კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა ღალატი ოჯახური ინტერესებისთვის და როგორ იღებენ ამას ცოლები

ცხოვრება ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს, მათ შორის – გაუთვალისწინებელსაც. მთავარი ის არის, მომზადებულები ვხვდებით და შევძლებთ თუ არა რთული სიტუაციებიდან ღირსეულად გამოსვლას. წყვილს შორის ურთიერთობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია და, ის, რაც ერთი ცოლქმრული წყვილისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, შეიძლება, მეორისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდეს. ერთი სიტყვით, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღალატი საშინელებაა და ის აუცილებლად ანგრევს ოჯახს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ წყვილები, რომლებსაც  ურთიერთობებსა და ოჯახზე თავისებური, ორიგინალური წარმოდგენა აქვთ, სრულიად განსხვავებული და, იქნებ, ცოტათი შოკის მომგვრელიც კი.

 

დეა (29 წლის): მგონი, ჭკუის დამრიგებლის როლში გამოვდივარ. ზუსტად არც ვიცი, რატომ დავდექი გულახდილობის განწყობაზე. სულ ვკითხულობ ამ რუბრიკაში დაბეჭდილ ისტორიებს და ზოგიერთი რესპონდენტის მიმართ სიბრალულს ვგრძნობ. ჩვენი პრინციპულობით ზოგჯერ მხოლოდ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს. იმას კი არ ვაკეთებთ, რაც მართლა გვინდა, თითქოს ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას ვცდილობთ და ამით მხოლოდ ვაგებთ. დიახ, ისევ ჩვენ ვაგებთ და არა ისინი.

– ვინ არიან „ისინი“?

– საზოგადოება, ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ისინი გვკარნახობენ იმ წესებს, რომელთა მორგებასაც საკუთარ თავზე ვცდილობთ. სინამდვილეში კი სულ სხვანაირად გვინდა, რომ ვიცხოვროთ.

– მე ვერავინ მიკარნახებს, უნდა ვაპატიო ვინმეს ღალატი თუ სამუდამოდ დავემშვიდობო. ეს ჩემმა გულმა უნდა მითხრას.

– მეც სწორედ მაგას ვამბობ. გულს უნდა ენდო და დაუჯერო. მართალია ისიც, რომ გული ზოგჯერ ცუდი მრჩეველია, მაგრამ, სხვების ნაკარნახევს მაინც სჯობია. შეცდომაც რომ დაუშვა, ის შეცდომა შენი იქნება და არა ვიღაცის. სინანული მაინც აღარ გექნება, რომ შანსი არ გამოიყენე. რაც ეს ამბავი შემემთხვა, სულ იმას ვფიქრობ, ღირდა თუ არა ამ ბედნიერებად ის მსხვერპლი, რომელიც გავიღე და რაღაც პერიოდი ძალიან ვიტანჯებოდი. ვიცი, რასაც ამბობენ ჩემზე... ან, იტყვიან...

– ვინ ამბობს?

– ჩემი გარემოცვა – ახლობლები და ნაცნობები. მას ყველაფერი ჰქონდა: მაგარი ოჯახი, წარმატებული ქმარი არაჩვეულებრივი შემოსავლებით, შვილი... ერთი სიტყვით, რატომ იტყოდა უარს და დაკარგავდა იმას, რაც ბედმა აჩუქაო. ანუ, იმას, რაც მე მოვითმინე, ამას მიაწერდნენ და არა ჩემს რეალურ გადაწყვეტილებას. დიახ, შორიდან ნამდვილად ისე ჩანს, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ უნდა იყოს, მაგრამ, შორიდან ნაძვის ხის სათამაშოებიც ბრჭყვიალებს ბრილიანტებივით. სხვისი ცხოვრების განსჯა ადვილია. უი, იმან ქმარს ღალატი აპატია... ან პირიქით, ცოლს აპატია ღალატი... სად ჰქონდა თავმოყვარეობა?! რატომ მოიქცა ასე, ან რის ფასად დაუჯდა, ვინმე კითხულობს და ვინმეს აინტერესებს? სხვის პრობლემაზე ხომ, რეალურად, ყველა ერთობა?!

– თქვენ ასე ფიქრობთ?

– კი არ ვფიქრობ, ასეა. მოდი, ჩვენ მაინც ვიყოთ გულახდილები. ღალატი არავისთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ, არის მასზე გაცილებით ღირებული ბევრი რამ, რაც ღალატს არ უნდა გაანადგურებინო.

– მაგალითად?

– მაგალითად, ურთიერთობა. უნდა მიხვდე, რა გიღირს მსხვერპლად და რა არა. მე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი გადავიტანე და საკუთარი თავი გამოვიტირე მარტოდმარტომ, სკამზე მჯდარმა, სიცივეში. მაშინ არავის დავუნახივარ და არავის უკითხავს, რას ვგრძნობდი. პრინციპში, ალბათ, არც მინდოდა, რომ ვინმეს ეკითხა. ვინ მიშველიდა და ვინ მირჩევდა, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება? შორიდან ჩემი ოჯახიც იდეალური ჩანდა და სხვების თვალში ასეთადაც უნდა დარჩენილიყო. მივხვდი, რომ, მერჩივნა, ეთქვათ, შეხედეთ, როგორი ბედნიერიაო, ვიდრე მარტო დავრჩენილიყავი ბავშვით და სიბრალულის ობიექტად ვქცეულიყავი.

– ანუ, ღალატი თქვენთვის მაინც იყო ტრაგედია?

– არა, ტრაგედია არ ყოფილა. მაშინ ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი. ჩემს ქმარს ვუყვარვარ და ყოველთვის ვუყვარდი. ღალატზეც მე მივეცი ნებართვა.

– ამას სერიოზულად ამბობთ?

– თითქმის მივეცი ნებართვა, ასე გამოვიდა. ამიხსნა და გავიგე. სულელის მდგომარეობაში არ ჩავიყენე თავი.

– ანუ, ქალი, რომელიც ქმარს ღალატის უფლებას არ აძლევს, სულელია?

– არანაირად. მაგას არ ვამბობ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. რაღაც მომენტში მე მივხვდი, ქმარი იმაზე ბევრად ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე წარმომედგინა. ჩემი ოჯახიც სტაბილური იყო და სიყვარულიც – მყარი. ჩემი ქმარი ხშირად მეუბნებოდა, ჩემი შთაგონების წყარო ხარ და უშენოდ ვერაფერს მივაღწევდიო. საერთოდ, მტკიცე ნებისყოფის ადამიანი ვარ, არც უპრინციპობას ვუჩივი. როცა გავთხოვდი, საკმაოდ კარგი ორი წელი გვქონდა. ორივეს ოჯახები გვეხმარებოდა და მხოლოდ გართობაზე ვფიქრობდით. მერე გაჩნდა ბავშვი და ამან ჩვენგან ცხოვრების სტილის შეცვლა მოითხოვა – ისე ვეღარ ვიქნებოდით, როგორც უწინ. მშობელი – უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ვახო ყოველთვის გულახდილი იყო ჩემთან, სისასტიკემდე გულახდილი. ბევრი კაცი ფიქრობს, რომ, თუ ცოტას „გვერდზე“ წაიცელქებს და ისე ითამაშებ ერთგულებას, რომ ამის შესახებ ცოლი ვერასოდეს გაიგებს, დიდ ცოდვაში არ ჩაეთვლება. იცით, რატომ მჯერა, რომ ქმარს ვუყვარვარ? მე მას არასოდეს მოვუტყუებივარ, არც კი უცდია.

– ამით ამართლებთ მის ღალატს?

– არა, მარტო ამით არა. კიდევ არის რაღაც ფაქტორები, რომლებიც მე უნდა გამეთვალისწინებინა. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ადვილი, მხოლოდ სათქმელად და არა გასაანალიზებლად. მე ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რაც მართლა ვიცი, რომ იყო. რთულია, მაგრამ, როცა გიყვარს, შეუძლებელი არაფერია... და კიდევ, არსებობს სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც – ეს არის მზერა, რომელიც არასდროს ტყუის, მთავარია, დაინახო ის, რისი დანახვაც საჭიროა და დროულად მიხვდე, რა არის შენთვის უკეთესი. მე რომ ქმარს ღალატს ვპატიობდი, მართლა საკუთარი ინტერესებიდან გამოვდიოდი, გეფიცებით; ოღონდ, სწორად უნდა გამიგოთ.

– ვცდილობ...

– გეთანხმებით, არ არის ადვილი გასაგები. ამისთვის ჩემს მდგომარეობაში უნდა ჩაიყენოთ თავი. როგორც გითხარით, ცოტა გაგვიჭირდა. ჩემი ქმარი რიგითი თანამშრომელი იყო ერთ-ერთ ფირმაში, საკმაოდ დაბალი ხელფასით... ერთ დღესაც, მოვიდა სახლში და მითხრა, შანსი გვაქვს, კარგად ვიცხოვროთო...

– სანამ საუბარს გააგრძელებთ, უნდა გკითხოთ: თქვენი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა?

– დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენი სიყვარული იყო, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეყვარება. მაშინვე გავგიჟდი მასზე, ის კი ჩემზე გადაირია. ერთმანეთს უსიტყვოდ გავუგეთ. გულახდილად რომ გითხრათ, არც მახსოვს, როგორ მოხდა ჩვენი დაახლოება. უნდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან ეფექტური ქმარი მყავს. მართალია, არც მე გამოვიყურები ურიგოდ, მაგრამ, მისი, როგორც მამაკაცის, არშემჩნევა შეუძლებელია. ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისი ისეთი ბედნიერი და ხალისიანი ფერებით იყო სავსე, მაშინვე უნდა მეფიქრა, რომ მთელი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ მექნებოდა. პრობლემები ვის არ აქვს. თუმცა, ჩემი ოჯახის პრობლემა მაინც განსხვავებულია. ბევრს ურჩევნია, საერთოდ არაფერი იცოდეს საკუთარი ოჯახის წევრზე, მით უმეტეს, მეუღლეზე, რადგან, უყვარს ის და, ურჩევნია, ტყუილში იცხოვროს, ვიდრე გული ეტკინოს.

– ტყუილში ცხოვრებით არ იტკენ გულს?

– ტყუილსაც ხომ გააჩნია? მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ არ მცოდნოდა სიმართლე. მით უმეტეს, რომ ჩემი ქმრისთვის ეს ყველაფერი სერიოზული არ ყოფილა.

– ანუ, გერჩივნათ, მოეტყუებინეთ?

– სიმართლე ისეთი იყო, რომ... თუმცა, ალბათ, მაინც ტყუილი მირჩევნია. მაგრამ, ჩემი ქმარი ტიპია ისეთი, ბოლოს მაინც ყველაფერს მეტყოდა. რა აზრი ჰქონდა ამის გადადებას? ალბათ, მერე რომ გავიგებდი, კიდევ უფრო მეტკინებოდა გული. არც სიმართლემ მატკინა ნაკლებად, მაგრამ... მოკლედ, კარგად არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ ეს უსიამოვნო სიურპრიზი ცხოვრებამ ჩვენი სიყვარულის გამოსაცდელად მოაწყო, რაც, გარკვეულწილად, პოზიტივია.

– სიურპრიზია, ქმარი რომ გიღალატებს?

– რა თქმა უნდა! სიურპრიზი ყოველთვის კარგი და სასიამოვნო კი არ არის, ზოგჯერ ძალიან მწარეა და მტკივნეული. პოზიტივზე მკითხავთ და, ბარემ, ამაზეც გეტყვით: თუ შეძლებ და ამ ამბავს ამ კუთხით მიუდგები, აუცილებლად გადალახავ სიძნელეს და ოჯახიც უფრო გამყარდება. ჩვენ ეს შევძელით. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ქმარმა მითხრა, რომ იძულებული იყო, სექსი ჰქონოდა იმ ქალთან. სხვანაირად, სამსახურს დაკარგავდა.

– სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი?

– არა, უბრალოდ, არჩევნის საშუალება მისცა ერთმა საკმაოდ გავლენიანმა ქალმა და ამაზე იყო დამოკიდებული, რას იზამდა. ვფიქრობდი მარტო იმაზე, როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი, ოჯახს თუ დავანგრევდი; რა მელოდა მარტოს, ბავშვით... ხოლო, თუ თვალს დავხუჭავდი, პერსპექტივა უკეთესი იყო: წარმატებული ქმარი მაღალანაზღაურებადი სამსახურით, კომფორტი, ძიძა ბავშვისთვის და, ჩემი იძულებითი შინაპატიმრობის ნაცვლად – კარგი სამსახური.

– არ გიფიქრიათ, რომ თქვენი მეუღლის ასეთი ულტიმატუმი ცინიკური იყო?

– ვიფიქრე ამაზე. შეიძლება, რაღაც დოზით მართლაც არის ცინიზმი, მაგრამ, მირჩევნია, საკუთარ თვალებს დავუჯერო და არა ვარაუდებს. რატომ უნდა გავიტანჯო თავი, როცა ისედაც ვიტანჯები?! ასეთ ფიქრებს ჩემზე ბატონობის საშუალება რომ მივცე, მაშინ ქმარს უნდა გავცილდე –  სახლიდან ან მე უნდა წავიდე, ან ის უნდა გავუშვა. მქონდა პერიოდი, როცა ამის გაკეთების სურვილმა ამიტანა და, ცოტა დამაკლდა, კარი ცხვირწინ არ მივუჯახუნე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ამაზე დიდ სისულელეს ვერ გავაკეთებდი. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო, მთავარია, ახლა რა იქნება-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს და, მგონი, კარგად მოვიქეცი. ჩემს ქმარს ვუყვარვარ. არ მინდა, სახელი მოვუძებნო მის საქციელს, ჩემთვის ეს საინტერესო არ არის; არ მინდა, ცხოვრება დავინგრიო, მით უმეტეს, რომ ამ ამბის მერე ის მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალა – თითქოს მადლიერებას გამოხატავს იმისთვის, რომ გავუგე. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქორწინება გადარჩა და ყველაფერი კარგად გვექნება.

– რადგან ქმარს თქვენ მიმართ დანაშაულის განცდა აქვს, იმიტომ ეცდება, გული აღარ გატკინოთ?

– ამას მარტო დანაშაულის განცდას ვერ დავარქმევდი, უფრო ურთიერთგაგების რაღაც ეტაპი და ფორმაა. ის მიხვდა, რომ ჩემზე ახლობელი ადამიანი არ ჰყავს და, რადგან ასეთ დელიკატურ საკითხში გავუგე, ყოველთვის ყველაფერში გავუგებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. გეთანხმებით, მაგრამ, არსებობს ეგრეთ წოდებული „დაუსჯელობის სინდრომიც“.

– ვიცი, რასაც გულისხმობთ – რომ ჩემი ქმარი ამით ისარგებლებს და, თუკი მოუნდება, კიდევ მიღალატებს. ზოგადად, ამის პრევენცია არ არსებობს. იმასაც ვიტყვი, რომ ოჯახი მარტო ქალის და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობა არ არის. ინტიმი მთელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მხოლოდ.  ჩემი და ჩემი ქმრის ოჯახური მთლიანობა არ დარღვეულა. იყო პრობლემა, რომლისგანაც მე ტრაგედია და კატასტროფა არ შევქმენი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეტკინა – ამას არ უარვყოფ.

– თქვენს ქმარს უთხარით, რომ გეტკინათ?

– როგორ არ ვუთხარი. თქვენ ფიქრობთ, პირში წყალი დავიგუბე და ისე ვინერვიულე, ჩემთვის? არა. კამათიც იყო, ცრემლებიც... მაგრამ, დავიცალე და მერე უკვე საღად განვსაჯე ჩემი მდგომარეობა. ემოციური ფაქტორი აუცილებლად არსებობს, მაგრამ შენ არ უნდა მისცე საშუალება, გადაწყვეტილება ემოციამ მიგაღებინოს. ჩემმა ქმარმა იცის, რა მსხვერპლი გავიღე ოჯახისთვის და აღიარებს ამას. თუ არ დააფასებს, ოჯახის დანგრევას ყოველთვის მოვასწრებ. ძნელი გადარჩენა და აშენებაა, მათ შორის, ოჯახისა და ურთიერთობის, თორემ, დანგრევას რა უნდა?! ეს იყო ღალატი ოჯახური ინტერესებისთვის და მე ეს გავიგე...

– საინტერესო კლასიფიკაციაა.

– რეალობაა. ილუზიას ნამდვილად არ ვიქმნი. ჩემი ქმრის გულახდილობა კი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, მაგრამ, ზოგჯერ სწორედ შოკია საუკეთესო თერაპია. მინდა ქალებს ვურჩიო, შეეცადონ, კარგად გაუგონ თავინთ ქმრებს, როგორმე ჩაიყენონ თავი მათ მდგომარეობაში, თუ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ გრძნობა აქვთ და ოჯახიც ეძვირფასებათ. ღალატი არ არის ტრაგედია. მართლა არ არის. ნამდვილი ტრაგედია შეიძლება შვილის მოურჩენელი სენი იყოს, ან – საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ის, რისი გამოსწორებაც შეიძლება, ვერანაირად ვერ იქნება ტრაგედია.

 

 

скачать dle 11.3