კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-12(586) 

 

– არაა გამორიცხული, – მომიგო ვოვამ, – სხვათა შორის, ბაიკერი ვასკაც შეიარაღებული დადის და მეგის ხშირად დამუქრებია.

ერთი სიტყვით, მე და ვოვა წყვილის ძებნას შევუდექით და მრავალი ადგილი მოვინახულეთ, სადაც, შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ, მაგრამ უშედეგოდ. ყველგან გვეუბნებოდნენ, ერთი ნაბიჯით გაგასწრესო. ასე ვიხეტიალეთ საღამომდე. 7 საათი სრულდებოდა, როდესაც ღია კაფესთან შევჩერდით, რომ ცოტა წაგვეხემსა. ვოვა სენდვიჩების საყიდლად გაემართა, მაგრამ, მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ და მითხრა:

– აი, ისინიც, წავიდეთ!

მე და ვოვა, მწვანე „სუძუკიზე“ ამხედრებულ ბაიკერ ვასკასა და მეგის გავყევით, მაგრამ, ვცდილობდით, რომ მათ არ შევემჩნიეთ. ჩვენ გვერდიგვერდ მივქროდით და თან ერთმანეთს ველაპარაკებოდით.

 – მე მგონი, ვიცი, საითაც მიდიან, – მითხრა ვოვამ, – ლუბერსკის მიკრორაიონში.

ლუბერსკიზე და ლუბერსკელ ბოროტმოქმედებზე ბევრი რამ მსმენოდა და კარგად ვიცოდი, რომ ის ისეთივე კრიმინალური რაიონი იყო, როგორიც ჰარლემი ნიუ-იორკში, ამიტომ, ვოვას მივუგე:

– როგორც მსმენია, იქ შესვლა უცხოსთვის საკმაოდ საშიშია.

– ჰო, საკმაოდ. იქ, სკინჰედების ყველაზე დიდი პრიტონია და მათ მილიციაც კი ერიდება. ერთხელ, ვიღაც კრიმინალს იჭერდნენ და ლუბერსკში „ომონი“ შევიდა. მაგრამ, სკინჰედებმა მათ ნამდვილი ომი გაუმართეს. ისეთი სროლა იყო, თავი ავღანეთში გეგონებოდა.

– ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ბოლომდე მივდიოთ, გავიგოთ, სად მიდიან და შემდეგ მოვიფიქროთ, რა ვქნათ, – ვუთხარი ვოვას, რომელიც დამეთანხმა და ფრთხილი დევნა განვაგრძეთ.

წყვილმა კრიმინალური მიკრორაიონი თითქმის ბოლომდე გაიარა და ორსართულიან შენობასთან შეჩერდა. ვასკამ მოტოციკლი დააყენა და მეგისთან ერთად შენობაში შევიდნენ. შენობის ფასადზე ეწერა: „ლუბერცები“. წარწერა ვარდისფერი ნეონის ნათურებით ინთებოდა და ქრებოდა. ამასობაში საკმაოდ შებინდდა. ჩვენ მოტოციკლები ოციოდე მეტრის მოშორებით გავაჩერეთ და ვოვამ მითხრა:

– აი, სკინჰედების პრიტონი: პირველ სართულზე უზარმაზარი ბარია, მეორეზე – დისკოთეკა, ბუნკერში კი – ბობოლების აპარტამენტები, იარაღისა და ნარკოტიკების საწყობები. ერთი სიტყვით, მიუვალი სიმაგრეა.

– ნეტავი, ჩვენი ობიექტები სად წავიდნენ? – ვკითხე ვოვას.

– ჯერ ბარში, შემდეგ – დისკოთეკაზე. ბობოლებთან მათ არავინ მიუშვებს, – მომიგო ვოვამ, – მე ვფიქრობ, მეგის წამოყვანა დისკოთეკიდან ჯობია. იქ ყურისწამღები ხმაურია, ნახევრად სიბნელე და ყველა კაიფშია.  სწრაფად და ზუსტად თუ ვიმოქმედებთ, ყველაფერი გამოგვივა. მოდი, ასე ვქნათ: დისკოთეკიდან მეგის მე წამოვიყვან ხელში ატატებულს, თქვენ კი დამაზღვიეთ. აბა, წავედით!

– მოიცა, ვოვა, – შევაჩერე ჩემი მეწყვილე მეგზური, – მოდი, ასე ვქნათ: შენ მოტოციკლი სრულ მზადყოფნაში გქონდეს, მეგის კი მე გამოვიყვან და მოვუსვათ.

– თქვენ გამოიყვანთ? – გაოცებას ვერ მალავდა ვოვა.

– დარდი ნუ გაქვს, – ვოვას მხარზე მოვუთათუნე ხელი, – კარგ ფორმაში ვარ და გამოვიყვან. შენ კი მზად იყავი, რომ მეგი შენი მოტოციკლით წაიყვანო. თუ ერთად ვერ წავალთ, მაშინ, შენს გარაჟში, შენს აპარტამენტებში შევხვდებით ერთმანეთს. აბა, შენ იცი, არ დაიბნე და სრულ მზადყოფნაში მელოდე.

მე შენობისკენ გავემართე. როგორც კი ფეხი შევდგი შიგნით, იქ მყოფების უზომო ინტერესი შევნიშნე ჩემ მიმართ. მე, მართალია, მათ სტილში ვიყავი ჩაცმული, მაგრამ იქ მყოფებს ბაბუად ვერგებოდი და ასეთი დიდი ინტერესით იმიტომ მაკვირდებოდნენ. ჯერ ბარში შევედი, თან მეგის ვეძებდი, თუმცა, ის არსად ჩანდა. მე ბარის დახლთან მივედი, რადგან, თავში ერთი აზრი მომივიდა, რაც, ჩემი ვარაუდით, ჩემს ამოცანას უფრო გააადვილებდა.

– რას დალევ, ბაბუ? – მკითხა ბარმენმა გოგონამ, რომელიც ყურადღებით მათვალიერებდა.

– ძალიან ბებრულად გამოვიყურები, შვილიშვილო? – კითხვა შევუბრუნე ბარმენს, მან კი თავი გვერდზე გადახარა, კარგად შემათვალიერა და მომიგო:

– ვიდზე არა გიშავს, მეტიც, მშვენივრადაც კი გამოიყურები. მაგრამ, ეგ შმოტკები მაინცდამაინც არ გიხდება, შენ უფრო კლასიკური სტილი მოგიხდება, ჰალსტუხით.

– შენთან ერთი საქმიანი წინადადება მაქვს.

– ბაბუ, ახლა შებმა არ დამიწყო, – სიტყვა გამაწყვეტინა ბარმენმა გოგონამ, – არც ასაკით შევეფერებით ერთმანეთს და, საერთოდაც, სექსი სამუშაო საათებში სრულიადაც არ მიტაცებს.

– აბა, ერთი, კარგად შემომხედე და დამაკვირდი. ვერ მცნობ? – ვაჯახე გოგონას.

– ვერა, ვერ გცნობ, – მომიგო მცირე პაუზის შემდეგ ბარმენმა.

– ნუთუ ტაგანკის თეატრში არ დადიხარ ან ტელევიზორს არ უყურებ?

– თეატრში რა დამრჩენია?! ტელევიზორს კი ზოგჯერ ვუყურებ. რა, მერე?

– რა და, ის, ჩემო გოგონა, რომ, ცნობილი მსახიობი ვარ, ახალ ფილმში მიღებენ და ასაკოვანი ბაიკერის როლი უნდა შევასრულო. ასე გამოწყობილი იმიტომ ვარ, როლს რომ მოვერგო. აქაც ამიტომ მოვედი – ბაიკერული ატმოსფეროს გაცნობა მინდა. ამისთვის კი ასეთ საქმეში გამოცდილი ადამიანი მჭირდება. აი, ამას გთავაზობდი. შენ კი, რა დროს სექსია სამუშაო საათებშიო.

– მაინც, რა გინდა ჩემგან?

– ბევრი არაფერი, დისკოთეკაზე პარტნიორობა გამიწიე, შენი მეგობრები გამაცანი და, საერთოდ, ბაიკერულ-ახალგაზრდულ მუღამში შემიყვანე. ამისთვის დღეში ორი-სამი საათი დამჭირდება და სულ რაღაც სამი დღე მეყოფა. სამაგიეროდ, ათას დოლარს გადაგიხდი. რა, ცუდია, საათში ას დოლარზე მეტი? ეს იმაზე ბევრად მეტია, ვინმესთვის სექსუალური მომსახურებისთვის რომ გადამეხადა ბაქსები. რას იტყვი, თანახმა ხარ?

გოგონამ ეჭვით შემომხედა, დაუსტვინა და მითხრა:

– ათასი დოლარი სამ დღეში?

– სამ დღეში კი არა, ცხრა საათში.

– ჰო. არ მატყუებ, ბაბუ?

მე ასდოლარიანების დასტიდან ათი ცალი კუპიურა ამოვაძვრინე, ბარმენს მივეცი და ვუთხარი:

– აი, ათასი დოლარი, წინასწარ გაძლევ, გამომართვი. არც ახლა გჯერა?

გოგონამ შიშით გაიხედ-გამოიხედა. შემდეგ ფულის კუპიურები გამომართვა, ჯიბეში დამალა და მიჩურჩულა:

– არავის უთხრა, რომ ფული გადამიხადე. დამელოდე, ხუთ წუთში მოვალ.

ბარმენი გოგონა წავიდა და მართლაც ხუთ წუთში დაბრუნდა სხვა ბარმენ გოგონასთან ერთად, რომელმაც ის დახლთან შეცვალა. შემდეგ მას მიუბრუნდა და უთხრა:

– აი, ცნობილი მსახიობი.

– შეგიძლია, კოსტია დამიძახო, ისე კი კონსტანტინე მქვია, მაგრამ ახლობლებისთვის კოსტია ვარ.

– ლარისა, – მომიგო თვალებგაბრწყინებულმა გოგონამ, ხელი ჩამომართვა და მკითხა, – რომელ ფილმში გიღებენ, კოსტია?

– „მოხუცი ბაიკერის ბედნიერება“, – მივუგე ლარისას, რომელსაც ცნობილ მსახიობთან შეხვედრამ კიდევ უფრო მეტად აუელვარა თვალები და მკითხა:

– რაზეა ფილმი?

– ცოტ-ცოტა ყველაფერზე, მაგრამ, რაც მთავრია, მძაფრსიუჟეტიანია და მასში ბევრი სიყვარულია.

– რა მაგარია! – ტაში შემოჰკრა ლარისამ, – როგორ ვოცნებობ ფილმში გადაღებაზე!

მე ყურადღებით შევათვალიერე გოგონა და სერიოზული სახით ვუთხარი:

– ვინ იცის, იქნებ, გაგიმართლა კიდეც. რეჟისორს ვეტყვი და სინჯებზე მიგიყვან, იქ კი ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული.

– მართლა? – ლარისამ ტაში შემოჰკრა, ჰაერში ახტა და მითხრა, – შეიძლება, რომ ფილმში მიმიწვიონ?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. გარეგნობა არ დაგეწუნება. გეტყობა, რომ ფოტოგენურიც ხარ. მთავარია, რეჟისორის დავალებები შეასრულო და, გამორიცხული არ არის, ერთ-ერთი მთავარი როლიც კი გერგოს. სხვათა შორის, პროვიზორი ქალის როლზე ჯერჯერობით არავინაა დამტკიცებული და თუ ბედმა გაგიღიმა, შეიძლება, შენ გერგოს.

– პროვიზორი რას ნიშნავს? – მკითხა ლარისამ.

– წამლების დამამზადებელს.

– მართლა? რა კარგია! ნეტავი, გამიმართლოს. როდის მიმიყვან სინჯებზე, კოსტია?

– ზეგ, დილის რვა საათზე. გცალია?

– რა თქმა უნდა, მცალია!

– ჰოდა, ზეგამდე. ახლა კი წავედით.

– სხვათა შორის, კინოში გადაღებაზე მეც ვოცნებობ, კოსტია, – მითხრა პირველმა ბარმენმა გოგონამ.

– რა გქვია?

– ლიდა.

– რა პრობლემაა, ლიდოჩკა, შენ და ლარისას ერთად წაგიყვანთ ზეგ სინჯებზე და, ვნახოთ, როგორ გამოიჩენთ თავს. სიმართლე გითხრა, ლარისაზე მეტი შანსი შენ გაქვს.

– დარწმუნებული ხარ?

– ენდე ჩემს გამოცდილებას. თანაც, მეორე მთავარი როლისთვის, ჩემი აზრით, სწორედ შენ ხარ ზედგამოჭრილი.

– რა როლია?

– რა და, მოხუცი ბაიკერის ახალგაზრდა მეგობარი გოგონა. სიუჟეტის მიხედვით, წყვილი ერთმანეთს მაღაზიაში გაიცნობს, შემდეგ დისკოთეკაზე წავლენ და ბოლოს ერთმანეთი შეუყვარდებათ. მათ ერთად ბევრი საინტერესო ხიფათით აღსავსე თავგადასავალი გადახდებათ. მოკლედ, კარგი როლია და, თუ გინდა, რომ დაგამტკიცონ, ღირსეული მოგზაურობა გამიწიე. წავედით, რომ მუღამში შევიდეთ, – ვუთხარი „დაბოლებულ“ ლიდოჩკას, რომელსაც თავი უკვე კინოფილმის მთავარ გმირად წარმოედგინა. ჩვენ მეორე სართულზე ავედით და დისკოთეკას ვეწვიეთ.

უზარმაზარი საცეკვაო სივრცე, ასეულობით მოცეკვავე წყვილით იყო სავსე. ისინი ნახევრად სიბნელესა და გამაყრუებელ რიტმებში იყვნენ ჩაძირულები. ყველა ნარკოტიკით იყო გაბრუებული და უაზრო სახით როკავდა.

– აბა, ლიდოჩკა, შემიძეხი ბაიკერების ზღაპრულ, იდუმალებით აღსავსე სამყაროში, – ვუთხარი გოგონას, მან კი მომიგო:

– ამისთვის, კოსტია, ერთი ნაბიჯიღა გვაქვს გადასადგმელი.

– რა ნაბიჯი?

– პატარა კაიფი უნდა მივიღოთ. შენ რას ანიჭებ უპირატესობას, მოსაწევს, კალიკებს თუ წამალს?

– აქ რა, ყველაფერია?

– კი, ფართო არჩევანი გვაქვს.

– მე ალკოჰოლი მირჩევნია.

– მაშინ, ბარში დაგველია. მაგრამ, არა უშავს, სასმელი აქაც არის. წავედით!

მე და ლიდამ, მთელი დისკოთეკა დიაგონალზე გადავჭერით და კუთხეში მიშენებულ, შემინულ ექვსკუთხედში შევედით, რომელიც რამდენიმე ოთახად იყო დაყოფილი.

– აქ კაიფს იჭერენ, შემდეგ კი გარეთ გადიან, რომ სიამოვნება გაიხანგრძლივონ, – ამიხსნა ლიდოჩკამ, შემდეგ ოცდახუთიოდე წლის ყმაწვილი ხელით მოიხმო და უთხრა:

– ჩემთვის – როგორც ყოველთვის, ამას კი რაიმე მაგარი სასმელი გაუჩითე.

ბიჭმა შემათვალიერა და ლიდას უთხრა:

– ეს ბაბუ სად აიკარი?

– სულელო, ეს ბაბუ კი არა, ცნობილი მსახიობია. როგორ გეტყობა, რომ არც თეატრში დადიხარ და არც კინოში, თანაც, არც ტელევიზორს უყურებ. მოკლედ, ჩამორჩენილი კაცი ხარ.

ბიჭს პასუხი არ გაუცია და მეზობელ ოთახში შევიდა. ორ წუთში უკან დაბრუნდა, გოგონას მარიხუანით სავსე სიგარეტი მიაწოდა, მე კი – ორასორმოცდაათგრამიანი მწვანე სითხით სავსე ჭიქა და მითხრა:

– საკაიფოა. დალიე და გაგისწორდება.

ლიდამ მარიხუანას მოუკიდა და მოქაჩა, მე კი სასმლით სავსე ჭიქა ტუჩებზე მივიდე, თუმცა, არ დამილევია. ამ დროს ერთ-ერთი ბოლო ოთახიდან ღრიალი შემომესმა:

– პეტია, შე ბოზო! ჩქარა მოდი, მეგი იბრიდება!

ბიჭი შურდულივით გავარდა. მეგის სახელის გაგონებაზე მეც უკან მივყევი და, ოთახში რომ შევედი, ტახტზე დაწოლილ მეგის მოვკარი თვალი. გოგონა გაშავებული იყო და პირიდან ქაფი მოსდიოდა. მას ვასკა ბაიკერი ადგა თავზე და ღრიალებდა. პეტია გოგონასთან მივარდა და რამდენჯერმე სილა გაარტყა, რაც ასეთ შემთხვევაში არაეფექტურია, რადგან, აშკარა იყო, რომ გოგონას ნარკოტიკის დიდი დოზა ჰქონდა გაკეთებული და პრეპარატული მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამიტომ, ბიჭს ვუღრიალე:

– გლუკოზა ან ადრენალინი ხომ არ გაქვთ?

– არა, ბიძა, რა გლუკოზა! – მომიგო ბიჭმა.

დრო არ ითმენდა. გოგონა ყოველ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყო. ამიტომ, ხელში ავიყვანე და ვთქვი:

– სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი, თორემ, მოკვდება!

– არ მოკვდება, დააწვინე! – შემიღრინა ვასკა ბაიკერმა, მე კი კარისკენ წავედი. ვასკა წამომეწია და საყელოზე მომქაჩა, მე კი მას მუშტი ვთხლიშე ყბაში და ძირს დავაგდე. უცებ  ვასკამ აბრეზი მომიშვირა და მითხრა:

– ეგ ბოზი აქ დატოვე და აქედან აუდე, თორემ, გაგათავე, შე ბებერო!

მე ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს მეგის საწოლზე ვაწვენდი, ქამრიდან კი მაყუჩიანი პისტოლეტი ამოვაცურე, ტყვია ვასკას ხელში მოვარტყი, აბრეზი გავაგდებინე და ექვსკუთხედიდან სწრაფად გამოვედი.

– კოსტია, საით? – მომაძახა ლიდოჩკამ, რომელიც უკვე მარიხუანის კაიფში იყო.

– გადასაღებ მოედანზე! – მივუგე მას და წინ გავიჭერი.

მეგი ხროტინებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტაც და, სულს დალევდა. მე აღტკინებულ მოცეკვავეებს შორის მივიკვლევდი გზას და უკვე კიბეებთან ვიყავი, როდესაც აბრეზიდან გასროლისა და კოსტია ბაიკერის ხმა მომესმა:

– დაიჭირეთ ბებერი, მან ჩემი ბოზი მოიტაცა!

გასროლის ხმაზე მთელი დისკოთეკა ძირს დაწვა. მე კიბეები ჩავირბინე, ჰოლი სწრაფად გავიარე, ქუჩაში გავედი და ვოვას ვუთხარი:

– ჩქარა, მედპუნქტში ან საავადმყოფოში წავიყვანოთ, კვდება!

– საავადმყოფომდე, შეიძლება, ვერ გაძლოს. აფთიაქში მივიყვანოთ და გლუკოზა გავუჩხიროთ, – მითხრა ვოვამ, – ერთხელ უკვე იყო ასეთ დღეში და ასე უშველეს.

– წადი და წამოვალ, – ვუთხარი ვოვას. მეგი როგორღაც დავუსვი წინ, მან კი მოტოციკლი ადგილიდან დაძრა და აფთიაქისკენ აიღო გეზი, რომელიც სულ რაღაც ოთხასიოდე მეტრში მდებარეობდა.

მე შეგნებულად გავაკეთე პაუზა და მხოლოდ მაშინ დავძარი მოტოციკლი, როცა შენობიდან ვასკა ბაიკერი და სკინჰედები გამოცვივდნენ.

– აი, ძმებო, ის ბებერი ნაბოზარი! – ვასკამ ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მოტოციკლებზე ამხედრებულ სკინჰედებთან ერთად დამედევნა.

მე აფთიაქის საპირისპირო მიმართულებით ავიღე გეზი და ჩემი „ჰარლეი დევიდსონით“ ლუბერსკის მიკრორაიონის გაჩახჩახებულ ქუჩებში, კორპუსებს შუა გავიჭერი. უკან ოციოდე შეიარაღებული, თავზეხელაღებული სკინჰედი მომდევდა, რომლებიც მზად იყვნენ, შუაზე გავეგლიჯე. „კაგებეში“ მიღებული მთელი ცოდნის გამოყენება მომიწია, რომ მათ ხელიდან დავსხლტომოდი. სკინჰედები ჯერ კორპუსებს შუა ვარბენინე და სამი ისეთი ტრიუკი გავაკეთე, რომ ხუთი მოტოციკლისტი, თუ არ დავაინვალიდე, კარგა ხნით მაინც მოვწყვიტე მოტოციკლების უნაგირს. ბოლოს კი, ჩემი „ჰარლეი“ 180 გრადუსით შემოვატრიალე და მთელი სისწრაფით გავქანდი გაოგნებული მდევრებისკენ. ეს ტრიუკი „კაგებეში“ მქონდა ნასწავლი და ვიცოდი, რომ დაბნეული მოტოციკლისტები გზას გამიხსნიდნენ და გამატარებდნენ. ამ ტრიუკმა კიდევ ოთხი სკინჰედი მოტოციკლისტის ჯანმრთელობა შეიწირა და მათ შორის ისარივით რომ გავიქროლე, ისღა მოახერხეს, რომ უმისამართო სროლა ამიტეხეს...

ვოვას მისსავე გარაჟში შევხვდი. მეგიც  იქ იყო, რომელსაც სახეზე ყვითელი ფერი დასდებოდა.

– მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი, – ვუთხარი გოგონას და მისი გაყვითლებული სახე ყურადღებით შევათვალიერე.

– ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან, – თქვა ვოვამ, – აფთიაქში შემთხვევით ვიღაც პროფესორი იმყოფებოდა. მან დიდი ნემსით პირდაპირ გულში გაუკეთა რაღაცა წამალი და გააცოცხლა, თორემ, „იქაური“ იყო.

– მე დიდი ხანია, იქაური ვარ, – უტიფრად თქვა მეგიმ და სიგარეტი მოქაჩა.

– გეთანხმები, ეშმაკს ემსახურები და თუკი დროზე არ მოხვალ აზრზე, ნამდვილად დაიღუპები, – ვუთხარი მკაცრად.

– შენ, ალბათ, ძველი მორალისტი ხარ, ხომ, მოხუცო? – დამცინავად მითხრა მეგიმ, მე კი მას ქართულად ვუპასუხე:

– ბაბუაშენის მეგობარი ვარ, შვილო, და აქ შენს წასაყვანად ჩამოვედი.

ქართულის გაგონებაზე მეგის ყვითელი ფერი ვარდისფრით შეეცვალა, თვალები აუცრემლდა და მითხრა:

– ბაბუა როგორ არის? რამდენი ხანია, არ მინახავს.

– შენზე დარდით კვდება და აქ იმიტომ გამომგზავნა, რომ მასთან ჩაგიყვანო.

– მერე, ვასკა? – შეშინებულმა იკითხა მეგიმ.

– რა ვასკა, მოგენატრა? – ჰკითხა ვოვამ, მეგიმ კი მიუგო:

– კი არ მომენატრა, უბრალოდ, მეშინია. ასე მითხრა, თუ გამეპარები ან გამექცევი, მიწიდან ამოგთხრიო.

– ნუ გეშინია, შვილო, ვასკა გუშინდელი დღეა და მისი სახელი სამუდამოდ დაივიწყე, – ქართულად ვუთხარი მეგის, შემდეგ იგივე რუსულად გავუმეორე და დავამატე: – შენ ახლა საიმედო ხელში ხარ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებთ.

– თქვენ არ იცნობთ ვასკას, – ხმის კანკალით მითხრა მეგიმ, – ის ნამდვილი ურჩხულია, თანაც, ისე ძალიან ვუყვარვარ, რომ ჩემს თავს არავის დაუთმობს.

– რომ უყვარდე, ასეთ დღეში არ ჩაგაგდებდა. ნურაფრის გეშინია, ის შენს სიახლოვეს ვეღარ გამოჩნდება, – ვუთხარი მეგის და თავზე ხელი გადავუსვი. ვოვამ კი, რომელიც პერისკოპიდან ქუჩაში იყურებოდა, გვითხრა:

– მგონი, ნაადრევად დავიმშვიდეთ თავი –  სტუმრები გვყავს.

– ვინ სტუმრები? – ვკითხე მასპინძელს.

– ვასკა და სამი სკინჰედი, – მომიგო ვოვამ.

ვასკას ხსენებაზე მეგი მთელი სხეულით აკანკალდა. მე მას თმაზე მივეფერე და ვუთხარი:

– ხომ გითხარი, ნუ გეშინია-მეთქი, დამშვიდდი და გასამგზავრებლად მოემზადე. მე კი დაუპატიჟებელ სტუმრებს მივხედავ.

– რას აპირებთ? – მკითხა ვოვამ.

– იმ ნაძირლების გატყუებას და თავიდან მოშორებას, – ვუთხარი ვოვას, შემდეგ მეგის გრძელი მოსასხამი ავიღე და მასპინძელს ვკითხე, – დამეხმარები?

– რა თქმა უნდა.

– მაშინ, ეს მოიცვი და მოტოციკლზე შემომიჯექი, – ვუთხარი ვოვას და მოსასხამი მივეცი, შემდეგ მეგის მივუბრუნდი:

– აქედან ფეხი არსად მოიცვალო, ჩვენ გათენებამდე დავბრუნდებით.

მეგი ტახტზე წამოწვა და სარდაფში სინათლე ჩავაქრეთ. შემდეგ სათადარიგო გასასვლელიდან ქუჩაში გავედით, ჩემი „ჰარლეი დევიდსონიც“ გავიყვანეთ, ვოვა უკან შემომიჯდა და, შუაღამე ნახევარი საათის გადასული იყო, როდესაც ვოვასა და მის სამ მეგობარს გვერდით ჩავუქროლეთ.

– გარბიან ეს ბოზები! ფრთხილად, უკან მეგი უზის და არ მოკლათ! – დაიყვირა ხელშეხვეულმა ვასკამ და ოთხივე მოტოციკლისტი უკან აგვედევნა.

მოსკოვის ქუჩებში გამართული რბოლა კრილატსკოეს მიდამოებში დასრულდა. სამი სკინჰედი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დავხოცე მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით, ვასკა კი არხთან მოვიხელთეთ, განვაიარაღე და ვუთხარი:

– გეტყობა, ბედისწერა არ გასვენებდა და ისევ ჩემთან შეგახვედრა. ჩემთან მეორე შეტაკება კი, ყოველთვის მსხვერპლით მთავრდება და ამჯერად მსხვერპლი შენ ხარ.

– ვინ ხარ, ბებერო? – კბილებში გამოცრა ვასკამ.

– შენი ბედისწერა, – მივუგე ვასკას და ვკითხე, – როგორ მოგვაგენით?

– კითხვა-კითხვით. ბევრი მოწმე დარჩა და კიდეც რომ მომკლათ, პასუხის მომთხოვნი და მტრები არ გამოგელევათ, – ჩვენი დაშინება სცადა ვასკამ, მე კი მშვიდად მივუგე:

– მტრები ისედაც ბევრი მყავს და ამით ვერ შემაშინებ. ქრისტიანი ხარ? – ვკითხე ვასკას.

– მე ვასკა ბაიკერი ვარ! – ხმას აუწია ვასკამ. მე კი მას შუბლში დავაჭედე ტყვია, ადგილზევე მოვკალი და ხმამაღლა ვთქვი.

– უკვე აღარ. შენ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ტრუპი ხარ...

ვოვას კიდევ ერთი ათასი დოლარი მივეცი, გამოვემშვიდობე და მეგისთან ერთად, ერევნის გავლით ჩამოვფრინდი თბილისში. ერთ რამედ ღირდა ბაბუა-შვილიშვილის ერთმანეთთან შეხვედრის სცენის ხილვა. რომანი დიდი ხნის უნახავ შვილიშვილს ჩაეხუტა და ისე მწარედ აქვითინდა, რომ ბოლოს გული წაუვიდა და ძლივს მოვაბრუნეთ... სულ მალე მეგი ნარკორეაბილიტაციის ცენტრში გაემგზავრა იტალიაში, სრულიად განიკურნა ამ უსაშინლესი სენისგან და გათხოვდა. დღეს მას მცირეწლოვანი ტყუპები ჰყავს და ძალიან ბედნიერია.

ჩემს მოსკოვურ ვოიაჟს გაგრძელება ჰქონდა, საკმაოდ მოულოდნელი და ჩემთვის საშიშიც კი... მეგის გამოხსნიდან რვა თვის შემდეგ ერთი შეკვეთა მქონდა შესასრულებელი ლენინგრადში. უფრო სწორად, სანკტ-პეტერბურგში, მაგრამ, მე ამ ქალაქს კომუნისტების დროინდელი  სახელწოდებით მოვიხსენიებ. ხომ გაგიგონიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, მეც ძველ ჩვევებს არ ვღალატობ.

ლენინგრადში გარეგნობაშეუცვლელი ჩავედი და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დავსახლდი, რომელიც შემკვეთმა დამახვედრა. ეს ბინა პულკოვოს მიკრორაიონში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა. შეკვეთის სამიზნე  ერთბაშად ორი ადამიანი იყო – ორი ბიზნესპარტნიორი და შემკვეთი მათ ლიკვიდაციაში შვიდას ათას ევროს იხდიდა. დავალება არცთუ ისე რთული იყო, ყოველგვარი, ეგრეთ წოდებული „ფინტიკლუშკების“ გარეშე. ისინი, უბრალოდ, უნდა დამეხოცა და საქმე შესრულებული იქნებოდა. იარაღად მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა ავირჩიე, სამიზნეებს „კუდზე დავაჯექი” და ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი, რომ დავალება ბოლომდე მიმეყვანა. მათ მე ოთხი დღე ვდიე და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მომშორებია გრძნობა, რომ თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. ამიტომ, რამდენჯერმე ჩავატარე ნაცადი მანევრი, მაგრამ, კუდი ვერ აღმოვაჩინე და გავიფიქრე, „ნერვები ხომ არ გღალატობს, კოკი და დრო ხომ არ არის პენსიაში გახვიდე-მეთქი“. ერთი სიტყვით, ჩემი სამიზნეები პეტროვსკის პარკთან მდებარე სპორტკომპლექსის ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ  და მეც სასწრაფოდ დავიკავე პოზიცია. იქვე, სულ რაღაც ორასიოდე მეტრში, ძველი დარბაზის ნანგრევები მდებარეობდა და ერთ-ერთ ოთახში შევედი, შაშხანა გავმართე და ობიექტების გამოსვლას დაველოდე. ნახევარი საათის შემდეგ კი შეკვეთილი ჩვეული, ზუსტი გასროლებით დავხოცე ორივე, შაშხანა იქვე დავტოვე, სწრაფად ავდექი, რომ იქაურობა დამეტოვებინა და, რომ შევტრიალდი, შევცბი – ჩემ წინ ბაიკერი ვოვა იდგა და მიღიმოდა. პისტოლეტი რომ მქონოდა, ვოვას ჯერ გამოვტეხავდი, შემდეგ კი იქვე უეჭველად მოვკლავდი, მაგრამ უიარაღო ვიყავი და ყმაწვილს ვუთხარი:

– რას დგახარ, წავედით, თორემ თუ მოგვიხელთეს, ცუდ დღეში ჩაგვაგდებენ.

იმ მომენტში ჩემი მთავარი ამოცანა იყო შემთხვევის ადგილის დატოვება, შემდეგ კი ვოვას ლიკვიდაციას ვგეგმავდი. ნანგრევებიდან სასწრაფოდ გამოვედით.

– თქვენი მანქანით წამიყვანთ თუ გავიფანტოთ? – მკითხა ვოვამ და მივხვდი, რომ მშვენივრად მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, ანუ, იცოდა, რომ მის ლიკვიდაციას ვაპირებდი.

– მოტოციკლით ხარ? – ვკითხე ვოვას.

– მოპარული მანქანით.

– მაშინ, ჩემი მანქანით წავიდეთ. აქვე, ნაძვებში მიყენია.

– ვიცი. 

– ძალიან კარგი. აბა, სწრაფად წავიდეთ, ვოვაჩკა, თორემ, შეიძლება, დაგვერხეს, – ვუთხარი ვოვას, თან გავიფიქრე, ნეტავი რა უნდა ჩემგან, ან საიდან მომაგნო. უეჭველად შემთხვევითობას აქვს ადგილი, თორემ... თუმცა, ამას მალე გავარკვევ-მეთქი.

სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ უკვე ქალაქის ცენტრში მივსრიალებდით სველ ასფალტზე და იმის საპირისპირო მიმართულებით, სადაც ჩემი კონსპირაციული ბინა მდებარეობდა.

– ალბათ, ჩემს ლიკვიდაციას სხვაგან აპირებთ და  პულკოვოში დაბრუნებას აღარ აპირებთ, – მითხრა ვოვამ.

– ესე იგი, პულკოვოდან მხვოსტავ?

– ჰო, მე იქ ერთ-ერთ ბინაში ვიმალები და ფანჯრიდან შემთხვევით შეგნიშნეთ. გამიხარდა და ვიფიქრე, აი, ჩემი ხსნა-მეთქი.

– ვის ემალები და რა ხსნაზე ლაპარაკობ?

– შენ მიერ მოცემული ფულით, მე და ჩემმა მეგობარმა იარაღით ვაჭრობა გადავწყვიტეთ და ბიზნესში ჩავერთეთ. თუმცა, ძალიან მალე პრობლემები შეგვექმნა – ჩემი მეგობარი მოკლეს. მე ერთ-ერთი შემკვეთი გამოვასალმე სიცოცხლეს, გამოვიქეცი და თითქმის ერთი თვეა, რაც ვიმალები.

– გასაგებია. ახლა ის მითხარი, რატომ ვარ მე შენი ხსნა.

– მაინც განწირული ვარ და პირდაპირ გეტყვით.

– ბრძანე, – ვუთხარი ვოვას, მანქანა ტყის პირას გავაჩერე და ხელსაყრელი მომენტის ძებნას შევუდექი მის მოსაკლავად.

– ვიცი, რომ მკვლელი ხართ და კონტრაქტებს ასრულებთ, – დაიწყო ვოვამ, მე კი მას სიტყვა გავაწყვეტინე:

– ოჰო, კონტრაქტებს? ტერმინებიც გცოდნია.

– კინოებში მაქვს ნანახი. ერთი სიტყვით, მე ჩემსას გეტყვით, შემდეგ კი თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, – ვოვამ მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ ამოაცურა, მუხლებზე დამიდო და განაგრძო: – ამის მეტი იარაღი არ მაქვს და, თუკი ჩემს მოკვლას არ გადაიფიქრებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ. როგორც ვხვდები, ამ შაშხანის გარდა სხვა იარაღი არ გაქვთ, თორემ, ჯერ კიდევ პეტროვსკის პარკში მომკლავდით.

მე „ბრაუნინგი“ სავარძლის ქვეშ შევაცურე და ვუთხარი:

– განაგრძე.

– მირჩევნია, თქვენ მომკლათ, ვიდრე იმათ. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს სიცოცხლე მომბეზრდა, მაგრამ, ასე მარტო, ყოველგვარი რესურსების გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. რემბო ხომ არა ვარ, რომ ტყეში ვიცხოვრო და მთელი არმია გავწყვიტო.

– საქმესთან ახლოს! – შევახსენე ვოვას.

– უბრალო თხოვნა მაქვს: თქვენს შეგირდად ამიყვანეთ და საქმეების კეთებაში დაგეხმარებით. რასაც მეტყვით, ყველაფერს უსიტყვოდ შევასრულებ. თუ შეცდომას დავუშვებ, შეგიძლიათ, მომკლათ. ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებთ და, უმორჩილესად, გთხოვთ ერთი შანსი მომცეთ.

– შეცდომას რომ დაუშვებ, უკვე გვიან იქნება, – ჩამეცინა მე – გამნაღმველმა რომ შეცდომა დაუშვას, შეიძლება, გადარჩეს, ჩვენს საქმეში დაშვებული შეცდომა კი ყველა შემთხვევაში სასიკვდილოა, რა შანსზე მელაპარაკები, აბა, დააკონკრეტე.

– მინდა, რომ დაქირავებული მკვლელი გავხდე და ეს პროფესია თქვენგან შევისწავლო, – მტკიცედ მომიგო ვოვამ და თვალი თვალში გამიყარა.

ვოვას ეტყობოდა, რომ სრულ სიმართლეს მეუბნებოდა, თანაც, ის საქმეშიც მყავდა გამოცდილი და ამ კრიტერიუმით სრულიად შეესაბამებოდა შემსრულებლის როლს. გარდა ამისა, მან ისე ოსტატურად „დამხვოსტა“ ეს გამოცდილი კაცი, რომ აღტაცებული დავრჩი. ამიტომ, მივუგე:

– კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ, ერთი უმკაცრესი პირობით: ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დამემორჩილო და, რასაც გასწავლი, ძალიან მალე და ხარისხიანად უნდა აითვისო, გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, – თვალები გაუბრწყინდა ვოვას. შემდეგ ჩემი ხელისკენ დაიხარა და როგორც ძლევამოსილ დონს, მოწიწებით მეამბორა.

– მე კოკი ვარ, – ვუთხარი ვოვას და ვკითხე, – ეს ის სათამაშოა, რითაც კაცი მოკალი?

– დიახ, ბატონო კოკი, – მომიგო ვოვამ.

– ბატონოთი აღარ მომმართო, ან უბრალოდ კოკი დამიძახე, ან – ბაბუა, – ვუთხარი ახალშეძენილ „შვილიშვილს” და დავამატე, – ამ იარაღს ტყეში მოვისვრით. შენ ჩემთან ერთად თბილისში წამოხვალ და ჩემს სახლში იცხოვრებ. მერე კი დრო და გარემოებები გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ. ჰო, მართლა, საბუთების საქმე როგორ გაქვს?

– ყალბი პასპორტი მაქვს, მაგრამ, არცთუ ისე საიმედო.

– კარგი. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობა არ ივარგებს, მატარებლით უნდა ვისარგებლოთ. საქართველოში აფხაზეთის გავლით შევალთ. 

მართლაც, უკვე მერამდენედ ვისარგებლე ნაცადი ხერხით. რუს სამხედროებს „კაპეპეზე“ ფული გადავუხადე და ჯერ აფხაზეთში შევედით, შემდეგ კი გალის რაიონში შემოვლითი გზებით ვისარგებლეთ და საქართველოში უპრობლემოდ ჩამოვედით.

ვოვა ჩემს ახალ სახლში დავაბინავე. საიმედო ნაცნობების მეშვეობით მას ლეგიტიმური პირადობის მოწმობა და პასპორტი გავუკეთე და მის აღზრდა-განათლებას შევუდექი. ის საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა და თეორია ძალიან მალე, სულ რაღაც ექვს თვეში აითვისა. გარდა ამისა, ქართული ენაც მშვენივრად ისწავლა და თბილისელი რუსებისთვის დამახასიათებელი აქცენტით ლაპარაკობდა. ყველაზე რთული იარაღის ფლობის გაკვეთილები აღმოჩნდა. პისტოლეტიდან სროლას ვერც სახლში ვასწავლიდი და ვერც სხვაგან, ტყეში ან ქუჩაში. ამ საქმეს ტირი სჭირდება და ბევრი მეცადინეობა. ტირის პრობლემა თბილისში არ არსებობს – ჩვენს დედაქალაქში რამდენიმე ფასიანი სასროლეთია, სადაც, ფულს თუ გადაიხდი, შეგიძლია, ოცდაოთხი საათი ივარჯიშო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შენი პიროვნებით აუცილებლად დაინტერესდებიან კომპეტენტური ორგანოები და გაიშიფრები. ამიტომ, ამ პრობლემას სხვა გადაწყვეტა მოვუძებნე. მამადავითის მთაზე ერთ-ერთი მიტოვებული ბუნკერი მეგულებოდა და სასროლეთი იქ მოვაწყვე. მე და ვოვა თითქმის ყოველდღიურად ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში ინტენსიურად ვვარჯიშობდით და ჩემმა ყოჩაღმა შეგირდმა ეს საქმეც ძალიან კარგად აითვისა.

 ახლა მხოლოდ პრაქტიკა და პატარა გამართლება გინდა, – ვუთხარი ვოვას, როდესაც დავრწმუნდი, რომ მისი პირველ საქმეზე წაყვანა უკვე შეიძლებოდა.

– ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა, ბაბუა, – მითხრა ვოვამ, – ერთი სული მაქვს, როდის წავალ ჩემს პირველ საქმეზე და ჩემს ცოდნას გამოვიყენებ.

– დაიხსომე, ვოვა, შენ შემსრულებელი ხარ და არა მკვლელი-მანიაკი. შენ შეკვეთას ასრულებ და არა სიამოვნებისთვის კლავ. თანაც, ყველა შეკვეთას არ ასრულებ ანუ, ისეთ წინადადებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ ნორმებს, რა ფულსაც არ უნდა გთავაზობდნენ მათში,  უარს ამბობ. კატეგორიულ უარს ვამბობთ ბავშვებისა და ორსული ქალების მკვლელობებზე, ხოლო ქალებს ძალიან იშვიათად ვკლავთ. გახსოვდეს, რომ ფულზე ყველაფრის გაცვლა არ შეიძლება.

– გასაგებია, ბაბუა, – მორჩილად მომიგო ვოვამ, მე კი მას ვუთხარი:

– ზეგ სოჭში მივემგზავრებით. სამასათასევროიანი შეკვეთაა და ფულს შუაზე ვიყოფთ.

– სამასი ათასი ევრო და აქედან ნახევარი ჩემი იქნება? – კინაღამ თვალები გადმოსცვივდა ვოვას, – ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი პროფესია ასეთი ძვირად ღირებული იყო.

– ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი კონტრაქტია ჩემს კარიერაში, – მივუგე ვოვას, – აბა, შენ იცი, საქმისთვის განეწყვე და ფსიქოლოგიურად შეემზადე, რომ ფულის გამო ადამიანი უნდა მოკლა.

მე და ვოვა სოჭში ერევნის გავლით ჩავფრინდით, შემდეგ ერთ-ერთი კერძო სახლი ვიქირავეთ და საქმისთვის მზადებას შევუდექით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3