კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საიდუმლო ხელშეკრულება დაიდო ბორის ელცინსა და ვლადიმირ პუტინს შორის და რას აცხადებდნენ ასტროლოგები მისი გაპრეზიდენტების შესახებ

 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული „ედინაია როსიას” ლიდერი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ პიროვნებად იქცა მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე და ვლადიმირ პუტინის ფიგურა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე უახლოესი 6 წლის განმავლობაში კვლავ იქნება წარმოდგენილი. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ პუტინის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების კრებულს.

* ვლადიმირ პუტინი დაიბადა 1952 წლის 7 ოქტომბერს, ლენინგრადში, ვაგონმშენებელი ქარხნის მუშის, ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინის  და მეეზოვე მარია ივანოვნა პუტინას ოჯახში. ვლადიმირი მესამე შვილი იყო, მისი ორი უფროსი ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. პუტინის თქმით, მის აღზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დედას, სკოლასა და ეზოს მიუძღვის. თავდაპირველად პუტინი კრივმა გაიტაცა და იგი სექციაზე დადიოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცხვირი გაუტეხეს, მან სამბოზე შეაჩერა არჩევანი, სადაც მწვრთნელთან, ანატოლი რახლინთან ვარჯიშობდა. მეცხრე კლასში ვოვას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჯაშუში გამოსულიყო და ლენინგრადის „კაგებეს” საოლქო განყოფილებაში მივიდა, სადაც თავისი ოცნება გაუმხილა თანამშრომლებს. პუტინს მოუსმინეს და ურჩიეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაებარებინა, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ მას თავად დაუკავშირდებოდნენ სუკიდან. საერთო ჯამში, უშიშროების ორგანოებში პუტინმა 15 წელი იმსახურა. 1985 წელს იგი ქალაქ დრეზდენში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, სადაც ოფიციალურად საბჭოთა კავშირ-გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის  მეგობრობის სახლის დირექტორის თანამდებობა ეკავა, სინამდვილეში კი ჯაშუშად მსახურობდა. დრეზდენიდან ლენინგრადში პუტინი 1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დაბრუნდა.

* პირველი ავტომობილი ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს ჰყავდა. ეს იყო „ზაპოროჟეცის” მარკის ავტომობილი, რომელიც მისმა დედამ სამმანეთიან ლატარიაში მოიგო. ოჯახმა გადაწყვიტა, არ გაეყიდა მანქანა და ის წარჩინებულ სტუდენტს, ვოვა პუტინს აჩუქეს. ისტორიკოს როი მედვედევის მტკიცებით, რომელსაც რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი პუტინის ცხოვრებაზე, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან უყვარს ავტომობილის მართვა, მაგრამ სახალხოდ ამას იშვიათად აკეთებს, რათა პროტოკოლი არ დაარღვიოს. თუმცა, პერიოდულად იგი ჯდება საჭესთან და თავისი რეზიდენციის გარშემო, ნოვო-ოგარიოვოში სპეციალურად მოწყობილ სარბოლო ტრასებზე სეირნობს. 

* 1983 წელს ვლადიმირ პუტინი დაქორწინდა ლუდმილა შკრებნევაზე. ერთმანეთი მათ პუტინის მეგობრის დახმარებით გაიცნეს, რომელმაც თეატრში შეახვედრა ვოვას მისი მომავალი მეუღლე. ლუდმილას თქმით, პირველი, რითაც ის მოხიბლა მომავალმა მეუღლემ, ის იყო, რომ მას შეეძლო ნებისმიერ კონცერტზე ან სპექტაკლზე ეშოვა ბილეთი. 1985 წელს წყვილს ეყოლა ქალიშვილი – მარია, ხოლო ერთი წლის შემდეგ – მეორე ქალიშვილი – ეკატერინა. პუტინის ქალიშვილების შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ცნობილია რომ, როდესაც მარია და კატია უმაღლესში აბარებდნენ (მარიამ ბიოლოგიური ფაკულტეტი არჩია, ხოლო კატიამ – აღმოსავლეთმცოდნეობა, იაპონური ენა) ჟურნალისტების დახმარებით, ყველამ შეიტყო მათი არჩევანი და კონკურსი ამ ფაკულტეტებზე რამდენჯერმე გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ ვრცელდებოდა ვერსია, რომ პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილი, ცოლად გაჰყვა ბერძნულ კუნძულ სანტორინზე  მცხოვრებ მილიონერს, თუმცა, ეს ვერსია დღემდე არ დადასტურებულა. 

* გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მუშაობა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო რექტორის თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. იმ პერიოდში ის დაუახლოვდა ანატოლი სობჩაკს, რომლის მერად არჩევის შემდეგ პუტინი მერიის კომიტეტში მოეწყო თანამდებობაზე, ხოლო მოგვიანებით სობჩაკის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურდა. სობჩაკის გუნდში პუტინი „რუხ კარდინალად” ითვლებოდა. სანკტ-პეტერბურგის მერიაში პუტინთან ერთად მუშაობდნენ გერმან გრეფი, დიმიტრი მედვედევი, ნიკოლაი პატრუშევი, ალექსეი კუდრევი, სერგეი ივანოვი – ადამიანები, რომლებიც პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ, ხოლო დიმიტრი მედვედევმა სულაც პრეზიდენტის პოსტზე იყარა კენჭი და პუტინის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი იყო. 

* 1997 წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გაიცნო ბორის ელცინი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ის „ეფესბეს” დირექტორად დანიშნა, 1999 წელს კი, პუტინი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა და თავის ფაქტობრივ მემკვიდრედ აქცია. რუსეთში მუსირებს ორი ვერსია. ერთის თანახმად, პუტინის გაპრემიერებას ანატოლი ჩუბაისი ლობირებდა, ხოლო მეორე ვერსიით მისი დანიშვნა ბორის ბერეზოვსკის უშუალო ჩარევით მოხერხდა. თანამდებობის დატოვებამდე ორი კვირით ადრე ელცინმა პუტინს თავისი გადადგომის შესახებ ამცნო და მართვის სადავეების მისთვის გადაცემის შესახებ უთხრა. 1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინი გადადგა, ხოლო პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არსებობს ვერსია, რომ ელცინსა და პუტინს შორის გაფორმდა არაოფიციალური, საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პუტინი ვალდებულებას იღებდა, რომ ელცინის ოჯახის წევრები და დაახლოებული პირები ხელშეუხებელნი იქნებოდნენ ახალი რეჟიმის მოსვლის შემდეგ. ისტორიკოს როი მედვედევის მტკიცებით, ეს დოკუმენტი რუსეთის პატრიარქთან, ალექსი მეორესთან ინახებოდა. 2003 წლიდან პუტინმა ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი დარღვევა დაიწყო: მან დააპატიმრა ალექსანდრ ხოდორკოვსკი, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ელცინის გარემოცვის წევრები, მათ შორის ალექსანდრ ვოლოშინი და პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი. 

* ცნობილია ვლადიმირ პუტინის დღის განაწესი: იგი დილის 10 საათზე იღვიძებს და იძინებს ღამის 2 საათზე. დღეს იწყებს და ამთავრებს აუზზე, სადაც 30-30 წუთს ცურავს. კრემლში ის შუადღეს ჩნდება. მისი კაბინეტი სენატის შენობაში მდებარეობს, სტალინისა და ელცინის კაბინეტების გვერდით. პუტინი კრემლში სადილობს, იქვე არის სპეციალურად მისთვის მოწყობილი ღვინის მარანი, სადაც ესპანეთიდან ჩამოტანილი წითელი ღვინო ინახება. 

* 2000 წლის დასაწყისში ევროპისა და რუსეთის წამყვანი ასტროლოგები აცხადებდნენ, რომ პუტინის პრეზიდენტობა არაფერ კარგს არ მოუტანდა რუსეთს. ისინი პარალელს ავლებდნენ სტალინთან და ამბობენ, რომ პუტინი გახდებოდა ხისტი მმართველი, რომელიც მთელ ძალაუფლებას თავის ხელში მოაქცევდა. დრაკონის წელიწადში დაბადებული და თვის ჰოროსკოპის მიხედვით ,,სასწორი” პუტინის შესახებ ყველა გამოთქმული ვერსია, რასაც აცხადებდნენ ასტროლოგები, პრაქტიკულად, გამართლდა.

* პუტინს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ახირება: პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას არაერთ თანამდებობაზე უმუშავია, ხშირად გამოუცვლია სამუშაო კაბინეტები და სწორედ კაბინეტებს უკავშირდება მისი ახირება: იგი არასდროს არ ახდენდა გარდაქმნებს, კაბინეტში ყველაფერი ისე რჩებოდა, როგორც ეს მისი წინამორბედის დროს იყო. პუტინი არათუ ავეჯს, სამუშაო მაგიდასა და სავარძელსაც კი ძველს ტოვებდა. სავარაუდოდ, ასევე მოხდება, როდესაც იგი მესამედ ჩაიბარებს პრეზიდენტის კაბინეტს დიმიტრი მედვედევისგან. 

* პუტინის გარემოცვის წევრების თქმით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას ერთი ახლო მეგობარი ჰყავდა, რომელიც მის თვალწინ დაიღუპა. პუტინმა, იმ დროს უკვე სპორტის ოსტატმა სამბოში, თავისი მეგობარი სამბოს სექციაში ჩაწერა, ერთ-ერთ ვარჯიშზე მისი მეგობარი ცუდად დაეცა და ხერხემალი დაიზიანა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ყველაფერი პუტინის თვალწინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ამან პუტინზე ძალიან იმოქმედა და მას შემდეგ მას ახლო მეგობარი არ ჰყოლია.

 

 

скачать dle 11.3