ინტიმური საუბრები
დედას ჩემ მეტი არავინ
ჰყავს დამცველი
ამ ბოლო დროს საშინელ დეპრესიაში ვარ. არავის დანახვა, არავისთან ურთიერთობა არ მინდა, მეგობრებთანაც კი. ამ ყველაფრის მიზეზი კი ჩემს მშობლებს შორის მომხდარი უსიამოვნებებია, რომელიც თანდათან მძაფრდება და სერიოზულ ჩხუბსა და კონფლიქტებში გადადის. საქმე ისაა, რომ მამაჩემს ჰყავს საყვარელი, რომელსაც თავს არ ანებებს. ის ქალი მამაჩემზე 15 წლით უფროსია და ჩემზე ხუთი წლით უმცროსი ორი შვილიშვილის ბებიაა. აგერ უკვე რამდენი წელია, დედას გაყრა უნდა, მაგრამ მამა ცოცხალი თავით არ თანხმდება და უმტკიცებს, მიყვარხარო. არადა, მთელი ხელფასი იმ ქალთან მიაქვს, იმის შვილებსა და შვილიშვილებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ჩემზე და ჩემს დაზე, დედაჩემი ხომ, როგორც ქალი და როგორც ადამიანი, საერთოდ არ არსებობს მისთვის და, რაში გამოიხატება მისი სიყვარული, ვერ ვიგებ. დალაპარაკებითაც კი, მხოლოდ მაშინ ელაპარაკება, როცა მისგან რამე უნდა. მე ჯერ არ ვარ იმ ასაკის, რომ მამას მკაცრად მოვთხოვო პასუხი ყველაფრისთვის. შეიძლება, სხვა ბიჭმა ჩემს ადგილას მეტი სითამამე და ვაჟკაცობა გამოიჩინოს და კაცურად „დაურხიოს“, მიუხედავად იმისა, რომ მამაა. რამდენჯერმე მეც გადავწყვიტე ამის გაკეთება, მაგრამ, ვერ გავბედე თუ ვერ გავრისკე – მეშინია, უარესი შედეგი არ მივიღო, ანუ, ისევ დედაჩემს არ აგებინოს ამაზე პასუხი, რადგან, ისედაც ყველაფერს მას აბრალებს, თავის გაფუჭებულ საქმესაც კი, ხუთი წუთის შემდეგ კი ეუბნება, მიყვარხარო, რაც, ცხადია, დედას აღარ სჯერა (ადრე მართლა სჯეროდა), ეს კი მამაჩემს უარესად აღიზიანებს – ხვდება, რომ „გაიშიფრა“ და ეს აღარ აწყობს, რადგან, „გაშიფრული“ ისე მაინც ვეღარ „უკაჩავებს პრავებს“. თუმცა, რა „ვეღარ“, ისევ ისე ეჩხუბება ყველაფერზე, ამცირებს და დასცინის, უბრალოდ, გამარჯვებულად ვეღარ გრძნობს თავს, რადგან, თუკი ადრე დედას თვითონაც სჯეროდა, რომ ქმარი მართალი იყო და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის შეგრძნებით აღსავსე, ბოდიშებს უხდიდა და ცდილობდა, „გამოსწორებულიყო“, რომ ქმრის გული მოენადირებინა, ახლა სურათი შეიცვალა: მართალია, ლანძღვა-გინებასა და დამცირებაზე პასუხს არ სცემს, მაგრამ, აღარც თვალებში შესციცინებს და აღარც დანაშაულის შეგრძნება ეხატება სახეზე. ამას წინათ ისე აშკარად დავინახე მის თვალებში ქმრის მიმართ გამოხატული სიძულვილი, შეურაცხყოფით მიყენებული ტკივილი და შურისძიების სურვილი, რომ შემეშინდა, რამე არ მოუვიდეს-მეთქი და ჩავეხუტე (მამა უკვე გასული იყო ოთახიდან). ჩემმა ასეთმა საქციელმა დედა აატირა და თავის სიცოცხლეში პირველად მითხრა: კიდევ ავიტანდი ყველაფერს, მაგრამ, თქვენ თვალწინ რომ დამცინის და აბუჩად მიგდებს, ამას ვერ ვუძლებ, ძალიან მრცხვენია თქვენი, შვილების და ამ სირცხვილს ვერ ვერევიო.
სკოლიდან სახლში მისვლაც აღარ მინდა, რადგან, ვიცი, ისევ მსგავსი სურათი დამხვდება. შემიძლია, დაღამებამდე მეგობრებთან დავრჩე, მაგრამ, ამასაც ვერ ვაკეთებ და მაინც სახლში გავრბივარ, რადგან, ვხვდები, რომ მამაჩემი დედაჩემს ხანდახან ხელითაც ეხება და, როცა ჩვენ სახლში ვართ, ამდენს ვეღარ ბედავს.
მართალია, ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ და, შეიძლება, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მაქვს უფლება, რომ მამაჩემს ამ თემაზე დიდი კაცივით ველაპარაკო, მაგრამ, დედას ჩემ მეტი არავინ ჰყავს დამცველი და გამომქომაგებელი (ჩემი და 12 წლისაა). ბოლოს და ბოლოს, ამხელა კაცი ხომ უნდა მიხვდეს, რომ თავის არაკაცობაზე, პირველ ყოვლისა, მისი შვილი აგებინებს პასუხს.
პატიკო, 15 წლის.
ჩემს შვილებს მამა არასდროს ჰყოლიათ
32 წლის გავთხოვდი. მე და კოკა ათი წელი ვმუშაობდით ერთ დაწესებულებაში. ჯერ დავმეგობრდით, მერე კი ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ცოლობა რომ მთხოვა, არც გამკვირვებია და არც უარი მითქვამს – მაშინვე დავეთანხმე, თითქოს ველოდი კიდეც, ასე რომ უნდა მომხდარიყო. რომ იტყვიან, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ვიცნობდით ერთმანეთს და ამიტომ ერთად ცხოვრება არ გაგვჭირვებია. არც მე ვარ კონფლიქტური, მაგრამ, კოკა მთლად მშვიდობის მტრედი იყო. თხუთმეტი წელი ისე ვიცხოვრეთ ერთად, ერთი უბრალო წაკინკლავებაც კი არ მოგვსვლია.
მე პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი და, თავისთავად, ისე მოხდა, რომ ოჯახის სადავეები მე ავიღე ხელში, რასაც ჩემი ქმარი სიამოვნებით დათანხმდა და წლების განმავლობაში ჩვენს სახლში ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც მე ჩავთვლიდი საჭიროდ. თავიდან მიხაროდა კიდეც, კოკა სულ თვალებში რომ შემომციცინებდა და ლამის ყველაფერზე ჩემგან იღებდა ნებართვას, მაგრამ, მერე ეს თანდათან მომბეზრდა და მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, მორალურადაც, რადგან კოკა არასდროს არაფრის ინიციატორი არ ყოფილა. ამ ერთფეროვანმა მშვიდობიანობამ ისე მომაბეზრა თავი, რომ უკვე ვნატრობდი, ნეტავი რამეზე იყვიროს, მეჩხუბოს, მუშტი დაარტყას მაგიდას და რაღაცაზე პრეტენზია გამოთქვას-მეთქი, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ის კი არა, რამდენჯერმე სპეციალურად გავაკეთე რაღაც ისეთი, რომ წყობიდან გამომეყვანა, მან კი, გაბრაზების ნაცვლად, მითხრა, რა კარგად მოგიფიქრებიაო.
ხომ გახსოვთ ქართული ფილმი „წკიპურტები“. იქ ერთ-ერთ ნოველას „არმაწყენინე“ ჰქვია და თითქმის იმ მდგომარეობაში ჩავვარდი, ზურაბ ქაფიანიძის გმირი ღრიალით რომ გარბის.
ჩემი დაქალები გიჟდებიან კოკაზე და თეთრი შურით შურთ ჩემი, რადგან თავიანთი ქმრების პოხონდრიებისგან მოსვენება აღარ აქვთ. შემომნატრიან და მეუბნებიან, ასეთი ქმრის ხელში რა დაგაბერებსო, მაგრამ, ახლა მე მკითხონ. მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთ ტალღაზეა, ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერია ყველაფრით, მაგრამ, რომ ჰკითხო, პური რა ღირს ან ბაზარი სად არის, არ იცის – არასდროს წასულა რამის საყიდლად და იმიტომ. ახლა, წლების შემდეგ რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, ვრწმუნდები, რომ ჩვენგან წყვილი არ შედგა. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ქმარზე რომ ამას ვამბობ, მაგრამ, კოკამ ცოლი კი არ შეირთო, გათხოვდა, პატრონი გაიჩინა და ახლა მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. მე კი, შემიძლია ვთქვა, დავცოლშვილდი და, გადამწვარი ნათურის გამოცვლით დაწყებული, აგარაკის მშენებლობითა და მანქანის ყიდვით დამთავრებული (ეს ყველაფერი ჩემი ნაგროვები და მამაჩემის მოცემული ფულებით გვაქვს), ყველაფერი ჩემი სარბენ-საზრუნავია. ახლა ვხვდები, რომ მე არასდროს მყოლია ქმარი, ჩემს შვილებს კი – მამა, რადგან, მარტო „გენაცვალოს მამიკო“ ორი გოგოს და ერთი ბიჭის გაზრდასა და აღზრდას არ ჰყოფნის.
ჩემს შვილებს ასეთ ქმარს ნამდვილად არ ვუსურვებ.
ქეთი, 47 წლის.
როგორც ჩანს, შვილი არასწორად გავზარდე
თან გადავყევი ჩემი შვილისთვის განათლების მიცემას – ყველა საგანში მასწავლებელი დაუდიოდა. არც უნიჭო იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. 26 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 31 წლისამ – სადოქტორო. 33 წლისა პროფესორი გახდა და ლექციებს კითხულობდა ჩვენს უნივერსიტეტშიც და სხვა ქვეყნებშიც იწვევდნენ ლექციების წასაკითხად (ქართულისა და რუსულის გარდა სამი ენა იცის). შესაბამისად, ანაზღაურებაც ისეთი ჰქონდა, არასდროს გაგვჭირვებია არც ჩვენ, მშობლებს და, არც მის ცოლ-შვილს, მაგრამ, მერე ქვეყანა აირია, თბილისის ომიც დაიწყო და ჩემი შვილი უმუშევარი დარჩა – ასე უთხრეს, არც შენი ლექციები სჭირდება ვინმეს და არც თავად შენო. ამ ამბავმა ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, სახლში დაჯდა და საშინელ ცინიკოსად იქცა. თავისი წიგნები მოხვეტა და სანაგვეში გადაყარა. ერთ დღეს კი შვილს გამოუცხადა (მაშინ ჩემი შვილიშვილი მეშვიდე თუ მერვე კლასში იყო), სწავლაში რამე რომ ეყაროს, მე ახლა მილიონერი უნდა ვიყო. ამიტომ, თავს ნუ მოიკლავ წიგნის კითხვით, მაგას აჯობებს, რამე ხელობა ისწავლო და იმით ირჩინო თავიო. იმასაც მეტი არ უნდოდა და საერთოდ აიღო ხელი სწავლაზე, ის კი არა, სკოლაში სიარულსაც დაანება თავი, ცხრა კლასის ატესტატი თუ მოწმობა რომ აიღო, გამოგვიცხადა, სკოლას თავი დავანებე და სამსახური მიშოვეთო. მაგრამ, 16 წლის უვიცი ღლაპი კი არა, ზრდასრული, თავისი საქმის პროფესიონალი ხალხი უმუშევრად იყო დარჩენილი და იმისთვის რას ვიშოვიდით. მერე, ვითომ, ხელობა უნდა ვისწავლოო და ხან ვის მივაბარეთ და ხან – ვის, მაგრამ გული არაფერს დაუდო, რადგან სწავლისა და შრომის ჩვევა არ ჰქონდა. ასე წოწიალ-წოწიალში გავიდა წლები და ლამის ისე მიუკაკუნოს მესამე ათეულს, თითი თითზე არ დაუდევს, ერთი თეთრის საღირალი არაფერი გაუკეთებია, მოთხოვნილებები კი, იცოცხლე, დიდი აქვს: ჩაცმაც კარგი ნებავს, დახურვაც, უბრალო საჭმელს არ მიირთმევს, დასასვენებლად წელიწადში ორჯერ ითხოვს წასვლას (ნეტავი ის ვიცოდე, რითია დაღლილი), ახლა კი გამოაცხადა, ჩემი ძმაკაცი ძალიან იაფად ყიდის მანქანას და ფული მომეცით, რომ ვიყიდო, ამხელა კაცმა ფეხით როდემდე უნდა ვიაროო. ყველაზე სასაცილო კი ის არის (თუმცა, სასაცილო კი არა, სატირალია), რომ, მამამისს კი არ სთხოვს რამეს, ჩემთან აქვს პრეტენზიები. ვერ გავაგებინე, რომ, რაც გამაჩნდა, ყველაფერი მაგათ მივეცი, ჩემი დასამარხი ფული მქონდა შეგროვილი და ისიც კი გამომტყუეს. რომ მოვკვდე, ალბათ, მიწის ზემოთ დამტოვებენ, ან, ქალაქის მერია (თუ, რა ორგანიზაციასაც ეხება ეს საქმე) თუ ჩამაგდებს მიწაში სამადლოდ. ვეჩხუბები ჩემს შვილს, ასე არ შეიძლება, რაც შენ ცოდნა და განათლება გაქვს, ათ ოჯახს შეინახავდა კაცი. სხვა თუ არაფერი შეგიძლია, მოსწავლეები მაინც მოამზადო-მეთქი, მაგრამ, არც კი მისმენს. შეუძლია, მთელი დღე იჯდეს სავარძელში და ფანჯარაში იყუროს – მე მგონი, ცოტა „გარეკა” კიდეც და ახლა ამაზე მისკდება გული. ამას წინათ კი მითხრა, ამდენი ენების სწავლებას არ ჯობდა, ისე გესწავლებინა, როგორ უნდა გამეტანა თავი ცხოვრებაშიო?! მე რომ ამას მსაყვედურობს, თვითონ რა ასწავლა თავის შვილს? ცოდვა არ არის, ამხელა კაცს ერთი ღერი სიგარეტიც რომ სამათხოვრო აქვს?!
მიხეილი, 81 წლის.