კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა გავიკეთო სახლის პირობებში სკრაბი და ეგრეთ წოდებული „შეფუთვა“?
პასუხი: წაისვით თქვენთვის სასურველი სკრაბი მთელ სხეულზე და 20 წუთის შემდეგ შხაპის ქვეშ ჩამოიბანეთ. 3 ცალი პაპაიას რბილობი წინასწარ დააბლენდერეთ, შხაპის მიღებისთანავე (გამშრალებულ ტანზე) წაისვით და შემოიხვიეთ ხაოიანი, სქელი პირსახოცი. წამოწექით 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
კითხვა: როგორ გავიკეთო თმის ძირების მასაჟი?
პასუხი: შეიძინეთ ამ დანიშნულების მქონე ზეთი ტროპიკული სურნელით (ასევე, შეგიძლიათ, ერთმანეთში შეურიოთ თითო ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, A, D და E ვიტამინები (ზეთოვანი), ღვინის ძმარი და 1 ცალი უმი კვერცხის გული და მასაჟისთვის ეს ნაზავი გამოიყენოთ), დაიწვეთეთ ხელისგულებზე და ხელები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვით, შემდეგ კი დაიწყეთ მასაჟის კეთება თავის კანიდან თმის სიგრძის მიმართულებით. ასეთი მასაჟი ხსნის თავის კანის ფორებს და აუმჯობესებს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას.
კითხვა: როდის უნდა დავისხურო სუნამო, რომ სურნელი დიდხანს შემინარჩუნდეს?
პასუხი: თუ შხაპის (აბაზანის) მიღებისთანავე, თბილ სხეულზე დაისხურებთ სუნამოს, მისი სურნელი დღის ბოლომდე გაგყვებათ.
კითხვა: გამიგია, რომ ტროპიკული ხილის კოქტეილი აცოცხლებს კანს და აუმჯობესებს განწყობას. რომელი ხილი უნდა გამოვიყენო და როგორ მოვამზადო ასეთი კოქტეილი?
პასუხი: 250 მილილიტრი მარაკუიას წვენს შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლაიმის (ლიმონის მაგვარი ციტრუსია) წვენი, შეავსეთ ამ სითხით მაღალი ჭიქა და ჩააგდეთ ყინულის 1-2 კუბიკი. შეგიძლიათ, მარაკუია და ლაიმა შეცვალოთ ანანასით, ლიმონით, ფორთოხლითა და გრეიპფრუტით. უნდა დალიოთ დღეში 2-3 ჩაის ჭიქა.
კითხვა: როგორი „ჩოლკაა“ წელს მოდაში?
პასუხი: წელს მოდაშია თხელი (მეჩხერი) „ჩოლკა“, რომელიც ოდნავ უნდა ჩამოსცილდეს წარბებს. ასეთი „ჩოლკის“ გაკეთება შეგიძლიათ მაშინაც, თუ თმა გვერდზე გაქვთ გაყოფილი. ეს ვარცხნილობა სახეს აახალგაზრდავებს.