კლავს თუ არა „ღორის გრიპი“ ღორს?
რაკი 7-მა აგვისტომ ჩაიარა, 26 კი კარსაა მომდგარი, აშკარაა, რომ ცხინვალსა და სოხუმში დიდი მზადებაა. ან კი როგორ არ ექნებათ, როდესაც, ჩვენი მადლით, ახლა უკვე ორი „ეროვნული დღესასწაული“ აქვთ საზეიმო: ერთი დამოუკიდებლობის დღე (როდესაც ქართველი „ფაშისტებისგან“ დაიხსნეს თავი), მეორე – აღიარების (როდესაც, მათი აზრით, საბოლოოდ გათავისუფლდნენ ქართველი „ფაშისტებისგან“). შესაბამისად, დედა-რუსეთის წყალობით, დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი საშვილიშვილოდ გაამაგრეს (თუ, რა თქმა უნდა, შვილიშვილებს ეღირსნენ). ედუარდ-ჯაყო უფრო შორსაც წავიდა და არა მხოლოდ გაიმაგრა (საზღვარი), არამედ, საერთოდაც, დაკეტა: საქართველოს მხრიდან პროვოკაციების მეშინიაო. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა ცხინვალელი ჯაყოს თადარიგიანობის მიზეზი, საქართველოდან „ღორის გრიპის“ გავრცელებისაც ეშინია (რაკი ჩვენთან ამ ვირუსით დაავადების რამდენიმე შემთხვევა აღინუსხა). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთში ღორის გრიპი, წესით, საქართველოზე მასშტაბურად უნდა ვრცელდებოდეს, აშკარაა, ჩვენი ჯაყო (თუმცა ჩვენი იყო, ახლა სხვისია) ლოგიკაში მოიკოჭლებს, მით უფრო, რომ ისიც საკითხავია, თავად ღორებს თუ ემართებათ „ღორის გრიპი.“