როდის გაჩნდა იაპონიაში ყველაზე მეტი „შოთა“ და ვის პატივსაცემად არქმევდნენ მშობლები თავიანთ პატარებს ამ სახელს
თენგიზ გაჩეჩილაძე ის პიროვნება გახლავთ, რომელიც საყვარელ საქმეს ემსახურება. ჯერ ჰობის დონეზე, შემდეგ კი მთავარ საქმედ იქცა მისთვის სპორტული ჟურნალისტიკა – 1985 წლიდან, აგერ უკვე 27 წელიწადია, გაზეთ „ლელოს” მთავარი რედაქტორია. ბატონი თენგიზი უამრავ ინფორმაციას ფლობს და სწორედ ამიტომ ჩაიარა ჩვენთვის მასთან შეხვედრამ ესოდენ საინტერესოდ.
თენგიზ გაჩეჩილაძე: წლეულს მეცამეტე ოლიმპიადაზე მივდივარ. იმ თამაშებში, რომლებზეც მომიწია დასწრება, მახსოვს ჩვენი ათლეტების ბრწყინვალე გამოსვლები. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის იყო 1988 წელს გელა კეტაშვილის გამარჯვება. გელა არის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელი. ჩვენი ფეხბურთელები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ ადრეც, 1952 წლიდან მოყოლებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემპიონი ვერავინ გახდა. სეულის ოლიმპიადიდან ძალიან დამამახსოვრდა აგრეთვე ნინო სალუქვაძის პირველი გამოსვლა. დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა: ნინო ტყვიის სროლაში ჩემპიონი გახდა, პნევმატური იარაღიდან ასპარეზობაში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ის ერთადერთი ქალია საქართველოში, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, ერთადერთია არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებს შორისაც. მიხარია, რომ ამ მედლების მოპოვების მოწმე მეც ვიყავი.
– კიდევ რომელ თამაშებს გამოყოფდით?
– ოლიმპიური ასპარეზობებიდან, რომლებსაც მე ვესწრებოდი, გამოვყოფდი 1994 წლის ზამთრის თამაშებს. ამ წელს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველად გავიდა ოლიმპიურ სარბიელზე. პირველი სპორტსმენი, ვინც ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით აიღო სტარტი, იყო სამთო მოთხილამურე ზურაბ ჯიჯიშვილი. 1994 წელს წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი. თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წელს დავისახეთ მიზნად, რომ შეგვექმნა დამოუკიდებელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რაც იმავე წლის 6 ოქტომბერს ვაქციეთ რეალობად. ეს მაშინ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, ძალიან გვიან და ძალიან სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, თუ რა მოხდა, როცა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ და იდეოლოგიის შეფმა პოლიტბიუროში გორბაჩოვს საქართველოს განზრახვის შესახებ მოახსენეს. გორბაჩოვს, ეტყობა, უკვე ქვეცნობიერად მაინც ჰქონდა შეგნებული, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და, როდესაც საქმის კურსში ჩააყენეს, უთქვამს: „და ნუ იხ კჩორტუ! რაზბერიტეს სამი!”
– რა მოჰყვა ამას?
– ამას მოჰყვა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, სმირნოვის თბილისში ჩამოსვლა მოწოდებებით: ნუ მოსწყდებით ოლიმპიურ მოძრაობას. გვითხარით, რა გინდათ და როგორ გინდათ, შევთანხმდეთო. სხვათა შორის, ჩვენი წინადადება იყო რომ 1992 წელს ბარსელონაში მოკავშირე რესპუბლიკები გამოსულიყვნენ თავიანთი დელეგაციებით, დროშით; რომ ოლიმპიურ დელეგაციას არა საბჭოთა კავშირის, არამედ, მოკავშირე რესპუბლიკების გაერთიანებული გუნდი დარქმეოდა; თუ გაიმარჯვებდა რომელიმე მათგანი, მისი გვარ-სახელის გასწვრივ დაფიქსირებულიყო არა „საბჭოთა კავშირი“, არამედ – „გაერთიანებული გუნდი და, ვთქვათ – საქართველო“; სპორტსმენის გამარჯვების შემთხვევაში კი აჟღერებულიყო რესპუბლიკის ჰიმნი და აღმართულიყო რესპუბლიკის დროშა. ამაზე შევთანხმდით. სხვათა შორის, როდესაც ლერი ხაბელოვი გახდა ჩემპიონი და დადგა საპატიო კვარცხლბეკზე, შეეშალათ და რუსეთის ჰიმნი დაუკრეს. ლერიმ გააჩერა და საქართველოს ჰიმნი გააჟღერებინა.
– ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. კიდევ რას გაიხსენებთ ამ ამბავთან დაკავშირებით?
– შვეიცარიაში სათხილამურო სპორტში ჟურნალისტთა საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავედი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სამარანჩმა რომ შეიტყო, საქართველოს წარმომადგენელი და თანაც, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი ჩასული, ჩემთან შეხვედრა მოინდომა. მას ადრევე ვაცნობეთ, რომ ჩამოვაყალიბეთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ვითხოვდით აღიარებას. დამარიგა: ნუ იჩქარებთ, თქვენი საქმე გააკეთეთ, მაგრამ, ოლიმპიურ მოძრაობას არ ჩამოშორდეთ, რომ მერე წლების განმავლობაში ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება არ დაკარგოთო. ამ თემაზე, მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიასთანაც გვქონდა საუბარი.
– გახსოვთ ეს დიალოგი?
– თითქოს ბატონი ზვიადი 1992 წელს ბარსელონაში თამაშებში მონაწილეობას არ თანხმდებოდა – რუსებთან ერთად რა გინდათო! ეს საუბარი მის კაბინეტში მიმდინარეობდა. იქ ვიყავით მე, ნონა გაფრინდაშვილი, პაატა ნაცვლიშვილი და დავით კუპრეიშვილი. სმირნოვს პასუხი უნდა წაეღო საქართველოდან. პრეზიდენტთან ასეთი დიალოგი გაიმართა: „ბატონო ზვიად, კარგი, გავეთიშოთ ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რამხელა წარმატეტები გვაქვს...” „ვისთან ერთად, რუსებთან?” – მოგვიგო. „კი, მაგრამ ეს ხომ ჩვენი მედლებია, რაც მოვიპოვეთ, რუსეთს ხომ არ მიაქვს, ეს წარმატება ქართული სპორტის ისტორიაშია დაფიქსირებული. ჩვენ თუ ოლიმპიურ მოძრაობას მოვწყდით, წელში ვეღარ გავიმართებით, მოიშლება ტრადიციები და შეფერხდება თაობათა ცვლა; შეიძლება დაგვსაჯონ და, როცა აღიარებას მოვიპოვებთ, მონაწილეობაც აღარ მიგვაღებინონ მომდევნო ორ ოლიმპიურ თამაშებში. მაგრამ, მთავარი მაინც ის არის, რომ, არ გვინდა, საქართველო ოლიმპიურ მოძრაობას მოსწყდეს თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში“... – ვუთხარით ჩვენ. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა პრეზიდენტზე და, საბოლოოდ რაზეც შევთანხმდით, ზემოთ მოგახსენეთ.
– ფავორიტი სპორტსმენი გყავთ?
– ყველა ოლიმპიური ჩემპიონი ჩემი ფავორიტია. საქართველო მაქვს მხედველობაში. რატომ უნდა შევნატროდე სხვას? მუხრან მაჭავარიანის არ იყოს: „რა მაქვს სხვისი შესაშური, თვარა კი“, როცა 33 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს საქართველოში და 36 მედალი გვაქვს მოპოვებული?!
– არ დავობენ იმაზე, რომ ყველა ერს აქვს განსაკუთრებული ნიჭი თუ უნარი სპორტის რომელიმე კონკრეტულ სახეობაში. თქვენი აზრით, ქართველებს ყველაზე მეტად რა ხელეწიფებათ?
– ჭიდაობა, რომელიც მოდის ათადან და ბაბადან. გახსოვთ, ალბათ, ამირანმა, რომ დევი „დასცა და მხარი მოსტეხა, დააწყებინა ღრიალი”. ჭიდაობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოვლინება, აქ არის სულიერი სიმტკიცეც, ზნეობაც. ქართული ჭიდაობა ერთადერთია მსოფლიოში, როდესაც წაფორხილებულსა და მუხლზე დაჩოქილს მეტოქე აღარ ერკინება და გამარჯვებული და დამარცხებული გადაკოცნიან ერთმანეთს. მთლიანი საფუძველი ქართული ჭიდაობისა არის რაინდული სული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულია ქართული ჭიდაობის ნაირსახეობები – რაჭული, მეგრული, იმერული, სვანური, მთიულური, ხევსურული...
ძირითადად ქართულ ჭიდაობაზე აიგო რუსული ჭიდაობა „სამბო”. დიდია მსგავსება ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოს შორის. როდესაც საქართველოში ძიუდო დაინერგა, იაპონელებამდეც მივიდა ხმა, დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ, ფირზე გადაიღეს ჩვენი ქართული ჭიდაობაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და წაიღეს, რომ ძიუდო გაემდიდრებინათ. იმდენად მოეწონათ, რომ ბიძინა მაზიაშვილი, საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი, იაპონიაში წაიყვანეს მრჩევლად და, იქ, ადგილზე ასწავლიდა და ამდიდრებდა ძიუდოს ქართული ელემენტებით. ქართველებს ყველაზე მეტი მედალი ჭიდაობაში გვაქვს მოპოვებული, ამის შემდეგ მოდის მძლეოსნობა. სათამაშო სახეობებიც იმიტომაა ასე პოპულარული ჩვენში, რომ ლელო გვაქვს – ასევე უძველესი ეროვნული სპორტის სახეობა. საერთოდ, მგონია, რომ არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელსაც ქართველი ალღოს ვერ აუღებს.
– ძიუდოსა და იაპონიის თემას შევეხეთ და, არ შემიძლია, არ გკითხოთ შოთა ჩოჩიშვილზე: მართლა არქმევდნენ იაპონელები მის სახელს ახალშობილ ვაჟებს?
– შოთა ჩოჩიშვილს პირადად აქვს ჩემთვის მოყოლილი, თუ რა ხდებოდა იაპონიაში მისი იქ ყოფნის დროს. შოთა იყო ბრწყინვალე ძიუდოისტი, რომელსაც იაპონელები დიდ პატივს სცემდნენ. გახლდათ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი არა მარტო საქართველოდან და საბჭოთა კავშირიდან, არამედ ევროპიდანაც. იგი იაპონიაში მიიწვიეს. „ტოკიო დომია” ძალიან დიდი სასახლეა, სადაც 1989 წლის აპრილში შოთა იაპონიის ჭიდაობის ლეგენდას, ანტონიო ინოკის შეახვედრეს. ინოკი კეტჩის წესებით იბრძოდა. შოთამ მიამბო: სანამ არენაზე გავიდოდით, შემომთავაზეს, ამ ბრძოლაში მონაწილეობისთვის, მეორე ადგილიც რომ დაიკავო, რა თანხაც გეკუთვნის, მასთან ერთად იმ თანხასაც მიიღებ, რაც პირველ ადგილზე გამსვლელს უნდა მიანიჭონ, თუ გამარჯვებას დათმობო. შოთას უთქვამს, გარიგებით მე არ გამოვალ, თუ მომიგებს, ალალად მომიგოს, თუ მე შევძლებ – მე მოვუგებო. არ იყო მაგის კაცი. მართლაც, შედგა ეს ბრძოლა და შოთამ მოუგო. მაშინ აჩუქეს მანქანა, „ტოიოტა“. ეს პირველი „ტოიოტა“ იყო, რომელიც 1989 წელს საქართველოში დადიოდა. იმ წელს ძალიან ბევრი შოთა დაიბადა იაპონიაში.
ომარ ფხაკაძე დიდებული ველოსიპედისტი იყო. ალბათ, ყველამ იცის „ხარება და გოგიაში” ხარებას როლს რომ ასრულებს. სხვათა შორის, იტალიაში, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, მისმა უპირველესმა მეტოქემ თავის ახალშობილ ვაჟს ომარი დაარქვა.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რომელი იყო ყველაზე ორიგინალურად გახსნილი ოლიმპიადა?
– ბარსელონის ოლიმპიადა. განსაკუთრებით იყო გამორჩეული ოლიმპიური ცეცხლის ანთება. მანამდე ოლიმპიადიდან ჩატანილი ჩირაღდნით ცეცხლი თამაშების მთავარ ოლიმპიურ სარბიელზე ძირითადად უშუალო კონტაქტით ინთებოდა, ბარსელონაში კი საოცრება მოხდა: მოპირდაპირე ტრიბუნიდან ანთებული ისარი გაისროლა ჩუბინმა და ზუსტად უწია ანძაზე შემოდგმულ ვეებერთელა ჯამს, რომელშიც უმალვე აგიზგიზდა ოლიმპიური ცეცხლი.