კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტივი ლოგიკა

 

 

მოწყენილმა შერლოკ ჰოლმსმა ფანჯარაში გაიხედა. საშინელი ამინდი იყო, ქარი, სველი თოვლი და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. კარზე მოულოდნელი ზარი იმას ნიშნავდა, რომ კლიენტს გადაუდებელი საქმე ჰქონდა...

– ესე იგი, საინტერესოც... – ხელები მოიფშვნიტა ჰოლმსმა და თვალები აუციმციმდა. მართლაც, საშუალო სიმაღლის, ჩასუქებული მამაკაცი თითქმის შემოვარდა ოთახში. ლაბადაში თავიდან ფეხებამდე იყო გახვეული და ყელზეც სქელი შალის კაშნე ჰქონდა შემოხვეული. თუმცა, ეს ყველაფერი აშკარად ნაჩქარევად შემოეცვა.

– ჯენტლმენებო, უნდა მაპატიოთ, ასე რომ შემოგეჭერით, მაგრამ... მაგრამ... ისეთი გარემოება შეიქმნა... მე მომაკითხავენ... მალე...

ჰოლმსმა ბრენდით სავსე ჭიქა მიაწოდა:

– დალიეთ, თორემ, ახლა გული წაგივათ. ცოტა დამშვიდდით და მოყევით, რა მოხდა... ვინ მოგაკითხავთ?

– პოლიცია, სერ... ლალი „აბასი“ გაქრა. მე ენდრიუ ჯოულიფი ვარ, ლედი და სერ დოვერტონების მსახურთუფროსი, მანჩესტერ-სკვერიდან. 

– ვიცი, ვიცი, ეს ის სერ ჯონ დოვერტონია, იშვიათი ჯიშის ყვავილების გამოყვანით რომ არის დაინტერესებული, –  სწრაფად თქვა ჰოლმსმა.

– დიახ, სერ. მისი ბოლო მიღწევა წითელი კამელიებია. 

– მისი სახელგანთქმული ლალის შესახებაც მსმენია, თუმცა, არ მინახავს.

– მეც ორჯერ ვნახე. სისხლის დიდ, მბრწყინავ წვეთს ჰგავდა. სერ ჯონი მას თავის საძინებელში, სეიფში ინახავდა. დღეს საღამოს ლალი მეორედ ვნახე და, ვშიშობ, უკანასკნელად. ეს სადილის შემდეგ იყო. როცა ერთ-ერთმა სტუმარმა, კაპიტანმა მასტერმენმა, სერ ჯონს სთხოვა, ეჩვენებინა „აბასი“...

– სტუმრები დამისახელეთ, თუ შეიძლება.

– იქ იყვნენ: კაპიტანი მასტერმანი – ლედის ძმა, ლორდი და ლედი ბრეკმანსტერები, ქალბატონი დენბერი და პარლამენტის წევრი, სერ უილიამ სეტფორდი... გავაგრძელო? ვეცდები, იმ საღამოს სრული სურათი აღვადგინო: ყავის სუფრას ვაწყობდი ბიბლიოთეკაში, რომ კაპიტანმა სერ ჯონს სთხოვა, ქალბატონების ინტერესები დაეკმაყოფილებინა და მათთვის ძვირფასი ქვა ეჩვენებინა. სერ ჯონმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ნეტავი, იმ ქვაში რა არის საინტერესო, არ გირჩევნიათ, ორანჟერეაში ჩემი წითელი კამელიები ნახოთ? ისინი გაცილებით მომხიბვლელები არიან, ერთი ჩემი ცოლის კაბასაც ამშვენებსო...

– ამას ჩვენ თვითონ გადავწვეტთ, როცა ერთსაც ვნახავთ და მეორესაც, – უთხრა ლედი დანბერმა.

სერ ჯონმა ის ზარდახშა მოიტანა, რომელშიც ლალი იდო. მაგიდაზე დადო და გახსნა. ქვამ მაშინვე გაიბრწყინა. მე ორანჟერეაში სინათლის  ასანთებად წავედი. მალე სტუმრები იქ უნდა შესულიყვნენ კამელიების სანახავად, მაგრამ, კამელიები ორანჟერეაში არ აღმოჩნდა, ისინი გაქრნენ, სერ! ყველა, ერთმანეთის მიყოლებით. ბუჩქზე ერთი ცალიც კი აღარ იყო... 

შერლოკ ჰოლმსმა ჩიბუხი დაბერტყა:

– განაგრძეთ, ძვირფასო... თქვენი ამბავი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– მე ბიბლიოთეკაში შევვარდი და ეს ამბავი სერ ჯონს ვამცნე. 

– შეუძლებელია, – თქვა ლედიმ, – ყვავილები თავად ვნახე სადილობამდე, როცა ერთი ცალი კაბაზე დასაბნევად მოვწყვიტე... 

სერ ჯონმა ლალიანი ზარდახშა მაგიდის უჯრაში ჩააგო და ორანჟერეაში გაიქცა. სტუმრებიც უკან გაეკიდნენ. ბიბლიოთეკაში ცოტა ხანს არავინ იყო. კამელიები კი ნამდვილად გაქრა. მე ისინი ოთხი საათისთვის ვნახე. მაგრამ, თუ ლედიმ სადილის წინ ერთი ცალი მოწყვიტა, რვა საათისთვის ადგილზე ყოფილან. თუმცა, კამელიებს ვინღა ჩივის, ძვირფასი ქვა დაიკარგა...

– ჯოულიფი... ენდრიუ ჯოულიფი... – ხმამაღლა გაიმეორა ჰოლმსმა, – კატერტონში მომხდარი ძარცვა... ოღონდ, მაშინ ბრილიანტები მოიპარეთ...

– მიხარია, რომ მიცანით... – გაფითრდა მსახურთუფროსი, – მაგრამ, ღმერთია მოწამე, რაც ციხიდან გამოვედი, ანუ, ორი წელია, პატიოსნად ვცხოვრობ. ლალი მე არ მომიპარავს, არც კი მივკარებივარ. ფულის დაგროვებას და პატარა ბიზნესის წამოწყებას ვაპირებდი, საცოლეც მყავს. ჩემთვის ციხეში დაბრუნება სიკვდილის ტოლფასია, მისტერ ჰოლმს!..

– მჯერა. მე მოვკიდებ ხელს ამ საქმეს. პოლიციას კი, თქვენს თავს დროებით დავუმალავთ – ბიბლიოთეკაში შეგიყვანთ...

– ბიბლიოთეკაზე გამახსენდა: როცა აქეთ მოვრბოდი, გავიგონე, როგორ ეუბნებოდა მასტერმენი ლორდს: „ჯონი, ეშმაკმა დალახვროს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ... მინდოდა, მაგ უიღბლოს და საცოდავს დავხმარებოდი. ვიფიქრე, გამოსწორდა-მეთქი. ვნანობ, რომ მისი წარსულის შესახებ არ მოგიყევი...“

– აჰა, ესე იგი სერ ჯონთან კაპიტანმა მიგიყვანათ?

– დიახ, სერ, მისი რეკომენდაციით მიმიღო.

– კარგია, კარგი... – ჩაილაპარაკა ჰოლმსმა, ხოლო, როცა სტუმარი ბიბლიოთეკაში გაისტუმრა, მეგობარს მიუბრუნდა.

– უოტსონ, გსმენიათ რამე „ნონპარლეი-კალემის“ შესახებ? ეს ყველაზე ცნობილი არალეგალური და დახურული სათამაშო კლუბია ლონდონში. ახლა კი, კეთილი ინებეთ და მომაწოდეთ ჩემი „ბიოგრაფიული ცნობარი“, ასო მ-ზე... მგონი, ვიცი, ლალი ვინც მოიპარა.

– იცით? წარმოუდგენელია! – აღმოხდა უოტსონს.

– ჩემო მეგობარო, ცოტა ხანს მაცადეთ, ჯერ ყველაფერი უნდა დავალაგო... სიმდიდრე ხშირად შობს დანაშაულს, უოტსონ. ანუ, დანაშაული სიმდიდრის თანმდევია... აჰა, ვიპოვე: კაპიტანი ბრიუს მასტერმენი. ეჭვმიტანილია ანდერძის გაყალბებაში... „ნონპარლეი კლუბის“ მდივანი... უოტსონ, ჩემთან ერთად ხომ არ გაისეირნებდით?

– რა თქმა უნდა, ჰოლმს, მაგრამ, საით?

– ერთი პატივსაცემი ქალბატონი უნდა მოვინახულოთ. შეიძლება, ბატონიც...

ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა, გადმოეცა ის სილამაზე, რომლითაც სამართლიანად ამაყობდა ლედი დოვერტონი. თეთრი ატლასის კაბითა და მკერდზე მიმაგრებული წითელი კამელიით, ის მარმარილოსგან გამოთლილ გენიალურ ქანდაკებას ჰგავდა. სერ ჯონი, ქმარიც, იქვე იყო... მან ჰოლმსი აღფრთოვანებით მიიღო, რაც მისმა მეუღლემ არ გაიზიარა – წარბი შეიკრა და გადატკეცილ შუბლზე უკმაყოფილების ჩრდილმა გადაუარა.

– საქმეს უკვე მოჰკიდა ხელი პოლიციამ და იმ არამზადასაც მალე  დაიჭერენ. ვშიშობ, ტყუილუბრალოდ შეწუხდით, მისტერ ჰოლმს...

– სერ ჯონ, თქვენ თუ ასე არ ფიქრობთ, იქნებ, ის ზარდახშა მომიტანოთ, რომელშიც ლალი იდო?

 – ის ცარიელია, მისტერ ჰოლმს, თუმცა, რადგან ასე გსურთ... – ლორდი წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ჰოლმსმა ამით ისარგებლა:

– აბა, მილედი, მომიყევით, როგორ შეუწყვეთ ხელი საკუთარ ძმას ალმასის მოპარვაში. მან ხომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა? საგანგებოდ მოგაყვანინათ მსახურთუფროსად ბრილიანტების ქურდობისთვის პატიმრობაში მყოფი ადამიანი. კამელიები კი, თქვენი ხელით მოწყვიტეთ და ფანჯრიდან გადაყარეთ. მე ისინი ზუსტად თქვენი სახლის ორანჟერეის ფანჯრებთან ვნახე თოვლში ჩამარხული.. იმასაც გეტყვით, რომ თქვენ ისინი ხუთიდან ექვს საათამდე დაკრიფეთ და არა რვა საათზე, როცა სადილობისთვის კაბაზე მისაბნევი ყვავილი მოწყვიტეთ. გუშინ თოვა ექვსი საათისთვის დაიწყო და კამელიები თოვლმა დაფარა. მე თოვლი ჩემი ხელჯოხით გადავქექე და ვიპოვე. შემიძლია, თქვენს მეუღლესაც ვაჩვენო...

– ღვთის გულისთვის, ნუ გააკეთებთ ამას! – წამოიკივლა ლედიმ და გაფითრდა, – ნუ დამღუპავთ, მისტერ ჰოლმს! მე სხვა გამოსავალი არ მქონდა – ბრიუსს ვალები დაედო, მოკვლით ემუქრებოდნენ.

– ჩქარა, ლალი მომეცით, ახლავე! მე ვერ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს...

ლორდის მეუღლემ კორსეტიდან სწრაფად ამოიღო თვალისმომჭრელი ბრწყინვალების ქვა და ჰოლმსს ხელისგულში ჩაუდო, თან ერთიანად კანკალებდა... სწორედ დროზე მოასწრო. კაბინეტში ლორდი შემოვიდა, ხავერდის ცარიელი ფუტლარით.

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ფუტლარით რა უნდა გაარკვიოთ..

– ასეა, გასარკვევი არც არაფერია. სერ ჯონ, იქნებ რამე დაგველია?! მაგალითად, შამპანური...

გაოგნებული ლორდის თვალწინ ჰოლმსი სასმელების მაგიდასთან მივიდა და სამი ბოკალი მუქი ოქროსფერი სითხით შეავსო... ლორდმა მექანიკურად მიიტანა ბოკალი ტუჩებთან და იყვირა: 

– ღმერთო ჩემო, ეს რა არის?! ჩემი ლალი! მისტერ ჰოლმს, საიდან, საიდან გააჩინეთ, თქვენ ჯადოქარი ხართ?

– არა, ჯადოქრობას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მივმართავ. მაგალითად, კამელიებს ვერ დაგიბრუნებთ, მაგრამ, ამას თქვენ უჩემოდაც შეძლებთ, არ გაგიძნელდებათ – ეს საქმე კარგად გამოგდით, კიდევ გამოზრდით ამ წითელ ლალზე უფრო მშვენიერ კამელიებს...

– მადლობა როგორ გადაგიხადოთ?

– ლალი დაბრუნებულია. შეწყვიტეთ დამნაშავის ძებნა და პოლიციაც გააჩერეთ. ნუღარც მე მკითხავთ, რა მოხდა და როგორ...

– კარგი, მისტერ ჰოლმს. თქვენს თხოვნას შევასრულებ და, კიდევ, ეს მიიღეთ ჩემგან საჩუქრად თქვენდამი პატივისცემის ნიშნად.

ჰოლმსმა ჩეკს დახედა:

– უარს არ ვიტყვი. ამ თანხის ნახევარს მივცემ კაცს, რომელიც საკუთარი საქმის დაწყებაზე ოცნებობს და მის წინაშე ვიღაცეების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოვისყიდი...

ლორდმა მხრები აიჩეჩა და ცოლს შეხედა, რომელიც თავდახრილი იჯდა და კორსეტზე დაბნეულ, წითელ კამელიას მიშტერებოდა.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3