რა აუკრძალა ქეთი ჩხეიძემ საკუთარ შვილებს და რით გაუმკლავდება ის დათოსნაირ კომიკურ სიძეს ოჯახში
ყოველ შაბათ-კვირას მაყურებელი დიდი ინტერესით ელის „შუა ქალაქის“ ახალ სერიას. თბილისში საუბრობენ ისე, როგორც მათი საყვარელი გმირები „შუა ქალაქში,“ დამკვიდრდა სერიალის ტერმინები. ბევრი ხალისობს სიძე-სიდედრების ურთიერთობებზე, იქნება ეს ირაკლისა და შალვოვნას თუ დათოსა და ლიანას უჩვეულო დამოკიდებულება. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ლიანა, იგივე ქეთი ჩხეიძე, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მკაცრი და საშიში, როგორიც მისი პერსონაჟია.
ქეთი ჩხეიძე: „შუა ქალაქში“ სხვა სერიალებისგან განსხვავებით იმითაა საინტერესო, რომ წინასწარ არ იცი, რა გელის. გადაღებაზე რომ მივალ, არ ვიცი, რა იქნება, არც მეუბნებიან. სულ ვფიქრობ და ვნერვიულობ, ვინ არის ეს ლიანა, რა უნდა...
– თქვენსა და ლიანას შორის რაიმე მსგავსება თუ არის?
– მე ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ და არც მინდა, რომ იყოს, მაგრამ, რადგან ამ როლზე დამიძახეს, ალბათ, უნდათ, რომ ჩვენ შორის რაიმე მსგავსება მაინც იყოს, თუნდაც გარეგნული.
– ლიანა არის ქალი, რომლისაც ეშინიათ...
– მეცინება ამაზე. მგონი, არასდროს არავის შეშინებია ჩემი, მაგრამ, რა ვიცი, შეიძლება, ეშინიათ კიდეც. ვგრძნობ, რაც უფრო კომუნიკაბელური ხდება ლიანა, მით უფრო საინტერესოა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან მითხრეს: შენ ხარ ამის სიდედრი, შემოდი ახლა და ეს თქვიო. სხვა შემთხვევაში, რეჟისორთან ერთად ბევრად უფრო ღრმად განიხილავ საკუთარ პერსონაჟს ვინ ხარ, რა ხარ, აქ კი არ არის ამის საჭიროება. ერთი ცოტა ცინიკური გამონათქვამი არსებობს, რომელიც ბოლო დროს მოდაშია შემოსული: „არ დამიწყო, შენი ჭირიმე, სტანისლავსკი“... და ასე შემდეგ. პროფესიონალებს ეს აღიზიანებთ. რას ჰქვია, „არ დამიწყო სტანისლავსკი“! სერიალში შედეგის მიღწევის სპეციფიკა ცოტა სხვანაირია. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ყოველ შემთხვევაში, „შუა ქალაქმა“ დაამტკიცა, რომ ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მსახიობი ყოველთვის მზად უნდა იყოს ექსტრემალური სიტუაციისთვის. ჩემთვის ეს ცოტა ექსტრემალური იყო და ძალიან საინტერესო. ძალიან შემიყვარდა ყველა, ვინც იქ არის, არა მარტო მსახიობებს ვგულისხმობ.
– „შუა ქალაქში“ როგორ მოხვდით?
– დამირეკეს. სასაცილო ის არის, რომ ადრე სულ ვჩხუბობდი, რა არის ეს სერიალები, რა სისულელეა-მეთქი, თუმცა „შუა ქალაქში“ ნანახი არ მქონდა. ამ დროს დამირეკეს და – არ ვიცი, ვნახოთ-მეთქი, ვუპასუხე. ჩემმა შვილმა მითხრა, ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ, „შუა ქალაქში“ რომ არ მიხვიდეო. „შუა ქალაქში“ აშკარად დახვეწილი და არაპროვინციული გარემოა, რის გამოც მაყურებელმა გამოხატა კიდეც აღფრთოვანება მის მიმართ. თავიდან ეს არ მქონდა შემჩნეული და ჩავთვალე, რომ ის ისეთივე იყო, როგორც ბევრი სხვა სერიალი, რომელიც არტისტისთვის ძალიან საშიშია. მისვლა იქ, სადაც არ გაქვს წარმატების გარანტია, რთულია. შეიძლება, პოპულარული გახდე, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა რითი? ქუჩაში რომ გცნობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მსახიობი ხარ. „შუა ქალაქმა“ ჩემთვის გაამართლა, რადგან დავინახე, რომ იქ მაღალპროფესიული სიტუაცია და ძალიან კარგი ჯგუფია. ერთიმეორეზე უკეთესები არიან ყველანი. სამარცხვინო ამბავია არტისტებისთვის, მაგრამ, ამ ჩვენმა მთავარმა კაცმა თავში ყველას „ჩაგვარტყა“. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პროფესიით მსახიობი არ არის, ძალიან თავისუფალი, ლაღი და ნაღდია. ეს არის არტისტობა, მეტი კი არაფერი და არ შეიძლება ამის არ აღნიშვნა.
– როგორ ფიქრობთ, პოპულარობა უფრო მეტად რომელმა სერიალმა მოგიტანათ, „ყავა და ლუდმა“ თუ „შუა ქალაქმა?“
– ალბათ „შუა ქალაქმა.“ „ყავა და ლუდი“ ორი წლის წინ იყო და ცოტა მივიწყებას მიეცა, თუმცა, მაშინ ერთ-ერთი პრესტიჟული იყო სერიალებს შორის. არ მინდა, ეს ორი სერიალი ერთმანეთს შევადარო ან შევაჯიბრო, რადგან სტილიც სხვადასხვაა და ორივე ძალიან უყვარს მაყურებელს. სად უფრო შევძელი მაყურებლის სიმპათიის დამსახურება, არ ვიცი.
– ალბათ უცნობი ადამიანებისგან დიდ ყურადღებასაც გრძნობთ „ლიანადან“ გამომდინარე.
– როცა ქუჩაში ფეხით მოვდივარ, ხალხი ჩემს დანახვაზე იცინის. ერთმა მითხრა, უი, როგორი ცუდი ქალი მეგონეთ და ისეთი ნამდვილად არ ყოფილხართო. ამ ფრაზამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ცუდ ხასიათზე დავდექი. ერთი რამ უნდა მსახიობს – რომ მაყურებელს უყვარდეს, მეტი არაფერი.
– ალბათ, „ლიანათიც“ ხშირად მოგმართავენ უცნობები.
– დიახ. ამას წინათ წლისთავზე ვიყავი და ჩემს მეგობარს, რომელსაც მამა გარდაეცვალა, ეკითხებოდნენ, ლიანა დეიდას აქ რა უნდაო.
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოცდილი მსახიობი ხართ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დათოსთან სცენის ჩაწერის დროს გაგცინებოდათ მისი წყალობით?
– გადაღების დროს დათოზე გამცინებია, მაგრამ მასაც ხშირად ეცინება ჩემზე. „გამოყოლილშია“, მგონი. მე და დათო პირველად არ ვართ პარტნიორები. რამდენიმე წლის წინ თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის „ტელემისტერიაში“ ვთამაშობდით ორივე. სხვათა შორის, „შუა ქალაქში“ თუ დათოს სიდედრი ვარ, „ტელემისტერიაში“ მისი რძალი ვიყავი – ძმის ცოლი. კომედიური ჟანრის სპექტაკლი იყო და ბევრს ვხითხითებდით ჩუმ-ჩუმად.
– სიდედრის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ თავი?
– რა ვიცი, ამისთანა წარმოუდგენელი რა არის ამაში? იმედი მაქვს, დათოსნაირი კომიკური პერსონაჟი არ შემოვა ჩემს ოჯახში. თუ შემოვა, უკვე რაღაც გამოცდილება მაქვს და გამოვიყენებ.
– ცხოვრებაში თუ ხართ კურიოზული ადამიანი?
– საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, კურიოზები ხშირად გადამხდენია სცენაზეც და ცხოვრებაშიც, მაგრამ, როცა მეუბნებიან, მოგვიყევიო, მაშინ ვერაფერს ვიხსენებ.
– სცენაზე თუ დაგვიწყებიათ ტექსტი?
– დიახ, ხდება ასეთი რამ. ხშირად, სიტუაციიდან გამოძრომაში პარტნიორი გეხმარება, ან, თავად დაიძვრენ თავს. თავისუფალ თეატრში, „ტელემისტერიაში“, ბევრი სცენა მქონდა ნინო ბურდულთან ერთად. ხანდახან ტექსტი მავიწყდებოდა, რის გამოც ერთი ორჯერ სახტად დავტოვე ნინო: კი გამაფრთხილეს შენმა მეგობრებმა, რომ მთლად კარგი ყოფაქცევის არტისტი არ ხარ, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდიო.
– ასეთი რა გაუკეთეთ?
– როლიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ამის თქმა და ვუთხარი: „დამავიწყდა, რა უნდა მეთქვა და შენ გააგრძელე-მეთქი“. – ასე გამოვძვერი. ნინო დაიბნა, ვერ მიხვდა, მართლა ვამბობდი თუ როლში. მერე კი ვიცინოდით ამ ყველაფერზე, მაგრამ თავიდან ძალიან გაოცებული მიყურებდა. თვითონ ბუნებით ძალიან მოწესრიგებული ადამიანია.
– სტუდენტობისას გიზო ჟორდანიას ჯგუფში იყავით და საკმაოდ პოპულარული დასიც დაფუძნდა ჯგუფის სრული შემადგენლობით რუსთაველის მცირე დარბაზში. მაშინ ეს პირველი პრეცედენტი იყო. როგორ აღმოჩნდით რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში?
– ის ათი წელი, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად რუსთაველის თეატრში გავატარე, დაუვიწყარი და განუმეორებელია. იქ ერთად იყო თავმოყრილი ყველა ის თვისება, რომელიც ადამიანს ბედნიერებას აგრძნობინებს. რუსთაველის თეატრის შემდეგ დაახლოებით ათი წელი მოსკოვში ვიყავი წასული. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი მეგობრები უკვე ფეხზე დამდგარი, სერიოზული ადამიანები დამხვდნენ. მათ შორის იყო ჭოლაც. მართალია, ჭოლა მცირე სცენაზე არ მოხვდა, რადგან სარეჟისოროზე გადავიდა და კიდევ ერთი წლით დარჩა ინსტიტუტში, მაგრამ ის ჩემი ჯგუფელი იყო. ასევე, იყო ჩემი პარტნიორი სტუდენტობის დროს, სხვადასხვა სპექტაკლში. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ჭოლას უკვე სპექტაკლები ჰქონდა დადგმული, რისი ნახვის შემდეგაც აღფრთოვანებული ვიყავი. სანამ მის სპექტაკლებს ვნახავდი, გულში ვფიქრობდი, ამ ნიჭიერმა არტისტმა რა გააკეთა, რა დაიჩემა ეს რეჟისორობა-მეთქი. მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ არცთუ ისე ცუდი არჩევანი გაუკეთებია. ძალიან მომეწონა. რამდენიმე ხანში ის მიიწვია თეატრში ბატონმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რომელმაც „ყვარყვარე თუთაბერი“ დადგა. მე ამ სპექტაკლში გულთამზეს ვთამაშობდი. ამ როლით მივედი მე მარჯანიშვილის თეატრში და დავრჩი კიდეც იქ.
– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
– ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. მყავს მეუღლე და ორი შვილი 18 წლის ნიკა და 12 წლის ელენე.
– მსახიობის პროფესიაზე თუ ფიქრობენ არჩევანის გაკეთებას?
– აკრძალული აქვთ.
– თქვენგან?
– დიახ. საერთოდ, არც ერთი პროფესია არ არის ადვილი და მსახიობობაზე რთული პროფესიებიც არსებობს, მაგრამ ჩვენს პროფესიაში ძალაუნებურად დამოკიდებული ხდები ბევრ ფაქტორზე, აკეთებ იმას, რასაც ითხოვენ შენგან. მსახიობობა ძალიან დიდ ძალისხმევასა და მოლოდინს მოითხოვს. ყოველთვის ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული. ცუდ ხასიათზე შემოვა რეჟისორი რეპეტიციაზე?! კაცმა არ იცის, რა იქნება. თან, ამ ყველაფრის ფონზე, სულ „გამოფენილი“ ხარ. ამაში დიდი ბედნიერებაც არის, რადგან თუ „გამოფენილი“ არ ხარ, მაშინ რა მსახიობი ხარ. რასაკვირველია, გსიამოვნებს, რომ გცნობენ, მაგრამ, გააჩნია, რითი და როგორ.