რატომ დაინდო სტალინმა ნოე ჟორდანია და არ დაინდო ნოე რამიშვილი
1921 წლის საქართველო-რუსეთის თებერვალ-მარტის ომის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ამავე პერიოდიდან იწყება საბჭოთა რუსეთის ბრძოლა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის იდეური და ორგანიზაციული განადგურებისთვის. ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა იოსებ სტალინი. მისი გეგმით, 1921 წლის ომის დროს, ქართული პოლიტიკური ელიტა (მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები) საქართველოს ტერიტორიაზევე უნდა დაეპატიმრებინათ. შექმნილი სამხედრო სტრატეგიული მდგომარეობის გამო სტალინის გეგმა ვერ განხორციელდა და ბათუმში გადასულმა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების უდიდესმა ნაწილმა ემიგრაციაში წასვლა მოახერხა.
ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მისი ცნობილი წარმომადგენლების: ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ირაკლი წერეთლის, კარლო ჩხეიძის, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორისა და სხვათა სახით, სტალინისათვის მეტად საშიშ ძალას წარმოადგენდა. მხედველობაში გვაქვს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების სამეცნიერო პუბლიცისტური მოღვაწეობა. ნოე ჟორდანიამ ემიგრაციაში გამოაქვეყნა ნაშრომები: „საბჭოთა ხელისუფლება”, „ჩვენ და ისინი”, „ლენინიზმი თუ ანარქიზმი”. ნოე ჟორდანიამ წარმოაჩინა არსი ბოლშევიზმის (კომუნიზმის), საბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალისტური სისტემისა. იგი პირდაპირ აცხადებდა: საბჭოთა წყობილება იარსებებს მანამ, სანამ ის გამოხრავს იმ სიმდიდრეს, რომელიც ადრე იყო დაგროვილიო. გარდა ამისა, ნოე ჟორდანიამ პირდაპირ გააცამტვერა ლენინი, როგორც თეორეტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. რაც შეეხება ბოლშევიზმს, მან ასეთი შეფასება მისცა: „ბოლშევიზმი ამქვეყნად დასტოვებს მხოლოდ საფლავის ქვას, რომელზედაც შთამომავლობა ასეთ წარწერას გააკეთებს „აქ განისვენებს რუსული ნიჰილიზმი”. ცხადია, ბოლშევიზმსა და საბჭოთა ხელისუფლებას მთელი რუსული პოლიტიკური ემიგრაცია ებრძოდა, მაგრამ, ამ ბრძოლაში ნოე ჟორდანიას მიერ დაწერილი ნაშრომების მსგავსი, რუს ემიგრანტებს არაფერი შეუქმნიათ. ნოე ჟორდანიას კვალობაზე, ბოლშევიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების საფუძვლიანი კრიტიკა წარმოადგინა ირაკლი წერეთელმა. იგი პარიზიდან გერმანიაში მიიწვიეს რუსული პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერებმა საბჭოთა ხელისუფლების არსის შესახებ ლექციების წასაკითხად. საოცარი იყო ის, რომ რუსული პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერები ირაკლი წერეთელს უსვამდნენ კითხვას – როგორ უნდა დავამხოთ საბჭოთა წყობილება რუსეთშიო. ყოველივე ზემოთ თქმულის თაობაზე ინფორმაცია მიდიოდა მოსკოვში – სტალინთან. ცხადია, ეს ინფორმაცია მას კარგ გუნებაზე ვერ დააყენებდა. სტალინს ერთადერთი რამით შეეძლო დაემშვიდებინა თავი. კერძოდ იმით, რომ არც ჟორდანია და არც წერეთელი პირადად მას არ შეხებიან. თუმცა, ლენინისა და საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ დაწერილი ყოველი სიტყვა სტალინსაც ეხებოდა. მალე მოხდა ის, რამაც სტალინს საბოლოოდ დაურღვია სიმშვიდე. ამ პერიოდში ბელადი ხშირად გამოდიოდა კომუნისტური პარტიის ყრილობებსა და კონფერენციებზე, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ბევრს წერდა პრესაში, იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები. ამ გამოსვლებსა და პუბლიკაციებში პრაქტიკულად განისაზღვრა საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემა, სამომავლო ამოცანები. სტალინი ალბათ, როგორც ადამიანი, ამით ამაყობდა კიდეც, მაგრამ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა...
ემიგრანტულ გამოცემებში ნოე რამიშვილმა დაიწყო მთელი სერიალის გამოქვეყნება. სტალინის დაუძინებელი იდეური მოწინააღმდეგე ძირფესვიანად თხრიდა სტალინის ყველა დებულებას. საქმე იმაში გახლდათ, რომ ნოე რამიშვილმა კარგად აუღო ალღო სტალინის დემაგოგიას და გააშიშვლა მასში ჩადებული მთელი სიცრუე. ყოველივე ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. სტალინმა მოსვენება დაკარგა! სტალინისთვის ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი, ორივე იდეური მოწინააღმდეგე და მტერი იყო, მაგრამ ნოე რამიშვილის მიმართ სტალინს განსაკუთრებული ზიზღი ჰქონდა.
ნოე რამიშვილთან რამდენიმე მწვავე ხასიათის შეჯახება სტალინს ჯერ კიდევ საქართველოში მოღვაწეობამდე (1907 წლამდე) ჰქონდა. ისინი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მეოთხე და მეხუთე ყრილობებზე (1906-1907 წლებში). ამ ყრილობებზე სტალინს სწორედ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა (მენშევიკებმა) გაუწიეს დიდი წინააღმდეგობა, – გაამასხრეს და დაამცირეს იგი რუსების თვალში. ისიდორე რამიშვილის, ჭოლა ლომთათიძის გამოსვლებით გაბოროტებული სტალინი დაიბნა კიდეც. პოლემიკის პროცესში მას მის მიერ წამოყენებული წინადადების განმარტება მოსთხოვეს. რაზეც სტალინმა სრულიად არაორაზროვნული პასუხი გასცა: „ამაზე მე თქვენ მოგვიანებით გიპასუხებთ!...” სტალინი დანაპირებს ყოველთვის ასრულებდა. მაგრამ დანაპირები ვერ შეუსრულა ჭოლა ლომთათიძეს, იმიტომ რომ იგი 1917 წლამდე გარდაიცვალა. დანაპირები შეუსრულა ისიდორე რამიშვილს, რომელიც ციხეში გამოკეტა და საბოლოოდ მან პატიმრობაში დაასრულა სიცოცხლე. ნოე რამიშვილი დიქტატორს ხელიდან დაუსხლტა და ახლა, პარიზიდან აშკარა ომი გამოუცხადა რუსეთის ერთპიროვნულ მბრძანებელს.
უცხოეთში გადახვეწილი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიდან სტალინს ყველას ფიზიკური ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არ მიუღია. იგი მსხვერპლს იმის გათვალისწინებით არჩევდა, თუ ვისგან რა პირადი წყენა ახსოვდა. მიუხედავად ყველაფრისა სტალინს არ გაუცია ბრძანება ნოე ჟორდანიას, ირაკლი წერეთლის, კარლო ჩხეიძისა და სხვათა ლიკვიდაციის თაობაზე, მაგრამ იმ ადამიანების სიის დასაწყისში, ვისი ფიზიკური ლიკვიდაციაც გადაწყდა, იყვნენ ლევ ტროცკი და ნოე რამიშვილი. ნოე რამიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურებმა 1930 წელს მოკლეს პარიზში. მომდევნო წელს მოკლეს ლევ ტროცკი.
ცხადია, სტალინს ხელს არ აძლევდა ნოე რამიშვილის მკვლელობა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებს დაბრალებოდათ. ამიტომ მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა ვერაგულად. საბჭოთა სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა პარიზში გადაიბირეს ქართველი პოლიტემიგრანტი ჭანუკვაძე, რომელიც გახლდათ ნოე რამიშვილზე განაწყენებული და, თანაც, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი. მართალია, საბჭოთა სპეცსამსახურების კვალი თითქოს დაიმალა, მაგრამ, ძიების დროს და სასამართლო პროცესზე აშკარად გამოჩნდა მკვლელობის დამკვეთის ვინაობა.
ნოე რამიშვილის ბედს, ცხადია, ყველა პოლიტემიგრანტი ვერ გაიზიარებდა. უფრო ეფექტური იყო სხვა საშუალება – პოლიტიკური ემიგრაციის იდეური გახრწნა. იმხანად ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ძირითადად პარიზში, საფრანგეთში იყო თავმოყრილი. საბჭოთა სპეცსამსახურები უამრავ ფულს ხარჯავდნენ იმისთვის, რომ გადაებირებინათ უმუშევრად, უსახსროდ დარჩენილი და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ემიგრანტები და ამ გზით შიგნიდან აეფეთქებინათ ქართველი ემიგრაცია. მოსკოვმა ამ თვალსაზრისით გარკვეულ შედეგებს მიაღწია – ემიგრაცია გაითიშა.
ძალზე საინტერესოა იოსებ სტალინის დამოკიდებულება ნოე ჟორდანიას მიმართ: 1945 წელს პარიზში გაემგზავრა დელეგაცია, რომელსაც საქართველოში უნდა ჩამოეტანა 1921 წელს გატანილი სამუზეუმო განძი. დელეგაციის მეთაური და ერთ-ერთი წევრი, პარიზში გამგზავრებამდე, მიიღო სტალინმა. საუბრის დასასრულს დელეგაციის მეთაურმა ბელადს ჰკითხა: „მე, ალბათ, მომიწევს შეხვედრა ნოე ჟორდანიასთან და, თუ მან მოისურვა საქართველოში დაბრუნება, რა პასუხი გავცე?“ სტალინმა მოკლედ უპასუხა: „წამოიყვანეთ!“ დელეგაციის მეთაური საკმაოდ გამოცდილი ადამიანი იყო და სტალინს ამჯერად ასეთი კითხვა დაუსვა: „ნოე ჟორდანიამ რომ მკითხოს, მისი წამოყვანის საკითხი თქვენთან შეთანხმებულია თუ არაო, რა ვუპასუხო?“ „გადაეცი, რომ ეს საკითხი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა!“ – უპასუხა სტალინმა. როდესაც პარიზში ჩასულმა დელეგაციის მეთაურმა ნოე ჟორდანიას საქართველოში წამოსვლა შესთავაზა, ამ უკანასკნელმა მაშინვე ჰკითხა: საკითხი სტალინთან თუ არის შეთახმებულიო და, როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, საქართველოში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
1953 წლის იანვარში ნოე ჟორდანია გარდაიცვალა. ასე რომ, სტალინმა შეიტყო მისი ცნობილი იდეური მოწინააღმდეგის სიკვდილი. ეწყინა თუ გაუხარდა ნოე ჟორდანიას გარდაცვალება სტალინს, არავინ იცის... 1953 წლის 5 მარტს სტალინიც გარდაიცვალა. ასე რომ, ნოე ჟორდანია ვერ მოესწრო მისი დიდი იდეური მოწინააღმდეგის გარდაცვალებას.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით