კასილასი ქორწინდება
მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების 30 წლის გოლკიპერმა იკერ კასილასმა დაქორწინება გადაწყვიტა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა ნაკრების კაპიტნის რჩეულის ვინაობა დიდი ხანია, ცნობილია – ტელეჟურნალისტი სარა კარბონერო მსოფლიომ 2010 წლის „მუნდიალის” დროს გაიცნო, როდესაც ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვისას წყვილის ვნებიანი კოცნა იხილა. სავარაუდოდ, იკერი და სარა ზაფხულში დაქორწინდებიან, თუმცა, ჯერაც უცნობია ზუსტი თარიღი. თავდაპირველად იკერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ივლისს ვარაუდობდა, თუმცა, ბოლო დროს თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ზუსტი თარიღი. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ სარას თითქმის შერჩეული აქვს საქორწილო კაბის დიზაინი და, ასევე, უკვე ყველამ იცის, თუ სად იცხოვრებს ვარსკვლავური წყვილი ქორწილის შემდეგ – ტოლედოსთან ახლოს, მყუდრო სახლში.