პოლიტიკური კალეიდოსკოპი
რომის პაპის სუნამო
რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, პერსონალური სუნამო შეუკვეთა. იტალიელი პარფიუმერი სილვანა კაზოლი, რომელიც მადონასთვის, სტინგის და ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველისთვის მუშაობდა სუნამოების არომატებზე, ახლა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის სუნამოს შექმნაზე მუშაობს. უცნობია, თუ რა შემადგენლობის იქნება პაპის სუნამო, თუმცა, ცნობილია, რომ პარფიუმერი სხვადასხვა ხისა და ბალახის ნაზავს გამოიყენებს. კაზოლის თქმით, არ მოხდება პაპის სუნამოს ტირაჟირებული და თავისი შემადგენლობით ის უნიკალური იქნება.
ბერლუსკონის გადაუხდელი
გადასახადები
იტალიის ექსპრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, გამოყენებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობაში სდებენ ბრალს. ქალაქ არკორიში მდებარე კერძო ტერიტორიაზე არსებული ქუჩის განათების მოხმარებული ენერგიის გადასახადს წლების განმავლობაში ქალაქის მუნიციპალიტეტი იხდიდა და ეს თანხა წელიწადში 120 ათას ევროს შეადგენდა. სინამდვილეში კი აღნიშნული ტერიტორია ბერლუსკონის საკუთრებას წარმოადგენს და ქალაქის მთავრობამ ბერლუსკონის გადასახადის სახით 2-ათასიანი ქვითარი წარუდგინა, თუმცა, განმარტებაც გააკეთეს, რომ წინა გადახდილ ქვითრებში თანხის უკან მოთხოვნას არ აპირებენ, რადგან საბიუჯეტო თანხებიდან გადახდა მათი შეცდომის გამო ხდებოდა.
ტონგაში გლოვაა
ჰონკონგის ერთ-ერთ საავადმყოფოში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ტონგას მეფე, ჯორჯ ტუპოუ მეხუთე. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა, ცნობილია, რომ 2011 წელს მეფეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და, ასევე, მას ონკოლოგიური დაავადებაც აღმოაჩნდა. ჯორჯ ტუპოუ 2006 წელს ავიდა ტონგას სამეფო ტახტზე, მამის, ტაუფააჰაუ ტუპოუ მეოთხის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო აწ გარდაცვლილი მეფის მემკვიდრე მისი უმცროსი ძმა, ტუპოუ-ტაუ ლავაკა გახდება. ტონგა წყნარი ოკეანის ერთ-ერთი კუნძულოვანი სახელმწიფოა, სადაც მხოლოდ 119 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
არჩევნებში დამარცხებული
ნობელის ლაურეატი
აღმოსავლეთ ტიმორის მოქმედი პრეზიდენტი, ჟოზე რამუშ-ორტა, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა „რევოლუციური ფრონტის” პარტიის ლიდერთან, ფრანსისკო გუტერიშთან, რომელმაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. რამუშ-ორტამ, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე აღიარა თავისი დამარცხება. ჟოზე რამუშ-ორტამ პრესტიჟული პრემია 1996 წელს მიიღო ეპისკოპოს კარლუშ ბელოსთან ერთად, რომელთან ერთადაც იგი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. აღმოსავლეთ ტიმორი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მსოფლიო რუკაზე 2002 წელს გაჩნდა – მას შემდეგ, რაც ინდონეზიისგან მიიღო დამოუკიდებლობა.
პუტინი – პაპა კარლო
რუსეთის ფედერაციაში „ლევადა-ცენტრის” მიერ ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის მიზანი მოქმედი პოლიტიკოსების ცნობილი ზღაპრის – „ოქროს გასაღების” გმირებთან მსგავსების დადგენა იყო. საზოგადოების აზრით, ვლადიმირ პუტინს პაპა კარლოსთან მსგავსებას გამოკითხულთა ოცმა პროცენტმა დაუჭირა მხარი, სხვა პოლიტიკოსებმა კი შემდეგი როლები მოირგეს: ვლადიმირ ჟირინოვსკი – ყარაბას-ბარაბასი; სერგეი მირონოვი – კატა ბაზილიო; გრიგორი იავლინსკი – პიერო; დიმიტრი მედვედევი – ბურატინო და გენადი ზიუგანოვი – ჯუზეპე. საინტერესოა, რომ მსგავსი გამოკითხვა 2011 წელსაც ჩატარდა და მაშინ გამოკითხვის მიზანი პოლიტიკოსების ცხოველებთან მსგავსების დადგენა იყო. „როლები” კი შემდეგნაირად განაწილდა ზიუგანოვი – ხარი; ჟირინოვსკი – მაიმუნი; მედვედევი – დათვი; მირონოვი – კატა; პუტინი – ლომი და იავლინსკი – კურდღელი.