გაბრაზებული მარადონა
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მწვრთნელად მომუშავე დიეგო მარადონა კლუბ „ალ შაბაბის” ქომაგებს დაუპირისპირდა. „ალ ვასლისა” (რომლის მთავარი მწვრთნელია ლეგენდარული არგენტინელი) და „ალ შაბაბის” მატჩის მსვლელობის დროს. მეტოქე გუნდის გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენიებდნენ „ალ ვასლის” ფეხბურთელების ცოლებსა და მარადონას მეგობარ ქალს – ვერონიკას, რომელსაც ფეხბურთის ლეგენდა თავის მეუღლედ აცხადებს. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დიეგო თავად აიჭრა ტრიბუნაზე და საქმის გარჩევა სცადა ფანატებთან, რომლებსაც მშიშრები უწოდა, რადგან დიეგოს დანახვაზე მათი უმეტესობა ტრიბუნას გაეცალა. ინციდენტში ჩარევა ადგილობრივ პოლიციას მოუხდა, რადგან მარადონა აშკარად აპირებდა, ფიზიკურად შეხებოდა მავან ქომაგებს, რომლებიც ვერონიკას შეურაცხყოფას აყენებდნენ.