ვინ იყო „ნოდარ ტბილისსკი“ და რა დაჯგუფება შექმნა მან
გაქცევა
უზარმაზარი სანაგვე მანქანა ¹38 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიის გამშვები პუნქტის წინ გაჩერდა და, სანამ წვეტიანი რკინის ჯოხით შეიარაღებული, ავტომატგადაკიდებული, ვიწროთვალება ჯარისკაცი საბარგულს ჩხვლეტა-ჩხვლეტით ამოწმებდა, მანქანის მძღოლმა სიგარეტი გააბოლა.
– ყველაფერი სუფთაა, შეგიძლია, გაიარო! – დაუყვირა ჯარისკაცმა მძღოლს, უზარმაზარი რკინის კარი გააღო და სანაგვე მანქანა კოლონიიდან გაუშვა.
ბურბუშელის, მუყაოს, ტყავის ნაჭრების ნარჩენებით სავსე სანაგვე მანქანა (კოლონიის პატიმრები სხვადასხვა სახის ჩექმებს კერავდნენ) მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გავიდა, რომელიც მოსკოვის სამხრეთით მდებარეობდა 101-ე კილომეტრზე და უახლოესი ნაგავსაყრელისკენ აიღო გეზი. ნაგავსაყრელი კი, კოლონიიდან 15 კილომეტრში იყო.
ნაგვით დატვირთული მანქანა უდაბური ნაგავსაყრელის სიღრმეში შევიდა, გაჩერდა, საბარგული ავტომატურად ასწია და ნაგავი ჩამოცალა. ნაგავს პატიმრის ზოლიან ტანსაცმელში ჩაცმული კაცი ჩამოჰყვა. მან ჯერ სხეულზე აკრული ტყავები მოიშორა, შემდეგ იქვე დაგდებულ რკინის ჯოხს დასწვდა, მანქანის კაბინას ფეხაკრეფით მიეპარა და მძღოლს თავში ჩასცხო. შემდეგ გათიშული მძღოლი გადმოათრია მისი ტანსაცმელი თვითონ ჩაიცვა და კაბინაში ჩაჯდა. მერე საბარგული საწყის მდგომარეობაში დააბრუნა და მოსკოვისკენ აიღო გეზი. ცარიელი სანაგვე მანქანა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში 21 საათზე სამხრეთიდან შევიდა. უკვე ბნელოდა, როდესაც მამაკაცმა მანქანა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გააჩერა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული მამაკაცი 40 წლის ნოდარ ცინცაძე იყო, რომელსაც ციხეში 16 წელიწადი ჰქონდა გატარებული. ის ოთხჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობის, ქურდობის, ძარცვისა და გამოძალვისთვის. ცინცაძე თბილისელი იყო, თუმცა, რუსეთში ადრეული ასაკიდან გადაიხვეწა და იქ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა, სამშობლოში კი იშვიათად ჩამოდიოდა, თანაც ძალიან მცირე ხნით. „ნოდარ ტბილისსკი“ – ასე უწოდებდნენ მას კრიმინალურ სამყაროში. სტატუსით კანონიერი ქურდი არ იყო, მაგრამ, ქურდებზე არანაკლები გავლენით სარგებლობდა შავ სამყაროში. მის სახელთანაა დაკავშირებული სოლნცევოს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა სხვა ქართველებთან ერთად. ნოდარ ტკბილისსკის გაქცევამ ააფორიაქა როგორც მილიცია, ასევე მასთან დაპირისპირებული სხვა დაჯგუფებების ლიდერები. ცინცაძეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და საბჭოთა კავშირის ყველა დიდი თუ პატარა ქალაქის მრავალ ადგილას იყო გაკრული მისი სურათი.
დასახიჩრებული გვამები
მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, კომუნისტები მყარად ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და მათი ძალაუფლების შესუსტებაზე ფიქრიც კი სასაცილო იყო, თუმცა, უკვე ნელ-ნელა, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრულად ყალიბდებოდა პარალელური იატაკქვეშა-დანაშაულებრივი სტრუქტურები, სადაც უზარმაზარი ფული, შეიარაღება და ადამიანური რესურსები იყო თავმოყრილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო ქურდული მაფია, რომელსაც მთელი საბჭოეთის მასშტაბით ჰქონდა გადგმული ფესვები და რომლის მაფიის შემქმნელები და მმართველები ქართველები იყვნენ. სწორედ ნოდარ ცინცაძე იყო ერთ-ერთი ასეთი უგვირგვინო „ნათლიმამა” და მისმა გაქცევამ ასე იმიტომ ააფორიაქა მისი კონკურენტები, რომ იცოდნენ, სულ მალე მთელი საბჭოეთის მასშტაბით დაიწყებოდა კრიმინალური ომი.
არაქართულ კრიმინალურ დაჯგუფებათა ლიდერების შიში გამართლდა: ნოდარ ტბილისსკის გაქცევიდან სულ რაღაც სამი კვირა იყო გასული, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოსკოვში გაიტაცეს რუსული, სომხური და უზბეკური დაჯგუფებების ლიდერები: ივანე რიჟოვი, მეტსახელად „რიჟიკი“, ავეტიკ პოღოსიანი, მეტსახელად „ავო ერევანსკი“ და უსმან უსმანოვი, მეტსახელად „ჩუი“. სამივე გატაცებული კანონიერი ქურდი იყო და მილიციამ მათი გატაცებიდან ორი დღის შემდეგ ისინი დახოცილები და დასახიჩრებულები აღმოაჩინა. გვამებს ხელები და ენები ჰქონდათ მოკვეთილი, შემთხვევის ადგილზე კი ბარათი იპოვეს, რომელშიც ეწერა: „ასე დაემართება ყველას, ვინც ხელს აღმართავს პატიოსანი კაცების სიცოცხლესა და ქონებაზე და დამპალ ძაღლებთან იყბედებს“.
ბარათის შინაარსი მილიციამაც გაშიფრა და დახოცილი ქურდების კოლეგებმაც – „პატიოსან კაცებში“ ორი მოკლული ქართველი ქურდი, პეტრე მელია და გივი ლაღიძე იგულისხმებოდა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, რიჟიკის, ერევანსკისა და ჩუის გადაწყვეტილებიით გამოუტანეს განაჩენი. ხმების მიხედვით, ქართველ ქურდებს არაქურდულ საქციელში დასდეს ბრალი, სიკვდილი არ აკმარეს და მათი ოქროს საამქროებიც მიისაკუთრეს. „დამპალ ძაღლებთან ყბედობაში“ კი დახოცილი ქურდების მილიციასთან კავშირი იგულისხმებოდა.
სამი ქურდის საზარელმა მკვლელობამ მთელი მოსკოვი შეძრა. მილიცია საგონებელში იყო ჩავარდნილი, არაქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა ლიდერები კი შიშისგან ძრწოდნენ, რადგან, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მკვლელობები ცინცაძემ მოაწყო, რომელმაც თავისი დახოცილი მეგობრების გამო იძია შური და კანკალებდნენ, ვინ იქნებოდა შემდეგი.
„სხოდკის“ გადაწყვეტილება
არაქართველმა ქურდებმა, რომლებსაც ქართველი კრიმინალების მიმართ პათოლოგიური სიძულვილი და შიში აერთიანებდათ, სასწრაფოდ შეკრიბეს ქურდული „სხოდკა“, რომელზეც 19 კანონიერი ქურდი მივიდა და თავიანთი კოლეგების მკვლელობების განხილვას შეუდგნენ. „სხოდკის“ ორგანიზება ცნობილმა, ქურდმა პავლე რიბკინმა, იგივე „რიბამ“ განახორციელა. მანვე ითავა მთავარი გამომძიებლისა და ბრალმდებლის როლი და კოლეგებს განუცხადა:
– რიჟიკი, ერევანსკი და ჩუი ჩვენი ძმები იყვნენ, პატიოსნად ემსახურებოდნენ ქურდულ საქმეს და ბოზის გადაწყვეტილებითა და შეკვეთით უსამართლოდ დახოცეს. ალბათ, არავისთვისაა ახალი ამბავი, რომ ჩვენი ძმების ასეთი საზარელი მკვლელობები ნოდარ ტბილისსკის გაკეთებულია. ვინაა ეს კაცი? არავინ! ის ქურდიც კი არ არის, თუმცა, ქურდების სიცოცხლეზე ასწია ხელი და ამით ჩვენს საძმოს უდიდესი შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენა. და, საერთოდ, ვინ არიან ქართველი ქურდები? – აი, რა არის გასარკვევი. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ეს ეგრეთ წოდებული ქურდები ბესპრეძელები არიან და, იმის მაგივრად, რომ პატიოსანი ქურდობით ირჩინონ თავი და ობშჩიაკში ფული შემოიტანონ, ბანდიტობა დაიწყეს, მათ საკუთარი ობშჩიაკი შექმნეს, ჩვენსას არ ცნობენ და, ვინც მათ პასუხის მოთხოვნას დაუპირებს, სასტიკად უსწორდებიან. ამის გამო შეგკრიბეთ, ძმებო, და გეკითხებით, რისი ღირსია ამ საქმის ჩამდენი? – რიბამ პაუზა გააკეთა, გასუსულ კოლეგებს თვალი გადაავლო და თავისავე დასმულ შეკითხვას უპასუხა, – სიკვდილის, სიკვდილის ღირსია ყველა, ვინც ჩვენს საქმეს დაუპირისპირდება, ფეხებზე გვიკიდებს და არაფრად გვაგდებს!
რიბა მშვენიერი ორატორი იყო, დიდი ამბიციები ჰქონდა და „სხოდკა“ იმიტომ შეკრიბა, რომ დანარჩენი ქურდული სამყარო ქართველი ქურდების წინააღმდეგ აემხედრებინა და მათი მეშვეობით გაენადგურებინა ქართველები, შემდეგ კი თავადვე გამხდარიყო დანაშაულებრივი სინდიკატის მმართველი. რიბა არ იყო ტრადიციული „ნეპმანური“ მიმართულების ქურდი. „ნეპმანობა“ მას მხოლოდ და მხოლოდ იმაში სჭირდებოდა, რომ ქართველი ქურდები ჯერ იდეოლოგიურად, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაენადგურებინა. გარდა ამისა, იგი მილიციასთან თანამშრომლობდა და მისი პირადი კურატორი გენერალ-მაიორი იური სავინი იყო, რომელიც „მურის“ უფროსის მოადგილედ მუშაობდა. სწორედ მისი მხარდაჭერით აპირებდა რიბა ქართველი ქურდების განადგურებას. სავინსა და რიბას შორსმიმავალი გეგმები ჰქონდათ და მძლავრი მაფიოზური სტრუქტურის შექმნას აპირებდნენ. სწორედ სავინმა ურჩია რიბას ქურდული „სხოდკის“ შეკრება, რომ ცინცაძეზე ნადირობა გამოეცხადებინათ, რადგან მან ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ მთელი ქურდულ-მაფიოზური სტრუქტურა ცინცაძის ორგანიზებული იყო, მისი განადგურების გარეშე კი ამ სტრუქტურას ხელში ვერ ჩაიგდებდა.
ლაპარაკი რომ დაასრულა, რიბამ კოლეგებს ტბილისსკიზე ნადირობის გამოცხადება მოსთხოვა და, საერთო ქურდული „სხოდკის“ გადაწყვეტილებით, ნოდარ ცინცაძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: ნოდარი „ბოზად“ გამოაცხადეს და მის მომკვლელ არაქურდს კანონიერ ქურდობას შეჰპირდნენ. „სხოდკის“ გადაწყვეტილებას 35 წლის ჟენია მარჩენკო ესწრებოდა, რომელსაც „სოლომას“ უწოდებდნენ. ის კანონიერი ქურდი იყო ბათუმიდან და რიბას დიდი ნდობით სარგებლობდა, სინამდვილეში კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი იყო და, პირადად მინისტრს, გენერალ ედუარდ შევარდნაძეს ექვემდებარებოდა. „სხოდკიდან“ სოლომა სახლში დაბრუნდა და ტანსაცმელი გამოიცვალა, შემდეგ პარიკი და მაკიაჟი გაიკეთა, სათადარიგო პასპორტი აიღო, თბილისში გადაფრინდა, სამინისტროში მივიდა და ყველაფერი შევარდნაძეს უამბო.
– ესე იგი, ცინცაძეს მეტკა დაადეს, – თქვა შევარდნაძემ, – კარგი, წადი, მე თვითონ დაგიკავშირდები.
სალომა რომ გაისტუმრა, მან პოლკოვნიკი თურმანიძე იხმო და უთხრა:
– ნოდარ ცინცაძეს შეატყობინე, ფრთხილად იყოს. მას ეძებენ და მოკვლას უპირებენ. შენ კი ოპერაცია „აბლაბუდა“ დააჩქარე.
ოპერაცია „აბლაბუდა“
პოლკოვნიკი გივი თურმანიძე მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა, ეზოში ჩავიდა, შავ „ვოლგაში“ ჩაჯდა და წყნეთისკენ აიღო გეზი. რამდენიმე წუთში მანქანა წყნეთის ერთ-ერთი ორსართულიანი აგარაკის ეზოს წინ გააჩერა, შენობაში შევიდა და მეორე სართულზე ავიდა, სადაც მას საშუალო სიმაღლის, თმაგადაპარსული მამაკაცი შეეგება და ჰკითხა:
– ეტყობა, რაღაც მოხდა, რადგან ასე გაუფრთხილებლად მეწვიე.
– გენერალმა გამომგზავნა და შემოგითვალა, ფეხი არსად მოიცვალო. მილიცია ხომ გეძებს და გეძებს, ახლა უკვე ქურდებიც ჩაერთნენ ამ საქმეში – სხოდკაზე სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეს და ფრთხილად უნდა იყო.
– რიბა იხლაფორთებდა, – ჩაეცინა ნოდარს.
– ამ საქმეში მთავარი გენერალი იური სავინია, ის აგულიანებს მას და მფარველობს. სწორედ ამიტომ უნდა იყო ფრთხილად. როგორც კი სავინს თავისას შევუსრულებთ, ჩვენი საქმეც წინ წაიწევს.
– საქმე კი წაიწევს წინ, მაგრამ, მე მაინც ვერ შევძლებ ლეგალურად ცხოვრებას და რამე უნდა მოვიფიქროთ. პაბეგში ვარ, თან, იმდენი ხალხი მყავს გადამტერებული, რომ, შეიძლება, ჩვენმა გენერალმაც კი ვერ მიშველოს. თანაც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამორიცხული არაა, მანაც გამწიროს, – უთხრა ნოდარ ცინცაძემ პოლკოვნიკ თურმანიძეს, – მე კი სიკვდილი სულაც არ მინდა, თან, საქმესაც გამოვადგები.
– შენ ისე ლაპარაკობ, რომ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული, – უთხრა ცინცაძეს თურმანიძემ, რომელიც ნოდარს ეთანხმებოდა და იცოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნოდარ ტკბილისსკის მართლაც მოიშორებდნენ თავიდან.
– სახე უნდა შევიცვალო, ვინაობა გამოვიცვალო და ახალი სტატუსით დავბრუნდე საქმეში – ერთადერთი გამოსავალი ესაა. თქვენც მშვიდად იქნებით, მეც, საქმე კი ამით მხოლოდ მოიგებს. მოდი, გივი, ეს ყველაფერი გენერალს უთხარი. თუ დაგთანხმდა, ხომ კარგი, არადა, ჩემი საქმე წასულია, – თქვა ცინცაძემ და სიგარეტი გააბოლა.
გივი თურმანიძე წავიდა და სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. ცინცაძე „ვოლგით“ პლასტიკურ ქირურგთან წაიყვანა. ნოდარს ოპერაცია გაუკეთეს და სახე შეუცვალეს.
სამი თვის შემდეგ თემურ სესიაშვილის პასპორტით და ინჟინრის დიპლომით, სახეშეცვლილი ნოდარ ცინცაძე მოსკოვში დაბრუნდა, სოლნცევოს დაჯგუფებაში დაიწყო მუშაობა და ექვს თვეში მისი ერთ-ერთი მმართველი გახდა. ამის პარალელურად კი, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით, ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა, რომელსაც „აბლაბუდა“ ეწოდა და რომლის შესახებაც ოფიციალურ საბჭოთა პრესაში არაფერი დაწერილა. ამ ოპერაციის შედეგად დაპატიმრებულ იქნა გენერალ-მაიორი სავინი, პოლკოვნიკები – ლონგი და პარფიონოვი, აგრეთვე, ათი კანონიერი ქურდი და, მათ შორის რიბაც...
როგორც დადასტურებული წყაროებიდანაა ცნობილი, ამ ყველაფრის უკან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იდგა, რომელიც სულ რაღაც სამიოდე თვეში „ცეკას“ პირველი მდივანი გახდა, შემდეგ კი თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა და, როგორც ამბობენ, ამაში მას მოსკოვში მცხოვრები ქართველებიც დაეხმარნენ...