კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნება 11 წლის ნიკუშა ნოზაძის კოლექცია და რა დამღა აქვს მის ნამუშევრებს


ნიკუშა ნოზაძის კოლექცია ჯერ იმ ნივთებისაგან გროვდებოდა, რომლებიც ნიკუშას მოსწონდა, შემდეგ კი მან თვითონ დაიწყო კონსტრუქტორებით სხვადასხვა მოძრავი საგნებისა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შვიდი ნაგებობის აწყობა. ეს ყველაფერი ისე მოეწონა, რომ ახლა უკვე სხვადასხვა საგნის შექმნას მიჰყო ხელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რისთვის იქმნება ჯერ ნახაზი, საბოლოოდ კი იწყობა კიდეც ხან ორთქლმავალი, ხან ბეტონმზიდი, ხან – ნოზაძეების კოშკი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს 11 წლის ნიკუშამ შესანიშნავად აუღო ალღო და ამან გაიტაცა კიდეც. მისი ყოველი სახელმძღვანელოსა თუ ნახატის უკანა მხარე ასაკთან შედარებით ყოველთვის უმაღლეს დონეზე არის შესრულებული. თავად ნიკუშა ნოზაძე ამბობს, რომ კოლექციონერობა ძალიან კარგი რამე ყოფილა, რადგან აკეთებ იმას, რაც მოგწონს და, თან, კოლექციაც გროვდება.

ნიკუშა ნოზაძე: თავდაპირველად მომწონდა და ვაგროვებდი ავტომანქანებს, მატარებლებს, მოტოციკლებს... შემდეგ დავიწყე კონსტრუქტორების აწყობა. ვაგროვებდი ფულს და ვყიდულობდი კონსტრუქტორებს, ხან დედა და მამაც მიმატებდნენ. ვაწყობდი ტანკს, მანქანას, ეს კოშკიც მე გავაკეთე: დომინოს, ასანთის ღერების, ატმის კურკის, ქილის თავსახურის და ხის ნაჭრებისაგან, მაშინ 6 წლის ვიყავი. ამ კოშკს „ნოზაძეების კოშკი“ დავარქვი. ეს მოტოციკლის ფორმის ტელეფონი მაშინ მაჩუქა მამაჩემის მეგობარმა.

– ეს მოტოციკლი-ტელეფონი მეც ძალიან მომწონს.

– არსად არ მინახავს მსგავსი. მანქანა-საათიც მაქვს, რომელსაც მაღვიძარის ხმის მაგივრად მანქანის კოლოფის ხმა აქვს და ყოველ დილით ეს ხმა მაღვიძებს. ცოტა რომ გავიზარდე, დავიწყე კონსტრუქტორების აწყობა. აი, ეს კონსტრუქტორი ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეს და ავაწყვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 7 ნაგებობა: ეიფელის კოშკი, „ტყუპები“, ბრუკლინის ხიდი...

– შენ რომელი ნაგებობა მოგწონს განსაკუთრებით?

– მე ყველაზე ძალიან მომწონს ბრუკლინის ხიდი, რადგან მისი აგება ძალიან რთული იყო. რაც რთულია, ის ყველაზე ლამაზია და მიყვარს, სპეციალურად ვყიდულობ ისეთ კონსტრუქტორებს, რომლებიც ჩემთვის რთულია. ცოტა უნდა ვიწვალო, ტვინი დავიხმარო, თორემ, რაც ადვილი ასაწყობია, ის საინტერესოც არაა. კონსტრუქტორებზე მუშაობამ ბევრი რამე მასწავლა და ახლა ჩემი ნახაზებით ვაწყობ ახალ-ახალ გამოგონებებს. ყოველთვის ძალიან მინდოდა ამგვარი რაღაცეების აწყობა და ნახაზებს ვაკეთებდი ხოლმე.

– ხაზვა როდის და როგორ ისწავლე?

– თავიდან ძალიან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი გამომგონებელი, სხვათა შორის, ახლაც ძალიან მინდა. ამიტომ დავიწყე ნახაზების შექმნა და მამაჩემს ვთხოვე, აეხსნა, როგორ უნდა დამეხაზა, როგორ უნდა დამენახა ერთი და იგივე საგანი სამი მხრიდან. იმანაც ამიხსნა და არ გამჭირვებია, მალე გავიგე.

სულ პირველად მატარებლის ორთქლმავალი გავაკეთე.

– გაგიჭირდა ამ ორთქლმავალის გაკეთება?

– მაგისი რა გითხრათ, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვაკეთებდი – ორი-სამი თვე დამჭირდა. ბევრი წვრილ-წვრილი დეტალი ჰქონდა. თავდაპირველად ავიღე სწორი ხე, რომელზეც დავამაგრე ყველა ბორბალი, რაზეც დგას თვითონ ორთქლმავალი – ეს იყო მთავარი. აქ მემანქანის ადგილია. ზემოთ კი ორთქლმავალს დავუყენე პროჟექტორი და „დასაპიპინებელი“.

– კმაყოფილი დარჩი? ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა?

– იმაზე კარგი. ჩემი ნახაზის მიხედვით ავაწყვე და მერე რაღაცეები დავუმატე. ორთქლმავლის შემდეგ ღვინის მანქანა გავაკეთე. მას უკან ღვინის კასრი აქვს დამაგრებული და სასმისი დასაგემოვნებლად.

– ყველა შენს ნამუშევარს აწერია „ნნ“, რას ნიშნავს?

– ეს ჩემი დამღაა – „ნნ“ ნიშნავს „ნიკუშა ნოზაძეს“.

– რა მასალებისგან იქმნება ნიმუშები შენი კოლექციისთვის?

– კაკლის, ბზის, ფიჭვის, ვარდის ხისგან, კურკებისგან, გირჩებისგან, სხვადასხვა რკინის დეტალებისგან...

– არ გიჭირს იარაღებით მუშაობა?

– საერთოდ არ მიჭირს იარაღების გამოყენება. ჩვეულებრივად ვმუშაობ ხერხით, ჩაქუჩით, ბრტყელტუჩათი...

– ყველაზე მეტად რა მოგწონს ამ კოლექციიდან?

– ყველაზე მეტად ეს ორთქლმავალი მოგვწონს მეც და ჩემს მეგობრებსაც.

სხვათა შორის, თავიდანვე, მანქანებზე და თვითმფრინავებზე მეტად, მატარებლების აწყობა უფრო მომწონდა. ეს საბეტონე მანქანაც ჩემი ნახაზით ავაწყვე. აქ არის მიქსერი, მას ამერიკული საკისარი დავუყენე. ამიტომ ეს მანქანა ძალიან კარგად უხვევს, ამერიკული საკისარი ყველაზე მაგარია. დანარჩენები მხოლოდ წინ და უკან დადიან და მოხვევა არ შეუძლიათ. ეს ტურბინაა, ბოლის გამოსაშვები, ეს – ანტენა... წინიდან ისეთი თვლები გავუკეთე, რომ შორიდან რომ დააკვირდე ამ მანქანას ძალიან სასაცილო გამომეტყველება აქვს.

ეს ხის მანაქანა მე და მამაჩემმა ვიყიდეთ, ძალიან მაგარი ნამუშევარია, ამიტომაც გადავწყვიტე მისი შეძენა. ის კაკლის ხისგანაა დამზადებული.

– როგორ მიხვდი, რომ კაკლის ხეა?

– რომ შეხედავ, ხის ფაქტურაზე ხვდები, რომ კაკლისაა, მაგას რა მიხვედრა უნდა!.. ეს ხის მანქანა დეკორატიულია, ამით თამაში არ შეიძლება, რადგან, დააკვირდით, საბურავების ღერძები ძალიან წვრილი აქვს, ამიტომ, თუ ითამაშებ, შეიძლება, მალე გატყდეს.

– სხვას თუ მოუნდა ამ კოლექციის ნიმუშებით თამაში, დაუშლი?

– გააჩნია, რითი მოუნდება თამაში, თუ მანქანით ან მატარებლით, მაშინ ვერაფერს ვიზამ. ჩემი გაკეთებული რაცაა, მას ყველაფერი მყარად და ხარისხიანად აქვს დამაგრებულიც.

– ამჟამად რამდენი ნივთია შენს კოლექციაში თავმოყრილი?

– ყველაფერი ერთად: ჩემი შეძენილი, აწყობილი და კონსტრუქტორები – 70-80 იქნება.

შარშან მარტში სკოლაში გამოფენა მქონდა. ჩემს მეგობრებსა და მათ დედებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი კოლექცია. რამდენი თანაკლასელის დედაც გვეწვია სტუმრად, ყველამ სთხოვა დედაჩემს, როცა ნიკუშა მამამისს წაჰყვება სახელოსნოში, ერთხელ ჩემი შვილიც წაიყვანონ თავისთან ერთად, შრომას მიაჩვიონო.

– გაჩუქება შეგიძლია?

– არა, ეს ხომ ჩემი შექმნილია! იმდენი შრომაა მასში ჩადებული, რომ ვერ გავიმეტებ. რაც შეეხება ნაყიდ ან კონსტრუქტორით აწყობილ ნივთებს, ვერც იმათ გავიმეტებ გასაჩუქებლად, კოლექციას ხომ არ დავშლი?! კოლექციონერობა ძალიან საინტერესოა: რაც მე მაინტერესებს, იმას ვაკეთებ და ამასობაში კოლექციაც გროვდება.


скачать dle 11.3