როგორ გახდა ავსტრიელი ბანკირი თვითნასწავლი მკერავი და რატომ არის მისი კოლექციები მინიმალისტური
ცივი ევროპა, განსაკუთრებით – ავსტრია, მოდის სფეროში გიგანტი სახელებით ცნობილი ნამდვილად არ არის. ხელოვანი ჰელმუტ ლანგი იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია. იგი ვენაში დაიბადა და შექმნა ლეიბლი, რომელიც ცნობილია სადა, უბრალო და ძალიან დახვეწილი სამოსით. ის ავსტრიაში, ბებია-ბაბუასთან, ტელევიზორის, ტელეფონისა და ცივილიზაციის სხვა მონაპოვარების გარეშე გაიზარდა. სხვათა შორის, სწორედ ასეთ ცხოვრებას მიაწერდა ის თავის დამოკიდებულებას ხელოვნებისადმი, გარემოსადმი. „როდესაც ასეთ სივრცეში იზრდები, ხვდები, რომ მთავარი ცხოვრებაში სწორედ მარტივი საგნები, სიმარტივეა. ამ სიმარტივეში კი ყველაფერი ორნამენტული და საინტერესოა“. აღსანიშნავია, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰელმუტმა ბიზნესი შეისწავლა და მუშაობა ბანკში დაიწყო. სწორედ იქ მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ ძალიან უჭირდა სამსახურისთვის შესაფერისი, მოსახერხებელი სამოსის შოვნა და შეძენა, ამიტომაც დაიწყო მათი შექმნა. „ერთი სიტყვით, მე თვითნასწავლი მკერავი ვარ“, – ყოველთვის ამბობდა ჰელმუტ ლანგი. ის 23 წლის იყო, როდესაც ვენაში, საკმაოდ პრესტიჟულ უბანში, საკუთარი სამოსის პირველი მაღაზია გახსნა. „ბუ ბუ ლანგი“ ძალიან მალე გახდა პოპულარული და ახალგაზრდა დიზაინერს მთელ ავსტრიაში სახელი გაუთქვა. მოგვიანებით ავსტრიის მთავრობა დაეხმარა მას გამოფენის მოწყობაში და სახელწოდებით „ვენა – 1880-1939, იოსების აპოკალიფსი“, პარიზში, პომპადურის ცენტრში, საკუთარი სამოსი გამოფინა. ამ დღიდან საფუძველი ჩაეყარა ლეიბლ „ჰელმუტ ლანგს“, რომელმაც ბინა უკვე პარიზში დაიდო.
ჰელმუტ ლანგი ყოველთვის მაღალტექნოლოგიურად დამუშავებულ ქსოვილებს იყენებდა და ალბათ, ამის გამოც იყო, რომ მისი მარტივი, სადა სამოსი ყოველთვის მდიდრულად ჩანდა. 1979 წელს ჩამოყალიბებული ლეიბლი 2004 წელს განმგებლობაში „პრადა ჯგუფს“ გადაეცა, რის შემდეგაც ჰელმუტ ლანგი მაქსიმალურად ერიდება საჯარო გამოსვლებს, არ იღებს ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს და ცხოვრობს ჩაკეტილი, ის იმ დაჯილდოებაზეც არ მივიდა, სადაც წლის სამ მთავარ ნომინაციაში მთავარი პრიზები გადაეცა.
დღესდღეობით „ჰელმუტ ლანგის“ სახლის მხატვრულ მხარეს ნიკოლ და მაიკლ ქოლოვოები მართავენ. საინტერესო იყო, რომ მათ, როგორც ჩანს, თავად ჰელმუტ ლანგის გავლენით, უარი თქვეს საკუთარი კოლექციის პოდიუმზე გამოტანაზე და ის ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, „saks“-ში გამოფინეს. „ჩვენ მხოლოდ საკუთარ საქმეზე ვართ ფოკუსირებულები და არ გვიყვარს გარეთ სიარული“, – განაცხადა დიზაინერების დუეტმა მას შემდეგ, რაც შემოდგომა-ზამთრის კოლექცია თეთრ სტუდიაში გამოფენამდე აჩვენა. „ჰელმუტ ლანგის“ კოლექციას ეტყობოდა, რომ დიზაინერებს სახლიდან გასვლა არ უყვართ და მრავალფეროვნებას ერთფეროვნება ურჩევნიათ. მთელი კოლექცია შავ, თეთრ და ღია ნაცრისფერ ტონებში იყო გადაწყვეტილი. დიზაინერებმა ფერების შთაგონება სამხრეთაფრიკელი მხატვრის, მარლენ დუმასის ნახატებიდან აიღეს.
რაც შეეხება თავად სამოსს, ქოლოვოებს გათვალისწინებული ჰქონდათ ამ სეზონის უამრავი ტენდენცია: ელვა-შესაკრავები, ტყავის შარვლები და ქურთუკები, რომელთაც „ბაიკერების“ ქურთუკების ტიპის მხრები ჰქონდათ; ღია ნაცრისფერი, ტანზე მომდგარი ჯინსები, თხელი მაისურები და ბეწვის ჟილეტები. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ წელს ბეწვის ჟილეტები განსაკუთრებით აქტუალურია და ის ნებისმიერ კონტექსტში შეგიძლიათ ჩაიცვათ ჯინსებზე ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ საღამოს კაბაზე, წვეულებისთვის. „ჰელმუტ ლანგის“ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იმ ქალბატონებისთვის არის, რომლებიც პატარა ქალაქში ცხოვრობენ, სახლთან ახლოს აქვთ სამსახურიც და შაბათ-კვირასაც ძირითადად სახლში ატარებენ„ – ასე შეაფასეს „ცოცხალი“ გამოფენა მოდის კრიტიკოსებმა, თუმცა, ერთი რამ ფაქტია: ყველა კოსტიუმი ერთმნიშვნელოვნად ერგება თბილისურ მოდას და „ჰელმუტ ლანგის“ სტილის გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარებათ გემოვნებით ჩაცმაში.