ვის სიყვარულს არ უყოფს ალეკო ფარულავა ნინო შუბლაძეს და რატომ არ ეშინია მას ქსენია სობჩაკის კაპრიზების
ორი თვეა, რაც ალეკო ფარულავა რეორგანიზებულ „პიკს” ხელმძღვანელობს, რომელიც რამდენიმე ქართულ ტელეკომპანიას აერთიანებს. ტელევიზია მისი ცხოვრების მთავარ სტიქიად 18 წლის წინ იქცა, თუმცა, უკვე დიდი ხანია, კადრს მიღმა დგას და ისე აკეთებს საყვარელ საქმეს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იოლად არაფერი მოსულა და ახლა უკვე კარგად იცის იმისი ფასი, რაც ამ წლების განმავლობაში მიიღო: საყვარელი საქმე, ოჯახური თანაცხოვრება ნინო შუბლაძესთან, რომელიც მისთვის ყოველთვის ღირსეული „კონკურენტი” იყო და სიყვარული, რომელსაც ისინი დიდი ხანია ვეღარ იყოფენ. ალეკო ფარულავა კადრს მიღმა კადრებით დღეს ჩვენი სტუმარია.
– ორი თვეა, რაც რეორგანიზებულ „პიკს” და მასთან შერწყმულ რამდენიმე ტელევიზიას ხელმძღვანელობთ, რაც, ალბათ, არ უნდა იყოს იოლი საქმე. როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ ჩაგაბარეს „პიკი”?
– მე თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც დღეს აქ მაკისრია. ვიცი, რომ, საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ ტელევიზიებს, რამდენიმე მათგანში მე თავად ვარ ნამუშევარი. ეს ტელევიზიები ძირითადად ქართულენოვანი მაყურებლისთვის მაუწყებლობს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს მიღმა. მისი აუდიტორია 6-7 მილიონ მაყურებელს არ აღემატება, „პიკის” აუდიტორია კი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია და რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს. მე ძალიან მინდა, რომ „პიკი” იყოს კავკასიური, ინტერნაციონალური ტელევიზია, ჰქონდეს საერთაშორისო ტელევიზიის იმიჯი. ჩემს მოსვლას გაერთიანებული ტელევიზიების ხელმძღვანელად თავისი ისტორია ჰქონდა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა რუსულენოვანი ტელევიზია „ალანია”. ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი საქმიანობისა და კარიერის განსხვავებული და ძალიან საინტერესო ეტაპი. ჩვენი მიზანი იყო, ოსი ხალხისთვის მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია და, რეალურად, ვყოფილიყავით რადიო „ამერიკის ხმა” და „თავისუფლება” . ჩემი აზრით, ტელევიზიამ ეს მოვალეობა წარმატებით შეასრულა. ჩვენ განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი არა მხოლოდ სატელევიზიო სივრცის ფარგლებში, არამედ, პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით სოციალურ თემებთან დაკავშირებით. ამ პროცესებში „ალანიამ” ძალიან დიდი როლი შეასრულა, მერე მე წამოვედი ტელეკომპანია „მზეში”, სადაც ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. ქართული ტელესივრცის ბევრი პოპულარული სახე სწორედ იმ დროს, „მზეში” გაიზარდა, სწორედ ამ გუნდს უკავშირდება „იმედის” აღმასვლის მეორე ეტაპი.
– ბოლო პერიოდში „პიკში” ბევრი რამ შეიცვალა, აქ რუსული მედიასივრცის ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. „ნადირობთ” მათზე?
– ბევრი ეს ვარსკვლავი „პიკში” ჩემამდე მოვიდა. ვფიქრობ, რომ, ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. ჩემი აზრით, საჭიროა, გაიზარდოს გამოცდილი და კარგი რუსულენოვანი ჟურნალისტების ინტეგრირება თბილისში. დღეს ჩვენი ტელევიზიის სახეები არიან: ოლეგ პანფილოვი, მატვეი განაპოლსკი, ივანა მელაი. საინტერესო გეგმები გვაქვს ცნობილ ჟურნალისტთან, ქსენია სოკოლოვასთან დაკავშირებით. მგონი, ცუდი არ იქნება, რომ რუსეთში მათივე ვარსკვლავებით მოვახდინოთ ექსპანსია (იცინის).
– ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში „პიკისთვის” იმუშავებს ქსენია სობჩაკიც. მისი ვარსკვლავური ამბიციებისა და კაპრიზების დაკმაყოფილება ძვირი არ დაგიჯდებათ?
– დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ რუსულ ტელესტუდიასთან, რომელიც მოამზადებს პროექტს ქსენია სობჩაკის მონაწილეობით. ეს პროექტი იქნება ტელეკომპანია „პიკის” კუთვნილება და ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორც ახლა ვვარაუდობთ. რუსეთში მიმდინარე პერიპეტიების გამო დაიხურა ქსენიას ერთ-ერთი პოპულარული პროექტი და, ალბათ, სწორედ ახლა იყო ის შესაფერისი დრო, რომ მასთან ურთიერთობების წამოწყებაზე გვეფიქრა. რაც შეეხება მის ვარსკვლავურ კაპრიზებს, ეს იმ სტუდიის პრობლემა იქნება, რომელთანაც ვითანამშრომლებთ, თუმცა ამის გამო ვთქვათ უარი ქსენიასთან თანამშრომლობაზე, ეს წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, პროექტი გამოვა ძალიან საინტერესო და იქნება ისეთი მაღალი დონის, როგორიც არის მოსკოვის ტელევიზიებში. ცნობილი ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში რუსული ტელევიზია, თავის სატელევიზიო სკოლასთან ერთად, ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, თუ არა ერთადერთი. მე ძალიან მიხარია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთ წარმატებულ ტელევიზიებს შორის არის ქართული ტელევიზიაც, რომელიც უკრაინულ ტელევიზიებთან ერთად მეწინავე სამეულშია.
– ამბობენ, რომ განსხვავებული და საკმაოდ არაორდინარული შეფი ხართ.
– ასე ამბობენ? არ ვიცი (იცინის). ხშირად საკმაოდ ემოციურიც ვარ ხოლმე, წყობიდან გამოსვლაც ვიცი, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ისე არ კეთდება, როგორც უნდა გაკეთდეს. როცა საჭიროა, მუშტიც დამირტყამს მაგიდაზე, საკუთარი თავისთვისაც კი, თუმცა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია თანამშრომლისთვის. ტელევიზიას ვუძღვნი მთელ ჩემს ცხოვრებას, ამ საქმეს ძალიან დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ. ფიზიკურად შენობაში ვარ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ფიქრი სულ ამ ტელევიზიას დასტრიალებს. სამსახურში შემოსული მაქსიმალურად ვცდილობ, სუბიექტური აზრები გარეთ დავტოვო და მაქსიმალურად ობიექტური ვიყო ყველას მიმართ. არ შეიძლება, თანამშრომლებთან ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღო შენი სიმპათიების მიხედვით. ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ინტუიცია. როცა ეს სატელევიზიო ინტუიცია რაღაცას გეუბნება, ბევრი ფიქრი და ყოყმანი აღარ უნდა დაიწყო. ყოფილა თემები, რომლებზეც რაღაცის გამო დავფიქრებულვარ და მერე აღმოჩენილა, რომ სწორი აზრი სწორედ ის იყო, პირველად რაც ვიფიქრე. ბოლო დროა, აღარ ვყოყმანობ – ამას შეველიე და პირველივე „ჩუტიოს” ვენდობი (იცინის). საქმეში ძალიან ექსპერიმენტატორი ვარ, იოლად მივდივარ რისკებზე, ვიცი, რომ კასრის ერთბაშად ავსებას წყლით, ნელ-ნელა ჩასხმა სჯობია – უკეთესია, ნელ-ნელა შეავსო ტელევიზია ახალ-ახალი პროექტებით, ვიდრე ერთბაშად. მე ზუსტად ვიცი, რომ კარგი ტელევიზიის შექმნას, კარგ კადრთან ერთად, დროც სჭირდება. ეს არაა ქარხანა და საწარმო, სადაც კონვეირული წესით მუშაობ, აქ ნიჭიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტებისა და წამყვანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. გარედან, შეიძლება, ვიღაცას ეგონოს, რომ წარმატება თავისით დამეცა თავზე, მაგრამ, ეს ასე არაა. 18 წლის წინ, როცა ტელევიზიაში მივედი, საკმაოდ პატარა ბიჭი ვიყავი. ყველაფერი კორესპონდენტის ასისტენტობიდან დაიწყო, თავიდან ბოლომდე გავიარე ეს გზა. ალბათ, არ არის საქმე, მე რომ არ გამეკეთებინა, რადიოშიც მომიწია მუშაობა, რიგითიც ვიყავი, უფრო მაღალი რანგიც მქონდა და, ამიტომაც, კარგად ვიცი ჩემი კოლეგების შრომის ფასი. მქონდა წარმატებული ნაბიჯები, მქონია წარუმატებლობებიც, მაგრამ, არც ერთ მარცხს არ ჩავუგდივარ დეპრესიაში, ყოველთვის შემეძლო მობილიზება და ახალი ძალით საქმის თავიდან დაწყება. ჩვენს სივრცეში ძირითადად ის ხალხი მუშაობს, ვისთან ერთადაც წლები გავატარე. მე ხშირად ვიზიარებ ამ ადამიანების აზრს, მაგრამ, ყველაზე მეტად საკუთარ თავსა და ინტუიციას ვეყრდნობი. ზოგადად, საქმის კეთება მაინც ჩრდილში მირჩევნია, კადრს მიღმა ცხოვრებას მივეჩვიე.
– თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის პროფესიული კონკურენცია მძაფრია? ნინო შუბლაძის სახით ნამდვილად გყავთ ღირსეული „კონკურენტი”.
– ჩვენ შორის პროფესიული კონკურენცია არ არის. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვმუშაობთ კონკურენტ არხებზე; მაშინაც კი, როცა მე „იმედში” ვმუშაობდი, ნინო კი „რუსთავი 2-ში”, ჩვენ ვახერხებდით, არ გვეთამაშა იმ წესებით, რომელსაც ხშირად მიმართავენ ამ სფეროში. იყო თემები, რაზეც მე შეგნებულად არაფერს ვეკითხებოდი ნინოს მისი საქმიანობის შესახებ, ასევე იყო ისიც.
– „მტრის ბანაკში” გყავდათ ცოლი და შეკითხვა რაღად გინდოდათ!..
– ასე არ განვიხილავდით ამ საკითხს, იყო თემები, რომლებსაც ერთადაც კი ვაგვარებდით. არის თემები, რომლებშიც ჩვენი გზები იკვეთება, მაგრამ, არის ისეთი თემებიც, სადაც გადაკვეთა არ ხდება. მე ძალიან ბევრჯერ მიკითხავს აზრი ნინოსთვის, მე მისი გამოცდილების მჯერა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი, ნინოს უფროსი არ ვყოფილვარ, ასე მგონია, ვერც გაუძლებდა ჩემს უფროსობას. სულ ვამბობ, არ შეიძლება ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა ისეთ პოზიციებზე, როგორშიც ჩვენ ვართ. ცოლის უფროსობა, თან, ნინოსნაირი ცოლის, არაა იოლი საქმე. თავი რომ მოიკლა იმის რწმუნებით, ეს ჩემი აზრიაო, ვინ დაგიჯერებს?! (იცინის).
– ეს წარმატებები ხომ თითქმის ერთდროულად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში.
– კი, ჩვენ თითქმის ერთად გავიზარდეთ, ტელევიზია კი ჩვენი საერთო გატაცებაა, ეს ისაა, რის სიყვარულსაც ვერ ვიყოფთ. ნინო ძალიან გემოვნებიანი ადამიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე აქტიურად ვართ დაკავებული ჩვენი საქმეებით, შეიძლება, 48 საათში ერთხელ მოვახერხოთ ერთმანეთთან ნორმალურად დალაპარაკება, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენთვის. ტელევიზია არის ჩვენი საუბრის თემა მეგობრებთან შეხვედრების დროს. როცა ვიკრიბებით ჩვენი წრის ადამიანები, ერთ კითხვასა და პასუხში გვესმის ერთმანეთის სათქმელი.
– თქვენც ქალების „დევჩატნიკების” წევრი ხართ?
– ნინოს მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან, თუმცა, მე არ მცალია მათი „დევჩატნიკებისთვის”. ჩვენთან „ჩემი ცოლის მეგობრების” ამბავი არ ხდება. იმდენი წელია, ერთად ვართ, რომ უკვე სხვა რანგის ურთიერთობაა ჩვენ შორის.
– სახლშიც არ ხართ უფროსი?
– თითქმის ათი წელია, რაც მე და ნინო ერთად ვართ, ცოლ-ქმარი ვართ 2006 წლიდან. უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ ცხოვრებამ სხვა ეტაპზე გადაიყვანა ჩვენი ურთიერთობა. უფროს-უმცროსობა ჩვენ შორის არაა. არის თემები, რომლებსაც მარტო მე ვაგვარებ, არის თემები, რომლებიც ნინოს გადასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხება. ძალიან მახარებს, რომ ძალიან კარგი შვილები გვყავს, ნიკოლოზი 2 წლის ხდება, ძალიან მაგარი ბიჭოა; გიორგი უკვე დიდია. ძალიან ხშირად არის ჩვენთან ჩემი უფროსი ქალიშვილი ეკატერინე, მიხარია, რომ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს. ჩემი შვილები დღეს ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანები არიან, ყველაზე მძიმე წუთებში მათი არსებობა ყველაფერს მატანინებს. მათთან ერთად სიამოვნებით ვთამაშობ, ხანდახან ისეთი მომენტებიცაა, როცა ამ თამაშში თავქარიანიც უნდა ვიყო. ეკატერინეს ბავშვობის დროს სულ ასე ვიყავი, ახლა ბევრი რამ შეიცვალა.
– სახლში „საჩივრის წიგნი” გაქვთ?
– არა, საჩივრის წიგნი არ გვაქვს. დიდი მეოჯახე კაცი ვერ ვარ, მაგრამ, კომუნალური თემები და ფინანსური საკითხები, ძირითადად, ჩემი გადასაწყვეტია. ბაზარში წამსვლელი კაცი არ ვარ, მაგრამ, კვირაში ერთხელ, შეიძლება, იმდენი რამ მივზიდო სახლში ერთბაშად, ზომა-წონა დავკარგო. ამას ყოველდღე ვერ ვახერხებ, ვერ ვიცლი. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს – ჩვენთან ცხოვრობენ ნინოს მშობლები, მისი დისშვილი და, ორ სართულს შორის მუდმივად ბავშვების სირბილი და რუზრუზია.
– კადრს მიღმა თქვენი და ნინოს ცხოვრება როგორია?
– უცნაურია, მაგრამ, ძალიან სასიამოვნოდ ემთხვევა ხოლმე ჩვენი გასვლები ქალაქიდან; ხშირად ჩვენი გზები უცხოეთშიც იკვეთება. მაგალითად, ნინო ამსტერდამში იყო მეგობრებთან ერთად. ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა მისი დაბადების დღე და მეც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამსტერდამში. მათ „დევჩატნიკზე” მოვხვდი და მამაკაცის ვალიც მოვიხადე – ყველა ხარჯი ჩემს თავზე ავიღე (იცინის).
– ბომონდურად ცხოვრობთ.
– სისხლსავსე ბომონდური ცხოვრება ვეღარ გვაქვს, თუმცა, წლების განმავლობაში მეც მიცხოვრია ასე და მგონი, არც იმ წრეში შემშლია რამე. ახლა დრო აღარ მაქვს, თან, ასაკთან ერთად, სხვა გატაცებები ჩნდება და ბომონდური გართობებიც იცვლება. ორ-სამ დღეს ქეიფში ვეღარ გადავაბამ, ეს წლებთან ერთად ჩაბარდა წარსულს. ახლა ჩემი რელაქსი კარგი ფილმები და წიგნებია. ძალიან მიყვარს კინო და გამორიცხულია, კვირაში სამ ახალ ფილმს მაინც არ ვუყურო. მე ახლა ჩემი „ბომონდი” მაქვს – თავიდან ბოლომდე საქმეში ვარ გადაშვებული. გარედან, შეიძლება, უფრო ლამაზად ჩანს ჩემი ცხოვრება, მაგრამ, ასეა არაა – ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და ტვირთი მაკისრია, ნერვიულობა და ფიქრი იმაზე, ეს როგორ უნდა გავაკეთო. მე ამ საქმის გარდა, სხვა არაფერი ვიცი და, უმუშევარი ხომ არ დავრჩები?! (იცინის). ვიცი, რომ აღმავლობებს დაღმასვლა მოჰყვება და, ამიტომ, უფრო ფრთხილი გავხდი: მირჩევნია, გზას ნაბიჯ-ნაბიჯ ავუყვე, ვიდრე უცებ ავიდე და უცებვე ჩამოვსრიალდე – ჩამოსრიალება ძალიან ძნელია. ამბიციურობით ცხვირ-პირის დამტვრევას თავდახრილი ასვლა ჯობია; ესეც ჩემი ოქროს წესია: უკვე ვისწავლე, როგორ დავაფასო და მოვუარო იმას, რასაც ცხოვრება მაძლევს...