რატომ არ უნდა ეშინოდეს ადამიანს სიკვდილის და როგორი სიკვდილია ქრისტიანისთვის უფლის მოვლენილი სასტიკი სასჯელი
ადამიანები ხშირად ვფიქრობთ სიკვდილზე, ეს ფიქრი კი ბევრს სასოწარკვეთილებაში, უიმედობასა და შიშში აგდებს. თუ რა არის სინამდვილეში სიკვდილი, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი მასთან შესახვედრად, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, რა არის სიკვდილი?
– წმიდა წერილი სიკვდილის არსის ზუსტ განმარტებას გვაძლევს: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა” (ეკლესიასტე 12,7). აქედან გამომდინარე, სიკვდილი არის სულის გაყრა ხორცთან. როდესაც სული ტოვებს ხორცს, ასეთი დროს ვამბობთ, რომ კაცი მოკვდა. სხეული აღარ არის ადამიანი, ის გვამია და არა კაცი. ამის თქმა შეგვიძლია სულის შესახებაც: სხეულის გარეშე ის სულია და არა კაცი. თავისთავად, უსულოდ დარჩენილი ადამიანის სხეული მკვდარია. სულის გარეშე ის ხრწნას იწყებს. ის დრო, რომელსაც სული სხეულის გარეშე გაატარებს, წმიდა წერილში იწოდება „აჩრდილად სიკვდილისათა” (ფს. 22, 4). სხეულის სიკვდილი არის ერთგვარი ბუნებრივი ძილი, რომელიც სულიერ და ხორციელ განახლებას უწყობს ხელს. ის ჰგავს მცენარის დათესილ თესლს, რომელიც უნდა გაიხრწნას, რათა ახალი ცხოვრების ძირი ამოიყაროს და ახალი, მარადისობის ნაყოფი გამოიღოს. როდესაც ადამიანი მიცვალებულს უყურებს, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, საბრალოს, თვალები აქვს დახუჭული, მდუმარედ წევსო, არამედ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ აღდგება ის და როგორ მიიღებს გამოუთქმელ და განსაცვიფრებელ დიდებას. ანუ, რეალობამ კი არ უნდა დაგვამწუხროს, არამედ უფლის განგებულების იმედით უნდა აღვივსოთ და გარდაცვლილის სამომავლო, ბედნიერი და მარადიული ცხოვრება უნდა წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, თუ ის უფლის მცნებების დაცვით ცხოვრობდა.
– როგორ და საიდან წარმოიშვა სიკვდილი?
– ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ოდესმე უსათუოდ გარდავიცვლებით, მაგრამ, როდის ეს არავინ იცის. სიკვდილი არც სიბერეს ელოდება და არც სიყმაწვილეს ინდობს, არც იმას აქცევს ყურადღებას, მოემზადა თუ არა ადამიანი იმქვეყნიური ცხოვრებისთვის. წმიდა წერილიდან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი დასაბამისეული წინაპრები – ადამი და ევა, რომელთაგანაც ადამიანთა მოდგმა წარმოდგა, თავდაპირველად უკვდავ არსებებად იყვნენ შექმნილები. მაშ, საიდან წარმოიშვა სიკვდილი? როგორც წმიდა წერილი გვეუბნება, სიკვდილი იყო შედეგი იმ ცოდვისა, რომელიც ჩვენმა უპირველესმა წინაპრებმა ჩაიდინეს სამოთხეში. სიკვდილმა ეს სახელი თავად უფლისგან მაშინ მიიღო, როდესაც ის, როგორც რეალობა, ჯერ კიდევ არ არსებობდა. როდესაც უფალმა ადამსა და ევას აუკრძალა კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის ხმევა, ბრძანა: „მხოლოდ კეთილისა და ბოროტისა შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდები” (შეს. 2, 17). ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი ღვთის განგებულებით არის განსაზღვრული, როგორც შედეგი ცოდვისა, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა, რამეთუ სასჯელი, რომელიც მან ადამსა და ევას დაადო: „მიწა ხარ და მიწად მიიქეც“ – ყოველ ადამიანს ადევს კისერზე, როგორც მათ შთამომავლებს. ადამმა და ევამ ცოდვით დაცემის შემდეგ დაკარგეს ღვთაებრივი ბუნება, დაკარგეს უკვდავება და მთელ მათ მოდგმაზე სიკვდილი გაბატონდა.
– როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი სიკვდილისთვის?
– რადგან ღვთის მოწყალე და განსაკუთრებული განგებულების გამო ჩვენთვის ჩვენი გარდაცვალების ჟამი არ არის ცნობილი, ამიტომ, მოვალენი ვართ, რომ დაუცხრომლად ვიზრუნოთ და ვილოცოთ იმისთვის, რომ ჩვენი აღსასრული და ამ სოფლიდან გასვლა უმტკივნეულო და მშვიდობიანი იყოს, რომ მარადის მზად ვიყოთ უფლის წინაშე წარდგომისა და ქრისტეს სამსჯავროზე ჩვენი ცხოვრების გამო პასუხსაგებად. ამისთვის კი ჩვენი გარდაცვალების წუთის მარადიული ხსოვნაა საჭირო. თუ ადამიანს სიკვდილი ეხსომება, ის აღარ შესცოდავს, მაგრამ, ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მაინც დაეცემით, აღარ უნდა გადასდოთ სინანული, აღსარება და მაშინვე სულიერ მოძღვარს უნდა მიაკითხოთ ცოდვებისგან გასაწმენდად. „ცოდვების მონანიებას მოვასწრებთ, ჯერ ხომ შორს არის სიბერე”, – ასეთ სიტყვებს ხშირად გაიგებთ ადამიანებისგან. ასეთი სიტყვები მხოლოდ უდებ და უგუნურ ადამიანებს შეიძლება დასცდეთ, რადგან არავინ უწყის, ხვალ ცოცხალი იქნება თუ არა. რამდენი შემთხვევა ვიცით, როდესაც მძიმე სნეულებით შეპყრობილი ახალგაზრდა ადამიანი ისე კვდება, რომ ცოდვების მონანიებას ვერ ასწრებს. ისინი სინანულისთვისა და აღსარებისთვის საჭირო ძალებს ვერ პოულობენ, რადგან მათი სული სიკვდილის საშინელებაზე ფიქრით არის შეძრწუნებული. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილისთვის მზადება წინასწარ არის საჭირო, ამგვარი ცხოვრებით ჩვენ ბევრად უკეთ შევიგნებთ ყოველივეს და სამომავლო, მარადიული ცხოვრებისთვის უკეთესად მოვემზადებით. სიკვდილზე ფიქრი იმ მადლს მოგვანიჭებს, რომლის მეოხებითაც მარადისობაში გადასვლა საშინელებად აღარ მოგვეჩვენება. თუ ყოველ უძლიერეს ცდუნებას სიკვდილის ხსოვნას შევაგებებთ, მას იოლად დავძლევთ და უფლის სიყვარულშიც გავძლიერდებით. ჭეშმარიტი ქრისტიანი სიკვდილს არა როგორც შემზარავ საფრთხობელას, არამედ როგორც სიმშვიდისა და სიკეთის მაუწყებელს, ისე უნდა ეგებებოდეს. ამიტომ, ცოდვაა ის ადამიანი, რომელსაც სიკვდილის შიშიც კი ვერ აფხიზლებს, მაინც ცოდვის მორევშია ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს იმას, რომ მას სიკვდილი გვერდს აუქცევს, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მაინც ჯიუტად განაგრძობს ცხოვრებას ისე, თითქოს უკვდავები იყვნენ და ცოდვებისგან განშორება არ სჭირდებათ, ან, მოვა დრო და მაშინ განეშორებიან მას. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა, ვისაც საიქიო ცხოვრების მოლოდინი და იმედი არ გააჩნია, ის ვერასოდეს ჩაითვლება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად და არ ეცოდინება, რომ მომავალი მარადიული ცხოვრება ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლაზე არის გადაჯაჭვული და ამისთვის ყველა ადამიანი უნდა მოემზადოს. ადამიანისთვის ყველაზე საშინელია მოულოდნელი სიკვდილი – ეს არის უფლის მრისხანების მახვილი. ამგვარი სასტიკი სასჯელის მიზეზი კი, არის ცოდვების სიყვარული, საკუთარი სულისა და მიწიერი ცხოვრების დასასრულის გამო უზრუნველობა და უდარდელობა. ძალიან მძიმე სასჯელია ადამიანისთვის მოულოდნელი სიკვდილი, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც საერთოდ არ ამბობს აღსარებას და არ არის ნაზიარები, რადგან, როგორ მდგომარეობაშიც მოგვისწრებს აღსასრული, იმგვარ მდგომარეობაში მოგვიწევს დარჩენა და მარადიული არსებობაც. სიკვდილის შემდეგ კი არც კეთილისმქმნელი შეიცვლება ბოროტის მქმნელად და არც ცოდვილი უცოდველ ადამიანად. უდავოა, რომ სიკვდილისგან გათავისუფლება არავის შეგვიძლია, მაგრამ მისთვის მომზადება ყველას ხელგეწიფება. ეს მომზადება კი იმაში გამოიხატება, რომ შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ მიწიერი საქმეები და ვიზრუნოთ სულის გადარჩენისთვის, შევიმსუბუქოთ სული ცოდვებისგან, რაც აღსარებითა და ზიარებით არის შესაძლებელი. ამის შედეგად ჩვენს გულში ჩასახლდება სასოება და მადლი ღვთისა, მარადიული ნეტარების მოლოდინი და ადამიანს უკვე აღარ ექნება სიკვდილის, წუთისოფლისგან განშორების შიში. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს თავს დაატყდება უეცარი სიკვდილი, მას უკვე წამიც კი აღარ რჩება სინანულისთვის, იმქვეყნად ცოდვებით დამძიმებული მიდის და მარადიული, უფლის წიაღში ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ამიტომ, უცნობლად დატოვება იმისა, კეთილი იქნება ჩვენი აღსასრული თუ ბოროტი, ემსახურება იმას, რომ შეუცნობელის შიშმა გამოგვაფხიზლოს, ცოდვებს განვერიდოთ და მანკიერებისგან განშორებული წარვემატოთ სათნოებებში.