ვითომ გასართობი საქმე
შერლოკმა მოჭუტული თვალებით შეხედა უოტსონს და ექიმი მაშინვე მიხვდა, რომ მის მეგობარს საინტერესო საქმე გამოუჩნდა.
– აბა, მოწყენილობას ბოლო მოეღო? რით უნდა გავერთოთ?
– აბა, რა გითხრათ... ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოჩვენებების ეშინია. დეპტფორდის მხარეში რამდენიმე ძველებური სახლი კიდევ შემორჩა. ერთ-ერთ ასეთ სახლში ცხოვრობდა უილსონების ოჯახი: ფაიფურით მოვაჭრე ჰორაციო უილსონი, მისი ცოლი, ქალიშვილი, უმცროსი ვაჟი – ასევე ჰორაციო და უფროსი ჰორაციო უილსონის ძმა – ტიბალდი, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა უცხოეთში და ოჯახს ორი წლის წინ შემოუერთდა. მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მდინარესთან იპოვეს დამხრჩვალი უფროსი ჰორაციო უილსონი. მას დალევა უყვარდა და პოლიციამ ივარაუდა, რომ მთვრალი წაიქცა, თავი ქვას დაარტყა და გონება დაკარგა და, რადგან ზამთარი იყო, გაიყინა. რამდენიმე თვის შემდეგ მისი მეუღლე გულის შეტევით გარდაიცვალა. გულის ქრონიკული დაავადება, ეტყობა, დედისგან მის ვაჟსაც გადაეცა.
– დიახ, ასეთი რამე შესაძლებელია, – ჩაურთო უოტსონმა.
– ჰო, რა თქმა უნდა. ამიტომ, არც პოლიციას შეუტანია ეჭვი. ოთხი თვის წინ კი, მის უილსონმა ძმა სავარძელში მკვდარი იპოვა. მიზეზი – გულის შეტევა. მიცვალებულს სახეზე საშინელი შიში ჰქონდა აღბეჭდილი. როგორც ადგილობრივმა ექიმმა თქვა, გულის შეტევას თან ახლავს სიკვდილის შიში და მიცვალებულებს ხშირად აღენიშნებათ სახეზე არანორმალური პანიკა.
უოტსონი თავის დაქნევით დაეთანხმა.
– ჰოდა, ახლა ჯენეტ უილსონს გადაწყვეტილი აქვს საგვარეულო სახლის გაყიდვა და ინგლისიდან გამგზავრება. ბიძამისმა, რომელსაც საკმაოდ უცნაური პროფესია აქვს – ის იადონებს სტვენას ასწავლის – მომმართა თხოვნით: დავარწმუნო მის ჯენეტი, რომ მისი შიშები უსაფუძვლოა, რომ სახლში მოჩვენებები არ ცხოვრობენ და წასვლა გადავაფიქრებინო.
– იადონებს სიმღერას ასწავლის? – გაეღიმა ექიმ უოტსონს.
– კანარის ჩიტებს. ცნობილია, რომ ეს ჩიტები მხოლოდ დღის შუქზე მღერიან, ტიბალდ უილსონის ჩიტებს კი ამის გაკეთება ღამითაც შეუძლიათ, ლამპის შუქზე, თან, სხვადასხვა არსებების ხმის იმიტაციას ახდენენ. როგორც უილსონი ამბობს, ასეთი ჩიტები დიდი პოპულარობით სარგებლობენ იმ ადამიანებში, ვისაც უძილობა აწუხებს.
– საინტერესოა...
– ჰო, საინტერესოა. ამიტომაც, ახლა მე და თქვენ დეპტფორდში გავემგზავრებით. კები უკვე გამოძახებულია.
ტიბალდ უილსონი ჯმუხი, მკაცრსახიანი კაცი აღმოჩნდა, მოუსვენრად მოძრავი თვალებით. ჰოლმსი მას მიესალმა და ხელჯოხი შეუქო:
– შესანიშნავია, მისტერ უილსონ, ეს, ალბათ, კუბიდან ჩამოიტანეთ.
– დიახ, მაგრამ, როგორ მიხვდით?
– იმ ჯიშის ხე, რომლისგანაც თქვენი ხელჯოხია დამზადებული, მხოლოდ კუბაში ხარობს; თანაც, ხელჯოხის სახელური საკმაოდ გაცვეთილია. თქვენ ხომ დიდხანს ცხოვრობდით უცხოეთში, ესე იგი, ხელჯოხი იქაც გემსახურებოდათ. მარტივი ლოგიკაა.
– საინტერესო ლოგიკაა. მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს ძმისშვილსაც ასე ლოგიკურად აუხსნით მისი შიშების უსაფუძვლობას.
– შეიძლება, სახლი დავათვალიერო? ამ ტიპის სახლებს ყოველთვის აქვს სარდაფები. მეც სარდაფიდან დავიწყებ. თქვენი ძმისშვილი სახლშია?
– დიახ, ახლავე ჩამოვა. თქვა, დღეს ამ სახლში ბოლო ღამეს ვატარებ, ხვალ გავემგზავრებიო.
ჰოლმსმა ნიკაპი მოისრისა და მოღუშული მიეგება ახალგაზრდა, წითურთმიან, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ლედის.
– მილედი, ბიძათქვენმა თქვა, რომ ეს სახლი გაშინებთ. შეიძლება, ამიხსნათ, კონკრეტულად, რისი გეშინიათ? – ჰკითხა ჰოლმსმა.
– იცით, კონკრეტულად გამიჭირდება ახსნა... ეს ჩრდილები, გაურკვეველი ხმები...
– ჯენეტ, ნუთუ შეიძლება, ჩრდილის გამო ამხელა მემკვიდრეობაზე უარი თქვა? – თავისი წყრომა ვერ დამალა ტიბალდ უილსონმა.
– ჩრდილები არ არის მთავარი. მისტერ ჰოლმს, არც თქვენ გჯერათ ქალური ინტუიციის? – ქალიშვილი ჰოლმსს მიუბრუნდა.
– პირიქით, ჩემო კარგო, პირიქით. მჯერა და მეცინება იმ მამაკაცებზე, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ. ერთი კითხვაც, მილედი: თქვენც გაწუხებთ თანდაყოლილი გენეტიკური გულის სისუსტე?
– სამწუხაროდ, მეც ჩემი ძმასავით, დედის კვალზე წავედი, – თავი დააქნია ჯენეტმა.
– ახლა სარდაფში ჩავიდეთ, მერე კი ზემოთ, საძინებლებს დავათვალიერებ, თქვენი ნებართვით.
– სარდაფს იშვიათად ვიყენებთ, – თქვა ჯენეტმა, – იქ მხოლოდ ბიძია ჩადის და მისი ჩიტების ცარიელი გალიები აწყვია.
ჰოლმსმა სულ რამდენიმე წუთი დაჰყო სარდაფში. დაათვალიერა დიდი თუჯის ძველებური ღუმელი, რომელიც მილებით, სავარაუდოდ, საძინებლებს უკავშირდებოდა.
– თქვენ, ალბათ, შეწუხებულები ხართ ვირთხებისგან. აქვე ხომ მდინარის ნაპირია, თანაც ქოხმახებიც ახლოსაა, – ჰკითხა ჯენეტს ჰოლმსმა, როცა სარდაფიდან ამოვიდნენ.
– დიახ. გვაწუხებდნენ, მაგრამ, რაც ჩვენთან ბიძია ჩამოვიდა, ისინი უკვალოდ გაქრნენ, თითქოს ჯადო გაუკეთაო.
– არაფერი, მე მხოლოდ შხამი დავყარე სარდაფში.
– და, ბოქლომიც დაადეთ, რომ შემთხვევით შხამით ვინმე არ მოწამლულიყო, ხომ?
– დიახ, – ცოტა დაიბნა კაცი, – ცნობისმოყვარე მოსამსახურე გვყავს.
– თან, ალბათ, ცოტა ზარმაციც. საძინებელში, ჭერთან, ჭვარტლის კვალი შევნიშნე. რა უცნაურია, ღუმლიდან ჭვარტლი იქ როგორ უნდა მოხვედრილიყო? თუმცა, აღარ გვინდა ამაზე. მილედი, თუ ჩემს სიტყვებს ენდობით, შეგიძლიათ, მშვიდად იცხოვროთ ამ სახლში. თუმცა, არჩევანი მაინც თქვენზეა. ჩვენ, დროა, დაგტოვოთ, რადგან, ნისლი უფრო სქელდება, გზა კი საკმაოდ გრძელია და არცთუ უსაფრთხო.
უოტსონი გაოცებული იყო მეგობრის საქციელით:
– თქვენ ეს ახალგაზრდა ქალი ნერვებაშლილობის მსხვერპლი გგონიათ? მე ექიმი ვარ და, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი შემინიშნავს.
– ჩუმად, უოტსონ, ჩუმად! ჩვენ ახლა წავალთ, გოლფის სათამაშო ჯოხებს ვიყიდით და უკანვე დავბრუნდებით. ღამეს კი ახალგაზრდა ქალის საძინებელში გავათევთ. საქმე იმაზე გაცილებით რთულადაა, ვიდრე წარმოგვედგინა. აქ მკვლელი მოქმედებს, ცივსისხლიანი მკვლელი და მას ხელი უნდა შევუშალოთ. თქვენ, ალბათ, ვერ შენიშნეთ, რომ ბიძის საძინებელში ჩვეულებრივი ღია ბუხარია, დანარჩენ საძინებლებში კი გათბობა იმ მილებით ხვდება, რომლებიც სარდაფში დიდ ღუმელს უერთდება. თანაც, მილებს თხელი „სარკმლები“ აქვს. რისთვის არის ეს სარკმლები საჭირო?.. ნუ დაგვავიწყდება კედლების ზედა მხარეზე ჭვარტლის კვალიც...
ახალგაზრდა უილსონის საძინებელში უჩუმრად შეაღწიეს. უოტსონისთვის გამაოგნებელი იყო, როდის მოასწრო მისმა მეგობარმა ჯენეტის გაფრთხილება.
გათბობის მილთან ახლოს გალია ეკიდა, მომღერალი ჩიტით.
– ეს რა არის? – იკითხა ჰოლმსმა.
– ეს ბიძიამ შემომიყვანა. მეც, ჩემი ძმასავით, უძილობა მაწუხებს და, მითხრა, მინდა, შენი უკანასკნელი ღამე ამ სახლში სასიამოვნოდ გაატაროო, თუმცა, ძალიან უცნაურ და სულის შემძვრელ ხმებს გამოსცემს – კვნესასავით. ამიტომ, ჩამოვაფარე, რომ ჩუმად იყოს.
– კარგად მოქცეულხართ, მილედი, გონივრულად. ახლა მიბრძანდით თქვენი ძმის საძინებელში და დაიძინეთ. გახსოვდეთ, რომ აქ თქვენს დასაცავად ვართ. და, კიდევ: თქვენი ძმაც თავის საძინებელში იყო, როცა გარდაიცვალა?
– დიახ, მისტერ ჰოლმს. მანამდე კი ეგ ოთახი დედაჩემს ეკუთვნოდა. ჩემი ძმაც იმავე სავარძელში ვიპოვე გარდაცვლილი, რომელშიც დედა.
როგორც კი ქალიშვილი გავიდა, ჰოლმსმა ლამპა აანთო და იადონის გალიას თავშალი გადახადა. თან ბურტყუნებდა: „ღია ბუხარი საძინებელში... რა სისულელეა, როცა სახლში გათბობის ქვაბია... რატომ არ გიკვირთ, უოტსონ?... მეგობარო, არ მოდუნდეთ და ეგ ჯოხიც კარგად მოიმარჯვეთ, მალე დაიწყება...
უოტსონმა იგრძნო, როგორ ეყინებოდა ძარღვებში სისხლი. იადონი რაღაც არაადამიანურ, გულის მომკვლელ მელოდიას უსტვენდა. ეს უფრო ტირილს ჰგავდა, გლოვას... უცებ, მილის თხელი ფირფიტა გადაიწია და იქიდან საზიზღარმა არსებამ გამოყო საცეცები ჰოლმსმა მხარზე უბიძგა უოტსონს, რომელიც შიშისგან სუნთქვაშეკრული უყურებდა მილს... ტარანტული მოზრდილი თეფშის ზომის იყო. მისთვის არაფერს წარმოადგენდა არათუ ჩიტის, არამედ, ვირთხისა და კურდღლისათვის კისრის გადატეხა და მერე შეჭმა. მაგრამ, ეს კიდევ არ იყო ყველაფერი – ტარანტული თავისი გარეგნობით სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც დამართებდა შიშის ზაფრას.
– შეხედეთ, უოტსონ, შეხედეთ! ჯოხი მოიმარჯვეთ და მაგრად დაარტყით! ახლა ხვდები, ვისი ჭვარტლიანი ნაკვალევია ჭერში და რატომ არის იმ ორფეხა ურჩხულის ოთახში ღია ბუხარი, ან, რატომ გაუჩინარდნენ ვირთხები... ეს ტარანტული კუბაში ბინადრობს და, ძირითადად, იმ არსებებით იკვებება, რომელთა ხმასაც ეს საცოდავი იადონი გამოსცემს. ახლა ხვდებით, რისთვის წვრთნიდა იადონებს? – სატყუარებად! შესანიშნავი საშუალებაა მდიდარი ნათესავების მოსაშორებლად და მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად... იარაღი! უოტსონ, მომეცით ჩემი პისტოლეტი, თორემ, მეორეც მოძვრება... სუსტი გულის ქალიშვილის მოსაკლავად ერთიც საკმარისი იქნებოდა, აქ კი ორია, ორი ურჩხული!..
პოლიციამ ტიბალდ უილსონი ვერ დააკავა, ამ ამბებიდან ორი კვირის შემდეგ კი მისი გვამი მდინარეში იპოვეს... მის ჯენეტი შიშებისგან გათავისუფლდა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ