კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹6-13(587) 

 

შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს ტანსაცმლით პირდაპირ ყინულივით ცივ წყალში ჩააგდეს. მერე ამოიყვანეს და, ასევე, სველ-სველი პოდიუმზე აიყვანეს, ასობით წყვილი ცნობისმოყვარე თვალის სამსჯავროზე. ქეთიმ გაუბედავად ასწია თავი... კაცი მას რაღაცნაირი, უცნაური ღიმილით უყურებდა, თან, ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა. მხოლოდ უყურებდა და სწორედ ეს მზერა იყო საოცრად დამთრგუნველი. ქეთიმ ვერაფერი მოიფიქრა. ვერ გადაწყვიტა, უხმოდ გასულიყო კაბინეტიდან, თუ დალოდებოდა, რას იტყოდა ბოლოს და ბოლოს შეფი. ჰო, შეფი. ასათიანი მისთვისაც და ამ ოფისში მყოფი სხვა ქალებისთვისაც ჯერ შეფი იყო და მხოლოდ ამის მერე – მამაკაცი.

– როგორ ხარ? აქაურობას კარგად შეეწყვე?

 ქეთიმ უფრო მისი ტუჩების მოძრაობით გაიგო ნათქვამი.

– თუ რამე წინადადება ან იდეა გაქვს, რომელიც შენს მუშაობას პოზიტიური მიმართულებით შეუწყობს ხელს, გისმენ. მართლა, დაჯექი, ფეხზე რატომ დგახარ?

ქეთის ისევ გაუჩნდა შეგრძნება, რომ ცივი წყლით დაასველეს. გაუბედავად ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე და ბეჯითი მოსწავლესავით ხელები მუხლებზე დაიწყო. ასათიანი მისგან პასუხს ელოდა და უხერხულობა როგორმე უნდა დაეძლია, რაც მის ძალ-ღონეს აღემატებოდა. ასათიანი კი, მზერას არ აშორებდა.

– ყველაფერი კარგად არის, – ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონი ხმით, – გმადლობთ.

– შენზე ისეთი ინფორმაცია მაქვს... ნათია ძალიან კმაყოფილია, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.

– ვცდილობ, ჩემი საქმე კარგად გავაკეთო.

– ნამდვილად ცდილობ. თუმცა, ერთი პატარა პრობლემა მაინც არის.

– პრობლემა? რა პრობლემა? – ქეთის ხელები აუკანკალდა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.

– ეს სალათა არ მიყვარს, – კაცმა თვალები მოჭუტა და უცებ გადაიქცა პატარა, ანც ბიჭუნად.

გოგო გაწითლდა:

– ვაიმე, ეს ჩემი გემოვნებით შევარჩიე. არა, ჩემი გემოვნებით კი არა, ამის თქმა არ მინდოდა... ქალბატონმა ნათიამ რომ მითხრა, რამე სალათაო, უკეთესი ვერ მოვიფიქრე. მე, მე არ ვიცოდი, რა გიყვართ. ახლავე ჩავალ და სხვა რამეს ამოგიტანთ, თქვენ მარტო მითხარით, რა გირჩევნიათ, – წამოხტა ქეთი.

– არა, არა, არსად ჩასვლა არ არის საჭირო. ისე მშია, არჩევაზე ნამდვილად არ მაქვს საქმე.

– ძალიან ვწუხვარ, ძალიან...

– არა უშავს, ამაზე არ იდარდო. ორივე ერთად როგორმე გამოვასწორებთ ამ შეცდომას. 

ქეთიმ მექანიკურად დაუქნია თავი, თუმცა, ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამით ასათიანს.

– შენ რას აკეთებ?

– ახლა?

– არა. ახლა აქ ხარ, ჩემს კაბინეტში. საერთოდ რას აკეთებ-მეთქი დღის განმავლობაში,  ამის თქმა მინდოდა.

– რასაც ქალბატონი ნათია დამავალებს.

– აჰა, გავიგე. ანუ, საღამო თავისუფალი გაქვს.

– საღამოს სახლში მივდივარ...

– პრობლემა ხომ არ იქნება, თუ სახლში ცოტას დააგვიანებ? ხომ არ გაგიჯავრდებიან?

– ალბათ, არა... გინდათ, რამე დამავალოთ? იმდენ ხანს დავრჩები და ვიმუშავებ, სანამდეც საჭირო იქნება.

– მშვენიერია, მშვენიერია, შანსს გაძლევ, გამოისყიდო შენი „დანაშაული“. უჩემოდ არ წახვიდე.

– ბატონო დიმიტრი...

– მგონი, შევთანხმდით. იცოდე, უარს აღარ მივიღებ. ამ სალათას კი შევჭამ, იქნებ, მომეწონოს კიდეც... აი, ვახოც მოვიდა... შემოდი, შემოდი, სალათაზე დამეწვიე, ძალიან მაგარი ჩანს...

კაბინეტში შემოსულმა ვახომ ჯერ სავარძელთან უხერხულად აბუზული ქეთი შეათვალიერა დაჟინებული, ცნობისმოყვარე მზერით. მერე სალათას დახედა ამრეზით და მეგობართან საუბარი პირდაპირ საყვედურით დაიწყო:

– რომ ჩამობრძანდი, არ უნდა გეთქვა? სხვისგან რატომ უნდა ვიგებდე ამ ამბავს?

– აჰა, ჩხუბიც არ ამცდა. მიდი, მიდი, დღეს კარგ გუნებაზე ვარ და ჯიჯღინსაც გაპატიებ. ქეთი, თავისუფალი ხარ. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი...

ვახო უცერემონიოდ მიუჯდა მაგიდას და ზედაპირზე თითები აათამაშა.

– რაო, ვისგან გავიგე ეს ამბავიო?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ ჩემთვის არ დაგირეკავს.

– გამთენიისას ჩამოვფრინდი. ლოგინიდან ხომ არ წამოგახტუნებდი? მანქანა აეროპორტში მყავდა დატოვებული. დასვენება მინდოდა და პირდაპირ ოფისში წამოვედი.

– ნუ მაგიჟებ. დასასვენებლად ოფისში წამოხვედი?

– ჰო, რა იყო? აქ თითქმის ყველაფერი მაქვს, საშხაპე და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი... თან, მამაჩემთან სალაპარაკოდ მზად არ ვიყავი.

– რატომ? ვერ მოაგვარე საქმე?

– პირიქით, ყველაფერი შესანიშნავად გამომივიდა – ძალიან კარგი სახლი შევიძინე მშვენიერ ფასად.

– მართლა? მაშ, წავსულვარ ალპებში სასრიალოდ.

– ეს ოჯახური სასტუმროა, ვახო, – მრავალმნიშვნელოვნად გააფრთხილა დიმიტრიმ.

– მერე, მეც ოჯახით ვაპირებ წამოსვლას, სხვა არაფერი მიფიქრია, – შეიცხადა ვახომ და ამოიოხრა.

– ახლა, არ მითხრა, რომ ნანობ ოჯახის შექმნას, – მიუხვდა დიმა.

– არა, კი არ ვნანობ, მაგრამ, ცოლ-შვილიანი კაცის ცხოვრება ადვილი არ არის. ხომ იცი, მამაკაცი ბუნებით ქალზე მეტად გარყვნილი და ქარაფშუტაა, ეშმაკი რომ შემოგიჩნდება... მერე,  გარშემო იმდენი საცდურია...

– მორჩი ამ სისულელეებს. არაჩვეულებრივი ცოლი გყავს და მიხედე, თორემ, თუ ქალს შეუყვარდა, ყველაზე საშინელ, კატასტროფულ საქციელს უნდა ელოდე მისგან. მამაკაცი ვერც კი  მივა მასთან.

– შეიძლება. მაგრამ, ცოლი მაინც ცოლია! – ბრძენი კაცივით ჩაილაპარაკა ვახომ.

– იცი, რას გეტყვი? არ მახსოვდეს მაინც, რას აკეთებდი, ცისია ცოლობაზე რომ დაგეთანხმებინა. ასე რომ, გეყოფა წუწუნი.

– არ ვწუწუნებ, მაგრამ... შეირთავ ცოლს და მერე მიხვდები.

– მე უკვე მივხვდი.

– რას მიხვდი, აბა, მითხარი, – გაეცინა ვახოს.

– იმას, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო მეცვლება ქალებზე წარმოდგენა და უფრო მომთხოვნი ვხდები იმათ მიმართ, ვის ლოგინში ჩაწვენასაც ვაპირებ.

– ჰო, აბა, რა! ფულიც გემატება, პოპულარობაც, შესაძლებლობებიც და, რა არის ამაში გასაკვირი?

– არა, შენ ვერ გამიგე. მომთხოვნი არ ნიშნავს იმას, რომ გარეგნობას ვუწუნებ ან მაგარ ნაშებს დავეძებ. ეს არ მიგულისხმია. ინტუიციურად ვეძებ პარტნიორს, მეწყვილეს.

ვახომ წაუსტვინა:

– ვა, შენ არ ხუმრობ? შვილები მოგინდა?

– რატომაც არა?!

– ეე... ბავშვები კარგი რამეა, შვილები –  მით უმეტეს, თანაც, საკუთარი შვილები. მაგრამ ყველაზე ცუდი მათში ის არის, რომ ისინი   თავისუფლების დიდ ნაწილს გვართმევენ. სამაგიეროდ... ნუ იბღვირები, სამაგიეროდ-მეთქი... მათ უნიკალური თვისება აქვთ – სიცოცხლის არსი გაგრძნობინონ...

– ვახო?! ყოჩაღ! სასიამოვნოდ გამაოცე.  რაღაც შენც გიგრძნია.

– ჰო, აბა, რა! ეს რა არის, რას ჭამ? – ცხვირი შეიჭმუხნა ვახომ.

– იმას, რაც ჩვენს ბუფეტში იყო.

– რა საზიზღრობაა...

– აბა, აბა, ვჭამ და, ნუ უზრდელობ, ძალიან გთხოვ!

– თუ გშიოდა, გეთქვა და რესტორნიდან მოგიტანდი რამეს.

– არა უშავს, რესტორნის განწყობაც მექნება. ახლა კი ეს სალათაც „წავა“, არ არის პრობლემა.

– ახლა არ მითხრა, რომ, გინდა, თავი შენი თანამშრომლების „ტყავში“ იგრძნო და მათი პრობლემები უკეთ გაითავისო.

– ვახო, ნუ აფრენ!

– რატომ ვაფრენ? კრეატიულად მოაზროვნე უფროსები ასე იქცევიან.

– კრეატიულიო... მშიოდა, გესმის? უბრალოდ, მშიოდა – სულ ეს არის. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ნორმალური სალათაა და გეყოფა ახლა. თუ საქმე გაქვს, გადადი საქმეზე.

– საქმე? ჰო, მაქვს... ნატუსიას ამბავი მომიყევი.

– მოსაყოლი არაფერია.

– როგორ თუ არაფერი?! როგორ დაუძვერი ხელიდან?

დიმამ მხრები აიჩეჩა:

– გითხარი, მოსაყოლი არაფერია-მეთქი. დავუძვერი, რა!

– ნატუსიას ამბავი რომ ვიცი, მარტივად არ იქნებოდა საქმე.

– მარტივად იყო, მარტივად... მოვხვეტე ჩემი ბარგი და სხვა სასტუმროში გადავედი, სულ ეს იყო.

– ზრდილობის გულისთვის მაინც დაგეპატიჟებინა ვახშამზე.

დიმა შეიჭმუხნა:

– ვახო, შენთვის არ მითქვამს?

– რა?

– რა და, რისი გაკეთება არ შეიძლება ზრდილობის გულისთვის. მომისმინე და კარგად დაიხსომე: ზრდილობის გულისთვის არასოდეს გაიკეთო „წამალი“, არ ჩაება პოლიტიკურ კამათში და არ მოიხატო სხეული სვირინგებით. გაიგე?

– ვაა!..

– რა, ვა?! პირს ნუ კი დააღებ, გაითვალისწინე.

– მოკლედ, მეტისმეტად დაბრძენებული ჩამოხვედი ევროპიდან.

– ვახო, ისე ნუ იზამ, რომ ეს მშვენიერი განწყობა გამიფუჭო. ზოგჯერ ნატუსიაზე უარესი ხარ.

– არა, ტო... ეგ საიდან მოიტანე?! გამიხარდა, მაგდამ რომ მითხრა, ჩამოვიდაო და ეგრევე აქეთ გამოვქანდი.

– ჰოდა, როგორც გამოქანდი, ისევ გაქანდი უკან. სამუშაო მაქვს.

ვახო გაიბუსხა:

– გეუბნები, რა... ევროპაში აშკარად რაღაც მოხდა. ვფიქრობდი, საღამოს სადმე წავალთ-მეთქი. ერთი მაგარი რესტორანჩიკი მეგულება, იქ ნაღდად არ იქნები ნამყოფი. წავიდეთ?

– სხვა დროს, – იუარა დიმამ, – საღამოს სხვა გეგმები მაქვს.

ვახოს ნირი წაუხდა და ხელები გაშალა.

– ჰმ, მეც არ ვიფიქრე, შეიცვალა-მეთქი? ვიცი შენი „გეგმები“... აბა, ნაშობა მორჩა და ქალების მიმართ სხვა მოთხოვნები მაქვსო? ვიღაც ააგდე, არა? ვინ არის? მე ვიცნობ?

– კარგი რა, არავინაც არ ამიგდია. იმდენი წვრილმანი დაგროვდა, ამ ყველაფერს მოგვარება სჭირდება. მერე დაგირეკავ, მოგვიანებით.

– მეც გეტყვი ერთ სიბრძნეს, შეიძლება? – თვალები მოჭუტა ვახომ. 

ასათიანი მოიღუშა:

– ვიცი შენი სიბრძნეების ამბავი, ეგეც სხვა დროს იყოს.

– არა, არა, ახლა უნდა გითხრა, მერე შეიძლება, გვიან იყოს, ცოტა იმასავით ჟღერს... მცნებასავით: არ მოინდომო შენი ახლობლის ცოლი; თუ – მოყვასისა... პრინციპში ამას მნიშვნელობა არ აქვს... ერთი სიტყვით, თავიდან მოვყვები: არ მოინდომო შენი მოყვასის ცოლი, თუკი არ გინდა, რომ ერთდროულად ოთხ ადამიანს გაუფუჭო ცხოვრება, რომ არ ჩავთვალოთ ბავშვები და შინაური ცხოველები... როგორია?!

– მაგარი. მაგრამ, უფრო მაგარი იქნება, თუ ტექსტად აკრეფ, პრინტერზე ამობეჭდავ და კედელზე გააკრავ. შენ უფრო გჭირდება ეგ და, შემიძლია, ჩემი კომპიუტერიც გათხოვო.

– კარგი, ყველაფერი გასაგებია, მივდივარ.

– ჰოდა, ასე, კარგად იყავი.

ვახომ რაღაც თავისთვის ჩაიბურტყუნა და კარი გაიჯახუნა...

***

ქეთი მთელი დღე ისე იჯდა თავის მაგიდასთან, როგორც გახურებულ ნაკვერჩხლებზე. მოუსვენრად ცქმუტავდა და წრიალებდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა ნათიას მახვილ თვალს. ცოტა ხანს შორიდან უყურა, მერე კი თავზე წამოადგა.

– რა მოხდა, რამე პრობლემა გაქვს?

– არა, – შეცბა ქეთი, – არანაირი პრობლემა არ მაქვს.

– აბა, რატომ არ მუშაობ?

– როგორ არ ვმუშაობ? – ქეთი აფორიაქდა, – ვმუშაობ...

– ზემოთ იყავი?

– ზემოთ? სად? ასათიანთან? დიახ, როგორც მითხარით, სალათა ავუტანე.

– ჰო... ესე იგი, აუტანე?

– დიახ. მაგიდაზე დავტოვე და წამოვედი.

– არაფერი უთქვამს?

– ვის? ა... არა, არაფერი. თუმცა, ვცდები, მითხრა, უფრო სწორად, თქვა, ეს სალათა არ მიყვარსო და მე წამოვედი.

ნათიამ ეჭვით ახედა ქეთის.

– ასეთი რა აუტანე?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე თვითონ არ გამისინჯავს... მგონი, სოკოს სალათა იყო.

– სხვა დროს დააკვირდი, რას სთავაზობ შენი სამსახურის უფროსს.

– გავითვალისწინებ...

– კარგი იქნება. ახლა კი იმუშავე...

„იმუშავე” – სათქმელად იყო ადვილი. რამდენიმე საათის წინ ასათიანის მიერ ნათქვამი სიტყვები ქეთისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა და ეს პირდაპირპროპორციულად აისახა მის შრომისუნარიანობაზე... მიუხედავად ნათიას გაფრთხილებისა, ვერც აზრებს მოუყარა თავი და ვერც ყურადღების კონცენტრაცია შეძლო. მექანიკურად აკეთებდა თავის საქმეს, უფრო ინერციით, ვიდრე მისთვის დამახასიათებელი მონდომებით. მოლოდინი უარესად დამთრგუნველი აღმოჩნდა. ასათიანს არ უთქვამს, რა საქმე ექნებოდა მასთან საღამოს, თუმცა, ქეთი სულელი არ იყო და ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ეს „საქმე“ სამსახურს არ უკავშირდებოდა. ტანსაცმელზე დაიხედა: ოდნავ ფართო, სადა და არამოდური ქვედაბოლო ეცვა და ისეთივე ფერის პულოვერი. არც ფერი უხდებოდა, არც მოდელი, მაგრამ, ქეთის არჩევნის საშუალება არასდროს  ჰქონია. უფრო თანამედროვე, ლამაზ და მოხერხებულ სამოსზე ვერც იოცნებებდა. ლელი ყოველთვის მკაცრად აკონტროლებდა მის ჩაცმულობას. ქეთიც სკანდალს ერიდებოდა და იცვამდა იმას, რაც ლელის მიაჩნდა საჭიროდ. არც პროტესტის გრძნობა ჰქონდა, რაც ახლა ერთბაშად გაუჩნდა. თუმცა, კონკრეტულ მომენტში მაინც ვერაფერს შეცვლიდა. 

„ნეტავი, რა უნდა ასათიანს ჩემგან... ისე, ძალიან სიმპათიურია და, როცა გელაპარაკება, გრძნობ, რომ უარს ვერაფერზე ეტყვი, რაც არ უნდა გთხოვოს. მისი ფინანსური შესაძლებლობები არაფერ შუაშია, ერთი ლარიც რომ არ ედოს ჯიბეში, მაინც მოეწონებათ ქალებს. აქვს რაღაც ისეთი ხიბლი, გულგრილს რომ არ დაგტოვებს. ნეტავი, რა უნდა მითხრას?! შანსს გაძლევ, დღევანდელი დანაშაული გამოასწორო... ამას რომ მეუბნებოდა, თან იღიმებოდა... ესე იგი, არ ბრაზობდა. ძალიან შუბლგახსნილი არ არის, მაგრამ, ბრაზიანიც არ ჩანს...” – ქეთიმ ამოიოხრა და საათს შეხედა. სამსახურის დამთავრებამდე ორი საათი რჩებოდა. თანამშრომლებს გახედა. მარიკო კომპიუტერზე რაღაც ტექსტებს კრეფდა და, ერთი შეხედვით, მთლიანად ამ საქმით იყო დაკავებული. მაგრამ, მოულოდნელად ადგა და მაგდასთან გავიდა. ქეთიმ ეჭვით გახედა მიმავალს. აინტერესებდა, მასზე საჭორაოდ გავიდა თანამშრომელი თუ თავისი პირადი საქმის გამო. მარიკოს ერთხელაც არ გამოუხედავს მისკენ და ქეთიც ნელ-ნელა დამშვიდდა...

***

... მაგდა ბუზღუნით არჩევდა ქაღალდებს. მარიკოსთვის არ შეუხედავს. იმან ერთხანს აცადა, მერე კი საყვედურით ჰკითხა:

– ყურადღებას რატომ არ მაქცევ?

– მე?

– ჰო, შენ. ჯერ შესვენებაზე არ გამომყევი და შენ გამო მშიერი დავრჩი. სად გაძვერი, თვალი ვერ შეგასწარი. ახლა აქ ვდგავარ და ზედაც არ მიყურებ.

– საქმე მაქვს, ვერ ხედავ?

– ვხედავ, სულელი კი არ ვარ. იმაზე გაცილებით ბევრს ვხედავ და რაღაც-რაღაცეებს ვამჩნევ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

– არ გინდა ეს ორაზროვანი ლაპარაკი, შეგიძლია, პირდაპირ მკითხო, რა  გაინტერესებს და მეც გიპასუხებ, არ არის პრობლემა.

– არაფერს არ გეკითხები, ნუ იღრინები.

– არ გინდა, ისედაც გეტყვი: უშომ სადილზე დამპატიჟა და იქ ვიყავი. მოგატყუე, დედაჩემს უნდა გავყვე-მეთქი, რომ გითხარი.

– აჰა! – მარიკომ ირონიულად ჩაიცინა, თითქოს ამბობდა, შენ მაინც ვერაფერს გამომაპარებდი, უსიტყვოდაც მივხვდი, რაღაც რომ ხდებოდაო.

– ნინიმ იცის ეს ამბავი?

– ნინი რა შუაშია?! – გაღიზიანდა მაგდა, – რა შუაშია ნინი?!

– შუაშიც არის და თავშიც. ნუ ამახსნევინებ ახლა, ისედაც იცი, რასაც ვგულისხმობ.

– არ ვიცი. ისეთი არაფერი მომხდარა, ნინის წინაშე თავი ვალდებულად ვიგრძნო ან სინდისმა შემაწუხოს. ცოლად კი არ მივყვები.

– რატომ ბრაზობ, ჭკუას კი არ გარიგებ. შენი ცხოვრება – შენი ცხოვრებაა და იმას შეხვდები, ვისკენაც გული გაგიწევს.

– შენ ფიქრობ, გული უშოსკენ მიმიწევს? რომ გითხრა, სულელი ხარ-მეთქი, გეწყინება. თუ გინდა, გეტყვი, რაზე ვლაპარაკობდით. ოღონდ, მაგრად გაოცდები. ვერც კი წარმოიდგენ, რა იყო ჩვენი საუბრის თემა, უფრო სწორად, ვინ იყო.

მარიკომ წამწამები დააფახულა...

– ჩვენი ახალი თანამშრომელი, ქეთი. მგონი, უკვე უშოც მოხიბლულია.

– რა სისულელეა! – აღმოხდა მარიკოს, – ამას ვერ დავიჯერებ! 

– ხელი აკლია გოგოს, ფეხი თუ, ინტელექტი ან განათლება ჰღალატობს?! შეხედე, როგორი მუშა ფუტკარივით შრომობს და ზუზუნებს თუმცა, არა, არც კი ზუზუნებს...

– ღადაობ ახლა შენ... – ნაძალადევად გაიღიმა მარიკომ.

– სხვა რაღა დამრჩენია, უნდა ვიღადაო. ერთი შენ ყოფილიყავი ჩემს ადგილას, ვნახავდი, როგორ გუნებაზე დადგებოდი... სადილად რომ დაგპატიჟებს კაცი და, აღმოჩნდება, რომ შენგან მხოლოდ ინფორმაციის მიღება უნდა და სხვა არაფერი... – მაგდა ისე გაცხარდა, თვალებიც კი ჩაუწითლდა.

– მოიცა, – შეაჩერა მარიკომ, – შენ რა, უშო მოგწონს?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მომწონს-არ მომწონს, თავს მაინც შეურაცხყოფილად ვგრძნობ. მაგრად გამიტყდა.

– ისე, ნინიმაც თქვა, ქეთიზე რაღაცეები მკითხაო... უყურე შენ ამას... აღარ ხუმრობს, ხომ იცი! – წყრომით ჩაილაპარაკა მარიკომ და გაბრაზებულმა გაიხედა ქეთისკენ.

– ეგ რა შუაშია, კაცები არიან სულელები, თორემ ქეთიში რა უნდა მოგეწონოს, მართლა არ ვიცი...

– ვა, ნინის უნდა ვუთხრათ, არა? – იკითხა მარიკომ.

– არ ვიცი, არ მიფიქრია მაგაზე. პრინციპში, რატომ უნდა ვუთხრათ?

– ნუ, რომ გავაფრთხილოთ, რა!.. რა იცი, რა ხდება?

– მე ეგ საკითხი ნაკლებად მაინტერესებს და მაღელვებს. უშო ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.

– არც მე ვგიჟდები, მაგრამ, ნინი ხომ ჩვენი მეგობარია? მგონი, უნდა იცოდეს, მისი უშო ქეთის რომ ეფარცქვალება.

– თვითონაც გაიგებს, თანაც, მალე, – ჩაიბურტყუნა მაგდამ, – აღარ მინდა ამაზე ვიფიქრო. მორჩა. არავითარი კაცები!.. საქმეს უნდა მივხედო და განვვითარდე, რაღაცას უნდა მივაღწიო. მთელი ცხოვრება აქ ხომ არ ვიჯდები? ინგლისურზეც დავიწყებ სიარულს...

– აჰა, ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ მამაკაცებს წარმატებული და საქმიანი ქალები უფრო მოსწონთ? – ჰკითხა მარიკომ და ჩაფიქრდა.

– არაფერსაც არ ვფიქრობ, – წყრომით მიუგო მაგდამ, – მომწყინდა ოფისის შესასვლელში ჯდომა. გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ყველას უნდა გაუღიმო... იმდენს მივაღწევ, საკუთარი კაბინეტი მექნება და ჩემთან დაუკაკუნებლად ვერავინ შემოვა.

– ეგ ცუდი არ არის, მაგრამ, როგორც ვხედავ, ქეთის არც კაბინეტი აქვს და საქმიანი ქალის იმიჯამდეც ბევრი უკლია, თუმცა... ვეღარ გავიგე ამ გოგოში რა მოსწონთ კაცებს... – მარიკომ ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა...

***

ქეთიმ ჯერ ნაბიჯების ხმა გაიგონა. იგრძნო, რომ ვიღაც ნელ-ნელა უახლოვდებოდა, მაგრამ, თავის აწევა და მისთვის სახეში შეხედვა ვერ გაბედა – შეეშინდა, რომ ისევ წყალში ჩაგდებულის შეგრძნება გაუჩნდებოდა და ეს უარესად დააკომპლექსებდა.

– ყველანი წავიდნენ? – ასათიანი მაგიდასთან შეჩერდა და ქეთიმ მისი გრძელი, კაცისთვის შეუფერებელი თეთრი, მოვლილი თითები დაინახა...

– დიახ, სამუშაო დღე დამთავრდა და...

– და გაცვივდნენ, ხომ?! შენ კი მე მელოდები... ნათიას არ უკითხავს, რატომ არ მიდიხარო?

ქეთი იძულებული გახდა, თავი აეწია და ასათიანის მოჭუტულ თვალებში ღიმილი დაინახა.

– მკითხა, ბატონო დიმიტრი...

– აჰა... მერე, შენ რა უპასუხე?

– არ მითქვამს, რომ თქვენ გელოდებოდით.

– კარგი, იმიტომ რომ, შენთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

– გისმენთ.

– სხვა დროს შეცდომა რომ აღარ დაუშვა, მე და შენ ახლა ერთ ადგილას წავალთ და ჩემი საყვარელი კერძების ჩამონათვალს გაეცნობი, თანაც – პირადად...

– ბატონო დიმიტრი... – ქეთის ენა დაება.

– უარს არ მივიღებ, ეს უბრალოდ მიპატიჟება არ არის, სამსახურებრივი აუცილებლობაა. ხომ არ გინდა, კიდევ ერთხელ დამტოვო მშიერი? მაშინ, აღარაფერი თქვა, უბრალოდ, ადექი და გამომყევი...

ქეთის აღარაფერი უთქვამს. მონუსხულივით მოძრაობდა, ანგარიშმიუცემლად და ინსტინქტურად...

***

... დღეს, შეიძლება, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს შეხვდეთ... შეიძლება, ვერც ვერასოდეს შეხვდეთ... მაგრამ, თუნდაც ვერ შეხვდეთ, ამქვეყნად იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თქვენს გაბედნიერებას. უბრალოდ, უნდა დანებდე და მათ ამისი საშუალება მისცე...

ეპიზოდი წარსულიდან:

... ქეთი უყურებს ქალს, რომელიც უღიმის და არის ამ ღიმილში  რაღაც შემაძრწუნებელი,  შიშის მომგვრელი და დამთრგუნველი... ქალს გვერდით მამაკაცი უდგას, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასეთი ახლობელი და მშობლიური რომ იყო ქეთისთვის... რა შეიცვალა? ყველაფერი... ყველაფერი შეიცვალა. თითქოს დედამიწამაც თავისი ღერძის საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ტრიალი... მაგრამ, რა შეუძლია პატარა გოგოს, რომელმაც თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანიც  კი ვერ დაიცვა... ქალი იღიმება და ქეთის ამ ღიმილის ეშინია... ამ ქალისაც ეშინია და ხვალინდელი დღისაც... პირს აღებს, რომ საშველად დედას მოუხმოს, მაგრამ, მაშინვე ახსენდება, რომ დედა აღარ არის და საკუთარი უსუსურობის, მიუსაფრობის განცდა თვალებს ცრემლებით უვსებს...

***

ასათიანმა თავაზიანად გამოწია სკამი და ქეთის დაჯდომა შესთავაზა.

– თავი ისე იგრძენი, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოში გრძნობ ხოლმე – კომფორტულად და თავისუფლად. ჩავთვალოთ, რომ პატარა მივლინება გაქვს, კულინარიული ექსკურსია, ოღონდ, ამჯერად ინიციატივას საკუთარ ხელში ავიღებ და ყველაფერს მე შევუკვეთავ.

ქეთიმ თავი დაუქნია.

– რას დალევ?

– არ ვიცი, ალბათ, მხოლოდ წვენს.

– არა, არა, წვენსაც დალევ და სხვა რამესაც. კარგი, სასმელსაც თავად ავარჩევ.

– მე ალკოჰოლს არ ვსვამ, ბატონო დიმიტრი, საერთოდ არ ვსვამ.

– შენ გგონია, მე ვსვამ? უბრალოდ, ზოგიერთ კერძს ცოტა კარგი სასმელი ძალიან უხდება. მალე თავად დარწმუნდები ამაში. სხვანაირად, საუბარიც არც აგვეწყობა, მე კი შენი უკეთ გაცნობა მინდა.

ქეთის პირი გაუშრა და თითებით მაგრად ჩააფრინდა სკამის კიდეებს. ასათიანი მასზე უცნაურად მოქმედებდა: ცოტათი აფრთხობდა და წინააღმდეგობის გაწევის უნარს უკარგავდა. ამის მიზეზი მარტო ის არ იყო, რომ კაცს იერარქიულ კიბეზე საკმაოდ მაღალი საფეხური ეკავა და ამ კიბის ბოლოში, სადღაც პირველსა და მეორე საფეხურებს შორის ქეთი ფორთხიალობდა... ასათიანის ხმის ტემბრი, მისი გამოხედვა  თუ მანერები, ქეთიზე საოცარ შთაბედჭილებას ტოვებდა...

– როგორც ვიცი, ეს შენი პირველი სამსახურია – წამოსვლამდე შენს საბუთებში ჩავიხედე. მანამდე რას აკეთებდი?

– მოსწავლეები მყავდა, ინგლისურ ენაში ვამეცადინებდი.

– ესე იგი, ინგლისური კარგად იცი. „სივში“ კი წერენ ხოლმე – ვიციო, მაგრამ, სამსახურში რომ აიყვან, მერე ხედავ, რომ მათი ინგლისური „თენქიუ-გუდბაის“ იქით ვერ მიდის, – გაიცინა ასათიანმა.

– მეც დაახლოებით მაგდენი ვიცი.

– შეუძლებელია, ახლა მატყუებ! ქეთი, მომისმინე, სულ ათი წუთიც არ დამჭირდება ინგლისურში შენი ცოდნის დონის დასადგენად. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტყუილს იმაზე გაცილებით მოკლე ფეხები ექნება, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე.

ქეთის გაეღიმა. ასათიანმა ისე ამოიხვნეშა, თითქოს გულზე მოეშვა.

– ძლივს!.. ღიმილი ძალიან გიხდება... ისე, რაღაც აზრი დამებადა: ზოგჯერ, საქმიან შეხვედრებზე, როცა საქმე ჭირვეულ უცხოელებთან მაქვს, ძალიან არ მინდა, ჩემი ინგლისურის დემონსტრირება მოვახდინო და, ხომ არ დამეხმარები?

– მე? რანაირად? – მხრები აიჩეჩა ქეთიმ.

– თარჯიმნის ფუნქციას ვერ გასწევ? მე კი ვითამაშებ, რომ ინგლისურის არაფერი გამეგება.

– ბატონო დიმიტრი, არ შემიძლია... მაგას, ცოდნას რომ თავი დავანებოთ, გამოცდილება სჭირდება...

– გამოცდილებას შეიძენ. ყველაფერი კარგად იქნება.

– არა, არა, ვერ შევძლებ...

– ქეთი, შენთვის არავის უთქვამს, რომ უფროსს არ უნდა ეკამათო?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3