ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, დიდი ტანის ძაღლები ადვილი შესანახები არიან?
პასუხი: თუ ჯიშიანი ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის შესანახად საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. მისი შეძენა მსურველს, საშუალოდ, 500-დან 2 000 დოლარამდე დაუჯდება, თანაც, საკუთარ თავზე ოთხმაგი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს, კარგად რომ მოუაროს. ლეკვის აყვანამდე აუცილებელია, გაარკვიოთ მისი მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა, რადგან ეს გენეტიკურად გადადის. ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაცის მიერ აკრედიტებული დაბადების მოწმობა. გაითვალისწინეთ, რომ 8 თვის ასაკში კინოლოგიურ ფედერაციაში დაბადების მოწმობა საგვარეულო ნუსხაზე უნდა გადაიცვალოს, სადაც უკვე წინაპრების სამი თაობა წერია როგორც დედის, ასევე, მამის მხრიდან.
კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება ძაღლის ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად, შუადღეს ყოველთვის მაქვს იმის დრო, რომ ძაღლი გარეთ გავიყვანო და ვარბენინო. მირჩიეს, რომ მანქანით გადაადგილდი, ძაღლი უკან გამოგყვება და კარგი ვარჯიშიც გამოუვაო. შეიძლება ასეთი რამე?
პასუხი: ჯერ ერთი, გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის ვარჯიში შუადღეზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ დილით ან საღამოს არის მიზანშეწონილი. ასევე, არ არის სასურველი, თქვენ მანქანით გადაადგილდეთ და ძაღლი უკან გამოგეკიდოთ. თუ მისი ვარჯიში გსურთ, მაშინ, სხვაგვარად უნდა გააკეთოდ ეს, ანუ, მანქანის გარეშე.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რამდენნაირი ტაქსა არსებობს?
პასუხი: ტაქსა არსებობს სამი სახის. გერმანული კლასიფიკაციით არის საშუალო ტაქსა, მინიატურული და ჯუჯა. საშუალო ტაქსას სიმაღლე ზურგიდან 22-26 სანტიმეტრია, მინიატურულის – 16-21, ხოლო ჯუჯას – 11-16 სანტიმეტრი. პატარა ტაქსას „კურდღლის ტაქსას” ეძახიან, რადგან ისინი კურდღლის სოროებში სანადიროდ გამოიყენებოდა. დიდი ტაქსა 9 კილოგრამამდე იწონის, კურდღელი კი იმხელა სოროს არ თხრის, რომ ის გაეტიოს. მინიატურული ტაქსა 4-5 კილოგრამს იწონის, ხოლო ჯუჯები – 3,5 კილომდე არიან. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავს ტაქსა, სამეფო ოჯახებსაც კი. გერმანიასა და ავსტრიაში კი ნაციონალურ ჯიშად ითვლება და ხშირად მასა და მის პატრონს ტყუპებივით ერთნაირ სამოსში გამოწყობილებსაც ნახავთ.