ვინ იპოვა 22 წლის წინ დაკარგული მეგობარი და რა მოულოდნელი სიხარული ეწვია სოფელ ქვეშეთში მცხოვრებ 44 წლის ქალს
44 წლის ლია ნოდარის ასული კუსრაშვილი ეძებდა 44 წლის ნათელა თორღვას ასულ წიკლაურს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 44 წლის ნათელა თორღვას ასულ წიკლაურს. მე და ნათელა ერთად ვსწავლობდით მესამე სამედიცინო სასწავლებელში. 1986 წელს ორივემ დავამთავრეთ ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი. ნათელა ფასანაურის რაიონის სოფელ ოშპიტელიდან იყო, მე კი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში ვცხოვრობდი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩვენ ერთმანეთს წერილობით ვეკონტაქტებოდით, მაგრამ, 1990 წლის შემდეგ წერილები შეწყდა და მას შემდეგ ჩემი მეგობრის შესახებ არაფერი ვიცი. ძალიან მინდა ნათელას პოვნა და მასთან კავშირის აღდგენა. ჩემთვის ნათელა მხოლოდ მეგობარი არ ყოფილა, ის მე საკუთარი დასავით მიყვარს. დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობრის პოვნაში დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ ¹9-ში, რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. მაშინ ქალბატონი ლია ტელეფონით დამიკავშირდა, რადგან, თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. დაკარგული მეგობრის (ნათელას) ფოტოს არქონის მიუხედავად, ამ ისტორიას კეთილი დასასრული აღმოაჩნდა. დღესდღეობით მეგობრებს შორის კავშირი აღდგენილია. რუბრიკის სტუმრები თავად უამბობენ მკითხველს თავიანთი განცდებისა და ემოციების შესახებ.
ინტერვიუ ნაპოვნ ნათელა თორღვას ასულ წიკლაურთან:
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ლია გეძებდათ?
– მე და ლია ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ერთად ვიყავით. როგორც კი ლია გავიცანი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩვენს შორის კავშირი 1990 წელს შეწყდა. იმ დროს მე ჯერ კიდევ ფასანაურის რაიონის სოფელ ოშპიტელში ვცხოვრობდი, ლია კი – კახეთში, ბოდბისხევში. ძალიან ვდარდობდი ლიასთან კავშირის შეწყვეტას. მოხდა ისე, რომ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ერთმანეთი დავკარგეთ. 3 მარტს, სწორედ დედის დღეს, ჩემმა მეზობელმა ჟურნალ „თბილისელების“ ნომერი მომიტანა და თქვენი რუბრიკა წამაკითხა, სადაც ეწერა, რომ ლია მე მეძებდა. ჩემს სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ამ ამბავზე უკეთესს რას გავიგებდი?! ბუნებრივია, სტატიის წაკითხვის შემდეგ ემოცია მომეძალა. დიდი მადლობა თქვენ და მთელ რედაქციას ამ სიკეთისთვის!
– პირადად თქვენ თუ ეძებდით მეგობარს და რა ხერხებით?
– მე ლია ყოველთვის მახსოვდა და მუდამ მინდოდა მისი პოვნა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე. ინტერნეტით ვეძებდი და მისი მოგვარე და მოსახელე არაერთი ადამიანი ვნახე, მაგრამ, თავად ლია – ვერა. ნამდვილად არ ვიცოდი თქვენი რუბრიკის არსებობის შესახებ, თორემ, მეც მოგმართავდით (იცინის).
ინტერვიუ ლია ნოდარის ასულ კუსრაშვილთან:
– ლია, გეგონათ თუ არა, რომ 22 წლის წინ დაკარგულ მეგობარს ასე მოკლე დროში იპოვიდით? თქვენი ისტორია ხომ ფოტოს გარეშე იყო, რაც ართულებს ხოლმე ადამიანის პოვნას.
– ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასე გამიმართლა. ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, ბუნებრივია, იმედი მქონდა, მაგრამ, ასეთ მოკლე დროში თუ ვიპოვიდი ნათელას, არ მეგონა. თქვენ ხომ არც კი გამაფრთხილეთ და ისე გადაეცით ნათელას ჩემი ტელეფონის ნომერი, ამიტომ, როდესაც უცხო ნომერს ვუპასუხე და ნათელას ხმა გავიგე, სიხარულისგან ვიტირე კიდეც. ნამდვილად არ ველოდი. ეს ორივესთვის დიდი სიურპრიზი იყო. 22 წელი სახუმარო დრო არ არის და ამ დროში ადამიანებს, ხშირად, არა მხოლოდ მეგობარი, ახლო ნათესავებიც კი ავიწყდებათ, ჩვენ კი ერთმანეთი მუდამ გვახსოვდა.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას და სად ან როდის გეგმავთ ამას?
– მე მეგონა, რომ ნათელა ფასანაურის რაიონში იქნებოდა, ის კი საგურამოსკენ მდებარე სოფელ ქვეშეთში ცხოვრობს. მე, როგორც გითხარით, კახეთში, სოფელ საქობოში ვცხოვრობ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეც და ნათელასაც ძალიან გვინდა ერთმანეთის ნახვა და, ვფიქრობ, ახლო მომავალში ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჯერჯერობით არ ვიცი, სად ან როდის მოხდება ჩვენი შეხვედრა. მთავარია, რომ, თქვენი წყალობით, ერთმანეთი ვიპოვეთ და დღეს მე ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.