რისთვის მიუსაჯეს ოცდახუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჭაბუა ამირეჯიბს და ნამდვილად მან დაწერა თუ არა „დათა თუთაშხია“
„1944 წლის 10 აპრილს „ტროიკის” თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა – რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო. არ დავფიქრებულვარ, მივუგე – როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე ისე როგორც მაღალმა ღმერთმა ინება. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არის, ეს „უკეთესი“ როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს, საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა, არ მესმის. მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ იმით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე, ბევრი ვნახე, მიუტევებელი ცოდვები არ მადევს, მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა არიან „ყარამანები“. პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და, დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი, დავწერე და ვწერ, რაც შევძელი. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება, ახალს არაფერს ვიზამ – ვიცხოვრებ, როგორც ვიცხოვრე“... – ეს ჭაბუა ამირეჯიბია, რომელმაც თავის დროზე გენიალური რომანებით გაგვანებივრა, ახლა კი მისი ცხოვრების დღიურს გიშლით, საიდანაც დიდ მწერალს უკეთ, ახლოდან გაიცნობთ.
„თბილისში დავიბადე. თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას ვიწონიდი, ანუ ექვს კილოგრამს, ორასგრამნაკლებს. აღნაგობის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მძიმე წონის სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა. კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიონალ „პატიმარ-მარბენლად” ჩამოვყალიბდი...
... დედა და მამა ძველი არისტოკრატული მოდგმისანი იყვნენ: მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი; დედა – პედაგოგი, „ქალთა უმაღლესი კურსებით“, თითქმის გარუსებული. ქართული მამაჩემის ოჯახში ისწავლა კარგად განათლებული, მშვენიერი თავადის ქალის, სოფიო სოფრომის ასულ მაღალაშვილ-ამირეჯიბისგან. დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე – პირდაპირი ჩამომავალი იყო სამეგრელოს, აფხაზეთის და გურიის მთავრებისა. მამაჩემის წინაპართა წოდებრიობაზე თვით გვარი მეტყველებს. ამირეჯიბობა – სახელო, ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით, თანამდებობა იყო – მანდატურთუხუცესის (შინაგან საქმეთა მინისტრის) პირველ მოადგილეს ნიშნავდა და ის დაზვერვა-კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა. სახელო საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადადიოდა და ამირეჯიბის გვარის მატარებელი ყოველი ოჯახი ცდილობდა, თავისი ნაშიერი მოემზადებინა ამ თანამდებობის დასაკავებლად. კონკურენცია მწვავე და დაუნდობელი იყო. ყოველი კანდიდატი შესაფერის განათლებას იღებდა როგორც საქართველოს, ისე ბიზანტიის აკადემიებში. ბოლო ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცად ქვეყანას მოვევლინე მე – პედაგოგიური ფაკულტეტის სამი კურსის მეტი არა დამიმთავრებია რა. მეორე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი – ვწერდი, ვიბეჭდებოდი და სწავლას თავი მივანებე...
დავუბრუნდეთ ბავშვობასა და ყრმობას. ჩემი ქართული ენა ბებოს და პაპას წყალობით ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით – პაპასი, რომელიც თავის დროზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის არმიის არტილერიის შტაბსკაპიტანი გახლდათ. ისინი ქართლელები იყვნენ. ძნელი ბავშვი ვიყავი. ოჯახს თავი მოვაბეზრე და „გამაბარეს“, ანუ, აღსაზრდელად მიმცეს სორბონადამთავრებულ ქალბატონ მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანის ოჯახში. ამ უბრძენესმა ქალბატონმა, პირდაპირ, ამავსო ჩემი ასაკისთვის ერთობ დიდი და მრავალმხრივი ცოდნით. სკოლაში 7 წლისა მიმიყვანეს. პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს და უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს გულწრფელად უკვირდათ ჩემი განათლებისა და ინფორმაციულობის დიაპაზონი.
ჩემი მეორე ენა რუსული იყო: ეს ოჯახშივე და შემდეგ გარემოცვისგან ვისწავლე. ზნეობრივ აღზრდაზე აღარაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ამას საფუძველი ოჯახში ჩაეყარა, ხოლო ზედნაშენი, ანუ შემდგომი განვითარება, ცხოვრებამ მომიტანა.
ჩვიდმეტისამ დავამთავრე ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი გადამცემი რადიოსადგურების განხრით და აქვე მომენიჭა „პირველი რიგის თადარიგის მესამე რანგის სამხედრო ტექნიკოსის“ წოდება. საინტერესო დამთხვევა: 1941 წლის 22 ივნისს კალათბურთის მოედანზე მომნახა მეზობლის ბიჭუნამ, სამხედრო კომისარიატის უწყება გადმომცა. ვითამაშე ბოლომდე და 23-ში ჯარში ვიყავი. ბანაკშიც ასე მოხდა: ვთამაშობდი კალათბურთს, „ვიზივალშჩიკმა“ დაიძახა – „ამირეჯიბი, ნა სვობოდუო”. ვითამაშე ბოლომდე, გამოვემშვიდობე ყველას და გავედი ზონიდან.
სამხედრო სამსახური დავიწყე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის 203-ე ცალკე ასეულში, უფროს რადისტ-ტელეგრაფისტად. რამდენიმე თვის შემდეგ გადამიყვანეს 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად ქალაქ გროზნოს აეროდრომზე, საიდანაც „კუკუ ამომკრეს“, როგორც რეპრესირებული მშობლების შვილს. ყოველივე ეს დამალული მქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, ომი მენახა. შემდგომი ბედის გადასაწყვეტად მიმავლინეს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. იქ შემთხვევით შემხვდა ნათესავი კაცი, ამ სამხედრო ოლქის საფინანსო სამმართველოს უფროსი, რომლის წყალობით აღმოვჩნდი საინტენდანტო სამსახურში, კერძოდ – ტრანსპორტში. იმხანად სპარსეთის ყურედან ირანისა და ამიერკავკასიის გავლით, მოკავშირეთა სამხედრო დახმარება ავტოკოლონებით მიედინებოდა. აქ ყველაფერი იყო, ავტომანქანებით დაწყებული, ყოველგვარი შეიარაღება, ამუნიცია და, დამთავრებული 1903 წლის მოსავლის „უხარშავი“ თეთრი ლობიოთი. ერთ-ერთი ასეთი კოლონის უფროსის მოადგილედ გახლდით უფროსი ლეიტენანტის ჩინით, მაგრამ, აქაც რამდენიმე თვეში მომაგნო ყოვლისშემძლე „ოსობნიაკმა“ და მეორედ, ამჯერად, საბოლოოდ, გამომისტუმრეს რუსებმა თავისი არმიიდან, როგორც „არასწორად გაწვეული“.
დავბრუნდი, აღმადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ომის დრო იყო. საღად მოაზროვნე, მამულიშვილურად განწყობილი სტუდენტობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ, რა საშუალებებითა და ხერხებით დასძრომოდა საქართველო რუსეთის იმპერიის კლანჭებს. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და ერთ-ერთ ასეთში, კერძოდ, „თეთრ გიორგიში“, მეც ამოვყავი თავი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა კაცი – მუსტაფა შელია. ორგანიზაციის მიზანს შეადგენდა შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია. ახალგაზრდები, გამოუცდელი, მხოლოდღა თავისუფლების წყურვილით აღჭურვილი მამულიშვილები ვიყავით და, ცხადია, ჩვენი მიზანსწრაფვა კრახით დასრულდა. 1944 წლის აპრილში უშიშროების ჯარების „ტროიკამ“ ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯა მე, ხოლო, დანარჩენი ცხრამეტი მონაწილიდან სამს დახვრეტა და სხვებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა ხვდათ წილად.
ოცდახუთი წლის პატიმრობას რა უშავდა. ამ ვადის მოხდის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ხუთი წლის სამოქალაქო უფლებების აყრაც გაითვალისწინა ზემოხსენებულმა ტრიბუნალმა. ეს კი ნიშნავდა, რომ ვეღარ მივიღებდი „ჩვენი მშობლიური უმაღლესი საბჭოს“ არჩევნებში მონაწილეობას. ამდენის ატანა შეუძლებლად მივიჩნიე და ხელი „მარბენლობას“ მივყავი. სხვადასხვანაირი რამდენიმე გაქცევა დამიგროვდა, მაგრამ, მოვიდა დრო, როცა მეც გამოვიცვალე – მოვეშვი გაქცევებს, რეაბილიტაციას დავუწყე ლოდინი. ეს დღეც მოვიდა. დავუტოვე „ნაჩალნიკს“ სხვადასხვა განაჩენით მოსჯილი ორი დახვრეტა, ოთხმოცდასამი წლის მოუხდელი პატიმრობა და დავბრუნდი სამშობლოში.
იმ დრომ დამიტოვა დახვრეტილი მამა, ათწელიწადმოხდილი მოხუცი დედა, უმცროსი და – ნათია, უფროსი და – როდამი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. როდამი გადმოსახლდა თბილისში და აღესრულა აქვე, 1995 წელს, 77 წლის ასაკში. როდამმა არჩინა დედაჩვენი ათი წლის პატიმრობის განმავლობაში და თქვენი მორჩილი მონაც, როცა მეჯდომებოდა (ვგულისხმობ ჯდომას გაქცევების დროის გამოკლებით). ძირითადად, როდამმავე არჩინა ჩვენი უმცროსი და – ნათია, რომელიც დეიდა-მამიდებთან იზრდებოდა.
მყავდა ექვსი შვილი, მართალია, სხვადასხვა მეუღლეებისგან, რაც ჩემი „მარბენლობით” აიხსნება, მაგრამ, ღმერთმა ინება და, აგერ, უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მყავს გასაოცარი მეუღლე, პოეტი თამარ გრიგოლის ასული ჯავახიშვილი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შორის არამცთუ რაიმე ექსცესს, სერიოზულ შელაპარაკებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ვცხოვრობთ მშვიდად და ბედნიერად, რამდენადაც ეს ჩვენს აწეწილ დროშია შესაძლებელი. შვილებს დავუბრუნდეთ: უფროსი, მანანა, პირველი გაქცევის შვილი, მამის კვალს გაჰყვა – წერს მოთხრობებს, ქვეყნდება, მკითხველს მოსწონს; მეორე, ლეილა პაპის კვალს გაჰყვა – იურისტია, დიპლომატი, საქართველოს საელჩოში მსახურობს მოსკოვში. ამათ შემდეგ – ოთხი ვაჟი, ოთხივე გათავისუფლების შემდეგ მეყოლა. უფროსი – ირაკლი, რუსეთის არმიაში სამსახურის შემდეგ მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა და წაიღო ჩემი ურყევი ჯანმრთელობა – სამი ინსულტი! ირაკლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. დანარჩენმა სამმაც მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ღმერთმა დამინდო და სამივე გადარჩა. ირაკლის მომდევნო – ლაშა – მოქანდაკეა, ქუცნა – კინორეჟისორ-ოპერატორი, შალვა – ბიოფიზიკოსი. შვილიშვილები – უკვე შვიდი, შვიდივე გოგოა. ბადიშები – სამი...
ბავშვობასა და ყრმობაში ვწერდი ლექსებსა და მოთხრობებს. ოციდან ორმოცამდე ბანაკებში დაწერილიდან ცოტა რამღა გადარჩა, დაწერილის ადგილის სპეციფიკის გამო: ვწერდი – მართმევდნენ. სერიოზული ლიტერატურული მუშაობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე.
ამოწურა თუ არა თავისი ფუნქცია ჭაბუა ამირეჯიბმა?
აი, უბრალო მოკვდავის მაგალითიც: ჩემი ბავშვობის ერთმა მეგობარმა იმთავითვე გასტრონომის დირექტორობა დაისახა მიზნად, მაგრამ, სტუდენტობაშივე „გულაგის“ ბანაკებში მოხვდა. მოიხადა თხუთმეტწლიანი პატიმრობა-გადასახლება, დაბრუნდა. პატიოსნად, უპროტექციოდ ჩააბარა ეკონომიკის ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები, ასევე, პატიოსნად დაამთავრა ის და მოეწყო გასტრონომის დირექტორად! შეირთო ცოლი, ეყოლა ბავშვი, ცოლ-ქმარმა გააერთიანა თავისი ბინები, ასე თუ ისე რიგიანი ავეჯი შეიძინეს; იცოცხლა, სანამ შვილმა უმაღლესი დაამთავრა და... გარდაიცვალა. იმიტომ, რომ აღასრულა დაბადებითვე მინიჭებული ფუნქცია. მკითხველი დამეთანხმება, რომ ასეთი მაგალითები მილიონობით არის.
„დათა თუთაშხია“... ამ რომანის წერას ათი წელიწადი მოვანდომე. სწრაფად წერა არ მეხერხება. ვწერ ნელა და ძნელად. ამდენივე მოვანდომე „გორა მბორგალსა“ და „გიორგი ბრწყინვალეს“. საიდან წამოვიდა იდეა? ჩემი ზრდასრული ცხოვრება ისე აეწყო, რომ ეგოიზმის, ძალადობის, უხამსობისა და ათასგვარი სულიერი სიმახინჯის მოწმედ ყოფნა მომიხდა. არ გეგონოთ, ეს ჩემი პატიმრობის შედეგია, არა! როცა დავბრუნდი და უცხოურ თუ საბჭოთა ლიტერატურაში უფრო ღრმად ჩახედვა მოვახერხე, დავინახე საოცარი მიდრეკილება რიგი ავტორებისა, ეხატათ სწორედ ისეთი ზნეობრივი მონაცემების ადამიანები, მოვლენები და ცხოვრება, რამაც ჩემში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. სანთლად რომ გეძებნათ, დადებით გმირს ვერც ერთ მწერალს ვერ აღმოუჩენდით (მე ღირსეულ ლიტერატურას ვგულისხმობ და არა კონიუნქტურულს). ამას გარდა, ქართულ საზოგადოებრივ ყოფიერებას რომ დავაკვირდი, აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიე დადებითი, მისაბაძი გმირი შემეთხზა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „დათა თუთაშხია“ პატიმრობა-გაქცევის, კვლავ, პატიმრობა-გაქცევის პერიოდში მეწვია და, უკვე შინ დაბრუნებულს დამაწერინა თავისი თავი. მთავარი სირთულე მაინც მატერიალური გასაჭირი იყო. იძულებული შევიქენი, პატიმრობაში შეძენილი ხელობები გამომეყენებინა და ამით მერჩინა თავი. სიძნელე მდგომარეობდა იმაშიც, რომ წერის ჩვევა, სტილი, კომპოზიციის პრინციპები იყო შესამუშავებელი. ამ საჭიროებამ მოთხრობების ორი კრებული დამაწერინა და რომანს ამის შემდეგ მოვკიდე ხელი. მთავარი სირთულეები და წინააღმდეგობები დაიწყო მაშინ, როცა ცენზურამ „დათა თუთაშხია“ უშიშროებას გადაუგზავნა. მივიტანე უშველებელი დასტა მანქანაზე ნაბეჭდი რომანისა ჟურნალ „ცისკარში“ და მის მთავარ რედაქტორს, ჯანსუღ ჩარკვიანს დავუდე მაგიდაზე, სიტყვიერი ტექსტით: „ჯანსუღ, ძმაო, წაიკითხავ და იმას მაინც მეტყვით, კარგია თუ არა ეს ამოდენა ნაწვალებ-ნაწარმოები ნაფოლიანტები და დამაიმედებთ, რომ 15-20 წლის მერე ეღირსება დღის სინათლე!“ წაიკითხეს. ათიოდე თვის თავზე მისულს გამომიცხადა: „შენსავით რომ გამაციმბირონ, ამას მაინც დავბეჭდავ!“ ამსიგრძე ნაწარმოებიდან მხოლოდ ერთი აბზაცი ამომიღეს. ციხის წაგრძელებული ნაჭრიდან დაიწყო ბეჭდვა და პირველი ნაჭრის გამოქვეყნებისთანავე მოხდა წიგნის ცენზურიდან უშიშროებაში გადაგზავნა. რედაქციამ, ცენზურასთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, ბეჭდვა განაგრძო. მის წიგნად გამოცემას კი ტაბუ დაედო, რადგან იმ დროს რამდენიმე კრიტიკოსმა წიგნს „ანტირუსული და ანტისაბჭოთა რომანი” შეარქვა. შევარდნაძემ ბიუროზე გაიტანა საკითხი ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორის მუშაობის შესახებ. ბიუროს დადგენილებაში რედაქციის მუშაობა დადებითად შეფასდა. გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალთა სიაში რომანი „დათა თუთაშხიაც“ იყო მოხსენიებული. ხმა ჩაიკმიდეს მაგინებლებმა. უნდა მოგახსენოთ, რომ მწერალთა კავშირის წევრი და რამდენიმე დადებითი რეცენზიით აღნიშნული მწერალი მანამდეც გახლდით, მაგრამ, აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ რომანის საყოველთაო აღიარებამ, ალექსანდრე ყაზბეგისა და მიხეილ შოლოხოვის გვერდით დაყენებამ, დიდი პოპულარობა მომიტანა. განსაკუთრებით კი იმან, რომ, მათ მსგავსად, რომანის მოპარვა დამდეს ბრალად. ოღონდ, მათგან განსხვავებით, „დათა თუთაშხიას“ ნამდვილ ავტორად ჭაბუა ამირეჯიბის მეტი ვერავინ დასახელდა. ამის გამო ლამის მადლობაც მოვახსენო ჭორიკნებს...”