გადავა თუ არა გიორგი შერმადინი ახალი სეზონიდან „რეალ-მადრიდში” და რა არ უქმნის მას პრობლემას
კალათბურთელი გიორგი შერმადინი კარიერას იტალიაში განაგრძობს, სადაც, ოჯახის წევრებთან ერთად, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს.
სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქართველი სპორტსმენი „კანტუში“ წარმატებულ საკალათბურთო სეზონს თამაშობს და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა. ინტერვიუს ჩაწერის დროს გიორგის მეუღლე, ანი ამაშუკელიც შემოგვიერთდა, რომელსაც ხშირად ისიც ავიწყდება, რომ იტალიაშია და არა საქართველოში, რადგან, შერმადინების ოჯახში ხშირად ჩადიან სტუმრად ქართველები. 2 აპრილს გიორგი იუბილარია. ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს გიორგის დაბადების დღეს და ბევრს წარმატებას უსურვებს.
– დამეთანხმები, რომ შენთვის ახალი სეზონი ახალ გუნდში საკმაოდ წარმატებულად დაიწყო.
გიორგი შერმადინი: დიახ, ნამდვილად წარმატებულია. მართლაც კარგი გადაწყვეტილება მიიღო ჩემმა აგენტმა, საბერძნეთიდან იტალიაში რომ გადმომიყვანა და „პანათინაიკოსი” „კანტუთი” ჩამანაცვლებინა. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი პატარა ქალაქია, დარბაზიც ახლოს მაქვს სახლთან. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ კარგად ვივარჯიშო. მწვრთნელიც ძალიან კარგი პიროვნებაა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ ამ გუნდით.
– საბერძნეთში ძალიან ბევრი ერთგული გულშემატკივარი გყავდა. ახალ გუნდში როგორ არის საქმე?
– საბერძნეთში ყველა თამაშზე ბევრი გულშემატკივარი არ დადის. თუ „პანათინაიკოსი” და „ოლიმპიაკოსი” ხვდებოდნენ ერთმანეთს საბერძნეთის ჩემპიონატზე, მაშინ კი ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა თამაშს. იქ ამ მხრივ სხვა სიტუაციაა და აქ – სულ სხვა. დარბაზი, სადაც ჩემპიონატს ვთამაშობთ, 6 000 კაცს იტევს. მინდა გითხრათ, რომ დარბაზი ყველა თამაშზე გადატენილია. ძალიან უყვართ კალათბურთი, მოთამაშეები ხომ – საერთოდ. ქუჩაში რომ დავდივართ, რომ დაგვინახავენ, გვესალმებიან, მორბიან, ფოტოებს იღებენ და ავტოგრაფებს გვთხოვენ. ძალიან მაგარი გულშემატკივრები არიან. გასვლით თამაშებზე რომ გავდივართ, ავტობუსს ქირაობენ და იქაც კი მოგვყვებიან. მოაქვთ საგულშემატკივრო სხვადასხვა ინსტრუმენტი და ყვირიან და წივიან.
– თავად როგორ შეეგუე იტალიას?
– ნორმალურად. თავიდან ცოტა ხანს მარტო ვიყავი, მერე ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ და ყველა ერთად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ძალიან წყნარი ქალაქია და არავინ გაწუხებს. დრო რომ გექნებათ, ჩამოდით და თავად დარწმუნდებით ამაში.
– მოკლედ, ცხოვრობ კომფორტულად და მშვიდად: მიდიხარ ვარჯიშზე, ბრუნდები შინ, სადაც საყვარელი ადამიანები გხვდებიან...
ანი ამაშუკელი: ზედმეტად მშვიდი ცხოვრება აქვს.
გიორგი: ზედმეტად მშვიდს ვერ ვიტყოდი, რადგან, სახლში რომ მოვდივარ, ნუციკო არ მაძინებს. ანის ხუმრობით ვეუბნები, გაიყვანე აივანზე-მეთქი.
ანი: ნუციკოს ბუბიკას ეძახის.
გიორგი: დილის ვარჯიში 11 საათზე მაქვს. სახლში რომ ვბრუნდები, საჭმელს ვჭამ და საათ-ნახევარი მაინც ვიძინებ, რადგან, 5-ზე ისევ ვარჯიშზე უნდა წავიდე. ვიძინებ, ბავშვმა თუ დამაძინა.
ანი: ბავშვი გიორგიზე გიჟდება. სახლში რომ მოდის, სულ მასთან უნდა ყოფნა, ეთამაშება და არავისკენ აღარ უნდა გახედვა. გიო ძალიან კარგი მამაა, შვილზე ჭკუა ეკეტება. ძალიან მეხმარება, ყოჩაღი ბიჭია.
– მამა კი კარგია, მაგრამ, მეუღლე როგორია?
– გიორგი როგორი მეუღლეა, მაგაზე ცალკე ინტერვიუ გვინდა. ყველანაირად გვერდში მიდგას და მეხმარება. არაჩვეულებრივი მეუღლეა.
– გიორგი, ანი როგორი მეუღლეა?
გიორგი: ძალიან კარგი. ყველაფერი ისწავლა. დედაჩემი იყო ორთვე-ნახევარი და ანის სხვადასხვა კერძების გაკეთება ასწავლა (იცინის).
ანი: კერძის გაკეთება კი ვიცოდი თავიდანვე, მაგრამ, ჩემი დედამთილი რომ გვყავდა სტუმრად, არაფერს არ მაკეთებინებდა, ძალიან ხელმარჯვეა.
გიორგი: ახლა სიდედრი მყავს აქ და მან აიღო თავის თავზე ყველაფერი.
ანი: მოკლედ, ჯერ დედამთილი მეხმარებოდა, ახლა – დედაჩემი და მე არდადეგები მაქვს.
– ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გაქვთ. მგონი, მარტო არასდროს არ ხართ.
– ჩვენთან ყოველთვის ვიღაც არის. მე, გიორგი და ბავშვი მხოლოდ რამდენიმე დღე ვრჩებით მარტო. ახლახან კოტე და იანა ტუღუშები გვყავდნენ სტუმრად. კოტე ხომ არმიის გუნდის მწვრთნელია და იტალიაში სპეციალურ სემინარებზე იყო მოწვეული. კოტე მეუღლესთან და გუნდის ექიმთან ერთად ჩამოვიდა.
გიორგი: ძალიან გაგვიხარდა მათი სტუმრობა, კარგად ვიმხიარულეთ. მოკლედ, დაუვიწყარი ერთი კვირა გვქონდა.
– იმდენი ქართველი გყავთ გვერდით, რომ, მგონი, ხანდახან გავიწყდებათ კიდეც, საქართველოში რომ არ ხართ.
ანი: ღმერთის შეწევნით, იმდენი ჩვენიანი მოდის სტუმრად, რომ მართლა მავიწყდება. ამიტომ, ძალიან მშვენივრად ვგრძნობთ თავს იტალიურ-ქართულ ტანდემში.
– კონტრაქტის თანახმად, რამდენ ხანს უნდა იყოთ იტალიაში?
გიორგი: გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე მაქვს გაფორმებული. იმდენად კარგად ვარ აქ, რომ ამ გუნდში დარჩენაზე ვფიქრობ. სეზონის დამთავრებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი და, წინასწარ არ ვიცი, რა როგორ იქნება. ისე, გუნდის მწვრთნელსაც უნდა, რომ დავრჩე მათთან. ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ გაზეთში ისიც დაიბეჭდა, „რეალ-მადრიდმა” შერმადინის აყვანის სურვილი გამოთქვაო.
– მართალია?
– ოფიციალურად რა ხდება, არ ვიცი. იტალიურ გაზეთში დაიბეჭდა და, მეორე დღეს, ვარჯიშზე რომ მივედი, ჩემმა გუნდელებმაც მკითხეს, წავიკითხეთ და მართალიაო? გულშემატკივრები „ფეისბუქში” მწერდნენ, „რეალში“ არ წახვიდე, „კანტუში“ დარჩი, ძალიან გვიყვარხარო და ასე შემდეგ. ვნახოთ, ვნახოთ...
– გიორგი, იტალიური ისწავლე? ანუ, ენის ბარიერი თუ გაქვს?
– იტალიური არ ვიცი, მაგრამ, ეგ პრობლემას არ მიქმნის. თან, მანუჩარიც აქ არის, მარკოიშვილი და, ერთად რომ ვვარჯიშობთ, ეს ჩემთვისაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ენის ბარიერს, არ მაქვს, რადგან მწვრთნელი ინგლისურად ლაპარაკობს და ერთმანეთის გვესმის. თუ სადმე მივდივართ მე, ანი, მანუჩარი და მისი საცოლე, თარჯიმნის ფუნქციას მანუჩარი ასრულებს.
– ალბათ, სასიამოვნო ფაქტია, როცა უცხოეთში, ერთ გუნდში ორი ქართველი თამაშობს.
– მანუჩარი უკვე მესამე წელია, „კანტუში“ თამაშობს. როცა გავიგე, რომ ეს გუნდი ჩემით დაინტერესდა, მაშინ საბერძნეთის „პანათინაიკოსში” ვთამაშობდი. გამიხარდა იმის გამოც, რომ მანუჩარი იყო ამ გუნდში. ქართველი რომ გყავს გვერდით, ძალიან კარგია, ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობ. თავიდან, რომ ჩამოვედი, აქ ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, ამიტომ, მანუჩარი იყო მაშინ ჩემი „შოფერი.”
– ანი, გიორგის თამაშებს ესწრები?
ანი: თუ ბავშვის დამტოვებელი მყავს, აუცილებლად ვგულშემატკივრობ გიოს დარბაზიდან.
– ნუციკო არ ყოფილა თამაშზე?
– ძალიან ბეჯითად გამოვპრანჭეთ, ყურსასმენები გავუკეთეთ და წავიყვანეთ. მაგრამ, თამაში დაიწყო თუ არა, გაიგიჟა თავი. ამის გამო ჩემი დედამთილი ნახევარი მატჩის განმავლობაში მაქანაში იჯდა ნუციკოსთან ერთად. ისე, დარბაზში ისეთი ხმაურია ჩვენ ვხდებით ცუდად და პატარა ბავშვს რა მოუვა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, რამდენჯერაც მივიყვანეთ დარბაზში, იმდენჯერ შემოაბრუნა თამაშის ბედი და წაგებული მატჩი მოიგეს. ამიტომ გიორგის სულ ვეუბნები, მივიყვანოთ ბავშვი, „დავასტუკებინოთ” და წამოვიყვანოთ-მეთქი. რაღაც, კარგი ფეხი აქვს ბუბიკას და, რა ვიცი.
– გიორგი, რა ნომრით თამაშობ?
გიორგი: საქართველოს ნაკრებში 9 ნომერი ვარ, აქ მანუჩარია 9 ნომერი და, ამიტომ, 19 ნომერი შევარჩიე.
– როგორ ფიქრობ, მართლა ვგავართ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს?
ანი: კი. სხვათა შორის, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ფიზიკურადაც ვგავართ, ქცევებითაც, ხმაურითაც და ასე შემდეგ. მე პირადად, ძალიან მომწონს იტალიელი ხალხი. ყველა გიღიმის, ყველა ცდილობს, თუ რამე კითხე, გიპასუხოს და ამაზე ნამდვილად არ დაგზარდება. მიხარია, რომ აქ გიორგი ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. გიორგისთან ერთად რომ ვყავართ ნანახი, მე და ნუციკოს უკვე ყველგან გვცნობენ. საერთოდ, ბავშვებზე გიჟდებიან, ნუციკოს ყველა ეფერება. ბავშვს რომ ხედავენ, დნებიან. მოკლედ, იტალიელ ხალხს ძალიან, ძალიან ვაფასებ, მომწონს და მსგავსებასაც ვხედავ მათსა და ქართველ ხალხს შორის.
გიორგი: მართლა, ძალიან თბილი ხალხია.
– მართალია ყველანი ერთად და კარგად ხართ, მაგრამ, ყველაზე მეტად რა გენატრებათ უცხო ქვეყანაში?
ანი: ჯონჯოლი. არ ვხუმრობ, თუ ვინმე ჩამოდის, გიორგისთვის ყველას ჯონჯოლს, ნუციკოსთვის კი წიწიბურას ვაბარებ. ამიტომ, ორივე ძალიან ბევრი გვაქვს.
– შენ რას გიგზავნიან?
– მე უპრეტენზიო გოგო ვარ, ნუციკოს წიწიბურასაც ვჭამ და გიორგის ჯონჯოლსაც.
– გიორგი, შენს გულშემატკივარს რას ეტყვი?
გიორგი: დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო ჩვენს ნაკრებს და, სხვა მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანო.