რაში დაეხმარა ქალების მოხიბვლის ხელოვნება პრინც დიმიტრი ჯორჯაძეს და რატომ დაქორწინდა ის დიმიტრი რომანოვისა და კლარკ გეიბლის ყოფილ ცოლებზე
ამ ადამიანის შესახებ ქართულ წყაროებში მწირი ინფორმაცია მოიპოვება. „ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში” – ის წიგნია, სადაც პრინცად წოდებული ქართველი თავადის საინტერესო ბიოგრაფიას წავაწყდი. ავტორის, ლევან გურიელიძის დახმარებით, ცხადი გახდა, რომ თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება გამზადებული სცენარია კარგი ფილმისთვის.
ლევან გურიელიძე: თავადი დიმიტრი ჯორჯაძე ტიტულოვანი მრჩევლის, ალექსანდრე ჯორჯაძის ვაჟი იყო. ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, დამპყრობლებთან შეურიგებელი თავადი ემიგრაციაში წავიდა. ის ვერ ურიგდებოდა წითელ ტერორს და, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის თავისი ქვეყნის პატრიოტი იქნებოდა, თუმცა, დეტალები ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ახლა რომ მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოთ, პირველი, რასაც მის შესახებ წაიკითხავთ, ეს ქალების გულთამპყრობელის სახელია. დიმიტრი ჯორჯაძე ქართველი „ფლეიბოის” სახელით არის ცნობილი. მართალია, მის ბიოგრაფიაში სასიყვარულო-რომანტიკული ხაზი ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, უამრავი ინტრიგითა და ცნობილი ლამაზმანების სახელებითაა დატვირთული, მაგრამ, ისტორიას მისი სახელი სხვა მხრივ შემორჩა – ის ცნობილი ავტომრბოლელი და სასტუმროების დეველოპერი იყო. 1931 წელს მან, იტალიელ გოფრედო ძეჰენდერთან ერთად, ოცდაოთხსაათიანი რბოლა მოიგო ბელგიაში, „სპა-ფრანკორშამი” (ასე ერქვა რბოლას), სადაც გამარჯვებისთვის ძალიან დიდი პრიზი აიღო. მან ყველაზე გრძელი დისტანცია დაძლია – 1580.7 მილი, საათში 65.8 მილი სიჩქარით.
– საქართველოდან ჩასულს მრბოლელობა არ ეცოდინებოდა.
– არა, ეს პროფესია უკვე ემიგრაციაში ყოფნისას გაითავისა და, როგორც ჩანს, წარმატების მიღწევაში მას ქართული ტემპერამენტი, აზარტი და ჟინი დაეხმარა. სხვათა შორის, რუსული პრესა მას ხშირად იხსენიებს როგორც რუს ემიგრანტს, რომელმაც 1931 წელს უდიდეს რბოლაში გაიმარჯვა. ზოგიერთ წყაროში კი, ის რუმინელ გრაფადაც არის მოხსენიებული. ავტომობილის მართვის ხელოვნება დიმიტრის მისმა მეგობარმა, ზანირატიმ შეასწავლა. ამ პერიოდში შეიძინა მან თავისი პირველი ავტომობილი – „ლანჩა”. მას ხშირად მოიხსენიებდნენ ავტოსპორტში როგორც „კაცს, ავაზის ტყავში”. როგორც ფაქტები მოწმობს, სპორტში საოცრად სწრაფი ყოფილა, თუმცა, სისწრაფის სიყვარული სხვა მხრივაც გამოვლინდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, სამხრეთ კაროლინაში, დიმიტრი ჯორჯაძემ შეიძინა „ბუნ ჰოლის” სახელით ცნობილი ისტორიული ღირებულების მქონე პლანტაცია და ხელი მოჰკიდა სასტუმროების ბიზნესსა და საცხენოსნო შეჯიბრებების მოწყობას. პრინც დიმიტრის სასტუმროების ბიზნესი თავად ობოლენსკისთან ერთად ჰქონდა ნიუ-იორკში. მის საუკეთესო მერანს „პრინჩექუილო” ერქვა, რომელიც 1943 წელს შეერთებულ შტატებში ყველაზე სწრაფი ცხენი იყო გრძელ დისტანციებზე დოღებში.
– ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟიგოლოების სიას, ძმები მდივნების მეთაურობით, დიმიტრი ჯორჯაძის სახელიც საინტერესო ფერებს სძენს.
– როგორც ჩანს, ის სრულყოფილად ფლობდა ქალების მოხიბვლის ხელოვნებას. მიუხედავად ამისა, დიმიტრი სულ ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი პირველი ცოლი იყო ოდრი ემერი – თავად დიმიტრი პავლეს ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე. ქართველმა თავადმა აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი – პავლე. მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად მოიყვანა მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი, რომლისთვისაც დიმიტრი მეხუთე ქმარი იყო. სილვიამ კარიერა თეთრეულის რეკლამირებით, მოდელობით დაიწყო. მისი ქმრები იყვნენ დიდგვაროვნები: ლორდ ეშლი კუპერი და ედვარდ ჯონ სტენლი. სილვია ამერიკაში ძალიან ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, სხვადასხვა დროს, ამერიკის ორი ლეგენდარული მსახიობის, ჰოლივუდის კინოვარსკვლავების – დუგლას ფერბენქსისა და კლარკ გეიბლის ცოლი გახდა. ქერა, ლურჯთვალება ლამაზმანი პრინც დიმიტრი ჯორჯაძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც კლარკ გეიბლს, „ქარწაღებულნის” ვარსკვლავს ოფიციალურად დაშორდა. ეშლი და დიმიტრი 1954 წელს დაქორწინდნენ, რის შემდეგაც სილვიამ პრესასთან კატეგორიულად აიკრძალა კლარკზე საუბარი. კინოვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ კი მან თქვა: „ეს ჩემი ცხოვრების ცუდი პერიოდი იყო და მე არ მიყვარს მისი გახსენება.” სილვია 1977 წელს კიბოთი გარდაიცვალა, დაკრძალულია ჰოლივუდში და მის საფლავს აწერია: „პრინცესა სილვია ჯორჯაძე”.
– ლამაზი მამაკაცი იყო დიმიტრი ჯორჯაძე?
– ფოტოების მიხედვით ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი კაცი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ქალების გემოვნება ცოტა უცნაურია და მამაკაცი სხვა კრიტერიუმებით ფასდება ხოლმე. მამაკაცური რომ იქნებოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, რაც, ალბათ, ქალებზე ყველაზე მეტად მოქმედებს. სხვათა შორის, როდესაც სერჟ მდივანის ცოლს, ცნობილ კინოვარსკვლავ პოლა ნეგრის ჰკითხეს, ასეთი რა ხიბლი აქვთ ქართველ მამაკაცებსო, მან უპასუხა: – „მათ ქათინაურების ხელოვნება ისე აქვთ გათავისებული, როგორც არავის ჩემ ნაცნობ მამაკაცთა შორის. ეს თითქმის დაკარგულია ჩვენს რეალისტურ და სკეპტიკურ სამყაროში”. როგორც ჩანს, ქართული ბუნება, მდივნები იყვნენ ისინი თუ დიმიტრი ჯორჯაძე, ერთნაირად მოქმედებდა ქალბატონებზე.
კიდევ ერთი ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ დიმიტრი ჯორჯაძის ბიოგრაფიიდან, რომელიც სულ ახლახან მოვიძიე თქვენთვის და წიგნშიც არ არის შესული: ფლორიდაში დასვენების დროს თავადი ჯორჯაძე შეხვედრია უინსტონ ჩერჩილს, რომელიც მადამ ბალსანის სასტუმროს მას შემდეგ ეწვია, რაც ინგლისში მორიგი არჩევნები წააგო. როდესაც ისინი ერთმანეთს წარუდგინეს, ჩერჩილს დიმიტრი კარგად შეუთვალიერებია, რაზეც თავადს უთქვამს: „ისე, როგორც მე ცხენებს ვაფასებ”. ამაზე ყოფილ პრემიერს გაუღიმია და ძალიან თბილად ჩამოურთმევია ხელი ჯორჯაძისთვის. ჩერჩილის ასეთი საქციელის შესახებ ამ ამბის შემსწრე წერს: მან თავისი ჟესტით უცხოტომელს უთხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ჰორიზონტში.” წარმოიდგინეთ, თუკი მან ასე იოლად შეძლო ამ დონის პოლიტიკოსისა და პიროვნების მოხიბვლა, რა მარტივად შედიოდა ის სხვა ადამიანების ჰორიზონტში! მართალია, მის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი, მაგრამ, გარკვეული წარმოდგენა ამ ფაქტებითაც შეგვიძლია, შევიქმნათ პრინც ჯორჯაძეზე, როგორც კიდევ ერთ, ძალიან საინტერესო ქართველზე.