მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი
„როგორც სითბო მზისა დაადნობს თოვლსა და ყინვასა და გაათბობს ჰაერს, ეგრედვე მხურვალედ ლოცვა გაადნობს და გააქრობს ვნებათა ბოროტისა გულისასა“.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
გვინდა, რომ არ ვცოდავდეთ, მაგრამ ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად, ქვეშეუცნობლად ხდება, ბევრს კი მრავალი ცდის მიუხედავად, მაინც ვცოდავთ. უცოდველი არც ერთი მოკვდავი არ არის. ეცადე, ღმერთთან გულით იყო, გახსოვდეს, რომ ღმერთი აქვე, შენთან ახლოსაა.
ილოცე, რადგან ლოცვა ღმერთთან ურთიერთობაა, ილოცე გულით, ყურადღებით. ეცადე, რომ ყველაფერი მხოლოდ ღმერთის სახელისთვის აღასრულო.
„მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი, ლოცვის ჟამს შეიგრძენი საკუთარი უღირსება და თუ გაგიჩნდება სითბო და ცრემლები, ოცნებით ნუ იზრახავ საკუთარ თავზე, რომ რამეს მიაღწიე. ისინი უნდა მოდიოდნენ და მიდიოდნენ ჩვენგან იძულების გარეშე, მაგრამ თუ გაქრებიან, ნუ შეშფოთდები, ეს ასეც უნდა იყოს, ლოცვა ურთულესი ღვაწლია და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შერთულია ბრძოლის სიმძიმესთან. მოწყალე ღმერთი დროდადრო ანუგეშებს მლოცველს, რომ არ დაუძლურდეს. საშინაო ლოცვითი კანონი თვითონ განსაზღვრე იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო გაქვს. ეს თვითნებობა არ იქნება. მხოლოდ გირჩევ, ძალიან ბევრს ნუ შეარჩევ, რომ კანონის მონა არ შეიქმნე და არ იჩქარო“.
ლოცვა, რა თქმა უნდა, ფეხზე მდგომმა, ხატების წინ უნდა წაიკითხოთ. ლოგინში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება. მაგალითად, უძლურების ჟამს.
ეკლესიური სწავლების მიხედვით, ყველა ნამდვილი ქრისტიანისთვის ეკლესია გამოჰყოფს ხორციელ მოწყალებათა 7 საქმეს:
ჭმევა მშიერითა; სმევა მწყურვალთა; შემოსვა შიშველთა; შეწყნარება უცხოთა; მოკითხვა სნეულთა; მიხედვა პატიმართა; დაფვლა მიცვალებულთა.
არსებობს კიდევ 7 საქმე სულიერი მოწყალებისა:
მოქცევა ცოდვილთა; სწავლება უმეცართა; განმართვა დაბრკოლებულთა; ნუგეშისცემა მწუხარეთა; მოთმინებით ატანა უსამართლობისა; მიტევება შემცოდეთა (თანამდებთა); ღმერთთან ვედრება მოყვასის საცხოვნებლად.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხლები, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს. ლოცვა და ეკლესიური სწავლების მიხედვით, ეკლესიურად ცხოვრება ავსებს ადამიანს სიცოცხლით, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე, ხოლო ლოცვა ღმერთთან ურთიერთობაა.
დღეისათვის სულიერად დაავადებულთა რიცხვი სულაც არ მცირდება, ყველგან შეიძლება, „ბოროტად სნეულ“ ადამიანებს შევხვდეთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ ბოროტი სულების, ეშმაკების არსებობის ყველაზე აშკარა მტკიცებულებას. ყველას, ვინც ამგვარ ძალებთან ამყარებს კავშირს, საშინელი და მძიმე შედეგები ელის.
ოდესღაც ჯადოქარი კვიპრიანე ცთუნდა და მისნობის მოჩვენებითი ძალა შეიძინა, მაგრამ ერთხელაც იგი დარწმუნდა, რომ უბრალო ჯვრის გამოსახვის წინაშეც კი უძლური იყო სატანის ყოველგვარი მანქანები, რომ გრძნეულების მთელ ძლიერებას აცამტვერებდა ქალწულ იუსტიანას თავმდაბლური ლოცვები. როდესაც ბოროტის მთელი მზაკვრობა და არარაობა გაიზიარა, კვიპრიანე განუდგა მას და პირჯვარი გამოისახა...
ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელი უცილობლად სარგოა ყოველი მოკვდავისათვის. მთავარია, გულით ვიყოთ უფალთან და მივიღოთ და გავიგოთ ყველა მინიშნება, რასაც უფალი გვაძლევს.
მარხვის, აღსარებისა და ზიარების გარეშე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერ იქნები, მხოლოდ იმის ძახილი, რომ უფლის გვწამს, თუ არ შევასრულეთ ეს წესები, რაც უფალმა და დედაეკლესიამ დაგვიწესა, თვალთმაქცობაა.
„ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისთვის“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი).
შენიშვნა: საერთოდ, ლოცვის დროს ამა თუ იმ სურვილის დაკონკრეტება მიზანშეწონილი არ არის, უნდა ილოცოთ ჩვეულებრივი საეკლესიო ლოცვებით. მათში ყველაფერი იგულისხმება და თან უფალმა თავად იცის, თქვენ რა გჭირდებათ. თუმცა, თუ რომელიმე კეთილი სურვილი გსურთ, რომ უფალს გულით შესთხოვოთ, ეს, რა თქმა უნდა, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ. ყოველი ლოცვის შემდეგ საბოლოო ლოცვა წარმოთქვით ასე: „უფალო, უკეთუ ლოცვაი ესე, რომელი აღმოვიკითხე დახსნილობითა და გონებაგაფანტულობითა, შემინდევ და მაცხოვნენ მე მოწყალებითა შენითა“.
„მხოლოდ ის კი არ უნდა გიყვარდეს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არამედ – ყველა... როცა განსაცდელი მოდის, სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში არ უნდა ჩავვარდეთ, არამედ ლოცვით, მარხვით და სულიერი მოღვაწეობით უნდა ავმაღლდეთ სულიერ კიბეზე... არ უნდა დავკარგოთ იმედი ღვთისა... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“... გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა, ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს... შევევედროთ უფალს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით მოგვანიჭოს მშვიდობა და კეთილდღეობა“ (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე).
უწმიდესის მიერ ნათქვამი სიტყვებიდან აშკარაა, რომ მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი.
„კანდელი“