ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელების ყველაზე ცნობილი მეორე ნახევრები
„დიდი სლემის” ტურნირებს შორის არსებული არდადეგების პერიოდში ტურნირების ოფიციალური ვებ-გვერდები სხვადასხვა სახის რეიტინგებს ადგენენ, მაგალითად, ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, ტურნირის ოფიციალურმა ინტერნეტ-გვერდმა მონაწილე მამაკაცი ჩოგბურთელების მეუღლეებისა და მეგობარი გოგონებისგან შემდგარი ტოპ-ათეული გამოაქვეყნა, რომელსაც „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
მირკა ფედერერი
მიროსლავა, ქალიშვილობაში – ვავრინეცი, ან, უბრალოდ, მირკა ფედერერი, მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მეუღლეა. წარსულში მირკა თავად თამაშობდა ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე და, ასევე, ერთი ხანობა, როჯერის ფიარ-მენეჯერის ფუნქციასაც ასრულებდა. ამჟამად ტყუპი ქალიშვილების დედას, მუდამ დაჯავშნილი აქვს ადგილი როჯერის ქომაგთა სექტორებში და ის, პრაქტიკულად, „დიდი სლემის” ტურნირის არც ერთ მატჩს არ აცდენს, რომელშიც ფედერერი მონაწილეობს. მირკას და როჯერის რომანი 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დროს დაიწყო და 2009 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა.
ბეკ ჰიუიტი
2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, ჰიუიტების წყვილი განუყრელია. იმ წელს ლეიტონ ჰიუიტი ფინალში, რუს მარატ საფინთან დამარცხდა და ფინალის შემდგომ დაჯილდოების ცერემონიაზე, თავისი სიტყვით გამოსვლის დროს, ბეკს ხელი სთხოვა. წყვილი 2005 წლის ივლისში დაქორწინდა და მას შემდეგ ისინი ხან სიდნეიში, ხან კი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობენ თავის სამ შვილთან ერთად: ქალიშვილებთან – მიასთან და ავასთან და ვაჟთან – კრუზთან ერთად.
ბრუკლინ დეკერი
არცთუ ბევრი ჩოგბურთელი დაიკვეხნის იმით, რომ მისი მეუღლე გლამურული ჟურნალების ყდაზე ხვდება და ხშირად პოზირებს გულახდილ ფოტოსესიებში. ერთ დროს მსოფლიოს პირველი ჩოგნისა და 2003 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარებული ამერიკელი ენდი როდიკის მეუღლე არანაკლებ განთქმული მოდელი ბრუკლინ დეკერია, რომელიც ჟურნალ „სპორტს ილუსთრეიტედის” ვარსკვლავად ითვლება. წყვილი 2009 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში ცხოვრობს.
ელენა რისტიჩი
იდეალური ფიგურის მქონე სერბი მოდელი ელენა რისტიჩი, დიდი ხანია, რაც პლანეტის ამჟამინდელ პირველ ჩოგანს, თავის თანამემამულე ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდება. წყვილი ცნობილია იმით, რომ ხშირად კამათობენ და პაუზას იღებენ ურთიერთობაში, თუმცა, ეს ფაქტი არ უშლის ხელს ელენას, რომ დაესწროს ნოვაკის ყველა შეჯიბრებას, ნოვაკს კი არ ეშლება ხელი, რომ დაამარცხოს ყველა არსებული მეტოქე.
მარია ფრანსისკა „ხისკა” პერელიო
ესპანელი მაჩოს, რაფაელ ნადალის დიდი ხნის სიყვარული – ხისკა, წარმოშობით მალიორკიდან არის, რაფას მშობლიური მხარიდან. სულ ახლახან მან უმაღლესი განათლების დიპლომი მიიღო ეკონომიკაში. ამის გამო ხისკა ხშირად ვერ ახერხებდა რაფას მატჩებზე დასწრებას, თუმცა, „დიდი სლემის” ტურნირებზე, მათ შორის, „როლან გაროსზე” და „უიმბლდონზე”, მუდამ ტრიბუნიდან გულშემატკივრობს თავის რჩეულს.
კიმ სირსი
ბრიტანელი კიმ სირსი, ასევე ბრიტანელი ვარსკვლავის, ენდი მარეის „გერლფრენდია”. კიმი ხშირად ესწრება გულის სწორის შეჯიბრებებს და სწორედ მას ეკითხებიან ჟურნალისტები ყველაზე ხშირად იმის შესახებ, ბოლოს და ბოლოს, როდის მოიგებს ენდი მარეი „უიმბლდონს”. ამჟამად ენდი ახალ მწვრთნელთან, სახელოვან ივან ლენდლთან ვარჯიშობს, ხოლო კიმი, რომლის მამა, ცნობისთვის, სერბი ანა ივანოვიჩის მწვრთნელია, თავისი რჩეულის ფიზიკური მონაცემებითა და სპორტული ჟინით აღფრთოვანებას გამოხატავს.
დონეი მეიჯორი
ბერნარდ ტომიჩის 21 წლის „გერლფრენდი”, დონეი მეიჯორი, 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გახდა საჩოგბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი, იმდენად ცნობილი, რომ წამყვანი ავსტრალიური გაზეთების გარეკანებზე მოხვდა. ექსმოდელი და სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი ტომიჩს რამდენიმე თვეა, რაც ხვდება, თუმცა, ეს დროც საკმარისი გამოდგა, რომ დავრწმუნდეთ გოგონას სწორ არჩევანში.
ბილიანა სეშევიჩი
2011 წლის სეზონის ბოლოს, სერბი იანკო ტიპსარევიჩი მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა; გარდა ამისა, წლის ბოლოს მან დაქორწინებაც მოასწრო, მისი რჩეული ბელგრადის ტელევიზიის ვარსკვლავი, ექსტელეწამყვანი ბილიანა სეშევიჩია. წყვილის ქორწილში დევისის თასზე მონაწილე სერბეთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით მოილხინა და ახალდაქორწინებულებს სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა.
სარა ფოსტერი
ტომი ჰაასის მეორე ნახევარი მომხიბლავი მსახიობი სარა ფოსტერია, რომელმაც სახელი ცნობილ ტელესერიალებში შესრულებული როლებით გაითქვა, მაგალითად თუნდაც „ბევერლი-ჰილზი” და „ლამაზმანები” გამოდგება. სარა მუდამ ესწრება ტომის მატჩებს, ბოლოს ის უიმბლდონის ტურნირზე შეამჩნიეს ტრიბუნაზე. წყვილს საერთო ქალიშვილი, პატარა ვალენტინა ჰყავს.
ნიკოლ ვაიდიშოვა
ქალთა მსოფლიოს რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრი და ავსტრალიის ღია პირველობის 2007 წლის ნახევარფინალისტი, ჩეხი ნიკოლ ვაიდიშოვა, რომელმაც აქტიურ სპორტს თავი დაანება, თანამემამულე რადეკ შტეპანეკის მეორე ნახევარია. წყვილი 18 თვეა, რაც დაქორწინდა და, საინტერესოა, რომ შტეპანეკის ყველაზე მაღალი შედეგი მსოფლიო ჩოგბურთში, მეუღლის მსგავსად, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალია.