როგორ გაკოტრდა მილიონერი ბრაიან სმიტი ორჯერ და რატომ ავიდა ის ევერესტზე მარტო
42 წლის ბრაიან სმიტი ცნობილი ამერიკული ცენტრის – „ლანგეიტის” პედაგოგია. ის საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და რამდენიმე თვეში ქართველების სიძეც გახდა. მისი ცხოვრების ისტორია ოკეანის გაღმა, საინტერესო და არაორდინარული იყო – ის ორჯერ გახდა მილიონერი, თუმცა, ორჯერვე, ეკონომიკური კრიზისების მსხვერპლი გახდა და გაკოტრდა. ალპინიზმით გატაცებული ბრაიანი 2007 წელს ევერესტზეც ავიდა და ამ ისტორიის შესახებ ,,ბიბისიმ” დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო.
– ბრაიან, საქართველოში როგორ მოხვდით?
– ოო, ეს დიდი ისტორია. მე მყავს ქართველი მეუღლე – მაკო ხიზანიშვილი-სმიტი. ის არის გორის რაიონის სოფელ ვარიანიდან, სადაც, როგორც ვიცი, ერთი თქვენი ცნობილი მწერალი დაიბადა. მე და მაკომ ერთმანეთი გავიცანით ინტერნეტის მეშვეობით, ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვწერდით ერთმანეთს და ასე დავახლოვდით, ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მე ჩამოვედი საქართველოში, რომ ის გამეცნო. მოხდა ისე, რომ გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავქორწინდით და ხელი მოვაწერეთ. ტაძარში ჯვრისწერა არ გვქონია. მომავალ წელს საქართველოში ჩემი მშობლებიც ჩამოვლენ ამერიკიდან და მერე ნამდვილ ქორწილს გადავიხდით. ქართველი ქალბატონები ძალიან მომხიბვლელები არიან, ბევრი ისეთი შარმი გაქვთ, რაც სხვა ეროვნების ქალებს არ აქვთ. მთელი ჩემი ცხოვრება მოგზაურობაში მაქვს გატარებული, უამრავ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ, ქართველი ქალის მსგავსი არსად არავინ მინახავს.
– ამერიკაში სად ცხოვრობდით და რას საქმიანობდით?
– მე დავიბადე ორეგონის შტატში, სადაც ვცხოვრობდი 16 წლამდე, იქ დღემდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები. მერე საცხოვრებლად გადავედი კოლორადოში, ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს, ბევრს ვმოგზაურობდი. ამერიკელებს გვიყვარს ეს, რადგან, მრავალფეროვნება ცხოვრებას ბევრად საინტერესოს ხდის. პროფესიითაც ასე ვარ – ბევრი რამ ვიცი და ძალიან ბევრ, სხვადასხვა პროფილის კომპანიაში ვარ ნამუშევარი: მინების წარმოებაშიც მიმუშავია, ელექტროფიკაციაშიც, კარ-ფანჯრის გაყიდვების მენეჯერიც კი ვიყავი. მივიღე განათლება ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტის განხრით, ვმუშაობდი კოლეჯშიც, ინგლისური ენის პედაგოგად. ხუთი წელი ვცხოვრობდი მექსიკაში, სადაც ვმუშაობდი გაცვლით პროგრამაზე. 2005 წელს ამერიკაში დავაარსე სამშენებლო კომპანია „ლავლენდი”, რომელმაც ერთ წელიწადში 10, ორ წელიწადში კი 50-მილიონიანი კაპიტალი დააგროვა.
– როგორც ვიცი, თქვენ გახდით მილიონერი და გაკოტრდით.
– ერთხელ არა, ორჯერ ვიყავი მილიონერი. პირველად მაშინ გავხდი მილიონერი, როდესაც ვმუშაობდი ვაშინგტონში, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში, სადაც მე ვუძღვებოდი ინტერნეტმაღაზიას. ეს კომპანია ჩემი საკუთრება არ ყოფილა, მაგრამ, მე ადამიანთა იმ პირველ ოცეულში ვიყავი, ვინც ამ კომპანიაში დასაქმდა და, შესაბამისად, მქონდა ჩემი წილი. ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვმუშაობდით ახალ ტექნოლოგიებზე როგორც კომერციული თვალსაზრისით, ასევე, პროფესიულადაც. ამერიკის ბაზარი ამ მხრივ განსხვავებულია: შეიძლება უცებ აიწიოს ბაზარზე შენი ფასი, ასევე უცებ, შესაძლოა, ეკონომიკური დინამიკის დაცემას მოჰყვეს კატასტროფა და, იმისგან, რაც გაქვს, არაფერი აღარ დაგრჩეს. ეს მდგომარეობა გულის კარდიოგრამის სკალას ჰგავს (იცინის). ასე დამემართა მეც – ეკონომიკურ აღმასვლებს მოჰყვა ის, რომ ვიშოვე საკუთარი მილიონი დოლარი, მაგრამ, იმ კრიზისს, რომელიც დაგვერთო, ვერ გადავურჩი – გავყიდე ჩემი წილი, რომ დამეფარა ბანკის სესხი, თითქმის გავკოტრდი და ისევ საწყის პოზიციაზე დავბრუნდი. მეორედ ჩემი ბიზნესის აღმასვლა დაიწყო კოლორადოში, სამშენებლო კომპანიაში. ბანკიდან აღებული კრედიტით ავაშენე 36 სახლი და კარგადაც გავყიდე, მაგრამ, ისევ ეკონომიკური კრიზისი და ისევ ერთი წელიწადი იმისთვის, რომ მილიონერის პოზიციიდან ღარიბის სტატუსით დავრჩენილიყავი. დღეს ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედია არაა, ცხოვრება გრძელდება, ყველაფერი წინ არის და, იქნებ კიდევ გავხდე მილიონერი (იცინის).
– თქვენ ნამყოფი ხართ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე, როგორ შეძელით დაგელაშქრათ მწვერვალი, ეს ხომ ხშირად პროფესიონალებისთვისაც კი ოცნებად რჩება?
– ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. 15 წლის ასაკიდან ვემზადებოდი ამისთვის და, როგორც ვხვდები, მთელი ჩემი ცხოვრებაც, თითქოს ამ მიზნისკენ სვლა იყო. ევერესტზე 2007 წელს ავედი. ჩემ შესახებ ,,ბიბისიმ” დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. მთების სიყვარული და ინტერესი ადრეული ასაკიდან გამომყვა. ალპინიზმი ძალიან დიდი გატაცებების საქმეა, ბევრი დრო, ფული და მომზადება სჭირდება. ნეპალის მთავრობისგან ევერესტზე ასვლის ნებართვა რომ აიღო, 15 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო. ნებართვის აღების გარდა, იქ კიდევ უამრავი ძვირად ღირებული აღჭურვილობაა საჭირო. ადრე, როცა ევერესტის დაპყრობის სურვილი გამიჩნდა, საამისოდ ფული არ მქონდა, თუმცა, ბოლო წლებში ძალიან ბევრ მაღალ მწვერვალზე ავდიოდი, მათ შორის, მექსიკასა და არგენტინაში. მექსიკაში სამი ყველაზე მაღალი მთა მაქვს დალაშქრული. ევერესტისთვის დიდხანს ვემზადებოდი. ეს იყო საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც მექსიკელი, ნორვეგიელი, ამერიკელი, ფინელი, კანადელი, არგენტინელი ალპინისტები შედიოდნენ, მათ შორის ყველაზე ცნობილი არგენტინელი ალპინისტი იყო ჩვენი გზამკვლევი. მე გზაში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ჯგუფს ჩამოვრჩი და მთაში მარტო დავრჩი. ორი კვირა მაინც დამჭირდა, რომ გამოვკეთებულიყავი. ფაქტობრივად, მარტო ავედი მწვერვალზე. 65 დღე დამჭირდა ევერესტზე ასასვლელად, სადაც სულ რაღაც 20 წუთი დავრჩი, თუმცა, ამისთვისაც ნამდვილად ღირდა მთელი ცხოვრება – ცხოვრება ევერესტის „ტყვეობაში”.
– როგორია შეგრძნება, როცა ევერესტზე დგახარ?
– სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ხუთი წუთი სულ მარტო ვიდექი ყველაზე მაღალ მწვერვალზე და მქონდა განცდა, რომ, აქეთ ვარ მე და, სადღაც კი – მთელი სამყარო, მილიონობით ადამიანი. თვითონ მწვერვალის ფართობი საკმაოდ პატარაა, სამი-ოთხი ადამიანი დაეტევა ერთად, თან აწურულები უნდა დადგნენ, რადგან აქეთ-იქით საოცარი კლდეებია. გაზაფხული იდგა, აპრილი, ულამაზესი იყო იქაურობა. მწვერვალზე ბუდას პატარა ქანდაკებაა, იქვეა სხვადასხვა ქვეყნების დროშები. თითქმის ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი, საიდანაც კი ვინმეს ევერესტზე დაუდგამს ფეხი. როგორც ვიცი, იქ ბევრი ტოვებს საყვარელ ნივთს: ზოგი ბეჭედს, ზოგი – მუსიკალურ საკრავს, იმას, რაც მისთვის ძვირფასია – ეს სიმბოლური ტრადიციაა; ისიც ტრადიციაა, რომ მწვერვალიდან რაღაც უნდა წამოიღო და მე პატარა კენჭები წამოვიღე ჩემი ახლობლების და მეგობრებისთვის, მეც მაქვს რამდენიმე კენჭი, ევერესტის სამახსოვროდ (იცინის). ევერესტის შემდეგ რამდენიმე მწვერვალზე კიდევ ავედი, ასევე, ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა: ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში, ფილიპინებზე, კანადში, ინდოეთში, საკმაოდ დიდი დრო გავატარე ნეპალში.
– ნეპალთან, როგორც ჩანს, საქმიანობაც გაკავშირებთ?
– დიახ, ნეპალში 2008 წელს დავაფუძნეთ სარეაბილიტაციო ცენტრი და მე ამ ცენტრის გენერალური დირექტორი ვარ. ცენტრი შექმნილია მიუვალ ადგილებში მცხოვრებ უნარშეზღუდულთა და კეთროვანთა დასახმარებლად, ასეთი კი იქ, იცით, რამდენია? ამ წლებში ათასამდე კეთროვანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ნეპალი უცნაურობებით სავსე, საინტერესო ქვეყანაა, მის მიმართ საოცარი დამოკიდებულება მაქვს. ამ ქვეყანასთან რთული პერიოდებიც მაკავშირებს – ერთხანს გატაცებულიც ვიყავი და კინაღამ მძარცველების მსხვერპლი გავხდი.
– საქართველოში არ აპირებთ ჩვენი მწვერვალების დალაშქვრას?
– რა თქმა უნდა! საქართველო ძალიან მომწონს, კარგი მიწა გაქვთ, ლამაზი მთები. უკვე გადავწყვიტე, რომ ამ ზაფხულს უშბაზე ავიდე. ეს არაა ძალიან მაღალი მწვერვალი, მაგრამ, რთული მარშრუტია. დრო ბევრი მაქვს. ჩემი ცოლი ამერიკაში არ აპირებს წამოსვლას, მეც სამუდამოდ აქ უნდა დავრჩე. თუ მომცემენ უფლებას, ორმაგ მოქალაქეობასაც მივიღებ და ვიცხოვრებ ამ ლამაზ ქვეყანაში, თქვენ მწვერვალები მიმასწავლეთ, დალაშქვრა ჩემზე იყოს (იცინის).