იგავი ორგულ მოურავზე
„იყო ერთი მდიდარი კაცი, მას მოურავი ჰყავდა. მოურავი პატრონთან დააბეზღეს, შენი ქონება გაანიავაო. პატრონმა დაუძახა და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე ანგარიში, რადგან ამიერიდან ჩემი მოურავი ვეღარ იქნები. მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? ჩემი პატრონი მოურავობას მართმევს, სხვა საქმე მე არ ვიცი, მათხოვრობას ვერ დავიწყებ, მრცხვენია... ვიცი, რაც უნდა ვქნა იმისთვის, რომ ხალხმა სახლის კარი გამიღოს, როცა მოურავობას დავკარგავ.
მოურავმა თავისი პატრონის ყველა მოვალე ცალ-ცალკე მოიხმო. პირველს ჰკითხა: რამდენი უნდა გადაუხადო ჩემს პატრონს? მოვალემ მიუგო: ასი ლიტრი ზეთი. მოურავმა უთხრა: აჰა, აიღე შენი ხელწერილი, ახლავე დაჯექი, გადაწერე და ორმოცდაათი ჩაწერე. შემდეგ მეორე მოვალეს ჰკითხა: შენ რა ვალი გაქვს? მან მიუგო ასი ფუთი ხორბალი. ამასაც უთხრა მოურავმა: აჰა, აიღე შენი ხელწერილი და ოთხმოცი ჩაწერე. შეაქო პატრონმა თავისი ორგული მოურავი, რადგან გონივრულად მოიქცა“.
ლუკა 16, 1-8
გინდა, უფალმა შეგაქოს?
ძველად მდიდრები გამოცდილ მოურავებს ანდობდნენ ხოლმე თავიანთ ქონებას. კეთილსინდისიერი მოურავის ხელში ეს ქონება მრავლდებოდა და თვითონაც არ აკლდებოდა კეთილდღეობა, თუმცა საკუთარი არაფერი გააჩნდა.
მაგრამ იგავში ამ მოურავმა თავის პატრონს უღალატა, ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და ქონება გაუნიავა. ეს ამბავი რომ გაიგო პატრონმა, უსაყვედურა და ანგარიში მოსთხოვა, თან უთხრა, ჩემი მოურავი აღარ იქნებიო.
ჩვენი მოწყალე უფალიც ამ მდიდარი კაცივით გვაძლევს და გვანდობს თავის ქონებას: სიცოცხლეს, მიწა-წყალს, სახლ-კარსა და ოჯახს, სწავლისა და საქმის კეთების ნიჭს, სიმდიდრესა და ძალაუფლებას. ეს ქონება მან იმისთვის მოგვანდო, რომ კარგად მოვუაროთ, გავამრავლოთ, სხვას ვუწილადოთ და ახლობლებთან ერთად გავიხაროთ ამ სიკეთით.
მაგრამ ზოგს ავიწყდება, რომ სხვისი ქონების მოურავია. ეს ქონება ღვთისაგან მიეცა, მას კი თავისი ჰგონია და თვითნებურად, მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს. უფალს ეს არ მოსწონს და ერთ მშვენიერ დღეს ეტყვის, შენ ჩემი მოურავი აღარ ხარო. ასე ვკარგავთ ხოლმე ღვთის წყალობასა და მადლს.
პატრონის საყვედურმა მოურავი გონს მოიყვანა, სინდისის ქენჯნა იგრძნო და შესძახა: რა ვქნაო?! ცოდვილიც ასეა: თუკი სინდისი გაიღვიძებს მასში, თავის შეცდომებსა და შეცოდებებს დაინახავს, ისიც გონს მოეგება ხოლმე და სინანულიც ეწვევა.
რატომ დაიბარა მოურავმა თავისი პატრონის მოვალეები? ან რისთვის ჩააწერინა ხელწერილებში იმაზე ნაკლები ოდენობის ვალი, რაც სინამდვილეში ემართათ?
იმხანად პატრონისა და მისი მოვალეების შუამავალი იყო მოურავი. ეს მოურავი, იგავის მიხედვით, უსამართლოდ იქცეოდა: მოვალეების ხელწერილებში მეტი ოდენობის ვალს წერდა და ხელს ითბობდა, სხვის ხარჯზე მდიდრდებოდა. რაკი პატრონთან თავი შეირცხვინა და უსახსროდ რჩებოდა, გონს მოსულმა მოურავმა გამჭრიახობა გამოიჩინა, ისევ მოხერხებულად იცრუა, ოღონდ მოგებისთვის კი არა, თავის გადარჩენისთვის: მან ცალ-ცალკე იხმო მოტყუებული მოვალეები და გადააწერინა ხელწერილები, სადაც შემცირებული ოდენობის ვალი ჩააწერინა. ამით მოურავმა თავის უსამართლობასაც მოუღო ბოლო, სამართლიანობაც აღადგინა და მოვალეების გულიც მოიგო. ამიტომ ამბობს მოურავი იგავში: ვიცი, რაც უნდა ვქნა, ხალხმა სახის კარი რომ გამიღოსო.
ამ ორგულმა და უსამართლო მოურავმა მართლაც საკვირველი გონიერება გამოიჩინა, უნუგეშოდ რომ არ დარჩენილიყო. ამის გამო იგი პატრონმაც კი შეაქო, რადგან დაინახა, რომ მან უარი თქვა უკეთურობაზე, აღიარა თავისი ცოდვები, ხელი მოჰკიდა კეთილ საქმეს და გაჭირვებულებსაც შეეწია.
პატრონმა, ანუ უფალმა მოურავის გულმოდგინება შეაქო. ჩვენც მთელი გულით მოვინდომოთ, რომ მეტად აღარ ჩავიდინოთ ცოდვა, უსამართლოდ აღარ მოვიქცეთ, აღარასოდეს ვიცრუოთ და არც უფლისგან ბოძებული ქონება გავანიავოთ.