რის ფასად დაუჯდა ბევრი ფულის შოვნა გოჩა ჩერტკოევს და რატომ ვერ აიხდენდა ის ამერიკულ ოცნებას საქართველოში
მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი, მეუღლესთან, შორენა გაჩეჩილაძესთან ერთად, 22 წლის წინ წავიდა ამერიკაში და უცხო მხარეში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომელზეც ბევრს ოცნებაც კი გაუჭირდება. ისინი ამერიკელებს ასწავლიან სამეჯლისო ცეკვებს. საკუთარი ბიზნესიც აქვთ, კერძოდ, დალასში საცეკვაო სტუდია გახსნეს და ამერიკის ელიტურ წრეებში საკმაოდ მისაღები პერსონები არიან. ცოლ-ქმარი, საკუთარ კერძო სახლში, მდიდრების უბანში ცხოვრობს. ისინი ძვირად ღირებული მანქანებით დადიან, მსოფლიოს ულამაზეს კურორტებზე ისვენებენ და ჰოლივუდის ვარსკვლავებთანაც ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. გოჩა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრია. თუმცა, პროფესიონალი მოცეკვავისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.
გოჩა ჩერტკოევი: ერთი წლის წინ, როცა თბილისში ჩამოვედი, გაოცება ვერ დავმალე. მეგონა, ლონდონში ჩამოვედი. თქვენ ამას ვერ გრძნობთ, რადგან აქ ცხოვრობთ. წარმოიდგინეთ, მე საქართველოდან მაშინ წავედი, როცა საშინელი 90-იანი წლები იყო. სულ სხვანაირი ქვეყანა და ხალხი დავტოვე და სულ სხვანაირი დამხვდა. ახლობლები კი მეუბნებოდნენ, ისე შეიცვალა თბილისი ვერ იცნობო, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი. ხალხიც შეცვლილია, უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, განვითარებული, მოდურად და გემოვნებით ჩაცმული, ვიდრე ეს 22 წლის წინ იყო. ახლაც რომ ჩამოვედი, ამ ერთ წელში, უფრო შეცვლილი დამხვდა ქალაქი. ბევრი იტყვის ჩემზე, ამას რა უჭირს, ამერიკაში ცხოვრობს, ბიზნესი აქვს, სახლი, კარი, მანქანა, მოტოციკლი, აღიარებაო. მაგრამ, იცით, რამდენი შრომა დამჭირდა, რომ ყველაფერი ამისთვის მიმეღწია? ძალიან გამიჭირდა თავიდან უცხო მხარეში ჩასულს, მაგრამ არასდროს დამიკარგავს იმედი. აბა, წარმოიდგინეთ, ჩადიხარ უცხო მხარეში, არ გესმის ენა, არ გყავს სამეგობრო წრე, არც ახლობელი ადამიანები გიდგანან გვერდით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაქვს მიზანი და არ გაქვს უფლება, დანებდე. აი, ეს მახსოვდა სულ და ახლა იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. დამიჯერეთ, ამერიკაში კაცმა საკუთარი ადგილი იპოვო, გახდე პოპულარული და ქუჩაშიც გცნობდნენ, ძალიან რთულია. მე ჩემი სატელევიზიო გადაცემა მქონდა და ტელეეკრანიდანაც ბევრმა დამიმახსოვრა. ჰოლივუდის ფილმებშიც ვმონაწილეობ. ეტყობა, ამის დამსახურებაცაა ქუჩაში რომ მცნობენ.
– ესე იგი, მიზანდასახული ადამიანი ხარ და სირთულეებს ადვილად ართმევ თავს?
– სწორედ ასეა. მე და შორენას მიზანი გვქონდა და ამ მიზანს მივაღწიეთ – ცეკვა-ცეკვით მოვიარეთ მსოფლიო და ჩვენი ადგილიც დავიმკვიდრეთ. თან, მსოფლიოს სამეჯლისო ცეკვებში ქართული ელემენტები შევიტანეთ. სახლშიც ქართულად ვსაუბრობთ, რომ მშობლიური ენა არ გადაგვავიწყდეს. დალასში, ელიტურ უბანში მიწა ვიყიდეთ და ავაშენეთ საკუთარი სახლი. მერე ლოს-ანჯელესში შევიძინეთ აპარტამენტები, რადგან იქ ფილმში მიღებდნენ და დაგვჭირდა. ჰოლივუდშიც ვიყიდეთ ბინა. ახლა კი, რომელიმე ლამაზ კურორტზე გვინდა ადგილის შეძენა და სახლის აშენება.
– ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.
– გეთანხმებით, მაგრამ საკუთარი საცეკვაო სტუდია გვაქვს და იმდენი მოსწავლე გვყავს, ამ ყველაფრის ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენს სტუდიაში ასაკში შესული მოხალისე მილიონერებიც დადიან, მოზარდებიც, თინეიჯერებიც და ბავშვებიც. ჩვენთან 45-წუთიანი გაკვეთილი 145 დოლარი ღირს და არ ვუჩივით მოსწავლეების სიმცირეს. იშვიათი მანქანები და მოტოციკლები – ეს ჩემი ჰობია. დალასში, ავტოფარეხში მიდგას ამერიკული მანქანა, რომელიც მხოლოდ კოლექციონერებს ჰყავთ და რომელიც აღარ გამოდის. ის მსოფლიოში რამდენიმე ცალია და „მდიდარი ხალხის სათამაშოდ“ მოიხსენიებენ. ძალიან გვიყვარს მე და შორენას განსხვავებული სამოსი, მანქანა, სამკაული... მაგარი მოტოციკლებიც მყავდა, მაგრამ ავარიაში მოვყევი და მერე ყველა გავაჩუქე. დროც აღარ მრჩებოდა მოტოციკლით გასართობად.
– პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ საქართველოში პირველად ტარდება. თუმცა, უცხოეთში ის საკმაოდ პოპულარულია, შენ კი მასში მონაწილეობაზე უარი თქვი. რატომ?
– როდესაც დამიკავშირდა ამ პროექტის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და ჟიურის წევრობა შემომთავაზა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა, იმდენი საქმე მქონდა ამერიკაში, რომ ამისთვის ნამდვილად არ მეცალა. მაგრამ, ჩავთვალე, რომ ეს ჩემი მოვალეობაა და მე აქ უნდა ვყოფილიყავი, ქართველი ხალხის გვერდით. ასეც მოვიქეცი. მიხარია, რომ ეს შოუ საქართველოშიც ჩამოვიდა. ნამდვილად ნიჭიერი გამომსვლელები არიან და ყოველ ტურზე გაოცებას იწვევენ. რასაკვირველია, მეც მყავს ჩემი ფავორიტი წყვილი, მაგრამ არ გეტყვით (იცინის). ჩემგან მიკერძოებას ნუ ელიან! მე იცით, რატომ ვჩანვარ მკაცრი? იმიტომ, რომ სხვები ძალიან კეთილები არიან. ვერავის მოსყიდვასაც ვერ შეძლებენ, რადგან ხალხია აქ მთავარი და მათ ვერაფერს გამოაპარებ. როგორ იცეკვებს წყვილი, ამას ხომ ყველა ხედავს? მე რომ ქულას ავწევ, ამასაც ხომ ხედავენ და ვინ გაპატიებს, პატარა მიკერძოებასაც კი (იცინის). ვინმემ, რომ მითხრას, ამას ეს ქულა დაუწერეო, ჩათვალეთ, ჩემოდანს ვალაგებ და აეროპორტში დამეწევით (იცინის). თან, აქ ყველა ყველას იცნობს, მე კიდევ ნაძვის ხესავით ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, ვინ ვინ იყო. ახლა, ნელ-ნელა ვერკვევი სიტუაციაში და დამიჯერეთ, ყველა წყვილს ვგულშემატკივრობ. მეც მათთან ერთად განვიცდი და ვღელავ ყოველი გამოსვლის დროს. საქართველოში ისეთი ემოციური ხალხია, დამიჯერეთ, ეს პროექტი გაამართლებს და თავის სიტყვას იტყვის. ჰოლივუდში ახალ პროექტზე ვმუშაობდი, რომანტიკულ-კომედიური ფილმის სცენარს ვწერდი მეგობართან ერთად, რომლის გადაღებაც მალე უნდა დაიწყოს და ერთ-ერთ როლში მეც ვარ. ამის გამო ცოტა თავს ვიკავებდი. იცით, როგორი ფილმი იქნება? გოგონებს რომ გიყვართ, უყურებთ და რომანტიკულ სამყაროში რომ ეშვებით, ცრემლი მოგდით. მისი ზოგს სჯერა და ზოგს არა (იცინის). რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას შოუში, ამერიკაში ამ პროექტს ჰქვია „ცეკვა ვარსკვლავებთან“ და საკმაოდ პოპულარულია. შემომთავაზეს პამელა ანდერსონთან ერთად მეცეკვა. სხვათა შორის, პამელა ლოს-ანჯელესში ფართიზე გავიცანი. ძალიან უბრალო და მეგობრულია, თავისი სტილით გამოირჩევა, უყვარს ურთიერთობა და საუბარი სხვადასხვა ადამიანთან. სხვათა შორის, სამეჯლისო ცეკვებითაც დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, თვითონაც შეისწავლოს. მართალია, სექს-ქალის იმიჯი აქვს საზოგადოებაში, მაგრამ, მართლა უბრალო და სადა ადამიანია – ქერა, მომხიბვლელი და ჭკვიანი. იმიტომ ვთქვი უარი მონაწილეობაზე, რომ იქ სხვანაირი კონტრაქტებია, ცვლიან პარტნიორებს და ასე შემდეგ. დამირეკეს და მითხრეს, პამელა ანდერსონს ძალიან მოუხდები მეწყვილედ და მასთან ერთად თუ იცეკვებო. მართალია მეგობარია, მაგრამ უარი ვთქვი.
– მერე, შენს მეგობარს არ დაწყდა გული?
– არა, რას ამბობთ! ეს ბიზნესია და ურთიერთობები აქ არაფერ შუაშია. თავიდან ცეკვას მთხოვდნენ, ახლა მსაჯობა შემომთავაზეს, მაგრამ ჯერ არ მიფიქრია, რა პასუხს ვეტყვი.
– გოჩა, რომ არ წასულიყავი საქართველოდან და აქ გაგეგრძელებინა მოღვაწეობა, როგორ წარიმართებოდა შენი ცხოვრება?
– ვერ გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. ნამდვილად ვიცი, რომ ხელოვანი, მოცეკვავე ან მსახიობი ვიქნებოდი და არ დავიკარგებოდი. ამ გადმოსახედიდან მიჭირს ფიქრი, რომ არა ამერიკა, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, მე და შორენამ დალასით დავიწყეთ. ჯერ იქ ვიყიდეთ ბინა, მერე – ჰოლივუდში, ნიუ-იორკშიც გვაქვს საქმეები და იქაც საკუთარი ბინა შევიძინეთ. თავიდან მანქანების კოლექციით დავიწყე და ახლა ვხუმრობ ხოლმე, სახლების კოლექციაზე გადავედი-მეთქი (იცინის). აქ რომ დავრჩენილიყავი, ჩემი შრომით ამდენს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. იქ სხვა გასაქანი და მასშტაბებია, რასაც მოვერგეთ და წარმატებულებიც ვართ. თუმცა, სულ აქეთ-იქით დავფრინავთ. ვეღარ ვიტან თვითმფრინავს, სულ მოძრაობასა და ცეკვაში ვართ. მე ფული არაფერში მენანება, არც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუ ფული გაქვს, უნდა დახარჯო კიდეც. საქმეს რომ ვაკეთებ, მის შედეგზე ვფიქრობ და არა შემოსავალზე. იამაიკაზე ვიყავით დასასვენებლად მე და ჩემი ცოლი, მომეწონა და ვუთხარი, აქაც ხომ არ გვეყიდა ერთი სახლი-მეთქი. უარი მითხრა. აქ არ მინდა, ლამაზია, მაგრამ ღარიბი კუნძულიო. დავფიქრდი და მართალია, ალბათ, კარიბის კუნძულებზე შევიძენ რამეს. ვფიქრობ, ჯობია ძვირი გადაიხადო და საკუთარი სიამოვნებისთვის ფული არ დაგენანოს.