როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის და აქვს თუ არა ამ დღეს ნაკურთხი ბზის რაოდენობასა და ზომას მნიშვნელობა
8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომლისთვისაც ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებიან. ამ საუფლო დღესასწაულის შინაარსი ყველასთვის ნათელია: როდესაც მოაწია ჟამი განკაცებული უფლის ვნებისა, მაშინ იესომ წარავლინა მოწაფენი იარუსალიმთან მდებარე უახლოეს სოფელში, სადაც კარაული (სახედარი) და კიცვი (იგივე კვიცი) უცდიდნენ უფლის ნიშანს, რათა აღესრულებინათ მაცხოვრის ნაწინასწარმეტყველები შესვლა იერუსალიმში. იერუსალიმში შესულ მაცხოვარს ურიცხვი ხალხი შემოეგება, რომლებიც პალმის ტოტებსა და სამოსს უფენდნენ და უგალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა“. შედიოდა რა მაცხოვარი იერუსალიმში, აღსრულდებოდა ერთი წინასწარმეტყველება და იწყებოდა მეორე – უფლის ნებსით სიკვდილი. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, აღდგომის მარხვის მეექვსე კვირა ყოველთვის არის ბზობის კვირა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. თუმცა, ბევრისთვის ამ დღეს ეკლესიაში წასვლას, ბზის კურთხევას მხოლოდ რიტუალური მნიშვნელობა აქვს.
– წმიდა დიდმარხვა მთავრდება. ის შედგება ორი არათანაბარი ნაწილისგან. პირველი ნაწილი არის წმიდა ორმეოცე, ანუ ბზობის ჩათვლით მთავრდება მარხვის პირველი ნაწილი და შემდეგ იწყება შვიდდღიანი მარხვა, რაც ნიშნავს ვნების შვიდეულის გახსენებას. დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ მხოლოდ ბზების კურთხევაზე არ არის დამოკიდებული ამ დღესასწაულის მთავარი სიდიადე. მაცხოვარმა მანამდე აღადგინა მართას და მარიამის ძმა – ლაზარე, რომელიც ოთხი დღის მიცვალებული იყო და იმხელა საიდუმლო აღასრულა, რომ მიიპყრო იუდეველთა ერის ყურადღება. ეს არის ყველაზე დიდი სასწაული, რაც მანამდე მოუხდენია იესო ქრისტეს. ამით მან მიიპყრო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებსაც გააჩნდათ გარკვეული სასოება ღვთისა. ანუ, მაცხოვარი აშკარად ამჟღავნებს საკუთარ მესიანიზმს, გამომხსნელობას. როგორც იცით, მანამდე მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან, მაგრამ ბზობის დღესასწაულზე მისი სიდიადე უკვე საყოველთაო გახდა. მან იერუსალიმში შებრძანება ინება ტრიუმფალურად, ხილულად, ისე, როგორც შედიოდნენ ალექსანდრე მაკედონელი და სხვა დიდი, გამარჯვებული მეფენი, ოღონდ მათ თან ახლდათ დაცვა, ტახტრევანი. მაცხოვარი ინებებს, რომ ამხედრდეს „კიცვსა ზედა კარაულისასა“, ანუ სახედრის შვილზე, როგორც ეს იყო ნაწინასწარმეტყველები მის შობამდე 400 წლით ადრე, ზაქარია წინასწარმეტყველის მიერ. სანამ მსვლელობა გაიმართება, უფალი მოდის ბეთანიიდან, გაგზავნის ორ მოციქულს, რომ მას მოჰგვარონ სახედრის შვილი. როგორც იცით, მაცხოვარი ყოველთვის ფეხით გადაადგილდებოდა. მაგრამ, რატომღაც, მან ინება ჩოჩორზე ამხედრება და ისე შესვლა იერუსალიმში.
– მამაო, ყველაფერს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს?
– ბუნებრივია, ყველაფერი სიმბოლოებით არის სავსე და განმსჭვალული. ორი მოციქულის გაგზავნა მიღმა სამყაროში, ნიშნავს, რომ ღმერთი კაცობრიობის გამოხსნისთვის აწესებს ორ აღთქმას – ძველსა და ახალს. მოპირდაპირე ქვეყანა კი არის დაცემული სამყარო, ანუ ეს სოფელი. როდესაც ორი მოციქული მიდის, ისინი ხედავენ დაბმულ სახედარს. ბუნებრივია, ესეც სიმბოლურია – დაბმულ სახედარში იგულისხმება ებრაელი ერი, რომელიც დაება საკუთარი ცოდვებით. იგზავნება ორი მოციქული – ძველი და ახალი აღთქმის მადლი, რათა აუშვან სახედარი, ანუ ებრაელი ერი, რომელიც დაბმულია ცოდვებით. მასთან ახლოს მყოფი ჩოჩორი არის სიმბოლო გაუხედნავი, წარმართი ერისა, რაზედაც მაცხოვარი ინებებს დაბრძანებას და მის შეყვანას იერუსალიმში. მოციქულები ინებებენ მას ჩოჩორზე დაუფინონ საკუთარი შესამოსელი და ისინი იერუსალიმისკენ მიემართებიან უბრალო, მაგრამ დიადი მსვლელობისკენ. სანამ მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდება, მანამდე გოდებს, ტირის და წარმოთქვამს შთამბეჭდავ სიტყვებს, რომელიც ნებისმიერმა ერმა საკუთარ თავზე შეიძლება მიიღოს. ეს გოდება 48 წლის შემდეგ გაახსენდებათ ებრაელებს, როცა მათ რომაელი ლეგიონერები მოადგებათ ტიტეს ხელმძღვანელობით და ქვა ქვაზე აღარ დარჩება ამ ქალაქში. ეს მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა 48 წლით ადრე და ამიტომ გოდებდა მათი უგუნურების გამო. ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია, ეს გულისხმავყოთ, თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, კარგად იყოს, სახედრის შვილზე ამხედრებული მესია უნდა მივიღოთ მარხვით, ლოცვითა და ეკლესიური ცხოვრებით. როდესაც მაცხოვარი შედის იერუსალიმში, ასეთი პატივითა და თავმდაბლობით, მას არავინ ეკითხება, ვინ არის ის. ხალხი ეგებება ბავშვებთან ერთად და უგალობენ: დიდებას – „ოსანა მაღალთა შინა“. ესე არის ებრაულ-არამეული სიტყვები, რაც ნიშნავს: დიდება ღმერთს, გადაგვარჩინე. ანუ მას, როგორც მხსნელს, მესიას, ისე ეგებება ხალხი და უფენენ პალმის რტოებს. პალმის რტო, როგორც ბზა მარადმწვანე მცენარეა და ნიშნავს, რომ ეს სიხარული მარადიულია, უფალიც არის მხოლოდ და მხოლოდ მარადიული და ადამიანი უფალთან შეხვედრამ მარადისობაში უნდა შეიყვანოს. უფალმა ადამიანს უნდა მისცეს მარადიული ცხოვრების საწყისი და ცხონების ერთადერთი საშუალება. მაცხოვარი, რომელიც ყოველთვის თავმდაბლობით, უბრალოებით მოღვაწეობს, არ უშლის ხალხს ამ დიდების აღვლენას. იმიტომ, რომ მან კიდევ ერთი შანსი მისცა მაშინდელ კაცობრიობას, რადგან, სანამ ის იქნება შეპყრობილი, ჯვარცმული, ნაწამები, მანამდე ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი.
– თუმცა, ადამიანებს უჭირთ არჩევნის გაკეთება.
– კარგია, საპატიოა, როცა მაცხოვრის გვერდით მიდიხარ, დიდებასა და პატივს იღებ ხალხისგან, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება: დავრჩეთ მაცხოვართან, გავიაროთ მასთან ერთად გოლგოთის გზა, თუ მივატოვოთ მაცხოვარი და ვთქვათ, რომ ჩვენ მას არ ვიცნობთ, როგორც ეს პეტრე მოციქულმა გააკეთა.
– ადამიანები ცდილობენ, ამ დღეს რაც შეიძლება ბევრი ბზა წაიღონ, თუმცა, ხშირად მათი ეკლესიაში სიარული მხოლოდ ამ დღეს მისვლითა და ბზის დიდი ტოტების კურთხევით მთავრდება.
– როდესაც ბზის ტოტებს, რტოებს აკურთხებინებენ მოძღვარს, ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი სახლის ზღურბლს, კარიბჭეს უღებენ მაცხოვარს და მაცხოვარი მათთან შედის. როდესაც ჩვენ მიგვაქვს ბზა, სიმბოლოს მადიდებელნი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ სიმბოლოს საწყისისა. მრავალი ქრისტიანი, რომლებსაც ბუჩქების სახით, ძალიან ბევრი ბზა მიაქვთ სახლში, სასოებს ბზის ტოტებით. მათ ჰგონიათ, რომ რაც შეიძლება ბევრი ბზა უნდა ჰქონდეთ და ამით დიდ რწმენას გამოხატავენ. ვფიქრობ, ვისაც ბზის დიდი ტოტი უჭირავს, მას უფრო ნაკლები რწმენა აქვს. საკმარისია, ადამიანმა ერთი ღერო, ერთი ფოთოლი წაიღოს სახლში, მაგრამ ჰქონდეს დიდი სიყვარული, რწმენა იმისა, რომ მას ესტუმრა იესო ქრისტე და უნდა უგალობოს: „ოსანა, მაღალთა შინა“, უნდა სწამდეს, რომ არ დადგება იმ ხალხის გვერდით, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იტყვის: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე“. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ხალხი, რომელიც დიდებით ეგებება უფალს, რამდენიმე დღეში ჯვარს აცვამს და ბარაბას ამჯობინებს კაცობრიობის მხსნელს. ჩვენც ასე ვართ, დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, მუხლს ვიყრით, მაგრამ გავა დრო, დამთავრდება მარხვა და ისევ ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავუბრუნდებით. შეიძლება, ჩვენი ბაგეებით არ წარმოვთქვამთ: „ჯვარს აცვით ეგე“, მაგრამ, როცა ადამიანი ივიწყებს იმას, რა მადლიცაა მარხვა, როგორი დიდი წყალობა, სასწაული და საიდუმლოებაა მაცხოვრის აღდგომა, ისევ ძველ ბინძურ ცხოვრებას უბრუნდება. ბზობა კარგია, მაგრამ მაცხოვართან ერთად გოლგოთაზე ასვლა არის აუცილებელი და მაცხოვნებელი. გოლგოთის მსხვერპლი თუ არ გაიზიარა ადამიანმა, თუ სვიმონ კვირინელივით არ იტვირთა მაცხოვრის ჯვარი, მაშინ ჩვენ დავრჩებით იმ ხალხთან, რომელიც ჯერ ადიდებდა უფალს და შემდეგ ჯვარს აცვა. თუ ჩვენ არ ვადიდებთ უფალს, მაშინ მას უსულო საგნები ადიდებენ და ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ გავჩუმდეთ და უსულო არსებები ამეტყველდნენ. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოვუწოდებ, ნუ მიატოვებენ მაცხოვარს, გაყვნენ მას, ეს არის ჩვენი ხსნა, ქვეყნის კეთილდღეობა. წინ მრავალი განსაცდელი გველოდება, რადგან გოლგოთაზე ასვლა არის ჭირთთმენა, ღვაწლი განუზომელი და მინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ტვირთი იტვირთოს. ბზობის დღესასწაულზე გამოჩნდა აჩრდილი ჯვრისა და ეს აჩრდილი ნათელი გახდება ჩვენ წინაშე, როდესაც შევუდგებით დიდ ორშაბათს. ეს არის სამზადისი იმისა, რომ თუ არ ვეცვით ჯვარს, არ ვიტვირთეთ და არ ვიარეთ გოლგოთაზე, მაშინ ჩვენი აღდგომა, სიხარული წარმოუდგენელი იქნება. სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, ბზობიდან აღდგომამდე გამოსასვლელი გზა არის დამამცირებელი, მაგრამ დიდი მოგზაურობა, რომელიც განსაცდელით, გლოვითა და ცრემლებით იქნება სავსე.