კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუჯდება გლეხს ბუნებრივი მოვლენებისგან მოსავლის დაზღვევა და როგორ არის შესაძლებელი სეტყვისგან ყურძნის მოსავლის დაცვა

ტრდიციულად, ჩვენთან, რატომღაც, მიიჩნეოდა, რომ სოფლის მეურნეობა დიდად პატივსაცემი დარგი არ არის (და ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს ბაზარზე თვით ხახვი და ნიორიც კი იმპორტული ჭარბობს). მეტიც, სახელმწიფოს ჩარევა ლამის ჩამორჩენილობის მაჩვენებლად ითვლებოდა (ალბათ, კვლავაც ითვლება). მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დასავლურ ქვეყნებში სოფლის მეურნეობას დიდი გულისყურითაც ეკიდებიან და ეს სფერო არც სახელმწიფოს ჰყავს მიტოვებული, მაინცდამაინც, ველური კონკურენციის ანაბარა. ამჯერად აგროდაზღვევის აუცილებლობაზე ვისაუბრებთ, რის გარეშეც სოფლის მეურნეობის არათუ განვითარება, არსებობაც კი წარმოუდგენელია (ისევე, როგორც კრიზისულ სიტუაციაში ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე უოპერაციოდ სიკვდილი თითქმის გარადუვალია). თემას ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის აგროსადაზღვევო და კერძო საპენსიო საკითხების  კონსულტანტთან, გიორგი დარჩიასთან, ერთად განვიხილავთ.

 

– ზოგადად, რა როლს ასრულებს აგროდაზღვევა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, როგორც სექტორის, განვითარებაში?

– დაზღვევა თავისი შინაარსით არის საშუალება დაზღვეულისთვის, დააზღვიოს რისკები და უბედური მოვლენის შემთხვევაში, დაბრუნდეს იქ, სადაც იყო ინვესტიციამდე, ანუ აგროდაზღვევაში არ იგულისხმება დაზღვეულის მიერ მოგების მიღება. რაც შეეხება იმას, თუ რა როლს ასრულებს დაზღვევა სოფლის მეურნეობაში: ერთი უმთავრესია, გლეხებისა თუ ფერმერებისთვის შემოსავლების სტაბილიზატორის ფუნქცია. ვთქვათ, გლეხს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ თავის ან ნაქირავებ მიწაზე მოიყვანოს ამა თუ იმ კულტურის მოსავალი, თუ მოხდა ბუნებრივი  მოვლენა, რაც მის კონტროლს არ ექვემდებარება, ის ფული, რაც შეაკოწიწა, წყალში ჩაეყრება და შემდეგ წელს ვეღარ ახერხებს მიწის დამუშავებას. ამიტომ სჭირდება მას დაზღვევა, რომ ზარალები აინაზღაუროს და მომდევნო სეზონს მომზადებული შეხვდეს

– იმას გარდა, რომ იმ წელს უსახსროდ რჩება.

– დიახ, ამიტომ უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და, თუ თვითონ გლეხი მზადაა, მართოს ყველა ის რისკი, რაც მასზეა დამოკიდებული, მას შეუძლია, ისეთი რისკი, როგორიცაა ბუნებრივი მოვლენა, დააზღვიოს. მაგრამ სადაზღვევო თანხით გლეხი მოგებას ვერ მიიღებს, სადაზღვევო თანხა დაფარავს მის დანახარჯებს. თუმცა ძალიან განვითარებულ ქვეყნებში მოსალოდნელი მოგებაც იზღვევა.

აგროდაზღვევის მეორე, მნიშვნელოვანი ფუნქციაა სესხზე ხელმისაწვდომობა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ბანკი, რომელიც გასცემს აგროკრედიტს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს სესხი დაუბრუნდება. რადგან მსესხებლის ერთადერთი შემოსავალი აგროპროდუქციის გაყიდვაა, თუ მან ეს პროდუქცია ვერ მოიყვანა და ვერ გაყიდა, ბუნებრივია, ვერ დააბრუნებს სესხს, ამიტომ, თუ აგროდაზღვევას წარადგენს გლეხი, ბანკი მას თამამად აძლევს სესხს.

– აშკარად ჩანს, რომ აგროდაზღვევა აუცილებელი პირობაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს როლი როგორია ამ პროცესში?

– ბევრნაირი. უპირველესად, მოდი, გავიხსენოთ, რომ აგროდაზღვევა, განსხვავებით სხვა სადაზღვევო პროდუქტებისგან, ბევრად უფრო რთული და ძვირად ღირებული პროდუქტია, იმიტომ რომ აგროდაზღვევას ძალიან დიდი ადმინისტრაციული ხარჯი აქვს. მანქანის შეფასება ადვილია, მაგრამ საკმაოდ რთულია ფერმის შეფასება: როგორი მიწაა, როგორი ისტორია აქვს ამ ფერმერს, რა ოდენობის მოსავალი მოჰყავდა წინა წლებში; როგორია იმ რეგიონში მოსავლიანობა; როგორია ბუნებრივი მოვლენების სტატისტიკა და ასე შემდეგ. გარდა ამისა,  უნდა შეაფასო ზარალები, რაც, ასევე, ცალკე ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, რადგან მზღვეველს აქვს დიდი ადმინისტრაციული დანახარჯები, სადაზღვევო პროდუქტი კი უნდა აკომპენსირებდეს ამ ხარჯს, აგროსადაზვევო პროდუქტის ფასი იზრდება, ამიტომ სახელმწიფომ ან სხვა დაინტერესებულმა პირმა…

– ვინ შეიძლება, იყოს „სხვა დაინტერესებული პირი“?

– სადაზღვევო ასოციაცია, ფერმერთა ასოციაცია, დიდ მეწარმეთა გაერთიანება. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს ან სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გლეხებს დაეხმარონ ყველაფერში: თუნდაც, მათ განათლებაში, რომ გლეხმა იცოდეს, რა არის აგროდაზღვევა და რას მიიღებს მისგან, რომ მზღვეველს არ სჭირდებოდეს ვიდეოპრეზენტაციების მოწყობა. ასევე, სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების პრინციპი შემოიღოს, როდესაც აგროდაზვევის თანხის ნაწილს იხდის გლეხი, დანარჩენს – სახელმწიფო ან დაინტერესებული პირი. ამას გარდა, ის რისკები, რომლებსაც თავის თავზე იღებს მზღვეველი, გადააზღვიოს დიდ ევროპულ ან ამერიკულ გადამზღვეველთან ან თვითონ სახელმწიფომ გადააზღვიოს. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაეხმაროს  მზღვეველს იმ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაში, რაც აუცილებელია აგროსადაზღვევო ბიზნესის წარმოებისთვის: მიწის რუკების გაკეთება, ბუნებრივი  მოვლენების აღწერა და სტატისტიკური ანალიზი, რეგიონული მოსავლიანობის სტატისტიკა, ფასების სტატისტიკა. ერთი სიტყვით, ყველანაირი სტატისტიკის შეგროვებაში დაეხმაროს, რაც აგრობიზნესთანაა დაკავშირებული.

– რამდენად მომგებიანია აგროსადაზღვევო ბიზნესი?

– თუ სწორად დააზღვია მზღვეველმა და არ გასცდა მისაღები რისკების ზღვარს, მაშინ მომგებიანია. როგორც წესი, აგროდაზღვევა ბიზნესადაა მიჩნეული და, ამდენად, მომგებიანია. ბუნებრივია, მზღვეველები კომერციული მოტივებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ სადაზღვევოსთვის, რომელსაც არ აქვს ამ საკითხის ტექნიკური ცოდნა და უბრალოდ უნდა, რომ აგროდაზღვევაში მოსინჯოს ბედი, ეს მომგებიანი არ იქნება საწყის ეტაპზე.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, რიგ დასავლურ ქვეყნებში, როდესაც რეგიონური ზარალი, რაღაც სტიქიური უბედურების გამო, აღწევს 30 პროცენტს, სახელმწიფო იღებს თავის თავზე დაზღვეული ფერმერებისთვის დაზღვევის თანხის ანაზღაურებას, რომ არ გაკოტრდნენ მზღვეველები?

– იგულისხმება ეკოლოგიური კატასტროფები. მაგალითად, თუ ხანგრძლივი გვალვა იქნა და დაზღვეული გაქვს რამდენიმე ათეული ან ასეული ფერმა, გვალვა სეტყვა კი არ არის, რომ, მხოლოდ ერთ ხაზზე ჩაიაროს, ის დიდ ტერიტორიას მოიცავს, მაშინ მზღვეველი დიდ ზარალზე გადის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მხარისთვის აგროდაზღვევის პროდუქტის გაყიდვამდე, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რა ჩაითვლება კატასტროფად. არის ქვეყნები, სადაც, თუ კატასტროფა მოხდა, მზღვეველს ნაწილობრივ მაინც აქვს თავისი ვალდებულებები, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც კატასტროფის შემთხვევაში, მზღვეველს სრულად ეხსნება პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც დიდ ტერიტორიაზე ხდება სტიქიური უბედურებები, სახელმწიფო ერევა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, იმ ტერიტორიაზე არავინ ყოფილა დაზღვეული.

– რამდენად აუცილებელი პირობაა აგროდაზღვევა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი?

– ვთქვათ, ჩვენ კონკურენტები ვართ, ერთსა და იმავე სფეროში ვმუშაობთ. თუ თქვენ განვითარებაზე ფიქრობთ, გაზარდეთ თქვენი წარმოება, ხომ შეგიძლიათ, რომ თქვენი პროდუქცია ჩემზე იაფად გაყიდოთ? თქვენი განვითარების ერთ-ერთი საშუალება ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობაა. ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი საშუალება კი სესხია. ამ თვალსაზრისით, აგროდაზღვევა კონკურენტუნარიანობასთან პირდაპირ კავშირშია. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი მე ვიზარალებ და ზარალის გამო აღარ მექნება ბიზნესის წარმოების საშუალება, მაშინ რაღა კონკურენტუნარიანობაზეა ლაპარაკი?! ანუ აგროდაზღვევა ამ საკითხთან პირდაპირ კავშირშია.

– როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე საუბრობენ, ექსპერტები ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მინუსი: არ ვართ მზად აგროპროდუქციის საწარმოებლად მთელი წლის განმავლობაში, არადა ევროკავშირის ბაზარი ითხოვს, ვთქვათ, ყურძნის მიწოდებას 12 თვის განმავლობაში უწყვეტად და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ყურძენი დამწიფდება.

– ასეთი ვალდებულება არ არის, თუმცა სასურველია. ამ მოსაზრების საფუძველი არის ის, რომ ევროკავშირის ბაზარზე მყიდველს ურჩევნია, ერთ მიმწოდებელთან იმუშაოს და არ ცვალოს ისინი სეზონების მიხედვით. ანუ სტაბილური მიმწოდებელი სჭირდება, თორემ ასეთი გაწერილი ვალდებულება არ არსებობს. თუმცა იმასთან შედარებით, ვისაც სტაბილურად წლის განმავლობაში შეუძლია პროდუქციის მიწოდება, არაკონკურენტუნარიანი ხდები.

– ითქვა, რომ ადგილობრივ მსხვილ საწარმოებსაც, რომლებიც იყენებენ ადგილობრივ პროდუქციას, შეუძლია, წაახალისოს ქვეყანაში აგროსადაზღვევო სექტორის განვითარება, იმ თვალსაზრისით, რომ თავად დააზღვიოს პირველადი პროდუქციის მიმწოდებლები, გლეხები. რა სქემაა ეს?

– იგივენაირი, რაც ევროკავშირის ბაზრის შემთხვევაში. მწარმოებელს ურჩევნია, სტაბილური მიმწოდებელი ჰყავდეს. მარტივ მაგალითს გეტყვით: ვთქვათ, ერთ მწარმოებელს ჰყავს ორი მიმწოდებელი და გაეზარდა მოთხოვნა თავის უკვე გადამუშავებულ პროდუქტზე. ეკითხება თავის მიმწოდებლებს, შეუძლიათ თუ არა მეტის მიწოდება. თუ მათ არ შეუძლიათ, უნდა ეძებოს მესამე მიმწოდებელი, ამიტომ მწარმოებელს ურჩევნია, განავითაროს თავისი ძველი მიმწოდებლები, ვისთანაც აწყობილი აქვს საქმე, ვიდრე ეძებოს ახალი. განვითარებას ფული და რისკების მართვა სჭირდება. რისკების მართვის ინსტრუმენტი კი აგროდაზღვევაა, ისევე, როგორც სესხის აღების საშუალება.

– ჩვენთან გლეხების რამდენი პროცენტია დაზღვეული?

– პროცენტს ვერ გეტყვით, რადგან ისევ სტატისტიკური მონაცემების პრობლემასთან მივდივართ, მაგრამ 2011 წელს დაეზღვია 1 200-მდე გლეხი.

– სოფლის მეურნეობის პროდუქციად მიიჩნევა შინაური ფრინველი, პირუტყვი, ისინიც იზღვევა?

– იქ დაზღვევა უფრო რთულადაა. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ მხოლოდ მოსავლის დაზღვევაზე.

– რა ღირს აგროდაზღვევა საშუალოდ?

– საშუალოდ გლეხს, ფერმერს, მოუწევს სადაღვევო თანხის 5-დან 7 პროცენტის გადახდა წლის განმავლობაში. სადაზღვევო თანხა კი, ძირითადად, უახლოვდება იმ თანხას, რასაც გლეხი ხარჯავს. ანუ, თუ ხარჯავს 1 000 ლარს, წელიწადში სადაზღვევო პრემია ექნება 50-70 ლარი. მაგრამ ეს 5 თუ 7 პროცენტი ყველა რისკს ვერ დაფარავს.

– მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზარალს, ანუ დანახარჯს აუნაზღაურებს გლეხს?

– არის რისკები, რომლებმაც შესაძლოა, ფერმერს ყველაფერი გაუნადგუროს, მაგრამ მზღვეველმა ვერ აუნაზღაუროს, იმიტომ რომ პოლისში ეს რისკები არ არის. მზღვეველი ანაზღაურებს მხოლოდ იმ რისკებს, რაც არის პოლისში. თუ მეშინია სეტყვის და ვიცი, რომ აქ ასი წლის განმავლობაში სეტყვის გარდა არაფერი მომხდარა, დავეზღვევი მხოლოდ სეტყვაზე და ეს შეიძლება, დამიჯდეს 2-3 პროცენტი. მაგრამ, თუ სხვა რამ მოხდა და ზარალში ჩავვარდი, იმას ის 2-3-პროცენტიანი დაზღვევა ვერ ამინაზღაურებს. მაგრამ, თუ ყველაფრის მეშინია და სერიოზულად ვუყურებ ჩემს მომავალს, ჯობია, გადავიხადო 7,5 პროცენტი და ყველაფრისგან დავეზღვიო.

– დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ნიადაგების აღწერა საქართველოში სულ ბოლოს საბჭოთა დროს მოხდა და წარმოდგენაც არ გვაქვს, რა მდგომარეობაა დღეს. ამასთან, გლობალური დათბობის გამო აირია სეზონები, რაც ხშირად უსარგებლოს ხდის გლეხისთვის მიწის დამუშავების მამაპაპისეულ წესს. სულ 1 200-მდე გლეხი ყოფილა დაზღვეული. როდის განვითარდება ჩვენი სოფლის მეურნეობა – ნახევარი საუკუნის შემდეგ?

– არა, ვთქვათ, რომ ამ სფეროს განვითარება არის ერთობლივად საჯარო და კერძო სექტორების ვალდებულება და არა მარტო სახელმწიფოსი. გეტყვით ასეთ მაგალითს: „ფერერო“, ცნობილი ბრენდების, „ნუტელას“, „რაფაელოს“ მწარმოებელი, არის თხილის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი მსოფლიოში, თურქეთი კი თხილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. თხილის საერთაშორისო ფასი განისაზღვრება თურქეთის მოსავლით და თურქეთის საპარლამენტო კომიტეტი განსაზღვრავს თხილის ფასს თურქეთში და შესაბამისად, მსოფლიოში. „ფერერო“ ცდილობს, რომ თურქეთი არ იყოს მონოპოლისტი და ეხმარება თავის მიმწოდებლებს. „ფერეროს“ წარმომადგენელი ჩამოდის სამეგრელოში…

– სამეგრელო „ფერეროს“ მიმწოდებელია?

– როგორ არა, გურიაც, სამეგრელოც. „ფერეროს“ წარმომადგენელი გლეხს რჩევებს აძლევს, რომ თხილის უკეთესი მოსავალი მიიღოს, ის კი არ უსმენს, ამბობს, მომცეს ფული და მე ვიცი, რასაც გავაკეთებო. ამას ვერ გამოასწორებს, რაც უნდა აკეთოს სახელმწიფომ და როგორი სტატისტიკაც უნდა აწარმოოს.

– თხილზე ვიცით, სად მოდის, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

– გლეხებმა ძალიან კარგად იციან, სად რა მოდის, ამიტომ, კეთილი ინებონ და მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ როგორც წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ასევე რისკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვის მიმართულებით; შექმნან ფერმერული ასოციაციები და რაც ერთისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი პრობლემაა გაუნათლებლობა და ამაში თავისი წვლილი სახელმწიფოსაც მიუძღვის. უფრო მეტ ძალისხმევას იჩენს განვითარებულ ქვეყნებში საჯარო სექტორები საიმისოდ, რომ გლეხი განვითარდეს, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს ხელს ვერ გავიშვერთ: ეს უნდა მოხდეს პარტნიორობით.

ჩვენ ვატარებთ პროექტებს, რითაც, ერთი მხრივ, ვეხმარებით მზღვეველებს, რომ მათი ტექნიკური საშუალებები, შესაძლებლობები გაიზარდოს და, მეორე მხრივ, ვმუშაობთ გლეხებთან, რომ აგროდაზღვევაზე ინფორმაცია და მოთხოვნა ამაღლდეს. მოვიფიქრეთ საპილოტე პროექტი, რომ უზრუნველვყოთ ათასამდე გლეხის ხელმისაწვდომობა სესხზე და თანადაფინანსების რეჟიმში ვაფინანსებთ ერთ-ერთ ბანკთან ერთად. ეს არის სამწლიანი პროექტი და ყველა მსესხებელს შეეთავაზება აგროდაზღვევა ძალიან იაფად, იმიტომ რომ პირველ წელს სადაზღვევო პრემიის 90 პროცენტს ვაფინანსებთ, მეორე წელს – 65 პროცენტს, მესამე წელს – 25 პროცენტს, მეოთხე წელს კი გლეხმა საკუთარი ძალებით უნდა გადაიხადოს აგროდაზღვევა. ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, ათასი ფერმერი ჩაერთვება და, დაახლოებით, 3 მილიონ 600 ათასი დოლარის სესხი იქნება უზრუნველყოფილი აგროსექტორისთვის. ამისთვის კი სულ 109 000 დოლარს დავხარჯავთ ბანკთან ერთად.

 

 

скачать dle 11.3