რატომ დგას ლუკას საძინებელში საწოლი შუა ოთახში და რა ამჯობინეს მან და მისმა მეუღლემ რემონტს
ლუკას ბინაში შესულს თვალი აქეთ-იქით გაგირბის და ერთბაშად გავიწყდება, რომ აღმოსავლეთში არ ხარ. საქმე ისაა, რომ მისაღები ოთახი, მთლიანად აღმოსავლურ სტილში, აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი ნივთებით არის მოწყობილი. როგორც თავად დიასახლისმა გვითხრა, ყველაფერი საკუთარი ზურგით აქვს აეროპორტებში და საბაჟოებზე ნათრევი.
ლუკა: რადგან ბინა ძალიან დიდია. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, კაპიტალური რემონტისგან თავი შეგვეკავებინა. მაშინ მოვიფიქრე, ოთახები იმ ნივთებით მომეწყო, რომლებიც უცხოეთში ყოფნისას ყოველთვის ჩამომაქვს. მისაღები ოთახი აღმოსავლურია. კედლის ფარდაგი, რომელზეც მთვარეა გამოსახული, თავისი ბალიშებით სტამბულიდან ჩამოვიტანე. ხალიჩა შუააზიურია და ხელით ნაქსოვი. ეს ბალიშები კაიროში ვიყიდე, პუფები – ეგვიპტეში. სანათი, რომელიც ასე მოგეწონათ, აქ აღმოვაჩინე. შემთხვევით, ძალიან მოუხდა აქაურობას. ყვავილები ძალიან მიყვარს, მაგრამ ცუდად ვუვლი. შეიძლება კვირა გავიდეს ისე, რომ მათი მორწყვა არ გამახსენდეს. მაგრამ, ეტყობა, მათ მაინც ვუყვარვარ. მადლიანი ყვავილებია და საკუთარ თავზე თვითონ ზრუნავენ. (იცინის) აქეთ არის აფრიკა. აფრიკული სამკაულები, დაწნული კალათები. ამ ბუხარზე აფრიკიდან ჩამოტანილი სპილოებია. თუმცა, ერთი ჩემი ნახელავია. უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ გააკეთა და მე შევღებე.
– ძალიან საინტერესო ყუთი დავინახე...
– (იცინის) ეგ ონკანის ყუთი იყო. გადაგდება დამენანა. გამოვაკარი ხავერდი. თავსახური კი ლენტებით, ნიჟარებით, მინერალებითა და ფერადი ქვებით მოვრთე. ეს ქვები ხევსურეთიდან, ატენის ხეობიდან არის ჩამოტანილი. ლამაზია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, შიგ რას შევინახავ. ეს აფრიკული გოგრისგან გაკეთებული წყლის ჭურჭელია. ძალიან უცნაური ფორმა აქვს და აეროპორტში მებაჟეების ინტერესი გამოიწვია. დაინტერესდნენ, სპილოს ძვალი ხომ არ გადაგვქონდა. გვამოწმებდნენ ყველგან. სამეული აქაურია. ავარჩიეთ იმ ნიშნით, რომ ყოფილიყო ძალიან კომფორტული. ჩვენს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩვენთან ყოფნა და ამ სამეულზე მოკალათება. ბალიშები, რომლებიც მასზე აწყვია მაროკოულია. ამ კალათას მარტო სამხრეთ აფრიკაში, ბოცვანაში წნავენ. გვაქვს ჩილიმი, ტამტამები. ერთი სიტყვით, როცა ეს აღმოსავლური ოთახი გავაკეთე, სინდისმა შემაწუხა, ქართული ოთახი რატომ არ უნდა გვქონდეს-მეთქი და მეორე ოთახი სულ ქართულ სტილშია.
– როგორც ვხედავ, თქვენს სახლს რემონტი არც სჭირდება.
– ვერც ვიტანთ რემონტს. არ მაქვს ხელოსნებთან ურთიერთობის სურვილი. გავარემონტეთ მხოლოდ აბაზანა და სველი წერტილები. ქართულ ოთახში ჭაღი მე გავაკეთე. უფრო სწორად, ძველი ჭაღი გადავაკეთე. თუნგი და ძველი ქართული ნივთები ზოგი მშრალ ხიდზე მაქვს ნაყიდი. ეს არის გოგრის ჭურჭელი. დედაჩემმა იცის მისი დამზადების ტექნოლოგია. ეკოლოგიურად სუფთა სამარილეა. ეს დოქები და ჯამი აღმოვაჩინე ჩვენს სარდაფში. მომეწონა და ამოვათრიე. (იცინის) თავთავები ჩემმა მეუღლემ დაკრიფა სადღაც დმანისში და მომიტანა. კედლებზე ფოტოები ჩემი გადაღებულია. ხევსურეთი, მაროკო... ეს სუფრა ქართულია.
საძინებელში მალე იაპონია მექნება. დაწყებული მაქვს მუშაობა, მაგრამ ჯერ დამთავრებული არ არის. უფრო სწორად, კედლის მოხატვა არ დამისრულებია. აქ ცენტრალური ფიგურა იქნება იაპონელი ქალი და იაპონური საკურა.
– საწოლი რატომ დგას შუა ოთახში?
– (იცინის) იმიტომ, რომ სხვა ადგილი ვერ მოვუნახეთ. არც ერთ კედელთან არ მოუხდა, თან ამ ოთახს ორი კუთხე არა აქვს და ასე დავტოვეთ შუაში. ახლა ძალიან მოგვწონს და ჩვენი მეგობრების უმრავლესობამაც გადაწყვიტა, რომ საწოლი შუა ოთახში ძალიან მოსახერხებელია. ამ მძივების უმრავლესობა საკუთარი ხელით მაქვს აწყობილი.
ეს ჩარჩო სულ შემთხვევით ვიყიდე და მერე ძალიან მომეწონა. ეს ვიეტნამური ქუდი ჩემმა მულმა მაჩუქა. ის შვეიცარიაში ცხოვრობს და ჩავდივართ ხოლმე მასთან. მაგრამ შვეიცარული ოთახის გაკეთების სურვილი, რატომღაც არ გამიჩნდა. ეს ნივთები სულ ხელით ჩამომაქვს. ვერც ჩემოდნებში ვდებ, ვერც – ჩანთებში და დავათრევ ხელით. მაგალითად, სასტუმრო ოთახში რომ ძველებური ლამპაა, რკინის, მაროკოდან ჩამოვათრიე, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ძველმანების ბაზრობას ეგვიპტეშიც მივაგენი. ჩამოვიტანე სურნელოვანი ზეთები, რომლებსაც ეგვიპტელი ქალები სპეციალურ ჭურჭლებში ინახავენ. მეც მაქვს ასეთი. როცა ვისვამ ცოტას, ვერ ხვდებიან რა სურნელია. სუნამოს სურნელს არ ჰგავს. ძალიან ნაზია და სასიამოვნო. ეს თოჯინა და პანდა მე ვარ და ჩემი ქმარი. საერთოდ ძალიან მიყვარს თოჯინები, მაგრამ უმეტესობა გავაჩუქე. ამ ორს ვერ ველევი. ეს სადაფის ზარდახშა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ილიკომ მიყიდა თურქეთში. მისი მშობლები გარდაცვლილნი არიან და თავის დროზე, მამამისს უჩუქებია დედამისისთვის ასეთი. ილიკომ მითხრა, ძალიან მინდოდა, შენც გქონოდა ასეთიო. საძინებელში მინდა ფარდების შეცვლა, მაგრამ ლილოში წასვლა ვერ მოვახერხე.
– მაროკოში, აფრიკაში, ეგვიპტეში, შვეიცარიაში ახერხებ წასვლას და ლილოში ვერა?
– (იცინის) ჰო, ვერ მოვიცალე მაგისთვის.
– მთელი მსოფლიო გაქვთ მოვლილი?
– არა. ნახევარიც არა. მე ძალიან მიყვარს ცხოველები და რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, მაშინვე გავრბივარ იქაურ ზოოპარკში. ყველაზე კარგი ზოოპარკი, რაც მინახავს, პრაღაში იყო. შარშან მივდიოდით ტიბეტში, მაგრამ იქ ომი დაიწყო. ტაილანდში დავაპირეთ და ცუნამი იყო.
– ანუ, შესაძლებელია შენს სახლში მალე ტიბეტური ოთახი გაჩნდეს?
– უფრო ინდური. ვფიქრობ მაგაზე. ის ოთახი, სადაც სტუმრებს სძინავთ ხოლმე, ჯერ მოუწყობელია.
– მაცივარზე რა ხდება?
– მე ძალიან მიყვარს მაცივარზე დასაკრავი რაღაცეები. თვითონაც ვყიდულობ და სხვებიც მჩუქნიან. ხომ ხედავ, ადგილი აღარ არის. აქ უკრაინული სუვენირებიცაა და არის, ჰოლანდიურიც, ყველი შვეიცარულია, ეს კუშადასიდან არის, ეს ანტალიიდან, ეს ყაზანიდან, ეს ბოთლები ქართულია, ეს წითელი ზღვაა...
– ეს როიალი როგორ აღმოჩნდა მაცივარზე?
– როიალი ვენიდან ჩამოვიტანე. (იცინის) ძალიან უხდება მაცივარს. მე აქ მაქვს კიდევ ყაზანური ტილო, რომელიც დედაჩემმა ჩამომიტანა, საგანგებოდ. დედაჩემი ყაზანელი თათარია და თავისიანებმა გამოატანეს ჩემთან. ეს ყველა ყაზანელ ქალს უნდა ჰქონდესო.