ვის დაარქვეს „საქართველოს ვაგნერი“ და სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი 48 წლის ასაკში
დიდუბის პანთეონში, სხვა საფლავებს შორის, შეხვდებით კომპოზიტორის, ლოტბარის, მომღერალ ნიკო სულხანიშვილის საფლავსაც. ის 1919 წელს გარდაიცვალა, ანუ მაშინ, როდესაც მთაწმინდის პანთეონი ჯერ არ არსებობდა (მთაწმინდის სასაფლაო მხოლოდ 1929 წელს გადაკეთდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად) და ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი, სასიქადულო, საამაყო შვილები, აქ, დიდუბის პანთეონში პოვებდნენ სამუდამო განსასვენებელს... ერთ-ერთი მათგანია ნიკო სულხანიშვილიც, რომლის შესახებაც, თანამედროვე თაობას, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი მოეხსენება. არადა, თითოეული ჩვენგანი კარგად იცნობს მის სიმღერებს, როგორიცაა, მაგალითად: „გუთნური”, „ჩონგურს სიმები გავუბი”... ის ძალიან ცნობილი იყო თავის თანამედროვე საქართველოში, აღიარებდნენ მის ნიჭსა და ტალანტს, თუმცა, არც მოშურნენი ჰყავდა კენტად...
დღეს ბევრი არაფერია შემორჩენილი ამ დიდი პიროვნების შემოქმედებიდან. ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე ნიკო სულხანიშვილის ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიამბობს. სხვათა შორის, ნიკო სულხანიშვილის გუნდში ბატონი ვაჟას ბებია – მარინე ნანუკაშვილი-საყვარელიძე მღეროდა. ამ ფაქტის სამახსოვროდ კიკნაძეების ოჯახში საგულდაგულოდ ინახება გუნდის ფოტო და ბებიას მოგონებები.
ვაჟა კიკნაძე: ნიკო, როგორც ახლობლები უწოდებდნენ – კიკუშა სულხანიშვილი, 1871 წელს დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში. 7 წლის ასაკში თელავის სასულიერო სასწავლებელში შევიდა. იქ მას გალობას ცნობილი ფოლკლორისტი ზაქარია ჩხიკვაძე ასწავლიდა. ამ პედაგოგმა ნიკო სულხანიშვილის პიროვნებაზე დიდი გავლენა იქონია. 6 წლის შემდეგ ნიკო სულხანიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძობს სწავლას. სწავლის ბოლოს, კერძოდ, 1886 წელს, სულხანიშვილიმა, პირველად სცადა ძალები როგორც კომპოზიტორმა.
– ამ დროს იგი 15 წლის უნდა ყოფილიყო. როგორი შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ?
– კარგი. მე ვიტყოდი, საუკეთესოც! ნიკო სულხანიშვილის მუსიკალური ნაწარმოებები ხომ ქართული მრავალხმიანი მუსიკის ჰანგებზე დამყარებული, ევროპულად გამართული პატარა შედევრები იყო.
თბილისის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ ნიკო სულხანიშვილი მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თელავის სასულიერო აკადემიაში. აქვე შექმნა მან ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ გუნდის მიერ შესრულებული, როგორც სულხანიშვილის, ისე სხვა კომპოზიტორთა სიმღერები სულ მალე კლასიკად იქცა. ნიკო სულხანიშვილის მთავარი სასიმღერო მეთოდი იყო გუნდისა და სოლოს შეპირისპირება ან სოლო პარტიის გატანა გუნდის ფონზე. ასე ასრულებდა სულხანიშვილის გუნდი მისსავე სიმღერებს: „გუთნური” („ერთს ბედს ქვეშა ვართ ლაბავ, მე და შენ“), „სამშობლო ხევსურისა”, „მესტვირული”, „ჩონგურს სიმები გავუბი”. როგორც მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი და ჩემი ბებია (დედის მხრიდან), მარინე ნანუკაშვილი-საყვარელიძე იხსენებდა, ნიკო სულხანიშვილი, საგალობლის ან სხვა სიმღერის შესრულების დროს, დარბაზის ბოლოში დაჯდებოდა, თვალებს დახუჭავდა და ისე ისმენდა მუსიკასო. თურმე, არც ერთი ყალბი ნოტი არ გამოეპარებოდა და მაშინვე შესწორებას სთხოვდა გუნდს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნაწყვეტი სულხანიშვილის დაუმთავრებელი ოპერიდან „პატარა კახი”, რომელიც 1892 წელსაა დაწერილი. სადღეისოდ შემორჩენილია ორი შედევრი ამ ოპერიდან: „დაიგვიანეს” (მწყემსის არია) და – „ძლივს მარტო დავრჩი”(პატარა კახის არია).
– ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩამოთვლილ სიმღერათა თითქმის ყველა მელოდია ჩემთვის ცნობილი იყო, თუმცა, მათი ავტორის შესახებ არაფერი ვიცოდი...
– სამწუხაროდ, თქვენ პირველი არ ხართ ვინც ამას აღიარებს. ეს, ალბათ, ნიკო სულხანიშვილის ბედუკუღმართობის ბრალია...
– ასე რატომ ამბობთ? როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?
– მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიკო სულხანიშვილი თბილისში გადადის საცხოვრებლად. აქვე ის ცნობილი რუსი კომპოზიტორის, იპოლიტოვ-ივანოვისგან იღებს გაკვეთილებს. ეს უკანასკნელი იმდენად აღფრთოვანდა ნიკოს მიერ „შექმნილი ნაწარმოებების“ მოსმენით, რომ, მას საქართველოს ვაგნერი უწოდა. თუმცა იქვე უწინასწარმეტყველა: სიცოცხლეში არ დაგაფასებენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაღიარებენო.
– ეს მართლაც ასე მოხდა?
– ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გიამბობთ, რომ ერთხელ, აკაკის მიწვევით, ნიკო სულხანიშვილს ნაწყვეტი შეუსრულებია „პატარა კახიდან”. მგოსანს თვალზე ცრემლი მოსდგომია, კომპოზიტორი გადაუკოცნია და უთქვამს: ჩვენი ხალხის გულიდან მომდინარე ჰანგები თქვენ შესანიშნავად ამოგიქსელავთ ევროპულადო.
– რა ხდება შემდგომ?
– 1905 წელს, თბილისში, კომპოზიტორმა მეფის რეჟიმის საწინააღმდეგო მარში შექმნა. ამ მუსიკის ჰანგები და სიტყვები თურმე ქუჩაშიც ისმოდა. ამიტომაც, ნიკო სულხანიშვილს მალე ჟანდარმებმა მიაკითხეს.
– დააპატიმრეს?
– არა, იგი მეუღლემ, ანა ნასიძემ იხსნა.
– როგორ?
– წინდახედულ ქალბატონ ანას, ამ რევოლუციური ჰანგების ნოტები პროკლამაციებთან ერთად, ერთ-ერთი სავარძლისთვის ქვემოდან ამოუკრავს. როდესაც ჟანდარმები ესტუმრნენ, ანამ მათი მეთაური სწორედ იმ სავარძელზე დასვა, სადაც საშიში სამხილი ინახებოდა. ცხადია, ჟანდარმებმა ყველაფერი გაჩხრიკეს და გადააქოთეს, იმ სავარძლის გარდა და ვერაფერი იპოვეს. ასე გადარჩა მაშინ ნიკო სულხანიშვილი.
მოგვიანებით, კერძოდ 1916 წლისთვის, ნიკოს უგრძნია საქართველოს გათავისუფლების მოახლოება და თავისი მოწაფისთვის, გოგლა ლეონიძისთვის უთქვამს, ლექსი დამიწერე თავისუფალი საქართველოს ჰიმნისთვისო. ამ ამბავს გოგლა ლეონიძე თავის „ნატვრის ხეში” იხსენებს.
– პირად საუბარში ახსენეთ, რომ ნიკო სულხანიშვილი მოესწრო კათოლიკოს კირიონის სიკვდილსაც.
– ეს მართლაც ასეა. ნიკო შეძრა კათოლიკოს კირიონის მუხანათურმა მკვლელობამ. ამასთან დაკავშირებით მან სულის ერთი ამოთქმით შექმნა რექვიემი: „სულთა თანა აღსრულებულსა მართალთანა”. ეს მწუხარე საგალობელი სიონში კათოლიკოს კირიონის დაკრძალვის დროს შეასრულა გუნდმა. საგალობელს შეუძრავს იქ დამსწრე არა მარტო ქართველი საზოგადოება, არამედ, უცხოელი დიპლომატებიც, რომლებიც კირიონის დაკრძალვას მრავლად ესწრებოდნენ.
მიუხედავად ამდენი აღიარებისა, შეიძლება ითქვას, რომ ნიკო სულხანიშვილის კარიერა არ აეწყო... მას მტრები და მოშურნენიც მრავლად გამოუჩნდნენ. შედეგად, კიკუშას სუფთა და ალალმა ბუნებამ ინტრიგებს ვერ გაუძლო და სასმელს მიეძალა. ტრაგიკული იყო მისი აღსასრული...
– სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა ნიკო სულხანიშვილი?
– 1919 წლის მიწურულს ნიკო სულხანიშვილმა ოჯახი თელავში დატოვა, თვითონ კი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. მთელი თავისი შემოქმედება, ნოტებითურთ, ნიკომ ერთ ჩემოდანში მოათავსა და თან ჩამოიტანა...
იმავე ხანებში, ვასილ ბარნოვის იუბილეზე მიწვეული ნიკო სულხანიშვილი გაცივდა და სახადი დაემართა. მართალია, თითქოს განიკურნა, მაგრამ, ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ვითომ მეგობარმა, ღვინის სარდაფში ჩაიყვანა და უზომო რაოდენობით ღვინო ასვა. როგორც ჩანს, დასუსტებულმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას და ნიკო სულხანიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი დაკრძალვის შემდეგ, როდესაც ოჯახის წევრები თბილისში ჩამოვიდნენ და ნიკოს შემოქმედებით სავსე ჩემოდანი მოიკითხეს, მათ სასტუმროს მსახურმა უპასუხა, რომ ვიღაც უცნობ ახალგაზრდას წაუღია ყველაფერი...
ამ დღის შემდეგ არც ნიკო სულხანიშვილის ნოტები და არც სხვა რომელიმე მასალა აღარავის უნახავს...
ამიტომაც, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული ნოტი და ბწკარი, რომელიც გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, ნიკო სულხანიშვილს ეკუთვნის.
ქართულმა საზოგადოებამ კი ისღა მოახერხა, რომ ნიკოს ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მიაბარა, სადაც დღესაც განისვენებს.