული ხარ. იქნებ არ იცით, რომ ეს სტრესია, თანაც ჯანმრთელობისთვის საშიში. ვერც შეამჩნევთ, ისე დაითრგუნებით და დეპრესიას „აიკიდებთ“. ჩქარა... ჩქარა... ჩქარა... თქვენი ფსიქიკისთვის დამანგრეველია და სარგებლობას არც თქვენს პიროვნებას მოუტანს. თუ საქმიანი ბრძანდებით, გირჩევთ, აუცილებლად შეადგინოთ დილის განრიგი. ეს ისევ თქვენი კომფორტისთვისაა საჭირო. აუცილებელი არ არის, ყველაფერი საათების მიხედვით ჩამოწეროთ, მაგრამ გადაუდებელი საქმეების სია უნდა შეადგინოთ იმ დღისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, ჩამოყალიბდეთ და მიხვდეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა – მეორეხარისხოვანი.
აუცილებელია, პერიოდულად, 15-წუთიანი დასვენებები მოიწყოთ. დალიეთ ყავა, გადით აივანზე, ან მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. შეგიძლიათ, თავი უწყინარი ჭორაობითაც შეიქციოთ.
დაფიქრდით და მოიფიქრეთ, გაღიზიანებთ რამე ოფისში? იქნებ, ვინმე თქვენზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ნეგატიური განწყობაც სტრესის წინაპირობაა. მოერიდეთ მას.
უარს ნუ იტყვით ფლირტზე, ან სასიამოვნო შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ ამისთვის დრო არ გაქვთ. ასე, პირადი ცხოვრებაც გვერდზე დაგრჩებათ. გახსოვდეთ, თანამედროვე ქალის უპირატესობა ის არის, ყოველთვის ყველაფერი მოასწროს!
დაფიქრდი... რომ არ შეცდე...
ქალების შესახებ ბევრი არაფერი იციან თავად ქალებმაც კი. მით უმეტეს, მამაკაცებს სრული შოკი აქვთ, როცა ცდილობენ, ქალებს გაუგონ. უმეტეს შემთხვევაში, მცდარი წარმოდგენა ექმნებათ და ურთიერთობაც აღარ გამოდის. დაფიქრდით, თუკი არ გინდათ, რომ შეცდეთ. ნუ აჰყვებით მოარულ ჭორ-თეორიებს და ზოგჯერ, მხოლოდ შინაგან ხმას მოუსმინეთ. თუმცა, მამაკაცებს ნაკლებად გამძაფრებული აქვთ ინტუიცია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
სუსტი, შესანიშნავი, ნაზი სქესი ზოგჯერ საკმაოდ მოხერხებული და კარგი მოთამაშეა... ერთი სიტყვით, ხშირად თვალიც მოგატყუებთ და მხედველობაც გიმტყუნებთ... თუმცა, ქალებზე ცუდად მაინც არ უნდა იფიქროთ. ეს თქვენ გეხებათ, მამაკაცებო... თუკი კითხულობთ ამას, ყურადღებას ნუ მოადუნებთ, გამოგადგებათ.
არასოდეს შეიქმნათ წარმოდგენა, რომ თქვენ ქალებზე რამით უკეთესი ბრძანდებით, რომ ქალის შრომისუნარიანობა დაბალია, ან კარიერაში ბევრს ვერაფერს აღწევენ. თუკი, რა თქმა უნდა, ღმერთმა სხეულის მომხიბვლელი ფორმებით არ დააჯილდოვა. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მთელი ქალთა სქესი აიმხედროთ და მტრად გადაიკიდოთ. ქალები არ არიან მშიშრები. მამაკაცებს მხოლოდ ჰგონიათ ასე. იმიტომ, რომ როცა სჭირდებათ, შეშინებულ და დამფრთხალ არსებებს კარგად თამაშობენ. მთავარია, მამაკაცმა გამოიცნოს, როდის სჭირდება ქალს დამცველი, როდის კი – გალანტური რაინდი. რისკი ქალებისთვის არ არის უცხო. კრიტიკულ სიტუაციებში მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად იბნევიან. მაგალითად, როცა საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება.
ერთადერთი, რაშიც მამაკაცები სჯაბნიან ქალებს, ეს არის უნარი შიშის გადალახვისა. თუკი, რა თქმა უნდა, დაინახეს მათ ეს შიში.
ასე რომ, მამაკაცებო, დააფასეთ ქალი და ღირსეულ პარტნიორად აღიქვით... მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება და არაფერი შეგეშლებათ...
მითები – არა, რეალობა...
მაინც, რამდენი რამ არ ვიცით საკუთარ თავსა და ერთმანეთზე. იქნებ, იქ, სამოთხეში, ადამი და ევა უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს?!
ყოველ შემთხვევაში, მითების შეთხზვით თავს რომ არ იწუხებდნენ, ფაქტია. მაგალითად, ქალებს არ ეშინიათ ტკივილის და ყველა ქალი არ გიჟდება მაქმანებსა და ბაფთებზე. ზოგიერთს ეს ყველაფერი დიდ სისუსტედ მიაჩნია. ქალები 10-ჯერ უფრო იშვიათად კარგავენ გონებას სისხლის დანახვაზე, ვიდრე მამაკაცები. მართალია, ტკივილის შეგრძნება შედარებით გამძაფრებული აქვთ, მაგრამ ეს მათი ემოციური ფონის ბრალია. მამაკაცები მთელ სამყაროში, რაოდენობრივად ქალებზე ნაკლები არ არიან. მითია ის, რომ ერთ კაცზე სამი ქალი მოდის. პირიქით, 107 ბიჭზე მთელ მსოფლიოში 100 გოგონა იბადება. მართალია, მერე გადარჩევის პრინციპი მოქმედებს და ამ დისბალანსს ასწრებს. ამიტომაც, თუ მოინდომებთ, თქვენს მეწყვილეს აუცილებლად იპოვით.
ქალსაც ისეთივე გონებრივი შესაძლებლობები აქვს, როგორიც მამაკაცს. ვინ თქვა, რომ გენიოსები მარტო მამაკაცები იბადებიან. ნებისმიერი ქალი გენიოსია, უბრალოდ, მას ამის გამოვლენის საშუალება არ მიეცა. დასვით მამაკაცი ქალის ადგილას და აინშტაინიც რომ იყოს, ისე დაიბნევა, დაიწვებით მისი საცოდაობით. ასე რომ, ფრთხილად, როცა საქმე ქალის ჭკუას და ინტელექტს ეხება.
ქალი – სუსტია. მას სუსტ სქესს ეძახიან – ეს სწორედ ის არის, რაც მამაკაცებს აბნევს. მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ქალის ორგანიზმი გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით, გაცილებით მდგრადია ბაქტერიების მიმართ და ვირუსულ ინფექციებსაც უკიდურესად უძლებს. საერთო ჯამში კი, ქალები გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მამაკაცები.
არ იფიქროთ, რომ მრავალცოლიანობის წესი ქალებს აზარალებთ. პირიქით – ეს მამაკაცისთვის ბევრად უფრო რთულია და თუ კარგად დაფიქრდებით, ქალის ინტერესებს მეტად იცავს. ჯერ ერთი, ბევრი ცოლის, ბევრი ლამაზი ქალის შენახვა და მათი მატერიალურად უზრუნველყოფა, მარტო შეძლებულ, ძლიერ მამაკაცს შეუძლია. დანარჩენ კაცებს რა რჩებათ? – ანარჩევი... ზოგჯერ კი, ისიც არა...