ნუ შეგეშინდება...
ნუ შეგეშინდება, თქვა – „მაპატიე“... მართალია, ზოგჯერ არც ისე ადვილია, დაივიწყო წყენა და აჯობო საკუთარ თავს, რომელიც გეჯიუტება, „გეუბნება“, ის შენი ღირსი არ არისო; მაგრამ, სწორედ ამის გამო, ხშირად ვერც ვამჩნევთ, რამდენ ბედნიერ წუთებს გვჩუქნის ცხოვრება. ბედნიერება ხშირად ჩვენ გვერდით არის, მაგრამ, ვერ ვამჩნევთ მას და გაურკვეველი მიმართულებით დავეძებთ. ერთხელ მაინც გაჩერდით და მიმოიხედეთ!
აიღეთ წუთშესვენება – თქვენ ეს გჭირდებათ საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად. უპერსპექტივო ურთიერთობა უნდა დაასრულოთ და ამისთვისაც გამბედაობაა საჭირო. ის, რაც დასამთავრებელია, უნდა დამთავრდეს. ნუ ეცდებით, ხელოვნურად შექმნათ დაბრკოლება. ამით მხოლოდ გადაავადებთ კრახს, რომელიც მაინც იქნება. „გადავადება“ კი თქვენს ნერვებს შეიწირავს.
ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან” დაიწყოთ. ახალი ცხოვრება ახალ ემოციებს მოგიტანთ და, შეიძლება, თქვენი რეალური ბედნიერებაც იპოვოთ.
სიყვარული ყოველთვის არ გამოიხატება სიტყვებში – შეიძლება, ის არ ლაპარაკობდეს ამაზე, მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს.
ნუ შეგეშინდებათ, ენდოთ მას უსიტყვოდ, ენდოთ მისი ყურადღებისთვის, მზრუნველობისა და სითბოსთვის...
ერთი სიტყვით, ნუ შეგეშინდებათ, იცხოვროთ!
მითი?! – არა, რეალობა...
მამაკაცებმა ქალებს „სახელი გაუტეხეს“ – ისინი სუსტ სქესს ბრალს მფლანგველობასა და არაპრაქტიკულობაში სდებენ. სინამდვილეში კი სულაც არ არის ასე. დავიწყოთ იმით, რომ ქალების 15 პროცენტისთვის შესაძენი საქონლის ხარისხი პირველ ადგილზეა. თანაც, არც ისე სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. საშუალოდ, ქალი ორ საათს მაინც ფიქრობს, სანამ რამეს შეიძენს.
არც ერთი ქალი (მხოლოდ ძალიან ქარაფშუტა) არ დაანგრევს ოჯახის ბიუჯეტს. პირიქით, ძირითადად სწორედ ქალია ამ ბიუჯეტის შემქმნელი და გამნაწილებელი. „შოპიჰოლიზმი“ – ეს დაავადებაა და ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, დანარჩენი სტატისტიკა კი ასეთია:
სპონტანურად ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, ანუ, უსარგებლო ნივთების ყიდვაში კაცები უფრო არიან შემჩნეულები. ქალები, ძირითადად, გეგმავენ საყიდლებს.
მართალია, მაღაზიებში სიარული და მათი „შემოვლა“ ძირითადად ქალების საქმიანობაა, მაგრამ, მამაკაცების 65 პროცენტი დიდ სიამოვნებას იღებს პროდუქტების, ტანსაცმლისა და თავიანთი აქსესუარების ყიდვისას.
ქალები ფულს მამაკაცებზე გაცილებით ეკონომიურად ხარჯავენ – ისინი ცდილობენ, მოწონებული ნივთი ბევრად ნაკლებ ფასად შეიძინონ.
ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით არ არიან „ეგოისტი შოპიჰოლიკები“, საყიდლებზე სიარულისას, ისინი ცდილობენ, ოჯახის დანარჩენ წევრებზე იზრუნონ. მათზე არიან ორიენტირებულები და მერე იყიდიან ხოლმე რაღაცას თავისი სიამოვნებისთვისაც.
გაგიკვირდებათ და, რეკლამის მსხვერპლნიც უფრო ხშირად მამაკაცები ხდებიან. მათი „დაბოლება“ გაცილებით ადვილია, ვიდრე ქალბატონების. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კაცები ქალებზე ორჯერ უფრო მეტად ცნობისმოყვარეები არიან. ასე რომ, საჭირო არ არის უსამართლო ბრალდებები – რეალობა სხვაა!
გამოხატეთ ემოცია!
ფსიქოლოგები გვირჩევენ: არასდროს შეიკავოთ ემოცია, მით უფრო – დადებითი. ასე თქვენ საკუთარ თავს ძარცვავთ, აკლებთ მას სიხარულსა და ბედნიერებას. რაც შეეხება უარყოფით ემოციებს, მათი არგამოხატვა და გულში შენახვა ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და დამანგრევლად მოქმედებს ფსიქიკაზეც. შეიძლება, არაფერი უთხრათ მას, ვინც სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და გაგანერვიულათ, მაგრამ, ამის შესახებ მაინც უნდა თქვათ და დაიცალოთ. ნეგატივი საკმარისად მომწამვლელია და ნუ მოიშხამავთ თავს. სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მოსაპოვებლად ადეკვატურად გამოხატეთ თქვენი გრძნობები. თქვით ის, რასაც განიცდით: თუ გიხარიათ – იმხიარულეთ; გწყინთ – იტირეთ. ეს ბუნებრივია. გაწყენინეს? ისე ნუ იჩხუბებთ, რომ მტრად გადაიკიდოთ, მაგრამ, წყენასაც ნუ დაიტოვებთ გულში – მშვიდად უთხარით, რა გეწყინათ და მოაგვარეთ ურთიერთობა. თქვენ ეს სიმშვიდის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობის მოგვარებასაც შეძლებთ. ეს გაცილებით კომფორტულია, ვიდრე დაიბოღმო და წყენა გულში ჩაიტოვო.
ჩვენი ცხოვრება ძირითადად ყოველდღიური, ერთფეროვანი ქაოსისა და რუტინული საქმეებისგან შედგება. ზოგჯერ გვავიწყდება, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ვერ ვახერხებთ, რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რაც მართლა გვინდა, რაც მოგვწონს და გვსიამოვნებს. არადა, ეს აუცილებელია და სასურველიც. ჯერ ერთი, შეეჩვიეთ იმას, რომ ხვალისთვის არასდროს გადადოთ საქმე, რომლის გაკეთებას დღესაც მშვენივრად შეძლებთ. მაგალითად, რატომ არ უნდა მოიწყოთ „სიმშვიდის რამდენიმე წუთი“ და დალიოთ ფინჯანი ყავა?! თან, შეგიძლიათ ამ დროს, მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქროთ – მთავარია, ამ პროცესისგან სიამოვნება მიიღოთ, რადგან, სიახლეს ყოველთვის მოაქვს სიამოვნება. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ და ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. თან, გახსოვდეთ: ხშირად გამოხატეთ თქვენი ემოციები!
შეცვალე სურათი...
ყველა ადამიანს წარმატებისკენ მისასვლელი საკუთარი გზა აქვს. წარმატებული ადამიანების სტრატეგია კი, ფაქტობრივად, ერთნაირია. ისინი თავად ირჩევენ მიზანს, რომლისკენაც ჯიუტი პრინციპულობით მიდიან. სანამ არ ხარ საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული, ვერაფრით მიხვდები, რა გინდა სინამდვილეში. შედეგი არ უნდა იყოს გათვლილი საზოგადოებრივ სტანდარტებზე, ის, უპირველესად, შენ უნდა გინდოდეს და გახარებდეს.
თქვენს ცხოვრებას მხოლოდ კონკრეტულობით შეცვლით, ანუ, მაქსიმალურად უნდა დააკონკრეტოთ, რა არის თქვენი მიზანი, რა გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ. წინსვლა კარიერაში, ოჯახი, შვილები თუ – სიყვარული. დილით ერთი გინდოდეთ, შუადღისას – მეორე, საღამოს კი – მესამე, ასე არაფერი გამოვა. ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს ყურადღების კონცენტრაციის კარგი უნარი. კარგად შეუძლიათ ლავირება და, რაც მთავარია, ყოველთვის ზუსტად იციან, რა უნდათ. ახალ მიზანს ისინი ისახავენ მაშინ, როცა მანამდე დასახული მიზანი უკვე მიღწეულია.
იქნებ, ფიქრობთ, რომ თქვენთვის ყველაფერი უკვე გვიანია?! არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ შეცდომა და არ თქვათ, რომ, უბრალოდ, არ შეგიძლიათ ან არ გამოგივათ! ბოლოს და ბოლოს, ტექნიკის საქმეა – ერთხელ „ააწყობთ“ და მერე თავისით მიდის.
თუ ირწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუ მიხვდებით, რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სურათი შეიცვლება... აუცილებლად უკეთესობისკენ.
P. S. თქვენთვისვე აჯობებს, თუ ურთიერთობა წარმატებულ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ, შემდგარ ადამიანებთან გექნებათ. გახსოვდეთ წარმატება გადამდებია...