ექიმის რჩევები
კითხვა: ექიმმა პროფილაქტიკისთვის დამინიშნა იოდომარინი 100 მილიგრამი ერთხელ დღეში 4 თვით. მეგობარმა კი მითხრა, რომ ახლა მთელი ცხოვრება მომიწევს მისი სმა, რადგან ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებსო. მართალია?
პასუხი: ორგანიზმში იოდი არ გამომუშავდება, ჩვენ მას საკვებთან ერთად ვიღებთ. იოდომარინი ინიშნება პროფილაქტიკისთვის, იოდდეფიციტის გამო. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრეპარატებს თავის შეზღუდვებიც აქვს – ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და სტრუქტურა (მოცულობა, კვანძები), თანმხლები დაავადებები.
კითხვა: ფეხის ტერფზე გამიჩნდა ლაქა, რომელიც ძალიან მექავება. სოკო მეგონა, მაგრამ დერმატოლოგმა თქვა ფსორიაზიაო და მალამო დამინიშნა. რეალურია ანალიზების გარეშე ასეთი დიაგნოზის დასმა?
პასუხი: ფსორიაზის დროს გამონაყარი საკმაოდ სპეციფიკურია. ამიტომ, გამოცდილ დერმატოლოგს დამატებითი ანალიზების ჩატარება არ ესაჭიროება. იმ შემთხვევებში, თუ დიაგნოზის დასმა სირთულეებთან არის დაკავშირებული, კეთდება ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
კითხვა: დაახლოებით ერთი წლის წინ ორივე წვივზე სიმეტრიულად დამცვივდა თმა, რამდენიმე თვის წინ კი ცვენა ბარძაყებზეც დამეწყო, ასევე სიმეტრიულად. რა უნდა იყოს ეს?
პასუხი: ფეხებზე თმის ცვენა ვიწრო შარვლის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს (ჯინსები). სხვა შემთხვევაში ეს საკმაოდ ბევრი დაავადების სიმპტომია, მაგრამ მაშინ სხვა ჩივილებიც უნდა გქონდეთ (გამონაყარი, სისუსტე, დაბუჟება და ასე შემდეგ). თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯერ თერაპევტს და ჩააბაროთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, სისხლის ანალიზი შაქარზე.
კითხვა: მართალია, რომ 40 წლისთვის საქალწულე აპკი ისეთი მკვრივი ხდება, რომ ჩვეულებრივი გზით დეფლორაცია შეუძლებელია, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას?
პასუხი: ასაკის მატებასთან ერთად, ქსოვილების ზოგადად და მათ შორის საქალწულე აპკის, ელასტიკურობა მცირდება, მაგრამ არც იმდენად, რომ დეფლორაცია ჩვეულებრივი წესით შეუძლებელი იყოს. ეს საკითხი საკმაოდ ინდივიდუალურია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც იყოს საჭირო.
კითხვა: რა არის ამინოტრანსფერაზა და როდის არის ის მკვეთრად მომატებული?
პასუხი: გლუტამინ-ამინოტრანსფერაზა არის ღვიძლშიდა ქოლესტაზის მაჩვენებელი, რომელიც იზრდება შემდეგი პათოლოგიების დროს: სხვადასხვა წარმოშობის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ასევე, ჰეპატობილიარულ სისტემაში ონკოლოგიური პროცესების დროს.
კითხვა: როგორია ინსულტის წინ ორგანიზმის მდგომარეობა?
პასუხი: შეიძლება, აღნიშნოს არტერიული წნევის მომატება ან მკვეთრი ვარდნა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არამყარი სიარული, ხელების ან ფეხების (ან ორივესი ერთად) დაბუჟება, გარდამავალი სისუსტე კიდურებში (ხელი-ფეხი), ასევე, გარდამავალი გაორება თვალებში და ასე შემდეგ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი