რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „ტოიოტა რავ 4”, დიზელის, 2.0-იანი ძრავათი, მექანიკური კოლოფით. გამაგრილებელი სისტემის ავზში ზოგჯერ ჰაერი გროვდება და ძრავა აღარ მუშაობს. ჰაერის გამოშვების შემდეგ კი, ისევ იწყებს მუშაობას. ამ ბოლოს კი, საერთოდ აღარ დაიქოქა. იქნებ ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს და კარგი იქნებოდა, თუ კითხვაში უფრო დეტალურად აღწერდით რა ხდება პროცესუალურად, რადგან გამაგრილებელი სისტემის ავზში, როგორც წესი, გარკვეულ დონემდე, წნევა ყოველთვის გროვდება. თუ წნევა ნორმაზე მეტია, პრობლემა ამ შემთხვევაში იქმნება, რაც ვიზუალური დაკვირვებით, წყლის მილების გადაბერვით შეიძლება შეატყოთ. ასევე, რაღაც მომენტის შემდეგ, თქვენმა ავტომობილმა შესაძლოა, წყლის დაღვრა დაიწყოს და კიდევ ბევრი წვრილმანით შეგიძლიათ დაადგინოთ ეს. რაც შეეხება დაგროვილი, ზედმეტი წნევისგან ავტომობილის ჩაქრობას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ავტომობილი სპეციალური დამცავი სენსორით არის აღჭურვილი ან ძრავა იმ დონეზე გადახურებული, რომ უბრალოდ გაიჭედა. თქვენ შემთხვევაში, თქვენი ავტომობილი ამ სენსორით აღჭურვილი არ არის, ძრავის გადახურებას კი, როგორც მინიმუმ ხელსაწყოების დაფაზე ნახავდით. იქ წყლის მაჩვენებელი უკვე წითელ ნიშნულთან მივიდოდა და ამის შემდეგ ის შეიძლება, საერთოდ აღარც დაქოქილიყო. ანუ, ძრავას ჩაქრობის, ავტომობილის დაუქოქავობის მიზეზი გამორიცხულია, რომ წყლის სისტემა იყოს, მიზეზი ელექტრულ ან საწვავის მიწოდების სისტემაშია. ორივე შემთხვევაში, შეიძლებოდა, ავტომობილი ჩამქრალიყო და ოდნავი შეყოვნების შემდეგ დაქოქილიყო. უბრალოდ, ეს მომენტი წყლის სისტემიდან ჰაერის გამოშვებას დააბრალეთ.
კითხვა: მყავს „ფოლკსვაგენ პასატი”, 1999 წლის, 1.8-იანი ძრავათი. ამ ბოლო დროს ხელსაწყოების დაფაზე, გაურკვეველი ინტენსივობით და მიზეზით, ზეთის მაჩვენებელზე წითელი შუქის ციმციმი დაიწყო. ხელოსანს გავაწმენდინე, ეგრეთ წოდებული „ლაპა”, ძრავას ქვედა ნაწილში არსებული მოწყობილობა, საიდანაც ზეთს ისრუტავს. მიზეზად სწორედ მისი გაბიდვნა დამისახელეს, მაგრამ არ უშველა. ასევე, მეუბნებიან, ზეთის წნევის დამაფიქსირებელი „დაჩიკის” ბრალი იქნება და შეცვალეო. მართალია ეს?
პასუხი: ზოგადად, მაგ წლების „ფოლკსვაგენ პასატებს” და მით უმეტეს, 1.8.-იანი ძრავათი, რატომღაც დაჰყვა ზემოაღნიშნული პრობლემა. არის ალბათობა, რომ ზეთის წნევის დამაფიქსირებელი სენსორი, ეგრეთ წოდებული „დაჩიკი”, იყოს მწყობრიდან გამოსული. მაგრამ, როგორც წესი, ზიანდება მისი ზეთის „ნასოსი”. ის ძრავას ქვედა ნაწილშია განთავსებული და შასაცვლელია. ეს არცთუ ისე იაფია, მაგრამ მოგიწევთ გამოცვლა. მისმა გაუმართაობამ შეიძლება, ძრავას გაჭედვა და მისი მთლიანად განადგურება გამოიწვიოს. სანამ ამას მოახერხებდეთ, ზეთი ჩაასხით მაქსიმუმზე ოდნავ მეტი და არ იაროთ მაღალი ბრუნებით. ეს ცოტა დროს მოგაგებინებთ.