როგორ იძია შური მამაკაცმა ყოფილ მეგობარსა და პარტნიორზე, რომელმაც მას ცოლი და 50 ათასი დოლარი წაართვა
42 წლის ირაკლი ბ-ძის დასახიჩრებული ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარი სახლის წინ, ავტოფარეხის კართან აღმოაჩინეს. მას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თავზე, კეფის მიდამოში კი საკონტროლო გასროლა აღენიშნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის გვამი სისხლის გუბეში ცურავდა. მკვლელობას არ ჰყავდა თვითმხილველი – ადამიანი, ვინც ირაკლი ბ-ძის გვამი აღმოაჩინა იყო მეეზოვე, რომელიც დილის 6 საათზე გარდაცვლილის სახლის მიმდებარე ტერიტორიას გვიდა. სწორედ მან შეატყობინა მეზობლებს მომხდარის შესახებ, მათ კი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ოპერატიული სამსახურისა და სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერების შემდეგ გვამი პროზექტურაში მოათავსეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილის პიროვნების შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ბ-ძე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. ის, რომ მკვლელობა მის ბიზნესსაქმიანობასთან იყო დაკავშირებული, თავიდანვე გამოიკვეთა, თუმცა, გარდაცვლილის ბიზნესპარტნიორებისა და კავშირების დადგენის შემდეგ, მკვლელობის ეს ვერსია ეჭვქვეშ დადგა. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ბ-ძე საქართველოში ხუთი წლის წინ დაბრუნდა, ორი წლის წინ დაქორწინდა ახალგაზრდა გოგონაზე და რამდენიმე თვის წინ შვილიც შეეძინა. ის მეგობრებსა და მეზობლებში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. გაირკვა, რომ საქმეებით დაკავებული მამაკაცი საღამოებს ოჯახში ატარებდა და ცხოვრებაც საკმაოდ მშვიდი და მოკრძალებული ჰქონდა.
ამონაწერი ირაკლი ბ-ძის მეზობლის, ნანული კარანაძის ჩვენებიდან: „ირაკლი ჩვენს მეზობლად 4 წლის წინ გადმოვიდა – ეს სახლი ბებიამ დაუტოვა გარდაცვალების შემდეგ. როცა პატარა იყო, მაშინაც ხშირად მოდიოდა ჩვენს ეზოში, არასდროს არავისთან პრობლემა არ ჰქონია. მერე ძალიან დიდხანს რუსეთში იყო, ჩელიაბინსკში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, იქაც ჰქონდა კერძო ბიზნესი, მაგრამ, კონკრეტულად რას აკეთებდა, წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოს ის ვიცი, რომ მთელ ოჯახს ინახავდა, მარინა ბებიასაც კი ირაკლი უგზავნიდა ყოველთვე ფულს. როცა აქ გადმოვიდა, სახლი გაარემონტა, ჩვენს კორპუსსაც მიხედა, არავის ტოვებდა უყურადღებოდ. როცა მეეზოვემ მისი გვამი აღმოაჩინა, ეზოში პირველი მე გავვარდი და საშინელი სურათი ვნახე: ცხედარი მთლიანად სისხლის გუბეში ეგდო. გარაჟის კარი უკვე გამოხსნილი ჰქონდა – ეტყობა, მკვლელი იქვე იყო ჩასაფრებული, გარაჟში შესვლა აცადა და ესროლა. გვამი ნახევრად გამოხსნილ კართან ეგდო, პირქვედამხობილი. როგორც ჩანს, მკვლელმა იცოდა, ის დილის 6 საათზე რომ უნდა გასულიყო სახლიდან – კვირაში ორჯერ ის ქალაქიდან ამ დროს გადიოდა ხოლმე, მე თვითონაც მყავს ნანახი დილით გარაჟთან. მკვლელობის დღეს არც ერთ მეზობელს ხმაური არ გაგვიგია. მამაკაცებმა თქვეს, მაყუჩიანი იარაღით არის მოკლულიო. ეტყობა, ვიღაც ძალიან ჰყავდა გადამტერებული, აბა, ასე რატომ უნდა გაეწირა?”
მას შემდეგ, რაც ირაკლი ბ-ძის თბილისური კავშირები გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ამ კავშირებში საეჭვო და ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა გარდაცვლილის წარსულისა და რუსეთთან დაკავშირებული პერიოდის ძიება დაიწყეს და სწორედ იქ აღმოჩნდა ის საეჭვო დეტალები, რამაც გამოძიება საბოლოოდ დააყენა სწორ კვალზე.
ძველი „ეპოპეა”
როდესაც ირაკლი ბ-ძე რუსეთში ჩავიდა, ახალგაზრდა და გამოუცდელი ყმაწვილი იყო. უცხო ქალაქში ის ხორცის დისტრიბუციით დაკავდა – რამდენიმე სავაჭრო ქსელს ამარაგებდა. ერთ დღეს მან ქართველი მამაკაცი – კობა მ. გაიცნო, რომელიც თითქმის მისი თანატოლი იყო. ის ჩელიაბინსკში ოდესიდან იყო ჩასული, სადაც საკუთარი ბიზნესის გამოცდილება უკვე ჰქონდა. საქართველოსთან მას კრიმინალური წარსული აკავშირებდა – ადრეულ ასაკში ქურდობისთვის დააკავეს, ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებული ერთ წელიწადში ისევ ციხეში მოხვდა, ოღონდ, ამჯერად, უფრო მძიმე დანაშაულის – ყაჩაღობის გამო. კობა მ-მ მეორედაც იოლად დააღწია თავი ციხეს – მოგვიანებით, 90-იან წლებში, როცა ის უკვე კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო და ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მან საქართველოდან გაქცევა მოახერხა. თუმცა, კრიმინალურ სტატისტიკაში მის შესახებ დარჩა რამდენიმე მძიმე დანაშაული და ძებნილის სტატუსი, რის გამოც ის ციხეში კიდევ ერთხელ მოხვდა, თუმცა, ეს მოგვიანებით მოხდა, მანამდე კი ისევ ჩელიაბინსკთან დაკავშირებულ „ეპოპეას” დავუბრუნდეთ:
ირაკლი ბ-ძემ კობა მ. მეგობრის დახმარებით გაიცნო, ის ჩელიაბინსკში ცოლთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც მას თბილისიდან გაქცევის შემდეგ ჩააკითხა. კობა მ-მ ირაკლი ბ-ძეს გაანდო, რომ ფულის პრობლემა არ ჰქონდა და ბევრ გავლენიან რუსსაც იცნობდა, რომელთა წყალობითაც ბიზნესის აწყობას გეგმავდა. მას სჭირდებოდა სანდო ადამიანი, რომელსაც იმ ბიზნესის მართვას ანდობდა. ირაკლი ბ-ძემ იოლად შეძლო კობა მ-ს ნდობის მოპოვება, რამდენიმე თვეში კობა მ-მ მას ახლად გახსნილი სათამაშო სახლი და კაზინო ჩააბარა, რომელსაც ირაკლი ბ-ძე ოთხი წელიწადი განაგებდა. გარდა საქმიანი კავშირებისა, ირაკლი და კობა ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს და დროის დიდ ნაწილს ისინი ერთად, ერთმანეთის ოჯახებში ატარებდნენ, თუმცა, ერთ დღესაც, მათი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა. მაშინ, როდესაც კობა მ-ს ფინანსური მაქინაციების გამო რუს სამართალდამცველებთან გარკვეული პრობლემები შეექმნა, ირაკლი ბ-ძემ ის მიატოვა, რაც, რამდენიმეწლიანი ურთიერთობისა და მეგობრობის შემდეგ, მამაკაცების დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ირაკლი ბ-ძემ მეგობრის კუთვნილი 50 ათასი დოლარი გაიტაცა და ჩელიაბინსკიდან ისე გაუჩინდა, მისი გზა-კვალი ვერავინ იპოვა, თუმცა, კობა მ-სთვის უფრო დიდი დარტყმა იყო მეორე ღალატი – მან ქალაქი დატოვა კობა მ-ს ცოლთან ერთად, რომელთანაც წლების განმავლობაში მალულად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა.
შურისძიება 10 წლის შემდეგ
კობა მ-მ რუსულ ციხეში 8 წელიწადი გაატარა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკუთარ წარსულთან გასწორება გადაწყვიტა. იგი ორი წლის განმავლობაში ეძებდა ცოლს და მეგობარს მეგობრების მეშვეობით, როცა ციხეში იხდიდა სასჯელს. მოგვიანებით მათ კვალს ბაქოში მიაგნო, სადაც ირაკლი ბ-ძეს საკუთარი სათამაშო ბიზნესი ჰქონდა. ახალგაზრდა წყვილი, რომელიც წლების განმავლობაში ემალებოდა შურისძიებას, კობა მ-ს მეგობრებს ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ, მათი ადგილსამყოფლის ძებნა კობა მ-მ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო აქტიურად განაგრძო, და მალე გაარკვია, რომ მისი ყოფილი მეუღლე და მეგობარი ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ქალს თავისი გზა მოეძებნა, მამაკაცი კი, თბილისში დაბრუნებულიყო. კობა მ-მ ჯერ მეუღლე მოძებნა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი მეგობართან ანგარიშსწორების დრო დადგა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, კობა მ-სთვის საქართველოში ჩამოსვლა იოლი არ იყო. მან იცოდა, რომ სამართალდამცველების ძებნილთა სიაში იყო და საპატიმროს ვერ გადაურჩებოდა, თუმცა, შურისძიების წყურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ შეცვლილი პასპორტით საქართველოში ჩამოსვლა გაბედა და ირაკლი ბ-ძეს წარსული იქ მაშინ გაახსენა, როცა ამას უკვე აღარ ელოდა. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, კობა მ. საქართველოში მეგობრის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა. მან ჯერ ირაკლი ბ-ძის საცხოვრებელი ადგილი დაადგინა, შემდეგ კი რამდენჯერმე მოუწყო ჩასაფრება. მკვლელობის დილას, ის ნაქირავები ავტომობილით უცდიდა თავის მსხვერპლს, იცოდა, რომ იმ დღეს ის სახლიდან ადრე უნდა გასულიყო. ყოფილ მეგობარს ავტოფარეხის გახსნა აცადა, შემდეგ კი უკნიდან მიეპარა.
– როდესაც შემოტრიალდა და მე დამინახა, მიხვდა, რასაც ვაპირებდი, – განაცხადა მან თავის ჩვენებაში მოგვიანებით, როდესაც სამართალდამცველებმა ის საზღვრის დატოვების დროს დააკავეს, – ის კი მითხრა, ნუ მომკლავ, ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, მაგრამ, პატარა შვილი მყავს და, მინდა, მის გაზრდას მოვესწროო. მაგრამ, მე წლების განმავლობაში მტანჯავდა შურისძიება ცოლის წართმევა არ მეპატიებინა, უცებ ირაკლიმ იქვე მიგდებულ რკინას წაატანა ხელი, ეს რომ დავინახე, ქურთუკიდან იარაღი ამოვიღე, და ორჯერ ვესროლე. ძირს დავარდა, მაგრამ მკვდარი არ იყო. საკონტროლო გასროლა გავაკეთე, ეს უკვე ჩემს ცოლს მივუძღვენი, უფრო სწორად, ცოლს კი არა, ირაკლის, იმის გამო, რომ ცოლი გამტაცა. ისე მივატოვე შემთხვევის ადგილი, არავის დავუნახივარ და გავიქეცი. თუმცა, მკვლელობის მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე მალულად ისევ მივედი, რადგან, არავის ვენდობოდი და, მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა, იქ რა ხდებოდა. რამდენიმე დღე სოფელში გავატარე ნათესავებთან, მერე თურქეთში გადავწყვიტე გადასვლა, მაგრამ, საზღვრის დატოვება ვეღარ შევძელი... დაკავებულმა კობა მ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა, პროკურატურამ მას განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის წაუყენა ბრალი, რის გამოც სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.