კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით იყო გამორჩეული თბილისის ოპერის თეატრი და რომელი ისტორია უკავშირდება ლევ ტოლსტოისა და ალექსანდრე დიუმას სახელებს

„სად არ ვყოფილვარ და რამდენი თეატრი არ მინახავს, მაგრამ ტფილისის თეატრის მსგავსად გემოვნებიანი და ლამაზი არც ერთი”, – ასეთი ფრაზით შეამკო ერევნის მოედანზე არსებული ოპერის შენობა 1859 წელს ტფილისში სტუმრად მყოფმა ალექსანდრე დიუმამ. ოპერის შენობას ხალხში „თამამშევის თეატრ-ქარვასლად” მოიხსენიებდნენ და ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ნამდვილი მშვენება. ტფილისის ძველი ფოტოების სამყაროში მხატვარ გოგა ქართველიშვილთან ერთად ვიმოგზაურებთ.

 

გოგა ქართველიშვილი: 1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა გრაფი მიხეილ ვორონცოვი. თბილისში ჩამოსვლისას მან მრავალ, სხვადასხვა კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. რადგანაც ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრის შენობა, ვორონცოვმა გადაწყვიტა თეატრის აშენება, თუმცა ქალაქის ხაზინას ამის ფინანსები არ გააჩნდა. ვორონცოვმა იმ პერიოდის მსხვილი ვაჭრები თავისთან დაიბარა, რომელთაც დუქნები ჰქონდათ რიყის უბანში, მეიდანზე, საუბარია მაშინდელ მედუქნეებზე და შესთავაზა მათ ფული ჩაედოთ ქარვასლისა და თეატრის შენობის აშენებაში. ანუ, ქარვასლის სავაჭრო ფართს მათ აძლევდა სარგებლობაში, ხოლო თეატრი ქალაქს დარჩებაო. მედუქნეებმა უარი შეუთვალეს ვორონცოვს, არ ამოვალთ ზედაუბანშიო. ზედაუბანს ეძახდნენ ახლანდელ თავისუფლების მოედანს. ჩვენი მუშტარი ყველა რიყეზე ცხოვრობს და დავკარგავთ ამით კლიენტებს. თან, ამდენი ფულიც არ გვაქვს, რომ თეატრი ავაშენოთო. მაშინ ვორონცოვმა გადაწყვიტა, გაცილებით მსხვილი ვაჭრებისთვის მიემართა და მის მოწოდებას, მხოლოდ გაბრიელ თამამშევი გამოეხმაურა. ძმები თამამშევები იმ დროის უმდიდრესი ადამიანები იყვნენ. ერთი ძმა ფლობდა მტკვარზე განლაგებულ წისქვილებს, მეორე ძმაც მსხვილი ბიზნესმენი იყო. ვორონცოვის შემოთავაზებას გაბრიელ თამამშევი, მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა, რომ ქარვასლის მიერ დაკავებული მიწის ფართობი უსასყიდლოდ გადაეცემოდა. 

– ქარვასლისა და თეატრის აშენების ადგილად თავიდანვე ერევნის მოედანი იყო შერჩეული?

– თეატრის შენობის ასაგებად ვორონცოვმა თავიდანვე ერევნის მოედანი შეარჩია, რომელიც იმ დროს ქართველი თავადის, ესტატე ციციშვილის საკუთრება იყო. ესტატე ციციშვილმა ორი დოშისა და საკაბის ფასად მიჰყიდა ვორონცოვს მიწის ნაკვეთი. 

– როგორც ვიცი, შენობის არქიტექტორი იტალიელი, ჯოვანი სკუდიერი იყო,  რომლის დაპროექტებულიც იყო, ასევე მშრალი ხიდიც.

– თეატრის მშენებლობას თავიდან ბოლომდე იტალიელი არქიტექტორი, ჯოვანი სკუდიერი ხელმძღვანელობდა. სკუდიერი იმ პერიოდში რუსეთში მოღვაწეობდა, მას დაუკავშირდა ვორონცოვი და თბილისში ჩამოიყვანა. თეატრის პროექტი მეტად ლამაზი გამოდგა, აზიურ-ევროპულ სტილში, მავრიტანული ელემენტების გამოყენებით. სამწუხაროა, რომ თავად სკუდიერი ვერ დაესწრო თეატრის გახსნას, რადგან ზუსტად გახსნის წელს ტრაგიკულად დაიღუპა – მშენებლობის დროს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა. ზუსტად უცნობია, რის აშენების დროს დაიღუპა, შესაძლოა, ეს იყო ქარვასლა. ასევე მისი აშენებული იყო მშრალი ხიდი. სკუდიერი ძალიან ახალგაზრდა, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის თბილისში, კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს მთაწმინდაზე, დაახლოებით ჭონქაძის ქუჩის ტერიტორიაზე. ამჟამად იმ ადგილზე საცხოვრებელი სახლებია. სკუდიერის საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, 1846 წელს ვორონცოვმა ის თბილისის საქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე დანიშნა, ხოლო 1847 წლიდან მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორად გადაიყვანეს. ფაქტობრივად, სკუდიერი თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო, რომლისაც ვორონცოვს უსიტყვოდ სჯეროდა. 

– შენობა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც თეატრი და ქარვასლად შემდეგ გადაკეთდა?

– თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც თეატრის შენობა, თავისი დუქნებითა და სავაჭრო ცენტრებით. მისი მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წელი მიმდინარეობდა. მშენებლობა გაიწელა ავანაანთხევის გამო, რომელიც მოედანს ორად ჰყოფდა, საჭირო გახდა მისი გადახურვა. მშენებლობა 1851 წელს დასრულდა და გამოვიდა მეტად ლამაზი შენობა იმ პერიოდის ევროპაში. ალექსანდრე დიუმას თავის რომანში „კავკასია” მოხსენიებული აქვს თეატრის შენობა და აღინიშნავს, რომ მსგავსი სილამაზის ნაგებობა არსად უნახავს. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი საოპერო თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა. 

– რით გამოირჩეოდა შენობის არქიტექტურა, თვითონ თეატრი? რამ მოხიბლა ასე დიუმა?

– თეატრის შენობა იყო ოთხსართულიანი ნაგებობა – მოედნის სამხრეთიდან (ძველი მერიის მხრიდან) ორსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთიდან – სამსართულიანი, რაც მოედნის ნიშნულების სხვადასხვა დონით აიხსნებოდა. პირველ სართულზე მოთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 სარდაფი, მეორე სართულზე – 29 დუქანი, 16 ბნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი, მესამე სართულზე – 19 მაღაზია, 80 შესანახი კარადა, მეოთხე სართულზე – 21 მაღაზია ანტრესოლებით. შენობის ცენტრალური ნაწილი, მეორე და მესამე სართულები თეატრს ეკავა. თეატრის მთავარი შესასვლელი დასავლეთით მდებარეობდა. თეატრის ფასადი და ინტერიერი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. როგორც მაშინ წერდნენ, ფასადი იყო „იტალიური არქიტექტურის”, ხოლო ინტერიერი „აღმოსავლური ხასიათის”. ფაქტობრივად, შენობა ეკლექტიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო თბილისში. ქარვასლის ვიტრაჟებს ჰქონდა საინტერესო ორნამენტი ორ ფერში და ამის ესკიზები შემონახულია. ასევე, თეატრს ამშვენებდა გიგანტური, ტონანახევრიანი ჭაღი, რომელიც თამამშევის ფულით ვორონცოვმა პარიზიდან გამოიწერა 9 400 ფრანკად. ეს ჭაღი მარსელიდან წამოსულა გემით და ქართველები ფოთში დახვდნენ. ჭაღი 12 დიდ ყუთში იყო გადანაწილებული და ურმებით წამოუღიათ თბილისისკენ. ცნობილია, რომ გზაში ჭაღის ნაწილი დაფშვნილა და თამამშევს ხელმეორედ გამოუწერია. თეატრის დარბაზი, ფოიე და ფარდა, რომლის ესკიზებიც არსებობს, მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის მიერ იყო გაფორმებული. 

– თუ არის ცნობილი თეატრის გახსნის ზუსტი თარიღი?

–  თეატრი საზეიმოდ 1851 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო, მათ შორის სტუმრად მყოფი გრაფი, ლევ ტოლსტოი. თეატრს დასის პრობლემა ჰქონდა. მაშინდელ თბილისში საოპერო მუსიკოსები, დირიჟორები არ იყვნენ. იყვნენ მხოლოდ დუდუკსა და დოლზე დამკვრელები, აშუღები, ევროპული ყაიდის მუსიკოსები კი არა. იმხანად რუსეთში გასტროლებზე იმყოფებოდა მცირე იტალიური დასი. ეს ამბავი შეიტყო ვორონცოვმა, რომელმაც სასწრაფო წესით გაუფორმა მათ კონტრაქტი და თბილისში ჩამოიყვანა. დასის ხელმძღვანელი იყო ცნობილი დირიჟორი გვარად ბარბიერი და მან სამ თვეში 12 საოპერო დადგმა განახორციელა. დასი რუსეთიდან დარიალის ხეობით წამოსულა, ფასანაურამდე მათ ცხენები დაეღუპათ და იქიდან ურმებითა და ხარებით ჩამოსულან თბილისში. 9 ნოემბერს იტალიელებმა პირველი საოპერო სეზონი გახსნეს თბილისში. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური”. მაშინდელი ქალაქის მოსახლეობა შოკირებული იყო ამ წარმოდგენით. ანშლაგით ჩატარდა პრემიერა და დასრულების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდისკენ წასულა შეკრებილი საზოგადოება. ტივებზე ქეიფით, სიმღერებით  აღნიშნავდნენ ოპერის თეატრის შენობის გახსნას. იოსებ გრიშაშვილს უწერია, რომ იტალიური ოპერა შეერწყა თბილისის ბოჰემურ ბაიათებს – ნახევარი ქალაქი ბაიათებს მღეროდა, ნახევარი იტალიურად გალობდა. ყარაჩოხელებიც კი იტალიურად მღეროდნენო. თბილისის ოპერა იმითაც იყო გამორჩეული, რომ იტალიაში შემდგარი პრემიერებიდან, ოპერა ძალიან მალე იდგმებოდა თბილისში. პირველ წარმოდგენას მოჰყვა „ერნანი”, „სევილიელი დალაქი”. მთელ მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, სწორედ თბილისში დაიდგა პირველად ბიზეს „კარმენი” და „ჩიო-ჩიო-სანი”. „რიგოლეტოს” იტალიური პრემიერიდან ორ წელიწადში, 1853 წელს, თბილისშიც განხორციელდა პრემიერა.

– რომელიმე ცნობილი ფაქტი თუ უკავშირდება თბილისის ოპერას, იმის გარდა, რომ ლევ ტოლსტოი და ალექსანდრე დიუმა ესტუმრნენ?

– გსმენიათ, ალბათ, ჰაჯი მურატის შესახებ, რომელიც თბილისის ხშირი სტუმარი იყო. ცნობილია, რომ ერთ-ერთი წარმოდგენის დაწყებამდე ჰაჯი მურატი შემოსულა დარბაზში. ქართველი თეთრჩოხოსანი თავადი წამომდგარა და დედა შეუგინებია მისთვის. ჰაჯი მურატს, კავკასიელი ერების ღალატში ედებოდა ბრალი, შამილის მხარეზე ყოფილა ადრე და შემდეგ რუსეთის მხარეს გადასულა. დარბაზში შუქი ანთებულა და წარმოდგენაც შეუწყვეტიათ. ჰაჯი-მურატს თან ახლდნენ რუსი თავადები, რომლებმაც სასწრაფო წესით დატოვეს დარბაზი და თბილისიდან წავიდნენ. ამ ყველაფერს, როგორც ამბობენ, შესწრებია ლევ ტოლსტოი, რომელმაც ამის შემდეგ დაწერა უკვდავი ნაწარმოები „ჰაჯი მურატი”.

– ოპერის დახურვა რამ გამოიწვია? როგორც ვიცი, ხანძარი მომხდარა და თითქმის ყველაფერი ნახშირად იქცა.

– სამწუხაროდ, თეატრმა სულ რაღაც 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 ოქტომბერს, თეატრში იმართებოდა სპექტაკლი „ნორმა” და უცებ გაჩნდა ცეცხლი. ცნობილი ფაქტია, რომ ოპერის მსახიობები გრიმში და სასცენო კოსტიუმებში გამორბოდნენ ალმოდებული შენობიდან. შემდგომ გაირკვა, რომ პირველ სართულზე მაღაზია ჰქონდა ვაჭარ ყაზაროვს. მას გაუჩენია ცეცხლი. ალი მთელ შენობას მოედო და იტალიური ოპერა მთლიანად დაიწვა. ისეთი ცეცხლი გაჩენილა, რომ ორი დღე ვერ აქრობდნენ. თეატრის შენობის წინ შადრევანი იყო და ისიც კი დამშრალა. ორი დღის განმავლობაში მეთულუხჩეები და ქალაქის სხვა მოსახლეობა, ქალიან-ბავშვიანად მტკვრიდან ეზიდებოდა წყალს და აქრობდნენ ოპერას. ამ თეატრის შენობით ამაყობდა მთელი თბილისი და ყველა ცრემლიანი თვალებით, ტირილით უყურებდა, განადგურებულ შენობას. შემდგომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ყაზაროვმა განგებ გააჩინა ცეცხლი, ვითომ ოპერის შენობა მის მაღაზიას მუშაობაში უშლიდა ხელს. მაშინდელმა მთავრობამ ის დააპატიმრა და 9 წლით გააციმბირა. ასეთი ბედი ჰქონდა თბილისის პირველ საოპერო თეატრს.

 

 

скачать dle 11.3