იგავი დიდებულ ნადიმზე
„ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალი სტუმარი მოიპატიჟა. პურობის დღე რომ მოახლოვდა, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, უკვე ყველაფერი მზად არის ჩემი წვეულებისთვისო.
ყოველმა მოწვეულმა მობოდიშება დაიწყო. ერთმა მონას უთხრა: ყანა შევიძინე, აუცილებლად უნდა მივიდე და მივხედო; გთხოვთ, მაპატიო, შენგან შორს ვიქნები. მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი შევიძინე და მათ გამოსაცდელად მივდივარ; გთხოვ, მაპატიო, შენგან შორს ვარ. მესამე მთქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლებიო.
მივიდა მონა თავის ბატონთან და ყოველივე აუწყა. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და თავის მონას უბრძანა: ჩქარა წადი და ქალაქის მოედნებიდან და შუკებიდან აქ მოიყვანე გლახაკები ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.
მონამ უთხრა: ბატონო, შენი ბრძანება შესრულებულია და ადგილიც დარჩა. ბატონმა მონას უბრძანა გადი გზებსა და ქუჩებში, აიძულე, მოვიდნენ, რათა გაივსოს ჩემი სახლი.
გეუბნებით თქვენ, რომ იმ წვეულთაგან ვერავინ იგემებს ჩემს სერობას, რადგან მრავალია წვეული და ცოტაა რჩეული“.
ლუკა 14, 15-24
მიიღე შენი წილი პურობა
იესო ქრისტე არასოდეს თაკილობდა ცოდვილებთან ყოფნას, მებაჟეების გვერდით იჯდა ხოლმე სუფრასთან და წარჩინებულ ფარისევლებსაც ესტუმრებოდა.
იერუსალიმში უფალი ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა სავახშმოდ. მასპინძელმა საგანგებოდ მოიწვია წარჩინებულნი. უფალმა შენიშნა, რომ სტუმრები ერთმანეთს აწსრებდნენ და გამალებით ირჩევდნენ საუკეთესო ადგილებს – ყველას სუფრის თავში ჯდომა უნდოდა.
უფალმა იესომ ჯერ სტუმრებს შეახსენა, რომ თავიანთი ღირსება თავმდაბლობით უნდა დაეცვათ. შემდეგ მასპინძელსაც ურჩია და უთხრა: ნურასოდეს მოიწვევ იმას, ვისგანაც სამაგიერო პატივისცემას ელოდები; აჯობებს, ღარიბ-ღატაკნი მოიპატიჟო, რადგან მხოლოდ ასე გერგება წილი მართალთა აღდგომისას.
ეს რომ ერთმა სტუმარმა გაიგონა, იესოს უთხრა: ნეტარია, ვინც ღვთის სასუფეველში შეჭამს პურს. სტუმარი დარწმუნებული იყო, რომ თვითონაც ერგებოდა ეს ნეტარება და ისევე უეჭველად გახდებოდა ზეციური პურის ღირსი, როგორც ამ ფარისევლის ოჯახში სუფრასთან მჯდომი მიირთმევდა ვახშამს. სწორედ ამ თვითდაჯერებული სტუმრის გასაგონად შეუდგა უფალი „დიდებული ნადიმის“ იგავის თხრობას.
ამ იგავს „დიდებული სერობაც“ ჰქვია. ძველ ქართულში პურობა ლხინსა და ნადიმს ნიშნავდა, სერობა კი ვახშამი იყო. ნადიმიც, პურობაც და სერობაც იგავში გამოხატავს როგორც ცათა სასუფეველს, ასევე ქრისტეს ეკლესიას. მონა – უფალი იესო ქრისტეა, ძე ღვთისაა, რომელიც მამა ღმერთმა გამოგზავნა ამქვეყნად ცოდვილთა გადასარჩენად. ბიბლიის წიგნებში კაცობრიობის მსხნელი (მესია) ღვთის მონად იხსენიება, რადგან იგი მამა ღმერთის ნებას ასრულებს.
პურობის ჟამი ქრისტეს განხორციელების ჟამია, როცა ჩვენი დიდებული ზეციერი მკურნალი და მაცხოვარი ამქვეყნად ხორციელად მოვიდა. ამ ჟამს ბოლოჟამსაც ვეძახით. ქრისტეს შობიდან მოყოლებული, ეს ჟამი დღემდე გრძელდება.
უფალი იესო ქრისტე ყველას გვიწვევს თავის ეკლესიაში – დიდებულ ნადიმზე და გვეუბნება: ყველაფერი მზად არის, ოღონდ ინდომეთ, სინანულით მობრძანდით და მიიღეთ, რაც ზეციერმა თქვენთვის მოამზადა – მიიღეთ ცოდვათა აღიარება და მიტევება, სულიწმიდის მადლი და ღვთისშვილობა, ზეციური ნეტარება და სიხარული, ჭეშმარიტი თავისუფლება და უკვდავება.
ყოველივე ეს სულიერი საზრდოა, სულიერი პურობაა, რომელიც ზეციდან გვეძლევა. ამიტომ უწოდებს უფალი ამ სერობასა და ნადიმს დიდს, დიდებულს.
მაგრამ დაუჯერებელი რამ მოხდა – მოწვეულმა სტუმრებმა უარი თქვეს ამ დიდებულ პურობაზე. ზოგმა რა მოიმიზეზა და ზოგმა – რა. ყველამ მობოდიშებით მოიშორა თავიდან მონა და ქრისტე უარყო.
ვინ იცის, რამდენჯერ არ წავსულვართ ეკლესიაში, არც მიზეზები გამოგვლევია, და ეს დიდებული სულიერი საზრდოც მოგვკლებია.
განრისხებულმა მასპინძელმა სხვები მოიწვია თავის ნადიმზე. მოედანი, შუკა, გზა და ქუჩა სხვადასხვა ქვეყანაა, სადაც უამრავი ცოდვილი ცხოვრობს – გლახაკი, ხეიბარი, კოჭლი თუ ბრმა. მათ არც ღმერთი იცოდნენ და არც რჯული ჰქონდათ: იყვნენ გლახაკნი – რწმენით, ხეიბარნი – სიყვარულით, კოჭლნი – მოწყალებით და ბრმანი – სულით.
დღესაც დაეხეტებიან ცოდვებით მოკირწყლულ ქუჩა-მოედნებზე სულიერად დაუძლურებულნი, ზნეობრივად ღატაკნი და უმოწყალონი. როგორც კი ცოდვებისგან განთავისუფლებას ინდომებენ, ყოვლადმოწყალე უფალი ძალას მიმადლებს მათ, რათა თვითონვე აიძულონ თავი და სძლიონ ყველანაირ ცდუნებას, მივიდნენ ეკლესიაში და მიიღონ მათთვის განმზადებული დიდებული სულიერი საზრდო. მაშინ კი უეჭველად აღმოჩნდებიან რჩეულთა მცირე დასში და გადაურჩებიან მრავალი ცოდვილის უღირსობას.
ამ იგავით უფალი კიდევ ერთხელ გვიმჟღავნებს ცათა სასუფევლის საიდუმლოს და გვაფრთხილებს, რომ ამ პირველ მოწვეულთა მსგავსად, არ ვთქვათ უარი ღვთის დიდ წყალობაზე, მივიდეთ ეკლესიაში, რათა უფლის ნებითა და წყალობით განმზადებული უტკბესი ნეტარება ვიგემოთ.