კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ მოუტანა ყველაზე დიდი აღიარება და ყველაზე დიდი მწუხარება სერგო ზაქარიაძეს ცხოვრებაში

 

უშანგი ჩხეიძე მყისვე მოექცა ზენიტში, მაგრამ, მუხთალმა ავადმყოფობამ მალე ჩააქრო მისი კაშკაშა ნიჭი; აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე თანაზომიერად აჩირაღდნებდნენ ქართულ თეატრს; მსახიობ ქალთა შორის უპირველესის სახელი ვერიკო ანჯაფარიძემ ახალგაზრდობაშივე მოიპოვა, მაგრამ, ისეთი მსოფლიო აღიარება, როგორიც სერგო ზაქარიაძეს ხვდა წილად, ქართველი მსახიობებისგან არავის რგებია და ამავე დროს, მსახიობთა ამ პლეადიდან არავის უვლია აღიარების სანუკვარ მიზნამდე ისე ხანგრძლივად, იმდენი ჯაფით, როგორც ეს სერგო ზაქარიაძემ გააკეთა. დიდხანს, ძალიან დიდხანს არ რგებია წილხვედრი დაფასება მის უჩვეულო ნიჭს. მთავარ როლებს რომ თამაშობდა, მაშინაც კი ცოტა იწერებოდა მასზე. თითო-ოროლა სტრიქონს თუ გაიმეტებდნენ მისთვის რეცენზიებში და თითქოს, იმის დამტკიცებას ცდილობდნენ – აი, ნახეთ, როლი არ გაუფუჭებია, თუმცა, პირველ ხანებში რაღაც „აკლდა“ ან რაღაც „გადაამეტაო“. მისი თავგამოდებული ლტოლვა როლის სიღრმეში  წვდომისკენ ზოგ-ზოგიერთებზე გამაღიზიანებლად მოქმედებდა და ამ თვისებებს მის „გონებამძიმეობად“ ნათლავდნენ. თქვენვე განსაჯეთ, თუ რა იქნებოდა მაშინ, როდესაც იგი „ბედავდა“ თავისი გმირის, სცენის ან მთლიანი პიესის გადასხვაფერებას, – წერს მ. ლევინი თავის წიგნში „სერგო ზაქარიაძე“, რომელიც ნოდარ გურაბანიძემ თარგმნა. ზაქარიაძეს სიგრძე-სიგანით ჰქონდა მოვლილი მთელი საქართველო. გულმოდგინედ სწავლობდა ყველა კუთხეში გავრცელებულ ზნე-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრების თავისებურებას. როცა ეროვნულ სახეს ქმნიდა, დიდ ქართველს კი არ თამაშობდა, არამედ, უბრალოდ ქართლელს ან თუშს, ფშაველს, იმერელს. ზაქარიაძის ბიოგრაფიის ეტაპები თვითონ მან განსაზღვრა ორად ორ სიტყვაში – „მაძევებდნენ ხოლმეო” და, ამ გამოთქმაში იგულისხმება არა მარტო ის მომენტები, როდესაც იგი იძულებით ტოვებდა ხოლმე თეატრს, არამედ ისიც, თავისი ნებით რომ ეთხოვებოდა სცენას. სწორედ ასე დამთავრდა სერგო ზაქარიაძის სასცენო მოღვაწეობის პირველი ეტაპი – თეატრი და მსახიობი ერთმანეთს დასცილდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მთელი ხუთი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ზაქარიაძე უსცენოდ. მხოლოდ დროდადრო თუ მონაწილეობდა შემთხვევით დადგმებში. იგი ბევრს კითხულობდა, გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე. მის რეპერტუარში, უპირატესად, ქართველი პროზაიკოსები და პოეტები იყვნენ. უზომო დიაპაზონი ჰქონდა მის კონცერტებს.

სერგო ზაქარიაძის მამა, დეპოს მუშა, წერა-კითხვის გამავრცელებელი თბილისის საზოგადოების წევრი იყო. ამ საზოგადოების ფილიალთან, ბაქოში, გახსნილი იყო ქართული სკოლა, მუშაობდა ქართული თეატრი და რკინიგზელთა დრამწრე, რომელიც ქართულ ენაზე დგამდა პიესებს. მოულოდნელად ოჯახს უბედურება დაატყდა თავს – გარდაიცვალა სერგოს მამა. იგი სულ რაღაც 28 წლის იყო და იმდენის გამომუშავებაც ვერ მოასწრო, რომ რიგიანი პენსია მაინც დაეტოვებინა დაობლებული ოჯახისთვის. სამშვილიან ქვრივ ქალს თანასოფლელი ნათესავების დახმარებითა და ქსოვით მოპოვებული გროშებით გაჰქონდა თავი. დრო გადიოდა. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ მეტისმეტად ჩქარა გარბოდა დრო. მას ჯერჯერობით ძალიან ცოტა როლი აქვს ნათამაშები, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ და ფუჭად, უთეატროდ გაატარებ მთელ ცხოვრებას. ყველაზე მეტად იმის შიში აქვს, არ გამოეპაროს მომენტი, როცა ჩვეულებრივ მოკვდავს შეუძლია, ნამდვილი არტისტი გახდეს. აი, მამამისი ხომ ძალიან კარგად თამაშობდა?! მაგრამ მაინც ვერ გახდა ნამდვილი მსახიობი! ვინ იცის, იქნებ, მასაც გამოეპარა ხელსაყრელი შემთხვევა, მერე კი ცხოვრების ორომტრიალში ჩაეფლო, იძულებული გახდა, ოჯახის შენახვაზე ეზრუნა. თანაც, ასაკოვანი კაცი როგორღა ისწავლიდა არტისტობას. სერგო საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ გულმოდგინედ ამუშავებდა მამამისი როლს, როგორ ნაყოფიერად იყენებდა ყოველ წუთს.

ქალაქში ისე გაიპარა, რომ მხოლოდ ძმას, ბუხუტის გაენდო – არაფერი არ მჭირდება, მაგრამ, თუ დედა მოისურვებს, ლობიო და მჭადის ფქვილი გამომიგზავნოს, თორემ, ვაითუ შიმშილით მოვკვდეო. იქნებ ცოტა ხნით გადაედო კიდევ წასვლა, მისი აზრით, ბედნიერ შემთხვევას რომ არ შეეწყო ხელი: ძმასთან ერთად, ერთი სკოლის ამხანაგს აცილებდა, რომელიც პოლიტექნიკურ სასწავლებელში ჩასარიცხად მიდიოდა დედაქალაქში. გაცილებისას ფეხი აითრია, დაძრული მატარებლიდან ჩამოსვლა „ვეღარ მოასწრო“ და „უნებურად” დარჩა ვაგონში. ასე მოხვდა ის თბილისში, მაგრამ, ცარიელი ხელით როდი ჩამოვიდა, რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოიტანა, რომლებიც ადრევე გამოართვა უშანგი ჩხეიძესა და მის ამხანაგებს. სიმართლე რომ ითქვას, რეკომენდაციები არც კი ყოფილა მსახიობები რუსთაველის თეატრის მსახიობ, მიშა ლორთქიფანიძეს, სალამს უთვლიდნენ და სთხოვდნენ, დახმარებოდა კარგ ყმაწვილს, რომელსაც სტუდიაში მოწყობა უნდოდა. 1922 წლის აგვისტო იყო, როცა სერგომ პირველად იხილა მისი სანუკვარი თბილის-ქალაქი. სწორედ იმავე ზაფხულს, სერგო რომ ჩამოვიდა დედაქალაქში, მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი, იგი მაშინ უკვე 50 წლის იყო. სერგო კი თავის წლოვანებას მალავდა. თოთხმეტისაც არ იყო და, ჩვიდმეტისა ვარო, განაცხადა სტუდიაში. მაინც შეიტანა განცხადება, ყველაფერი სიმართლე დაწერა, მხოლოდ  წლოვანება მოიმატა. გამოცდებამდე დარჩენილი დრო ქალაქის გაცნობას მოანდომა. თბილისმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ეროვნული სიამაყით აღავსო, ესთეტიკური გრძნობები გაუღვივა. დადგა გამოცდის, დიდი ხნის ნანატრი და საშიში დღე. თბილისში ყოფნისას სერგო ღამეს ერთ ზესტაფონელ ამხანაგთან ათევდა, რომელიც ბიძამისთან ცხოვრობდა ნაძალადევში. დედის ნაჩუქარი ველოსიპედის გაყიდვით აღებული ფულით გვარიან კოსტიუმში გამოეწყო და უთენია წავიდა სტუდიაში. საშინელი ამბები დახვდა იქ: ჯერ ერთი, თურმე, მასთან ერთად კიდევ ოთხმოც პრეტედენტს ჰქონია განცხადება შეტანილი; მეორეც, აღმოჩნდა, რომ გამოცდები საჯარო იქნება – გარეშე ხალხი, ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, ვექილები, ექიმები, ჟურნალისტები დაესწრებიან და მესამეც, გამომცდელთა შორის ვიღაც ცნობილი მარჯანიშვილი იქნებაო. პრეტენდენტები ერთმანეთს ცვლიდნენ გამომცდელთა მაგიდასთან. ხან იმედის ნაპერწკალი უღვივდებოდა სერგოს გულში ხან სასოწარკვეთილება ეუფლებოდა და ბურანში იყო. გამოსაცდელთა გვარებს რომ ასახელებდნენ, თითქოს არც კი ესმოდა, მხოლოდ ნერვიულად თვლიდა „კარგებს“ და „ცუდებს“ – მისი აზრით, ჯერ კიდევ თავისუფალ ვაკანტურ ადგილებს ანგარიშობდა. გულში კი, გადაწყვიტა, როცა გამომიძახებენ, არ გავალ, ვითომ არც მოვსულვარო, მაგრამ, რამდენჯერაც ეს გაიფიქრა, იმდენჯერვე, თითქოს, მეორე შინაგანი ხმა შეეპასუხა – „თვითონ ამათ გითხრან უარი!“ „სერგო ზაქარიაძე!” – ორჯერ დაიძახა აკაკი ფაღავამ. სერგომ მაშინვე ჰალსტუხზე იტაცა ხელი, მოიგლიჯა, ყელზე დედამისის თავსაფრის შემოხვევა დაიწყო და გამომცდელთა მაგიდისკენ გასწია. დარბაზში სიცილი ატყდა. ყმაწვილი საკმაოდ მოსული ტანისა იყო, მაგრამ, გამომეტყველება ჰქონდა მეტისმეტად ბალღური. ფაღავამ რომ უთხრა, მოიწიეო, სერგოს „გაიწი” მოესმა და განზე გახტა, ამან კიდევ უფრო გააძლიერა დამსწრეთა სიცილი. „მოიწი, მოიწი”, – გაუმეორა ფაღავამ, – დაჯექი! რამდენი წლის ხარ? 

– ჩვიდმეტის, – უპასუხა სერგომ. რას ჩქარობ, ორი, სამი წლის მერე მოდი. 

– ძალიან მინდა... ახლა...

– კარგი, წაიკითხე. 

სერგომ წარმოადგინა სცენა „გადაჭრილი მუხიდან“, გიმნაზისტს ლექსის ბოლომდე წაკითხვა რომ უჭირს, აი, ისე. მაინც ჩაჭრილად ჩათვალა თავი, მით უმეტეს, რომ, სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, არც სმენა შეუმოწმეს, არც რიტმი, მაგრამ, აი, მიშა ლორთქიფანიძე მივიდა მასთან, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა: „რა გადარდებს, ბიჭო, ნახევარზე მეტს ხომ აჯობე!“ ამ სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედა სერგოზე. „მიმიღეს!“ – გაიფიქრა გახარებულმა. მიღებულთა სიებს ხვალვე გამოვაკრავთო, – უთხრეს, მაგრამ, ხვალამდე ლოდინი ჯოჯოხეთად იქცა. თავისი ამხანაგის სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი ხალისით შეხვდნენ მის გამარჯვებას მასპინძლები, ლხინიც გადაიხადეს. მერე მთელი ღამე თეთრად გაათენა, თვალი არ მოუცილებია კედლის საათისთვის. ღამის 3 საათზე სწრაფად წამოდგა, ჩაიცვა და ჩუმად გამოვიდა სახლიდან, ითვლიდა სახლებს, ხეებს, ფარნის ბოძებს. რუსთაველის პროსპექტი ორჯერ გაიარა აქეთ-იქით და აქ სხვა თავშესაქცევი მოძებნა – ქვაფენილის ფილებს ითვლიდა და ისე გაერთო, ვერც კი დაინახა, როგორ გამოაკრეს სიები. მივარდა და სწრაფად ჩაჰყვა გვარებს. „რაა ეს? ვაიმე! რატომ არ ვწერივარ?“ სული რომ მოიბრუნა, სტუდიის ადმინისტრატორს შეეკითხა: 

– მე რატომ არ ვწერივარ, ბატონო, ხომ ჩავაბარე? – კი ჩააბარე, შეგაქეს კიდეც, თვითონ გავიგონე, მაგრამ, წლოვანებამ შეგიშალა ხელი. 

დიდხანს იდგა გაქვავებულივით თეატრის წინ, მაგრამ, მერე ახალგაზრდობამ მაინც თავისი გაიტანა. გულის კუნჭულში იმედმა გაუელვა –  გაახსენდა თავისი მეგობარი მსახიობები, რომლებიც სულ მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ ზესტაფონიდან თბილისში. ვინ არ შეუსრულებდა პატარა თხოვნას – სტუდიაში მიეღოთ ერთი კარგი ბიჭი! სეზონის გახსნისას სერგომ მთელი თავისი ფული ბილეთებში დახარჯა. ასე რომ, უახლოესი სპექტაკლების ნახვა უზრუნველყოფილი ჰქონდა. რუსთაველის თეატრში იგი ისე შევიდა, როგორც ტაძარში. ზესტაფონის თეატრის შიშველი კედლებისა და ჭერის ჩაშავებული კოჭების შემდეგ, ძერწილმა ჭერმა, ბროლის ჭაღმა ისე დააბნია სოფლიდან ჩამოსული ბიჭი, რომ კედლის დიდი სარკე ფოიეს გაგრძელება ეგონა და პირდაპირ განაგრძო გზა...

იმ წუთას ისე შესჯავრდა ყველაფერი, რომ უკან მოუხედავად გამოიქცა თეატრიდან, მაგრამ, მეორე დილით უკვე აღარ ახსოვდა წინა ღამის განცდები. ამიტომ, გადაწყვიტა, მოეძებნა დოდო  ანთაძე, რომელიც რეჟისორის თანაშემწე იყო. დოდომ სარეპეტიციო დარბაზში შეიყვანა სერგო, სადაც იმ დროს ფაღავა მსახიობებთან მუშაობდა. ზაქარიაძემ დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა ფეხის წვერებზე ანთაძე ფაღავას და მოწიწებით რაღაც წასჩურჩულა ყურში. ასე თუ ისე, ფაღავა დათანხმდა დოდო ანთაძეს, ზაქარიაძე თავისუფალ მსმენელად ჩაერიცხათ. დოდომ სტუდიის მდივანთან წაიყვანა სერგო. ფოტოსურათი მოიტანე და მოწმობას მოგცემო, – უთხრა მდივანმა, მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სერგო უკვე ქუჩაში გარბოდა. ალექსანდრეს ბაღში შევარდა, სურათი გადაიღო და სირბილით დაბრუნდა სტუდიაში. „ძალიან გთხოვთ, ახლავე ჩამიკარით!“ – უთხრა მდივანს. 

– კი ბატონო, ახლავე! სტუდიიდან გამოსულს, მოწმობა გადაშლილი ეკავა ხელში, ვითომდა, სურათის გასაშრობად, უფრო კი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წაეკითხა ძუნწი ფრაზა: „მიეცა ესე სერგო ზაქარიაძეს მასზედ, რომ იგი ნამდვილად ირიცხება...“ იგი მართლაც ირიცხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა ასე... პირველ ხანებში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. დედამისი ჩამოვიდა და დიდად გაიხარა, სერგო რომ სტუდიელი თუ სტუდენტი გამხდარიყო, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ მის შვილს იატაკზე ეძინა ბინძურ ფიცრულში, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო. მერე ქალაქში მცხოვრები შორეული ნათესავები მოძებნა და უკეთეს პირობებში უშოვა ბინა თავის ბიჭს. სტუდიაში კარგად მიიღეს. მართალია, პატარა იყო და არავინ ემეგობრებოდა, მაგრამ, პირველ ხმას კარგად ამბობდა გუნდში და ეს ძალიან მოსწონდათ. მაგრამ, სერგოს დიდხანს არ დასცალდა სტუდიაში ყოფნა – ერთმა უაზრო ფათერაკმა პირველივე კურსიდანვე ააკრეფინა გუდა-ნაბადი... 

დედის ჩამოსვლის შემდე სერგოს ცხოვრება თბილისში ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. ბინა რომ უშოვა, მერე მე-14 შრომის სკოლაშიც მოაწყო. ასე რომ, დღისით საერთო-საგანმანათლებლო საგნებს სწავლობდა, საღამოს კი სტუდიაში დადიოდა...

ცხოვრებაში ზაქარიაძეს ყველაზე დიდი სიხარული „ოტელომ“ მოჰგვარა, ყველაზე დიდი მწუხარება კი – „ჭიქა წყალმა“: პლასტიკის გაკვეთილის დაწყებამდე სტუდიელები გარს შემოერტყნენ მასწავლებელ ქალს, გვარად ჟღენტს, რომელიც აღტაცებით ლაპარაკობდა მცირე თეატრზე. იმ მომენტში, როდესაც სერგო მივიდა მათთან, მასწავლებელმა წარმოთქვა სერგოსთვის საბედისწერო ფრაზა – „ჭიქა წყალი“. ზრდილობიანმა ყმაწვილმა ეს რომ გაიგონა, იფიქრა, მასწავლებელს სწყურიაო. მყისვე გაიქცა, პირთამდე აავსო დიდი ტოლჩა და იმ დროს მიუტანა წყალი, როცა იგი გაცხარებით ეკამათებოდა ერთ-ერთ სტუდიელს. პედაგოგმა ლანძღვა დაუწყო „მეტიჩარა” მოწაფეს, თანაც, რატომღაც რუსულად ელაპარაკებოდა. სერგომ რუსული არ იცოდა. ძალიან დაიბნა, ვერაფერს მიხვდა, – „არ გნებავთ და ნუ გნებავთ”, – ჩაიბურტყუნა და უკანვე წაიღო ტოლჩა. მაგრამ, კლასში დაბრუნება აღარ მოუწია – გარეთ გამოაბრძანეს. სერგო გაჯიუტდა, სტუდენტები მასწავლებელს მიემხრნენ, მით უმეტეს, რომ სერგო, თავისი წლოვანების გამო, თანაკურსელებთან ვერ მეგობრობდა, თანაც, მისი ბიჭური ანცობა ბევრს ყელში ჰქონდა ამოსული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟღენტმა ტირილი მორთო: „მაშინ, მე წავალ!“ სერგო ადგილიდან წამოვარდა: „თუ შეგიძლიათ“... – ეს სიტყვები თხოვნის დასაწყისი იყო, მაგრამ, ყველამ ისე გაიგო, როგორც მორიგი უხეშობა. ამ დროს იქ მყოფ ფაღავას რეჟისორი ქორელი ცვლიდა, რომელმაც ჟღენტის საჩივარი სამართლიანად ჩათვალა და განკარგულება გასცა, დაუყოვნებლივ გარიცხეთ ზაქარიაძეო. შემდგომშიც არაერთხელ გაურიცხავთ იგი, მაგრამ, 14 წლის ყმაწვილისთვის ყველაზე მწარე და დამამცირებელი მაინც ეს უცნაური შემთხვევა ყოფილა. ქორელის ჯავრი სერგო ზაქარიაძემ გულში ჩაიმარხა (სამაგიერო შემდგომ იმით გადაუხადა, რომ მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად), ფაღავას დაბრუნებას დაელოდა და პატიება სთხოვა. მართალია, არ აღადგინეს, მაგრამ, მეცადინეობებზე დასწრების უფლება მისცეს. ასე რომ, მოწაფედ არ ითვლებოდა, არაფერს ეკითხებოდნენ, არაფერს სთხოვდნენ. უსიამოვნებათა პირველ ქარცეცხლში გამოვლილს, არა მარტო უფლებების დაბრუნება ეწადა, არამედ მოვალეობათა დაკისრებაც. მას არ შეეძლო, არ უნდოდა პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება. იგი თანდათან ჩამოსცილდა სტუდიას, მაგრამ, სანამ ფარდას დაუშვებდნენ, ბედმა მაინც გაუღიმა: იანვრის არდადეგების დროს, სტუდიელების საღამოზე, კოტე მარჯანიშვილმა გასართობი სპექტაკლი დადგა. ეს იყო ერთი ისეთი შესანიშნავი ხუმრობა, როგორიც ძალიან უყვარდა ხოლმე სახელგანთქმულ რეჟისორს და ბრწყინვალედაც გამოსდიოდა.

 

 

скачать dle 11.3