როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ბუნება მის ასტროლოგიურ მახასიათებლებზე დაკვირვებით
თუ ადამიანის ბუნების ამოცნობა გსურთ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ მას, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ეს საშუალებას მოგცემთ, უკეთ მიხვდეთ რა ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე, სად უნდა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე, როგორ შეძლოთ მისი მოხიბვლა, როგორ აჰყვეთ მას ინტერესებში და ასე შემდეგ. ასე რომ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბუნების შტრიხებს და თავად გაიიოლეთ მათთან ურთიერთობები.
ვერძი – ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ხმამაღალი, ხმაურიანი და ამავდროულად, სიმღერის მოყვარულია. ის ხშირად გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა, ძლიერი და თავდაჯერებულია, გამოირჩევა ტემპერამენტით, თუმცა, ბავშვივით ეგოისტია.
კურო – ლამაზი ნივთების მოტრფიალე მატერიალისტია და ფულის უბადლო განმკარგველი. ცხოვრებას ის ყველაზე საუკეთესო კუთხით აფასებს. ახასიათებს ნელი მოქმედება; ფერმერობისა და მებაღეობის მოყვარული, პრაქტიკული ჩვევებითა და განსაკუთრებული გურმანობით გამოირჩევა.
ტყუპები – ინტელექტუალი პერფექციონისტია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს კამათის დროს ადვილად ამოიცნობთ. ის ბრძენი, ფლირტის მოყვარული, აზარტული თამაშების მოტრფიალე და საკმაოდ არამყარი ტიპაჟია, გარკვეულ შემთხვევებში – მგრძნობიარეც კი. ამიტომ, მისთვის სიამოვნების მინიჭება ძალზე მარტივია.
კირჩხიბი – ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზედმეტად რომანტიკული. აფასებს სახლში მომზადებულ საკვებსა და ოჯახურ გარემოს, რადგან ბუნებით დიდი კონსერვატორია. მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ, თუმცა, ხშირად სჭირდება „შენჯღრევა” და გამოფხიზლება, რათა მიხვდეს, რომ მოდუნება ცხოვრებაში ბევრ რამეში დასწევს უკან.
ლომი – თუ თქვენს სანაცნობო წრეში ვინმე ცდილობს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩათვალეთ, რომ ის ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ამაყსა და თავდაჯერებულს, მოულოდნელი ცვალებადობა ახასიათებს. საზრიანი ინტელექტუალი ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში; ის მიმზიდველია და ბევრის ყურადღებას იპყრობს; ამასთანავე, საოცრად ერთგული და მგრძნობიარეა პირად ურთიერთობებში.
ქალწული – მეთოდურად უდგება ყველა საქმეს. იზიდავს დრამა და ჭორები; ინტელექტუალი, სამართლიანი, გარკვეულწილად გულგრილი, შინაგანად კი საკმაოდ მორცხვი ტიპაჟია. ის მოწესრიგებული, შრომისა და სისუფთავის მოყვარული მაქსიმალისტი ადამიანია, რომელსაც ყველგან უყვარს შედარებების გაკეთება და საკუთარი მოსაზრების დასაბუთება.
სასწორი – სამართლიანობის მოყვარული მშვიდობისმყოფელია. ამ ელეგანტურ ტიპაჟს მერყევი ხასიათი სრულებითაც არ უშლის ხელს ფლირტის გაბმაში, თუმცა, ხშირად ცდება ადამიანების ამოცნობაში. მისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეს გაწონასწორებული და ჭკვიანი ადამიანი, ვის ნდობასაც შეძლებს – ამ თვისებას ის ადამიანებში ყველაზე მეტად აფასებს.
ღრიანკალი – საიდუმლოების მოყვარული ღრიანკალი ადვილად ამოიცნობა იდუმალი, ცნობისმოყვარე გამოხედვით. ეს მგზნებარე და თავდაჯერებული მეამბოხე სექსუალურობით გამოირჩევა. მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე ტიპაჟი მუდმივად ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და თავადაც საკმაოდ ყურადღებიანია სხვების მიმართ.
მშვილდოსანი – თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი და მამაცი ინტელექტუალია. ქარიზმატული, მეამბოხე სულის, თავისუფლების მაძიებელი მშვილდოსანი ბუნებრივი არტისტიზმით არის დაჯილდოვებული. მის გვერდით ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს. მთავარია, არ უღალატოთ, რადგან, ვერ იტანს მოღალატეებს და ამას ნამდვილად არ გაპატიებთ.
თხის რქა – ჯიუტი და თავდაჭერილი თხის რქა ძალაუფლების მოყვარულია. თუმცა ხელგაშლილსა და შრომისმოყვარეს, ძნელად თუ გამოარჩევთ სხვებში. ის კარგად ნიღბავს თავის ბუნებას, თუმცა, იმდენად მხიარული და სიცოცხლის მოყვარულია, რომ მის გარემოცვაში თავს მშვიდად და კარგად იგრძნობთ. ის მზრუნველიცაა და ცდილობს, ყოველთვის დაეხმაროს სხვებს.
მერწყული – ეს ექსცენტრიკული მეამბოხე ერთი შეხედვით გულგრილობითა და ინდიფერენტულობით გამოირჩევა, თუმცა გამოუსწორებელ ოპტიმისტს სხვების დახმარება ძალიან უყვარს. თუ სადმე შეხვდებით შთაგონებით აღსავსე ქარიზმატულ მეამბოხეს, არ გაგიკვირდეთ თუ ის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს ატარებს.
თევზები – მგრძნობიარე და მეგობრულია, რომელიც ყველა ხელსაყრელ მომენტში უკან იხევს. მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადვილად უწყობს საკუთარ განწყობას, თუმცა, მაინც მერყევი ხასიათის ადამიანად რჩება. უყვარს ოცნება და განმარტოება. მაგრამ, განმარტოებისას ფიქრობს მხოლოდ ცუდზე და ამ დროს მას ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. თუ თქვენ მიმართ აგრესიას გამოხატავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სძულხართ. უბრალოდ, ცდილობს ამით, შეინიღბოს და ის გრძნობა დამალოს, რაც თქვენ მიმართ აქვს, მაგრამ, გამომჟღავნების რცხვენია.