კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მისცა ხმა თბილისელების 96-მა პროცენტმა არჩევნებში გენერალ როდიონოვს

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ 23 წელი გავიდა, თუმცა, საბოლოოდ, ისევ არ გარკვეულა, რა როლი შეასრულეს ამ ტრაგედიაში როგორც საქართველოს ადგილობრივმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ, ისე საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ.  ტრაგიკული 9 აპრილიდან რამდენიმე წლის შემდეგ გენერალმა ლებედმა მოგონებები წიგნად შეკრა და ერთი თავი – „არეულობა თბილისში“ – 9 აპრილის მოვლენებს დაუთმო (რა პატივია?!). სწორედ ამ მოგონებებს გთავაზობთ (ოდნავი შემოკლებით, რუსი გენერლის ამაღლებული წიაღსვლების გარეშე), რომელიც, ბუნებრივია, სავსეა უზუსტობებით მოვლენების აღწერისას, თუმცა აჩენს კითხვებს, რომლებზეც პასუხი დღესაც არ მიგვიღია.

 

თბილისში 1989 წლის 5 აპრილს

პირველი „ბაგრამ-ავღანი“ ჩავიდა

„… თვე-ნახევარი შედარებით მშვიდ ატმოსფეროში გავატარეთ, რამაც, ასე თუ ისე, მოგვცა ნორმალური სასწავლო პროცესის აღდგენის საშუალება. ბაქოდან დამაკამაყოფილებელი ხმები მოდიოდა, მარტის შუა რიცხვებისთვის იქიდან დაბრუნდა კოსტრომის პოლკიც, მაგრამ… ყველაფერი, როგორც ყოველთვის, მოულოდნელად დაიწყო. 5 აპრილს გამწვავდა მდგომარეობა თბილისში; მაშინდელი ცკ-ის პირველი მდივნის, პატიაშვილის, მოთხოვნით, სტაბილიზაციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისში ჯარების შეყვანის შესახებ. მაგრამ რომელი ჯარების? რა თქმა უნდა, საჰარეო-სადესანტოსი. პირველმა დავალება ყოფილმა „ბაგრამ-ავღანმა“ მიიღო. იმ პერიოდისთვის ის შედიოდა 104-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში, როგორც 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი. მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი განჯა იყო (ცნობისთვის: ეს ის 345-ე პოლკია, რომელსაც აფხაზეთში გაგანია ომის დროს, მაშინ უკვე სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გუდაუთაში გადადისლოცირების უფლება მისცა – ავტორი). საპარაშუტო-სადესანტო პოლკი პირველი შევიდა ავღანეთში და 1979 წლის ივნისიდან 1989 წლის 15 თებერვლამდე იქ იბრძოდა. მის გარეშე არ სრულდებოდა არც ერთი, თვით ყველაზე უმნიშვნელო ოპერაციაც კი. 1989 წლის 15 თებერვალს 345-ემ უკანასკნელმა დატოვა ავღანეთი და მას შემდეგ ის ერთი ცხელი წერტილიდან მეორეში გადაჰყავდათ: ყარაბაღი, ბაქო, სუმგაითი… დღეს პოლკის დისლოკაციის ადგილი გუდაუთაა. მოკლედ, როგორც იტყვიან, ვინც მაგარია, სწორედ მას ერეკებიან. ამ პოლკმა 1989 წლის 6 აპრილს მიიღო დავალება, შეესრულებინა 320-კილომეტრიანი მარში განჯიდან თბილისში და თავისი გამოცდილი ხიშტებით შეენარჩუნებინა პატიაშვილის გვარიანად შერყეული რეჟიმი.

პოლკს კოლოსალური საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, ის ერთ დღე-ღამეში ჩამოვიდა საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, უფრო ზუსტად კი გამაგრდა მთავრობის სახლის მისადგომებთან.

 მიტინგის დიდი, ოფლიანი, გაავებული ტანი მოედნის ერთი ბოლოდან მეორეს ეხეთქებოდა.

პოლკმა ბლოკირება გაუკეთა მთავრობის სახლის მისასვლელებს და მის წინა მოედანს, სადაც მეორე დღე იყო ცხელი, სამხრეთული მიტინგი მიმდინარეობდა. მომიტინგეებს მოედანი დიდი სატვირთო ავტომანქანებით ჰქონდათ გადაკეტილი. იმპროვიზებული ბარიკადების მიღმა კი სხვადასხვა წარმომავლობის, რაც ხელში მოხვდათ, იმით შეიარაღებული, მაგრამ აგრესიულად განწყობილი ეგრეთ წოდებული მებრძოლები ჩანდნენ. პოლკმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში შეუსვენებლად იბრძოდა, იცოდა სიცოცხლის ფასი, სისხლის ფასიც და ფლობდა რა ამ არაჩვეულებრივ ცოდნას, არ ჩქარობდა. მას კომპლექსები არ აწუხებდა, ანუ ბრძოლებში იყო პროფესიულად სასტიკი და დაუნდობელი. აქ კი თითქოს მოწინააღმდეგეც არ ჩანდა. დავალებაც გორბაჩოვის ეპოქისთვის ჩვეული ჰქონდათ მიღებული: შეასრულეთ მარში აქედან აქამდე, რაღაც დროის განმავლობაში გამაგრდით აქ და აქ, შემდეგ კი გაურკვეველი რამ – იმოქმედეთ ვითარების მიხედვით, დაეხმარეთ პარტიულ და სამართალდამცველ ორგანოებს წესრიგის დამყარებაში. პოლკი იცდიდა! იმავდროულად, ცდილობდა, გაერკვია, რის გაკეთებას ითხოვდნენ მისგან! მიტინგის ვნებათაღელვა იზრდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდა ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანი. მაგრამ მთავრობის სახლის წინ მდებარე გაზონებზე მოშიმშილეები იწვნენ, სიკვდილამდე დაღლილები და მიტინგის ყველაზე სუსტი მონაწილეები… ჯარისკაცები იცდიდნენ… „თავისუფლება“, „დამოუკიდებლობა“, „სუვერენიტეტი“, „ოკუპანტები“, „ნაძირლები“, „ნაბიჭვრები“. ჯარისკაცები იცდიდნენ, იცდიდნენ კრიჭაშეკრულები, მათ სისხლში, ოფლსა და ჭუჭყში გასვრილებმა კეთილსინდისიერად იბრძოლეს ყველგან, სადაც სამშობლომ გაგზავნა, ღირსეულად დაბრუნდნენ მშობლიურ მიწაზე და ოკუპანტები და ნაბიჭვრები გახდნენ. ასეთი უსამართლობით სუნთქვა ეკვროდათ. მაგრამ ისინი იცდიდნენ. ვიღაცას ძალიან არ აძლევდა ხელს მომთმენი, ვაჟკაცი რუსი ჯარისკაცები. ყველა რევოლუციასა თუ კონტრრევოლუციას სჭირდება განტევების ვაცები. ამ ცხვრებმა თავიანთი სისხლით წმიდა უნდა გახადონ რევოლუცია (თუ კონტრრევოლუცია). უბრალო გათვლაა: პროვოკაციული წვრილმანები, ნიუანსები, დეტალები მალე მიეცემა დავიწყებას, უფრო ზუსტად, რევოლუციის იდეოლოგები მათთვის სასურველ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ. მსხვერპლნი კი დარჩებიან, როგორც სიმბოლო, მოწოდება ბრძოლისკენ, შურისძიებისკენ. ჯარისკაცების მიმართულებით ქვებისა და გინების კორიანტელმა იმატა, საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება და ისიც მომწიფდა: აეღოთ მანქანები და ამით თავიდან აეცილებინათ ქვების წვიმა (ბუნებრივია, მსგავსი არაფერი მომხდარა იმ ღამით მოედანზე – ავტორი). მხოლოდ სატვირთო მანქანების აღება უნდოდათ, მაგრამ მოედანი პანიკამ მოიცვა. მიტინგის დიდი, ოფლიანი, გაავებული ტანი მოედნის ერთი ბოლოდან მეორეს ეხეთქებოდა. ჭყლეტდა და თელავდა ყველაზე სუსტებს. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, აქედან 16 ქალი – 16-დან 71 წლამდე. ტკივილმა, ღვარძლმა, შურისძიებამ ერთ ფანტასმაგორიულ კვანძში მოიყარა თავი. მიტინგი გაითქვიფა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ზვიადი ირმის თვალებით, გესტაპო ზვიადის დროს, ნატყვიარი და დამწვარი რუსთაველის პროსპექტი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი. ყველა ყველას წინააღმდეგ, ათეულ ათასობით მსხვერპლით, მაგრამ ის 18 მსხვერპლი არავის ემახსოვრება. თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა შემოუტრიალდებათ შიმშილად, სიცივედ, უფულობად, აყვავებული ქვეყნის ტოტალურ დაქცევად, რაც მას ათეულობით წლით უკან დასწევს. „დიად დამპყრობელ“ შევარდნაძეს მხოლოდ ნახევრად დანგრეული თბილისი დარჩება, სადაც გაზი, წყალი და ელექტროენერგია საოცნებო გახდება, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ მოხდება. 

თბილისი – ჩამკვდარი ქალაქი, დამთრგუნველი სიცარიელე, სიწყნარე, რომელსაც მხოლოდ მუხლუხოების ჭრიალი არღვევდა

8 აპრილს ჩემს დაქვემდებარებაში მყოფმა დივიზიამ შეასრულა მარში აეროდრომისკენ, თვითმფრინავების არმადა ცაში აფრინდა და სამი პოლკი მზიურ თბილისში ჩამოიყვანა. მე ერთ-ერთი პირველი ჩავფრინდი, სატრანსპორტო თვითმფრინავები ერთი მეორის მიყოლებით სხდებოდნენ. აეროდრომის ტერიტორიაზე ჩვეული საქმიანობა მიმდინარეობდა: ცლიდნენ ტექნიკას, იარაღს, ჩამოდიოდა ცოცხალი ძალა. ყველაფერს კოლონებად ალაგებდნენ. ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი გეგმის გარეშე დაჯდა. იქიდან ორი ძალიან გრძელი სამთავრობო „ზილი“ გამოვიდა. რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან. მათ შორის, პირველი მოდიოდა სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი, სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მათ ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი შეხვდა. აზრთა მცირეხნიანი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ისინი გადანაწილდნენ მანქანებში და სიბნელეში გაუჩინარდნენ.

დივიზია ჩამოფრინდა და თავ-თავის ზონებში დაიწყო განაწილება. ეს იყო 8 აპრილიდან 9 აპრილამდე ღამეს. მე მივუძღოდი კოლონას ქალაქისკენ და მაოცებდა თბილისის მკვდარი სახე: ჩამქრალი ფანჯრები და ლამპიონები, იშვიათად თუ სადმე გამოჩნდებოდა შუქის ნაპერწკალი. ქუჩებში არ იდგა არც ერთი მილიციელი. ძაღლებიც კი არ ჩანდნენ. ჩამკვდარი ქალაქი, დამთრგუნველი სიცარიელე, სიწყნარე, რომელსაც მხოლოდ მუხლუხოების ჭრიალი არღვევდა. შეიძლება, ეს განცდა მაშინვე გაჩნდა, ახლა ძნელია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია: ეს განცდა იყო. ქალაქმა, მისმა მცხოვრებლებმა გადააბიჯეს დაშვებულ უხილავ ზღვარს და მზად იყვნენ, სისხლიან ვნებათა მორევში ყოველგვარი ფიქრის, განსჯისა და სინანულის გარეშე გადაცვენილიყვნენ.

როგორც შემდგომ გაირკვა, ჯარების შემოყვანას პანიკურად ითხოვდა სიტუაციაზე კონტროლდაკარგული პატიაშვილი. მისი მრავალრიცხოვანი ზარების შედეგად ჩამოფრინდა თბილისში სამი საჰაერო-სადესანტო დივიზია. გენერალი როდიონოვი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. 1989 წლის არჩევნებში გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვს ხმა თბილისელების 96-მა პროცენტმა მისცა, ხოლო ხალხის ხმა ღვთის ხმაა. 

მესამე დღეს, პოლკის უფროსის ინფორმაციის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავემგზავრე ერთ-ერთ საპასუხისმგებლო ზონაში, იქ სკანდალი მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც ის ნაწილი იცავდა, ე. შევარდანაძის პირადი რეზიდენცია იყო. მის დასაცავად გამოიყო საპარაშუტო-სადესანტო ასეული და არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი საბრძოლო მანქანა.

რეზიდენციაში ზუსტად დროზე მივედი სკანდალის კულმინაციურ მომენტში. სამი პოლკოვნიკი უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ასეულის უფროს, ლევინსონს, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად ჰყავდა განლაგებული ცოცხალი ძალა რეზიდენციის ტერიტორიაზე და მისგან ითხოვდნენ სკვერში მანქანებისთვის სანგრების ამოთხრას.

ლევინსონი მათ არწმუნებდა, რომ, სადაც უნდა ჩაფლა მანქანა, 50 მეტრზე შორს ის მაინც ვერ ისვრის და ამასთან, სატანკო შეტევა არც იყო მოსალოდნელი... როდესაც გაიგეს, ვინ ვიყავი, ახლა ჩემზე გადმოინაცვლეს და შეეცადნენ, დაემტკიცებინათ, რომ პირადად მე ვიყავი პასუხისმგებელი ე. შევარდნაძის ძვირფას სიცოცხლეზე. მე მათ ყურადღებით მოვუსმინე და მოკლედ ვურჩიე, ცხვირი არ ჩაეყოთ სხვის საქმეში. მივეცი 15 წამი, რომ ტერიტორიიდან მიბრძანებულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს სავსებით საკმარისი იყო, რომ ისინი 10 მეტრში მდგარ მანქანასთან მისულიყვნენ, დაექოქათ და წასულიყვნენ. 

სახე, ალბათ, საკმაოდ მეტყველი მქონდა, ამიტომ პოლკოვნიკები მიცემულ დროზე ადრე გაუჩინარდნენ. ლევინსონს ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო. დღის ბოლოს ვუბრძანე ბატალიონის უფროსს, დაემტკიცებინათ მანქანებისა და პოსტების განლაგების სქემა,  ყველა მრჩეველს დათანხმებოდნენ, მაგრამ მხოლოდ დამტკიცებული სქემით ემოქმედათ.

ასეულის უფროსმა წყენა გამოთქვა იმის გამო, რომ ე. შევარდნაძემ დღემდე შეხედვის ღირსიც კი არ გახადა არც ერთი ოფიცერი და ჯარისკაცი.

ამაზე მე ვუპასუხე, რომ თითოეულ მათგანს სფინქსის ნიღბები ჩამოეცვათ სახეზე. მათ ეს აზრი მოეწონათ და განავრცეს კიდეც თავისთვის: მიდის თავისთვის ედუარდ ამბროსის ძე უმეტყველო სახით მანქანისკენ, მის გარშემო კი ასეთივე უმეტყველო სიფათებია.

P. S. რაკი საქმე მოგონებებზე მიდგა, მეც შევუერთდები გენერალ ლებედს და 14 წლის წინანდელ ისტორიას გავიხსენებ ედუარდ შევარდნაძის ირიბი და მისი იმჟამინდელი პრესმდივნის პირდაპირი მონაწილეობით: სულ პირველად და პირველმა ეს მასალა 14 წლის წინათ დავბეჭდე ერთ-ერთ ყოველკვირეულ გაზეთში. რამდენიმე დღის შემდეგ, საღამოს, რედაქციაში ტელეფონმა დარეკა. მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პრესმდივანი ვახტანგ (ვატო) აბაშიძე  იყო. მან სტატიის ავტორთან გასაუბრება მოითხოვა. მე ვუპასუხე და ჩვენ შორის დაახლოებით, ასეთი ტიპის დიალოგი შედგა.

– პრეზიდენტი აღშფოთებულია ამ პუბლიკაციის გამო და მოითხოვს ჟურნალისტის სამაგალითოდ და მკაცრად დასჯას, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას. ხომ გესმით, რას ნიშნავს, როდესაც წერთ, რომ 1989 წლის 8 აპრილს შევარდნაძე თბილისში იყო (აქვე შევნიშნავ, რომ ბ-ნი ვატო აბაშიძის ტონი შემპარავად კეთილგანწყობილი იყო)?!

– მე, როგორც ჟურნალისტი, არ ვარ პასუხისმგებელი გენერალ ლებედის სიტყვებზე. ეს ნაწყვეტია მისი წიგნიდან და, თუ დასჯა გსურთ, ის დასაჯეთ.

– ამ წერილს მანანა გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას მომხრეები მიტინგებზე აფრიალებენ და ამბობენ, რომ შევარდნაძე 8 აპრილს თბილისში იყოო…

– ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რას წერენ მის შესახებ რუსი გენერლები და როგორ ინტერპრეტაციას აძლევენ 9 აპრილის მოვლენებს.

– თქვენ გაქვთ წიგნი, საიდანაც დაბეჭდეთ ეს წერილი?

– რა თქმა უნდა და იქ გარკვევით წერია, რომ შევარდნაძე 1989 წლის 8 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. ეს რუსი გენერლის ვერსიაა.

– კარგად ჩახედეთ, ნინო, იქ 9 აპრილი წერია.

მე მაშინვე გადავშალე წიგნი და, რა თქმა უნდა, იქ 8 აპრილი ეწერა.

– იქ 8 აპრილი წერია.

– მე თქვენ გამოგიგზავნით წიგნს, რომელშიც წერია, რომ შევარდნაძე თბილისში 9 აპრილს ჩამოფრინდა. ხომ გესმით, როგორ ცვლის საქმის ვითარებას ერთი დღე?!

– გელოდებით.

ათიოდ წუთში რედაქციაში ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა, უშიშროების იმდროინდელი თანამშრომლებისთვის დამახასიათებელი სახასიათო გარეგნობით: შავ ტყავის ქურთუკებში და „ბრიოლინით“ დალაგებული ვარცხნილობით. მათ გენერალ ლებედის კიდევ ერთი წიგნი გადმომცეს. მე ის გადავშალე ზუსტად იმ ადგილას და, რა თქმა უნდა, იქაც 8 აპრილი ეწერა ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლის თარიღად. დავურეკე ვატო აბაშიძეს.

– თქვენ მიერ გამოგზავნილ წიგნშიც 8 აპრილი წერია.

– როგორ, ნინო, თქვენ ვერ ხედავთ, რომ იქ 9 აპრილი წერია?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ მე მეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, დაახლოებით, 5-10 წუთის განმავლობაში მონოტონურად და ძალიან გულუბრყვილოდ ვიმეორებდი, რომ ნამდვილად 8 აპრილი ეწერა. ვატო აბაშიძე, თავის მხრივ, ასეთივე მონოტონურობით მპასუხობდა, რომ ეწერა 9 აპრილი. ბოლოს, ყურმილის მიწოდება მთავარი რედაქტორისთვის მოითხოვა. საბოლოოდ, შემდეგ ნომერში დაიბეჭდა გასწორება, რომ გენერალ ლებედის რედაქციისეულ წიგნში ეწერა 8 აპრილი, ხოლო შევარდანაძის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულში 9 აპრილი.

14 წლის შემდეგ დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს კითხვაზე: ვახტანგ აბაშიძე კვლავაც 9 აპრილად ხედავს ლებედის წიგნში გარკვევით დაწერილ 8 აპრილს?!

 

 

скачать dle 11.3