მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-13(587)
ობიექტი ერთი ათლეტი ჰომოსექსუალი იყო, რომელიც მსხვილ მაფიოზურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ისინი სარეკლამო-სამოდელო ბიზნესს აკონტროლებდნენ და შეკვეთა მათი კონკურენტებისგან მივიღეთ.
ვოვა ზედგამოჭრილი იყო მოდელი მამაკაცის როლისთვის და ის სატყუარად უნდა გამომეყენებინა. მე ჰომოსექსუალი გენერლის მკვლელობა გამახსენდა, გამეღიმა და ჩემს შეგირდს ვუთხარი:
– გეი-სალონში კარგად მოირთე, საჭირო ვიდზე დადექი და, როგორც შევთანხმდით, ისე იმოქმედე.
– კარგი, გასაგებია, – ამოიოხრა ვოვამ, მე კი მივუგე:
– ოღონდ, არ გადაამეტო. არ გაიშიფრო, რომ გეი არ ხარ, თორემ, წამებით ამოგხდიან სულს და გაგაქრობენ.
გეი-მაფია ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ, ორიოდე სიტყვას მაინც ვიტყვი: ესაა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული და მდიდარი გაერთიანება, რომელიც მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს და, სამწუხაროდ, სწარაფად იზრდება.
ობიექტს ლოლა ერქვა და, შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვოვას ის უნდა დაეკერა, მასთან ერთად განმარტოებულიყო და მოეკლა. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მრჩევლის როლით შემოვიფარგლებოდი და ვერც კი ვაზღვევდი. ასეთი გადაწყვეტილება ვოვას დაჟინებული თხოვნით მივიღე.
– ბაბუა, – მითხრა ვოვამ, – მერწმუნე, რომ არანაირი იაღლიში არ მომივა და ყველაფერს ბრწყინვალედ გავართმევ თავს.
„ბაბუათი” ვოვა მაშინ მომმართავდა, როდესაც ჩემდამი ღრმა პატივისცემის ხაზგასმა უნდოდა.
– ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, მაინც ძალიან ფრთხილად იყავი. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!
გეი-სალონიდან მობრუნებული ვოვა ჭეშმარიტ ნაშურ ვიდზე იყო და ვეხუმრე, ფრთხილად იყავი, ლოლამ მართლა არ გაგჟიმოს-მეთქი.
ერთი სიტყვით, ვოვამ მართლაც დიდი წარმატებით გაართვა თავი პირველ საქმეს და შეკვეთა ყოველგვარი წუნის გარეშე შეასრულა. ლოლას ის გეი-ბარში გაეცნო, სადაც მაფიოზების შეფი სასურველ ნაშებს ათვალიერებდა და ვოვამ პირველივე ნახვით მოსჭრა თვალი...
– ბაბუა, – მიყვებოდა ვოვა, როდესაც უკვე სამშვიდობოზე ვიყავით გასულები, – ეგ ლოლა, თურმე, ყოფილი ათჭიდელი ყოფილა და, რომ გაიხადა, რემბო მეგონა. ძალით რას მოვერეოდი, მაგრამ, იქამდე არ მისულა საქმე. ჩასახუტებლად რომ გამოიწია და თავისი უზარმაზარი ტორები ნაზად შემომხვია, ჯერ საძილე არტერიაში ჩავარჭე სპიცი, შემდეგ კი ბრიტვით მეორე არტერია გადავუჭერი და, სისხლი წესიერადაც არ იყო წამოსული, რომ კისრის მალები გადავუმტვრიე.
– სუფთა ნამუშევარია. კრინტსაც ვერ დაძრავდა, – ვუთხარი ვოვას, რადგან ასეთი მანიპულაციები არაერთხელ მქონდა ჩატარებული ჩემი კარიერის განმავლობაში და მთელი ეს პროცესი მშვენივრად ვიცოდი.
– არც კი დაუკნავლია, – ჩაეცინა ვოვას.
ლოლას მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და გეი-მაფიოზებმა მკვლელის საგულდაგულო ძებნა დაიწყეს. მათ ყველა გზა შეკრეს და ამ საქმეში დიდი ძალები ჩართეს. თუმცა, რომ იტყვიან, ჩვენ ერთი ფეხით გავასწარით მათ და, უკვე მერამდენედ, აფხაზეთის გავლით მშვიდობიანად დავბრუნდით თბილისში.
ერთ რამედ ღირდა ვოვას რეაქციის ნახვა, როდესაც შეკვეთაში ასაღები თანხა ანგარიშზე დაგვიჯდა და ვოვამ ის პირადად შეამოწმა კომპიუტერში.
– ეს სამასი ათასი ევრო რეალური თანხაა, თუ მხოლოდ ციფრებია? – ვერ იჯერებდა ვოვა.
– რეალურია. თანაც, ნახევარი შენია და უკვე ას ორმოცდაათი ათასი ევროს მფლობელი ხარ, – ღიმილით მივუგე ვოვას, მან კი უნდობლად მითხრა:
– ნაღდი ისაა, რაც ჯიბეში გიდევს, ბანკის კი რა მოგახსენო.
– შენ რა, ამხელა ფულის ჯიბით ტარება გინდა?
– ტარება არა, მაგრამ, სადმე დავმალავ.
– სად, მიწაში?
– თუნდაც კარადაში.
– ნუთუ მართლა არ გჯერა, რომ ამდენი ფული გაქვს? – ვუთხარი და ცეცხლზე ნავთი დავუსხი, – ამ ფულით უზრუნველი ცხოვრება და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვს. შეგიძლია, გარეგნობა ისე შეიცვალო, რომ ეშმაკმაც ვერ მოგაგნოს.
ჩემს სიტყვებზე ვოვას ნეტარება მოეფინა სახეზე და ოცნებებში ჩაეფლო, თან იმეორებდა:
– ზღვა, ვილა, ქალები...
– ზღვა, ვილა და ქალები ღუპავს ყველაფერს, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ხალხს, – ცივი წყალი გადავასხი ვოვას, შემდეგ პატარა ტყავის ჩანთა დავუდე წინ, თხუთმეტი ცალი ასევროიანის დასტა დავანახვე და ვუთხარი: – აი, შენ ას ორმოცდაათი ათასი ევრო. გინდა მიწაში ჩაფალი და გინდა კარადაში შეინახე, მაგრამ, ამდენი ფული ბანკში უნდა იდოს და არა ჯიბეში.
– ჩემია? მართლა ჩემია ეს ფული? – აღტაცებული იყო ვოვა და ფულს მონუსხული უყურებდა. გული რომ იჯერა, უცებ სერიოზული სახე მიიღო და მითხრა: – მართალი ხარ, ბაბუა, ამდენი ფული ბანკში უნდა შეინახო და არა ჯიბეში. მოდი, შევიტანოთ.
ეს ფული მოულოდნელი ხარჯებისთვის მქონდა შენახული. ტყავის ჩანთა სამალავში დავაბრუნე და ვოვას ვუთხარი:
– ეს თანხა მოულოდნელი ხარჯებისთვისაა და საჭირო დროს გამოგვადგება. შენი წილი კი ბანკშია და, თუ დინჯად და ჭკვიანად მოიქცევი და ვნებებს არ აჰყვები, გაგიასმაგდება.
ის დღე იყო და ვოვა ფულს აღარ აღუგზნია. ჩემი შეგირდი არნახული პროფესიონალიზმით ასრულებდა კონტრაქტებს და ღირსეულ პარტნიორობას მიწევდა, მისი საბანკო ანგარიში კი იზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი:
– ვოვა, დღეს შენ მილიონერი გახდი, გილოცავ!
– ვიცი, ბაბუა, მადლობა, – ღირსეულად მომიგო ვოვამ, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული შემსრულებელი იყო. არც სიდინჯე აკლდა, არც პროფესიონალიზმი და ფულის სიჭარბეც, უკვე კარგა ხანია, არ უკვირდა.
ერთი სიტყვით, ვოვა უნიჭიერესი მოწაფე გამოდგა და ბეჯითად და კარგად აითვისა ყველაფერი.
პირველი საქმე თავიდან ბოლომდე თვითონ შეასრულა და მე მხოლოდ „სტატისტის” როლით შემოვიფარგლებოდი, მეორე საქმე კი აღსავსე იყო ძალიან დიდი რისკით და მან ჭეშმარიტი მეწყვილისა და მებრძოლის თვისებები გამოავლინა.
ლოლას მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, საკმაოდ სახიფათო და, თუ შეიძლება ითქვას, ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი შეკვეთა ავიღე. კონტრაქტორი მილიონ დოლარს იხდიდა. სამაგიეროდ, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე, ეგრეთ წოდებულ „თეთრ ხვრელში“, ოცკაციანი რაზმი უნდა გაგვენადგურებინა, რომელსაც ასი მილიონი დოლარის ჰეროინი გადაჰქონდა და ტავარიც ხალხთან ერთად უნდა განადგურებულიყო. პრინციპში, ოპერაციის მთავარი მიზანი ჰეროინის განადგურება იყო და ხალხი, ანუ მებრძოლები, ამ შემთხვევაში მხოლოდ დანამატს წარმოადგენდა.
კონტრაქტი, მინიმუმ, შვიდ-რვა პროფესიონალზე იყო გათვლილი. თუმცა, ასეთი არაერთი საქმე მარტოს მქონდა გაკეთებული და ამ სპეციფიკას კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ვოვას საქმის დეტალები გავაცანი და ვკითხე:
– რას იტყვი, ორნი შევძლებთ ამ საქმის შესრულებას?
– შევძლებთ, – უყოყმანოდ მომიგო ვოვამ.
– რატომ ხარ დარწმუნებული, შენ ხომ ჯერ მხოლოდ ერთი საქმე გაქვს გაკეთებული და ასეთი ტიპის კონტრაქტზე კი წარმოდგენაც არ გაქვს? – ვუთხარი ვოვას.
– სამაგიეროდ, მე კარგი წვრთნა მაქვს მიღებული და ამ საქმეს მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელი მასწავლიდა, – სხაპასხუპით მითხრა ვოვამ.
– კი, მაგრამ, გამოცდილება ბევრს ნიშნავს.
– გამოცდილი შენ ხარ, ბაბუა.
– ჰო, მაგრამ, სიმკვირცხლე და რეაქცია ამ საქმეში გადამწყვეტია. ადრე ახალგაზრდა ვიყავი, ახლა კი ასაკში ვარ.
– ჩემი – ახალგაზრდული ასაკი, თქვენი კი – გამოცდილება, – მითხრა ვოვამ, – ბაბუა, ყველაფერი კარგად იქნება. მე მგონი, ღირს ამ საქმეზე წასვლა და, სხვების გარეშე, ჩვენ ორნიც კარგად გავუძღვებით ყველაფერს.
დამატებითი ძალები არ დაგვჭირვებია. კონტრაქტორს შეიარაღების სახეობა და რაოდენობა შევუკვეთეთ, ადგილიც მივუთითეთ და საჭირო დროს შეკვეთის შესასრულებლად გავემართეთ.
ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარს საკუთარი სახლივით ვიცნობდი. ამიტომ, წლების მერეც არ გამჭირვებია იქ ორიენტირება. ჩვენ ჯერ შეიარაღება ამოვიღეთ სამალავიდან და ყველაფერი გავმართეთ, შემდეგ „თეთრი ხვრელისკენ“ ავიღეთ გეზი და ვიწრო ხეობა საიმედო საფარიდან ამოვიღეთ მიზანში.
თითქმის რვასაათიანი ლოდინის შემდეგ, ნარკოგადამზიდავთა ქარავანი გამოჩნდა. თუმცა, ოცის ნაცვლად, ქარავანში ორმოცდაერთი კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი იყო.
– ოჰო, ეს სიურპრიზია, ბაბუა, – მიჩურჩულა ვოვამ, – აქ იმაზე ორჯერ მეტი მებრძოლია, ვიდრე გვითხრეს.
– თანაც, ვერტუშკაც დაფრინავს, – მივუგე ვოვას და ვერტმფრენზე მივანიშნე, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და კლდეებს ზვერავდა.
– რა ვქნათ? – მკითხა ვოვამ.
– ჯერ ვერტუშკას ჩამოვაგდებ, შემდეგ კი ქარავანს მივხედოთ. მოემზადე! – ვუთხარი ვოვას და ნაღმმტყორცნიდან უზუსტესი გასროლით გავანადგურე ვერტმფრენი.
აფეთქების ხმაზე ქარავანი შედგა. მე და ვოვამ კი ორი ნაღმმტყორცნიდან ქარავნის თავსა და ბოლოში გავისროლეთ და კიდევ ორი ნაღმი შუაში ავაფეთქეთ. ბოლოს კიდევ ორი ნაღმი ვტყორცნეთ და გადარჩენილი ძალისა და ტრანსპორტის „ზაჩისტკას“ ტყვიამფრქვევებით შევუდექით.
ტრანსპორტად ნარკოგადამზიდავები ჯორებს იყენებდნენ და მათი საზარელი ყროყინ-ბღავილის ხმა აყრუებდა „თეთრ ხვრელს“.
ავღანეთში ყოფნის დროს ასეთ სიტუაციაში არაერთხელ აღმოვჩენილვარ, დიდი გამოცდილება მქონდა მიღებული, ახალგაზრდობა გავიხსენე და ენერგიულად შევუდექი საქმეს. შემართებაში არც ვოვა ჩამომრჩებოდა და სულ რაღაც ხუთ წუთში ყველაფერი მზად იყო: ნარკოგადამზიდავები უსულოდ ეყარნენ, ნარკოტიკებასხმულ ჯორებს კი ცეცხლი ეკიდათ. ის იყო, წასვლა დავაპირეთ, რომ, უეცრად, ვერტმფრენი გამოჩნდა და ჯერ ათკაციანი დესანტი გადმოსხა კლდეებზე, შემდე კი ჩვენი მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნა.
– დამაზღვიე, ბაბუა! – მიღრიალა ვოვამ და ჭინკასავით გამოხტა საფარიდან, ნაღმმტყორცნის სასხლეტს თითი გამოჰკრა და მეორე ვერტმფრენი ააფეთქა.
– ყოჩაღ, შვილიშვილო! – დავუყვირე ჩემს ყოჩაღ შეგირდს და თითქმის ერთდროულად ჯერ ნაღმმტყორცნიდან ვესროლე იმ კლდის პლაცდარმს, სადაც დესანტი გადმოსხეს, შემდეგ ავტომატიდანაც გავისროლე... ორივე ნაღმი მიზანს მოხვდა. კლდის დიდი მასა ადგილს მოსწყდა და მედესანტეები უფსკრულში ჩაიტანა...
მე და ვოვამ სწრაფად დავტოვეთ ბრძოლის ველი და შედარებით უსაფრთხო ადგილზე რომ გავედით, ვუთხარი:
– ვერაფერს იტყვი, ბრწყინვალე გასროლა იყო. რომ არ გითქვამს, ნაღმმტყორცნის ხმარება ვიციო?
– ეს, ბაბუა, ჩემი პირველი გასროლა იყო, – მითხრა ვოვამ.
– პირველი და ძალიან წარმატებული, – დავამატე მე და სანამ კარგა მანძილით არ მოვშორდით სახიფათო ზონას, კრინტიც არ დაგვიძრავს.
დროთა განმავლობაში ვოვა ისე დაიხვეწა და შეიცვალა, რომ უფრო და უფრო უახლოვდებოდა იდეალური შემსრულებლის ტიპს. შეისწავლა ენები. კითხულობდა წიგნებს და სრულყოფილად შეისწავლა ქართული.
– გენიოსი ხარ, შვილიშვილო, – ვუთხარი ერთხელ ვოვას და გამომცდელად შევხედე, – ფული გაქვს. საკმაოდ განათლებული და კარგი მოსაუბრე ხარ; გარეგნობა და მანერები არ დაგეწუნება. იქნებ, ხელი აიღო ამ საქმეზე და სხვა პროფესია აირჩიო?
– მეხუმრები, ბაბუა? – გაეცინა ვოვას.
– სულაც არა. ახალგაზრდა და მდიდარი ხარ. რაში გჭირდება ზედმეტი რისკი? წადი უცხოეთში, რომელიმე პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრე ბიზნესის განხრით და პატიოსნად იცხოვრე და ააწყვე ცხოვრება.
– არა, ბაბუა, არ მაწყობს. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, ამას ვერც ერთი პროფესია ვერ შეედრება. რისკი ცხოვრების წესად მექცა და ვერანაირი ბიზნესი და სხვა წარმატებული პროფესია ვერ შეცვლის ამას, – მომიგო ვოვამ და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს ლუკმაპურს ვართმევდი.
– ოჯახი, ცოლ-შვილი ხომ გინდა, როდემდე უნდა ხოცო ხალხი? – ვკითხე ვოვას, მან კი მიპასუხა:
– დაქორწინებას არ ვაპირებ. ცოლ-შვილზე არ ვფიქრობ. ჩემი ოჯახი კი შენ ხარ, ბაბუა და თუკი აღარ გინდივარ, ან კიდევ სხვა რამეშია საქმე, მაშინ, მითხარი და მოგშორდები. შეგიძლია, მომკლა კიდეც და, გარწმუნებ, თითსაც არ გავანძრევ საკუთარი თავის გადასარჩენად.
– შენი მოკვლა რომ მდომოდა, ჯერ კიდევ პიტერში გაგასაღებდი. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცი ხარ და, შენთვის სიკეთე რომ მინდა, ამასაც იმიტომ გეუბნები, – განვუმარტე ვოვას, მან კი ჩემს წინაშე დაიჩოქა, ხელზე მეამბორა და მითხრა:
– არა, ბაბუა, ასეთი ცხოვრება მირჩევნია და, გთხოვ, ნურასოდეს შეეცდები, გადამათქმევინო.
– კეთილი, ასე იყოს, – შევპირდი ვოვას. სულის სიღრმეში კი ძალიან მეცოდებოდა, რადგან, ძალიან სარისკო გზაზე იდგა და შეიძლება, ერთხელაც, არ გამართლებოდა.
თუმცა, ვოვა ბედის ნებიერი აღმოჩნდა – ყოველთვის უმართლებდა და ისეთი აზარტით ჩაერთო საქმეში, რომ ეტყობოდა, უდიდეს კმაყოფილებას გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა ხოლმე, რაც შეიძლება მეტად და სახიფათო საქმეები ეკეთებინა.
ამ ხნის განმავლობაში ვოვა არც ფულს შეუცვლია და არც ბედის ნებიერობას. მას რომ ვუყურებდი და მის ასაკში საკუთარ თავს ვადარებდი, ვხვდებოდი, რომ სხვადასხვა მისწრაფებები გვქონდა: ვოვას ასაკში მე „კაგებეს“ თანამშრომელი ვიყავი და იდეურად ვმოქმედებდი, ვოვას წმინდა წყლის აზარტი ამოძრავებს. თუმცა, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, როგორც ყოფილი ბაიკერი ექსტრემალი, თავის ახალ პროფესიაში სწორედ აზარტს ხედავდა. ძნელი სათქმელია, რა უფრო კარგია, იდეურობა თუ ექსტრემალობა, მაგრამ, ფაქტია, რომ ისიც მაღალი კლასის შემსრულებლად ჩამოყალიბდა და თითქმის არაფრით ჩამომრჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ვოვა ძალიან ერთგულია ჩემ მიმართ და, მისი თქმის არ იყოს, მისი მოკვლა რომ დავაპირო, საკუთარი თავის დასაცავად თითს არ გაანძრევს, პერიოდულად მას მაინც ვცდი ხოლმე, ასე ვთქვათ, „ტესტირებას” ვუტარებ და ის არც ერთხელ არ ჩაჭრილა. შეიძლება, ხვდება კიდეც ჩემს ხრიკებს, შეიძლება, ვერც ხვდება, მაგრამ, ფაქტია, რომ მას ჩემთვის არასდროს უღალატია და მართლაც ძალიან საიმედო და ერთგული ადამიანია.
მორიგი საქმის შემდეგ, როდესაც მე და ვოვამ ერთი ახალგაზრდა მაფიოზი ბიზნესმენი მოვკალით კიევში, ჩემი პარტნიორის შემოწმება გადავწყვიტე. ვოვა მაშინ ჯერ კიდევ ჩემთან ცხოვრობდა. მე კონსპირაციულ ბინაში წავედი და გარეგნობა შევიცვალე, ვოვას კი ვუთხარი, ორი დღით ბათუმში მივემგზავრები-მეთქი. შემდეგ, ჩუმად დავბრუნდი ჩემს სახლში, საძინებელში შევიპარე, მძინარე ვოვას თავზე წამოვადექი, იარაღი მივუშვირე და რადიკალურად შეცვლილი ხმითა და მეტყველებით კბილებში გამოვცარი:
– შენი პატრონი სადაა?
– ვინ ჩემი პატრონი? – მომიგო ვოვამ, მშვიდად, თუმცა, კარგად ვიცოდი, რა ტრიალებდა მის გულში და, ცდილობდა, მომენტი ეხელთა და გავენეიტრალებინე.
– კოკი, ის ნაბოზარი! – ვთქვი მე, შემდეგ ვოვას კბილებში პისტოლეტი ვთხლიშე და დავამატე, – ის, ვინც ჩემი შვილი მოკლა!
– უკაცრავად, პატივცემულო, მაგრამ, რაღაც გეშლებათ. მე აქ მარტო ვცხოვრობ, არანაირ კოკის არ ვიცნობ და ნამდვილად ვიღაცაში გეშლებით, – მაბოლებდა ვოვა. მე კი მას უკვე ნიკაპში ვთხლიშე პისტოლეტის ტარი და ვუთხარი:
– მე მოკლულის მამა ვარ. თქვენი მისამართი ზუსტად მომასწავლეს და, თუ კოკის თავს არ ჩამაბარებ, წამებით ამოგხდი სულს!
– თქვენ ცდებით, – მესამედ უარყო ვოვამ. მე კი ამჯერად უკვე თავში ვთხლიშე პისტოლეტის ტარი, ძირს დავაგდე, იარაღი მივუშვირე და ვუთხარი:
– აირჩიე: ან კოკი ან თავს წააგებ!
მოულოდნელად ვოვა ბავშვივით ატირდა და მოთქმა დაიწყო:
– რას მერჩით, ბიძია, რას? მე უბრალო მხატვარი ვარ, თანაც, დამწყები და, აბა, რა ვიცი, ვინ არის კოკი, მით უმეტეს, ის, თუ ვინ მოკლა თქვენი საბრალო შვილი! ობოლი ვარ, არავინ მყავს ამქვეყნად და, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებთ.
ვოვა ისე სლუკუნებდა, ლამის მისი ტყუილი დავიჯერე. თუმცა, მაინც გავთიშე და სააბაზანოში შევათრიე. შემდეგ სახლში სისხლის კვალი დავტოვე, კონსპირაციულ ბინაში წავედი და ვოვას ზარს დაველოდე – ვიცოდი, როცა გამოფხიზლდებოდა, აუცილებლად დამირეკავდა.
მოლოდინმა არ დააყოვნა, ვოვამ დამირეკა და მითხრა:
– როგორ ხარ, ბაბუა?
– კარგად, შენ როგორ ხარ? ბოლოს რომ გნახე, ვერ ვიტყვი რომ კარგად იყავი, მაგრამ ვერ დაგელაპარაკე, მეჩქარებოდა. მალე მოვალ და ვილაპარაკოთ, – ვუთხარი ვოვას და ტელეფონი გავუთიშე. გრიმ-პარიკისგან გავთავისუფლდი, შხაპი მივიღე, შემდეგ ჩავიცვი და სახლში დავბრუნდი.
ვოვა სიხარულით შემეგება და საღ-სალამათი რომ დამინახა, მკითხა:
– შენ გადამარჩინე, ბაბუა?
– ჰო, – მივუგე ვოვას, – შენთან ლოლიავის დრო არ მქონდა და იმიტომ არ გამოგაფხიზლე. მთავარია, ცოცხალი იყავი. იმ კაცის ტრუპი კი, უკვე მტკვრის ფსკერზეა და ფეხებზე ბეტონი აქვს ჯაჭვით ჩამოკიდებული.
– კინაღამ მომკლა. შენ გეძებდა. კიევში რომ საქმე შევასრულეთ, იმისი მამა იყო, – მითხრა ვოვამ.
– ვიცი, – ვუთხარი ვოვას და ვუსაყვედურე, – მართლაც რომ ბედის ნებიერი ხარ. კიდევ კარგი, ბათუმიდან დროზე ადრე დავბრუნდი, თორემ, ახლა მკვდარი იქნებოდი... როგორ გამოაჭერინე თავი იმ ბებერს?
– არ ვიცი, როგორ შეძლო, – ამოილუღლუღა შერცხვენილმა ვოვამ, – მეძინა და, თავს ისე ჩუმად წამომადგა, ვერაფერი მოვუხერხე. თუმცა, ყველანაირად ვცდილობდი, მომენტი მეპოვა და გამენეიტრალებინა.
– კარგი, კარგი, მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ერთი შეცდომა ყველას მოსდის. მეორედ მსგავსი არაფერი დაგემართოს, თორემ, ორივე დავიღუპებით, – ვუთხარი ვოვას და მართლაც, მას შემდეგ ვოვა ბევრად უფრო ყურადღებიანი გახდა და ჭიანჭველის ნაბიჯის ხმაც კი არ გამოეპარებოდა მის სმენას. მეტიც, ვოვა ისე გაიწაფა ამ საქმეში, რომ მცირედ ხიფათზეც კი უსწრაფესად და ეფექტურად რეაგირებდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ვოვა თანდათან ძალიან დაიხვეწა და უკეთესობისკენ შეიცვალა. არც ფულსა და ქონებას დახარბებია, ბინაც საკმაოდ სადა შეიძინა და, მშვენიერი გარეგნობის მიუხედავად, არც ქალებზე იყო გადაყოლილი.
– ჩვენი პროფესიის ხალხი საერთოდ არ უნდა იპყრობდეს არავის ყურადღებას, – იტყოდა ხოლმე ვოვა, – ჩვენ დღისითაც და ღამითაც უჩინარნი უნდა ვიყოთ და კვალს არსად ვტოვებდეთ.
ვოვა აბსოლუტურად მართალი იყო და ჩემს შეგონებებს უდიდესი წარმატებით ახორციელებდა ცხოვრებაში.
ერთხელ, ერთი კონტრაქტის შესრულებისას, ვოვამ ისე დახოცა ოთხი ადამიანი, დღისით-მზისით, რომ, უამრავი თვითმხილველიდან არც ერთს არ დაუმახსოვრებია მისი გარეგნობა, სათვალთვალო კამერებმა კი მხოლოდ მისი ზურგი დააფიქსირა, როდესაც ვკითხე, როგორ მოახერხა ეს, მიპასუხა:
– ელემენტარული გამოთვლებია, ბაბუა. მე ჯერ მომავალი საქმის ადგილი შევისწავლე წინასწარ და გადაადგილების ისეთი სისტემა შევიმუშავე, რომ კამერებს არ დავენახე. საკმარისი იყო, თუნდაც ერთი სანტიმეტრით გადავხრილიყავი მარჯვნივ ან მარცხნივ, მაშინვე „დავიწვებოდი”.
ჟურნალისტებმა კი, რომლებიც ამ საქმეს აშუქებდნენ, ვოვა „ქილერ-ფანტომად”, ანუ, მკვლელ-მოჩვენებად მონათლეს და დროთა განმავლობაში ის მართლაც მოჩვენებად გადაიქცა. ჩვენი ბოლო დროის ერთობლივი საქმეების უმეტესობას ვოვა მარტოც კარგად გაართმევდა თავს – მას აღარ სჭირდებოდა ჩემი დახმარება და დაზღვევა, თუმცა, მას არასოდეს უგრძნობინებია ეს ჩემთვის და დღემდე ქედს იხრის ჩემ წინაშე.
– შენ რომ არა, ბაბუა, – მეტყვის ხოლმე ვოვა, – მე ის იარაღით მოვაჭრეები გამაგორებდნენ, შენ კი სიცოცხლე გადამირჩინე და შენთან გადაუხდელ ვალში ვარ.
მე წამითაც არ მეპარება ეჭვი ვოვას გულწრფელობაში და მართალია, მას დროდადრო, შეიძლება ითქვას, რომ „კაგებეშნიკური“ ჩვევის გამო, მაინც ვამოწმებ ხოლმე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს მიღალატებს და, ახლა უკვე საკუთარი შვილებივით, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნია და, როგორც ნატასთვის, მისთვისაც ისევე გავწირავ თავს.
ერთხელ ვოვამ საკუთარი სხეულით დამიცვა. მართალია, ეს არც შეკვეთა იყო და არც ჩვენ პროფესიას უკავშირდებოდა, მაგრამ, ადამიანის სიკვდილით მაინც დასრულდა:
მე და ვოვა ერთ-ერთი სასტუმროს რესტორნის კუპეში ვისხედით გარეგნობაშეცვლილები და შემკვეთს მომავალ საქმეზე ველაპარაკებოდით. როდესაც ყველაფერი შევათანხმეთ, შემკვეთი წავიდა, მე და ვოვა კი ნახევარი საათით დავრჩით. უკვე წასვლას ვაპირებდით, როდესაც ჩვენს კუპეში უკიდურესად შეშინებული გოგონა შემოვარდა და შველა გვთხოვა:
– ხალხი არ ხართ? მიშველეთ, ის პათოლოგი იარაღით მომდევს მოსაკლავად!
მართლაც, გოგონას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კუპეს კარი პისტოლეტმომარჯვებულმა ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცმა წიხლით შემოაღო. მას თვალები სისხლით ჰქონდა სავსე, მთვრალი იყო და იგინებოდა, თან დორბლი გადმოსდიოდა პირიდან. ერთი სიტყვით, საზიზღარი არსება იყო და, გოგონა რომ დაინახა, ამოდორბლა:
– წამო, უნდა გაგჟიმო! აქვე გაშიშვლდი და ისე წამომყევი!
როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, დორბლიანი, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ყოფილა ის გოგონა კი – მისი ცოლის ნათესავი. მან გოგონა რესტორანში დაპატიჟა და, რომ დათვრა, მისი გაუპატიურება მოინდომა. გოგონა კი გამოექცა, შემთხვევით ჩვენ შემოგვეკედლა და შველას გვთხოვდა. იმ პათოლოგი, დორბლიანი პოლიციელის ამბავი ყველას სცოდნია და მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა, ის თავხედი კი გოგონას პისტოლეტით ემუქრებოდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა და დორბლებს ყრიდა.
უკიდურესად შეშინებული გოგონა მე ამომეფარა. პოლიციელმა პისტოლეტი მომიშვირა, შემაგინა და მითხრა:
– აქედან აახვიეთ, თქვე ბოზებო, და ქალი გამოაჩინეთ! აქვე, თქვენს მაგიდაზე უნდა გავჟიმო!
გოგონა ისე ცახცახებდა შიშისგან, რომ ზურგსუკან მისი კბილების კაწკაწი მესმოდა. ვოვა, ჩემგან ხელმარჯვნივ, ჩუმად და გაუნძრევლად იდგა. მე მოძალადეს გავუღიმე და ვუთხარი – დამშვიდდი, შვილო, იარაღი შეინახე და ეს საქმე წყნარად, მშვიდად მოვაგვაროთ-მეთქი, მან კი უფრო მეტი დორბლები გადმოყარა და ზიზღით მომიგო:
– აქიდან გაეთრიე, თორემ, ამ ბოზთან ერთად შენც ზემოდან გაგჟიმავ!
– კარგი, კარგი, დამშვიდდი, ახლავე მივდივართ, – ვუთხარი დორბლიანს, სინამდვილეში კი მასთან მიახლოება და იარაღის წართმევა მინდოდა. გოგონამ კი იფიქრა, მტოვებენო და ორივე ხელი ყელზე შემომხვია, უკნიდან ჩამომეკიდა და კივილი დაიწყო, – არ დამტოვო, არ წახვიდე და ამ პათოლოგის ხელში არ ჩამაგდოო.
დორბლიანი უკიდურესად გაღიზიანდა და შევატყვე, ჩემზე იფიქრა, ამას მოვკლავ და გოგონას ისე ჩავიგდებ ხელშიო. ამიტომ, პისტოლეტის სასხლეტს თითი დააჭირა და გაისროლა... ამ დროს კარგად გაწვრთნილი პირადი მცველივით, ვოვამ ჰაერში გაიფრინა, გადამეფარა და მხარში დაიჭრა, მაგრამ, მოასწრო, პისტოლეტიდან ერთი გაესროლა, რითაც დორბლიანს ტვინი გაასხმევინა.
მოკლული დორბლიანის დანახვაზე ქალს სახე გაუბრწყინდა და, იმის მაგივრად, რომ ეკივლა, ვოვას ჩაეხუტა და მადლობებს უხდიდა.
– რა დროს ხვევნა-კოცნაა, – წავედით! – ვთქვი მე და ვოვასთან და ქალთან ერთად რესტორნიდან გამოვედით.
ქალი იმდენად გახარებული იყო დორბლიანის სიკვდილით, რომ ვიფიქრე, ხომ არ შეიშალა-მეთქი. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და, სანამ ტაქსიში ჩავსხედით და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალეთ, არ გაჩერებულა...
სახლში რომ მივედით, ვოვას ჭრილობა დავუმუშავე, შევუხვიე და ვუთხარი:
– შენ მე სიკვდილს გადამარჩინე. ტყვია თვალში მხვდებოდა და შენი ტანით, შენი სიცოცხლის ფასად დამიცავი.
ვოვას ჩემი სიტყვები ესიამოვნა და მომიგო:
– რას ამბობ, ბაბუა, მე შენს ვალს სიცოცხლის ბოლომდე ვერ გადავიხდი.
– არა, უკვე ბარი-ბარში ვართ, – ვუთხარი ვოვას და გადავეხვიე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში